Thumbnail

"თბილისო", ჯერი სკოტის Stay With Me და რევაზ ლაღიძის საავტორო უფლებები

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

თუ ჯაზის ისტორიის უბადლო მცოდნე არ ხართ, 1923 წელს ინდოეთში დაბადებული ბრიტანელი შემსრულებლის, ჯერი სკოტის შესახებ ალბათ არც კი გსმენიათ. ჩვენც სრულიად შემთხვევით გადავაწყდით მის ერთ-ერთ ჩანაწერს სახელწოდებით Stay With Me და წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც სიმღერის მელოდიაში მშობლიური "თბილისოს" ჰანგები ამოვიცანით, ინგლისურენოვან ტექსტში კი ჭაღარა მთაწმინდისა და ნარიყალას ნანგრევების კვალიც ვერ აღმოვაჩინეთ. არტისტი მზისა და ვარდების მხარის ნაცვლად, საყვარელ მამაკაცს უმღერის. 

კიდევ უფრო უცნაურად მოგვეჩვენა ის გარემოება, რომ 1962 წელს გამოშვებულ ფირფიტაზე სიმღერის ავტორებად თავად ჯერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასქვისი არიან მითითებული, რევაზ ლაღიძე კი არსადაა ნახსენები. 

ყველაფრის გასარკვევად ცოტა ხნით 1958 წლის საქართველოში გადავინაცვლოთ, სადაც თბილისის 1500 წლის იუბილე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება დაიგეგმა. სამზადისში საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაც ჩაერთო, რომელმაც კინოსურათის "მზიან მხარეში" გადაღება გადაწყვიტა და მისი მუსიკალური გაფორმება კომპოზიტორ რევაზ ლაღიძეს მიანდო. 

"თბილისზე ვინ არ არის შეყვარებული და მეც ვფიქრობდი, რომ დავალებას თავს კარგად გავართმევდი, მაგრამ რაც არ უნდა კარგი თემა იყოს, შეზღუდულია შემოქმედი, როცა საკუთარ ნაწარმოებს სხვისი დაკვეთით ქმნის. დავდიოდი, ვიჯექი თუ მეძინა - სიმღერაზე ვფიქრობდი", - იხსენებდა ლაღიძე. 

შემოქმედებითი პროცესის თანამდევი სირთულეების გადატანის გარდა, კომპოზიტორს ნაწარმოების ჩასაწერად გამოყოფილი მწირი ბიუჯეტის გათვალისწინებაც მოუხდა. სტუდია მხოლოდ ერთი მომღერლის დაფინანსებას აპირებდა, ლაღიძეს კი სამოცკაციანი ანსამბლის დაქირავება სურდა. საბოლოოდ, კომპრომისი შედგა და "თბილისოს". პირველი ვერსია დებმა, ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეებმა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაწერეს. სიმღერის პრემიერა 1958 წელს ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის შესვენებაზე შედგა და მას შემდეგ ჰიტად ქცეული კომპოზიცია არაერთი შემსრულებლის რეპერტუარში მოხვდა.

ახლა კი დავუბრუნდეთ ჯერი სკოტს, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობდა, ადგილობრივ ხმის ჩამწერ სტუდიებთან თანამშრომლობდა და 50-იანი წლების მიწურულს განსაკუთებული პოპულარობით ჩეხეთსა და საბჭოთა კავშირში სარგებლობდა, სადაც სამ მილიონამდე ფირფიტა გაყიდა.

1961 წელს ის პირველი დასავლელი ჯაზ-შემსრულებელი გახდა, რომელმაც სსრკ-ში ტურნე გამართა. მუსიკოსი მსმენელთა წინაშე კიევის ოპერაში წარდგა, მოგვიანებით კი თავისივე პროდიუსერზე, იგო ფიშერზე მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოში იქორწინა. ეს სწორედ ის ფიშერია, რომელიც ჩვენ მიერ ზემოთ უკვე ნახსენებ ფირფიტაზე სიმღერის Stay With Me ერთ-ერთ ავტორადაა მოხსენიებული.

როგორც ჩანს, ჯერის რკინის ფარდის არასწორ მხარეს ყოფნა მალევე მოსწყინდა და საცხოვრებლად ინგლისში გაემგზავრა, სადაც 1962 წელს ლეგენდარული "ბითლზის" მენეჯერის, ჯორჯ მარტინის დახმარებით ცნობილ ლეიბლზე Parlophone სადემონსტრაციო ფირფიტა გამოსცა.

სწორედ ამ ჩანაწერში შესული ორი სიმღერიდან ერთ-ერთის მუსიკაა რევაზ ლაღიძის "თბილისოს" ზუსტი ასლი. მის ავტორებად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არა ლაღიძე, არამედ ჯერი სკოტი, მისი ქმარი იგო ფიშერი და ვინმე ასქუისი არიან მითითებული. 

უცნობია, როგორ მოხვდა რევაზ ლაღიძის "თბილისო" პოპულარული ჯაზ-შემსრულებლის რეპერტუარში. ასევე გაურკვეველია, რატომ არ მიუთითა ავტორიტეტულმა ლეიბლმა ფირფიტაზე მუსიკის ავტორად ქართველი კომპოზიტორი. თუმცა, ესაა გზა, რომელიც სიმღერამ საქართველოდან დიდ ბრიტანეთამდე გაიარა. რასთან გვაქვს საქმე, პლაგიატთან თუ საბჭოთა ცენზურის გვერდის ავლის მცდელობასთან? საკუთარი ვერსიები შეგიძლიათ, კომენტარებში დაგვიტოვოთ.  

► ლელა ლაღიძე: "თბილისოზე" საავტორო უფლებებს აუცილებლად დავიცავთ

► ბრიტანულმა გამოცემამ ლაღიძის "თბილისოს" მელოდიაზე შექმნილი Stay With Me მიმოიხილა

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული