Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 50 საუკეთესო კომპოზიციას.

2018 წლის 50 საუკეთესო ალბომი

50. Forest Swords - Crow

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ინგლისელი პროდიუსერი მეთიუ ბარნსი, სასცენო სახელით Forest Swords, 2018 წელს ერთი მიქსტეიპის DJ Kicks გამოცემით შემოიფარგლა. ეს შესანიშნავი კომპილაცია, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ჩანაწერებისგან შედგება, ბარნსის მრავალფეროვან მუსიკალურ ინტერესებს უსვამს ხაზს. ნამუშევარში თავად არტისტის ერთადერთი ტრეკი შევიდა, სახელად Crow, რომელიც ამ ბრწყინვალე კალეიდოსკოპის გამორჩეულად თვალისმომჭრელი ნაწილია.

Forest Swords-ის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება სპეციფიკური ატმოსფეროს საოცრად ავთენტიკური გადმოცემაა. გამონაკლისი არც ეს კომპოზიციაა. დაძაბულობითა და იდუმალებით დამუხტულ ტრეკს მსმენელი ფუტურისტულ ურბანულ გარემოში გადაჰყავს. Crow ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია გამორჩეული ხელწერის მქონე პროდიუსერის შემოქმედებაში, რომელიც მისი მომდევნო სტუდიური ალბომის მოლოდინით გამოწვეულ ინტრიგას კიდევ უფრო გვიმძაფრებს.

49. Ariana Grande - Thank U, Next

პოპ მუსიკამ შეგვაჩვია არტისტებს, რომლებიც შემოქმედებას სასიყვარულო ურთიერთობის დასრულებით გამოწვეულ ტკივილსა და თვითგვემაზე აგებენ. მათგან განსხვავებით, არიანა გრანდე მტკიცედაა დარწმუნებული, რომ პარტნიორთან დაშორება სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. ამ კომპოზიციით ის ყოფილ შეყვარებულებს მადლობას უხდის და ღიად აცხადებს, რომ მათთან გატარებულმა დრომ ბევრი რამ ასწავლა.

ჩანაწერში პოპვარსკვლავი აქცენტს მსუბუქ არენბი ჟღერადობაზე აკეთებს, რომელიც სოულის ელემენტებითაა გამდიდრებული. როგორც წესი, არიანა მსმენელზე შთაბეჭდილების მოხდენას ძლიერი ვოკალით ცდილობს, თუმცა, Thank U, Next-ში ყველაფერი პირიქითაა. აქ ის თავს შესრულების სადა მანერით გვაწონებს, რომელიც სიმღერის მომხიბვლელ მელოდიას საოცრად უხდება. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული აღმოჩნდა. შვიდი კვირის განმავლობაში ის ბილბორდის ჩარტში ლიდერობას არ თმობდა, მასზე გადაღებულმა კლიპმა კი გამოსვლიდან 24 საათში იუთუბზე 50 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

48. Arctic Monkeys - Tranquility Hotel Base & Casino

შეფილდური ბენდის მეექვსე სტუდიურმა ალბომმა მათი მსმენელებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. ჩანაწერი საგრძნობლად განსხვავდება კოლექტივის წინა ნამუშევრებისგან. მასში ელექტროგიტარის ჟღერადობით გაჯერებული ინდი როკის ნაცვლად ლაუნჯის, გლემისა და ასე განსაჯეთ, ჯაზის ელემენტებიც კი გვხვდება. Tranquility Hotel Base & Casino-ის საერთო მუსიკალური ხაზი და განწყობა განსაკუთრებით კარგად ამავე სახელწოდების კომპოზიციაშია ასახული.

სიმღერის ტექსტში ჯგუფის ფრონტმენი ალექს ტერნერი მთვარეზე განთავსებული კოლონიის შესახებ გვიყვება, რომლის მკვიდრთაც ფეისბუქის დამაარსებლით, მარკ ცუკერბერგით შთაგონებული პერსონაჟი ესაუბრება. ეს სიმღერა ნამდვილად არ ჰგავს ჩანაწერებს, რომელთა წყალობითაც ჯგუფმა მილიონობით თაყვანისმცემელი შემოიკრიბა, თუმცა, კოლექტივისთვის დამახასიათებელი ხარისხი მასში სრულადაა შენარჩუნებული.

47. Tyler, the Creator - OKRA

უსასრულოდ შეიძლება დავა იმ საკითხზე, ვინ არის ახალი თაობის საუკეთესო რეპერი. თუმცა, იმაზე, რომ ყველაზე არაორდინარული, კრეატიული და არაპროგნოზირებადი არტისტის ტიტულს ტაილერ ოკონი, იგივე Tyler the Creator იმსახურებს, კამათი უადგილოა. კალიფორნიელმა მუსიკოსმა ძირფესვიანად შეცვალა ჟანრის შესახებ არსებული სტერეოტიპები და საკუთარი თავისგან უნიკალური პერსონაჟი გამოძერწა. 

ტაილერისათვის ეს ტრეკი ერთდროულად უკანასკნელი წლების რეტროსპექტივაცაა და სამომავლო გეგმების დეკლარაციაც. ალუზიებითა და მეტაფორებით სავსე ტექსტში რეპერი ათობით მოვლენასა თუ პიროვნებას ახსენებს: გრემის ნომინაციას, მსახიობ ტიმოთი შალამეს, "ბალენსიაგას" მოდის სახლს და აწ დაშლილ კოლექტივს Odd Future, რომლის ლიდერის როლსაც თავადვე ირგებდა. 27 წლის არტისტმა ორიგინალური სტილის შემუშავება და ჰიპ ჰოპში კვალის დატოვება უკვე მოასწრო, თუმცა, მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში აშკარად ახალი ფურცლის გადაშლის დრო დადგა, რის შესახებაც მუსიკოსმა OKRA-ს მეშვეობით ძალზე ეფექტურად მიგვანიშნა.

46. James Blake - If the Car Beside You Moves Ahead

ჯეიმს ბლეიქი თავისი თაობის უნიჭიერესი არტისტია. თუმცა, ბოლო დროს ქენდრიქ ლამართან, ბიონსესთან და ფრენქ ოუშენთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში, მისი სოლო ნამუშევრები სულ უფრო და უფრო იშვიათად ხედავენ დღის სინათლეს. 2018 წელსაც მისგან მხოლოდ ორი კომპოზიცია მოვისმინეთ. If The Car Beside You Moves Ahead ერთ-ერთი მათგანია.

ამ ჩანაწერის მოსმენისას ვგრძნობთ, რომ საქმე პოპ კომპოზიციასთან გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ვხვდებით, რომ If The Car Beside You Moves Ahead ზედმეტად უცნაურად ჟღერს საიმისოდ, რომ პოპ ფაქტურის მქონე სიმღერად ჩაითვალოს. სწორედ ეს კონტრასტი აქცევს მას განსაკუთრებულად. ჯეიმს ბლეიქის შემოქმედებას ყოველთვის ახასიათებდა გარკვეული წესები, რომლებიც მისი მუსიკის რომელიმე ერთი ჟანრის ვიწრო ფორმატში გამოკეტვის საშუალებას არ გვაძლევდა. ამ ტრეკით კი არტისტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ბლეიქი გაცილებით მეტ დროს დაუთმობს ასეთ პროექტებს და მთელი მისი ენერგია "შავი პანტერის" მსგავსი ფილმების მუსიკალურ გაფორმებაში არ დაიხარჯება. 

45. Kokoroko - Abusey Junction

თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის უკიდურესი კომერციალიზაცია საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს. ასეთ რეალობაში ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია, ფოლკ ჯაზის ჟანრში მოღვაწე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარმა ყოველგვარი ვიდეორგოლისა და პრომოუშენის გარეშე ათეულ მილიონობით ნახვა დააგროვოს. თუმცა, სწორედ ამაშია მუსიკის ხიბლი. სიცოცხლის მსგავსად, ისიც ყოველთვის პოულობს საკუთარ გზას. Kokoroko-ს კომპოზიცია Abusey Junction გასული წლის მინი ჰიტად მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებების ხარჯზე იქცა.

ლონდონურ ჯგუფს აშკარად ეტყობა აფრობიტის, კერძოდ კი ლეგენდარული ფელა კუტის გავლენა, თუმცა, მათი სტილი საკმაოდ თვითმყოფადია. კომპოზიციაში დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმებს ძალზე ეფექტურად ერწყმის საქსოფონის მელანქოლიური ჟღერადობა. მისი უმთავრესი ღირსება კი გიტარისტ ოსკარ ჯერომის მიერ დაწერილი მელოდიაა, რომელიც მსმენელს აფრიკის კონტინენტის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ამოგზაურებს.

44. Julia Holter - I Shall Love 2

ეს სიმღერა იმ გაბედული ხედვის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც ჯულია ჰოლტერს თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად აქცევს. მონოტონური რიტმით დაწყებულ კომპოზიციაში მოულოდნელად ჯაზ ვარიაცია იპარება, რომელიც ნელ-ნელა გრანდიოზულ, ავანგარდული მუსიკისათვის დამახასიათებელ ქაოტურ ჟღერადობაში იზრდება. თუმცა, განსხვავებული ელემენტების სინთეზი ერთი წამითაც არ სცდება პოპის ტერიტორიას და საოცარი ჰარმონიულობის განცდას ტოვებს.

თანამედროვე პოპულარულ მუსიკაში ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება. სიყვარულზე დაწერილი სიმღერების დიდი ნაწილი აპათიითაა გაჟღენთილი. ლოს ანჯელესელი არტისტის ნამუშევარი კი რადიკალურად განსხვავებული განწყობით გამოირჩევა და გულუბრყვილო ოპტიმიზმითაა განმსჭვალული. ეს ჰოლტერის სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც ამ კომპოზიციას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

43. Deafheaven - Honeycomb

ერთი შეხედვით, Honeycomb ბენდის მიერ მრავალჯერ გაკვალული გზის გაგრძელებაა. მაჟორულ განწყობას მინორული ენაცვლება, ბლექ მეტალისათვის დამახასიათებელ სწრაფ, მძიმე რიტმებს კი შუგეიზის მელანქოლიური ჟღერადობა ერწყმის. თუმცა, კოლექტივის წინა ჩანაწერებისგან კომპოზიციას თითქმის იდეალური ბალანსი განასხვავებს. აქ ურთიერთსაპირისპირო ელემენტებს შორის ზღვარი იმდენადაა წაშლილი, რომ სიმღერა ბუნებრივი, თვითმყოფადი ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სწორედ ბუნებრივობაა ის უმთავრესი ღირსება, რომელიც ამ კომპოზიციას და, ზოგადად, ბენდის უკანასკნელ ალბომს Ordinary Corrupt Human Love გამოარჩევს. Deafheaven-მა საბოლოოდ შეძლო პათეტიკური ნიღბის ჩამოშორება და მსმენელთა წინაშე ყველაზე გულწრფელი, ხელოვნურობისგან დაცლილი სახით წარდგა. Honeycomb კოლექტივის შემოქმედებაში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია, რომელიც მუსიკოსების მომავალი ნამუშევრების მიმართ ინტერესს აძლიერებს. 

42. Noname - Ace ft. Smino & Saba

ფატიმა უორნერი, სასცენო ფსევდონიმით Noname, ახალგაზრდა და გამორჩეულად საინტერესო ჰიპ ჰოპ არტისტია. 27 წლის მუსიკოსი ბავშვობაში თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს დედის წიგნების მაღაზიაში ატარებდა, ლექსების წერას კი მოზარდობისას შეუდგა. რეპერის პოტენციალი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოცემულ მიქსტეიპში Telefone გამოჩნდა, სადებიუტო ალბომი Room 25 და მასში შესულ ტრეკთაგან საუკეთესო Ace კი მისი ნიჭის სრულფასოვანი გამოვლინებაა.

ამ კომპოზიციაში ნათლად იგრძნობა, რომ უორნერი თანამედროვე ჰიპ ჰოპის არცერთ პოპულარულ ტრენდს არ მისდევს. მისი ფლოუ მშვიდი და მონოტონურია, სოულითა და ჯაზით შთაგონებული ხავერდოვანი ინსტრუმენტალი კი მკვეთრად განსხვავდება კომერციული ჰიტების ჟღერადობისგან. ტექსტში Noname რასობრივი სეგრეგაციისა და უთანასწორობის საკითხებს ეხება. თუმცა, არტისტი მორალს არ გვიკითხავს. ამის ნაცვლად ის გულახდილად საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე. ჩიკაგოელი რეპერისა და მისი კოლეგების ერთობლივი ნამუშევარი გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ ჟანრის მომავალი იმედისმომცემად გამოიყურება.

41. Beach House - Black Car

ამერიკული დრიმპოპ დუეტის, Beach House-ის შემოქმედებაზე საუბრისას ხშირად მოისმენთ არაერთგვაროვან შეფასებებს. თავად ბენდის წევრები კი საკუთარ ესთეტიკას "გლამურის ბნელ მხარეს" უწოდებენ. ურსულა ლე გუინის სამეცნიერო ფანტასტიკითა და ენდი უორჰოლის იდეებით შთაგონებულმა ბენდმა 2018 წელს კომფორტის ზონა პრეაპოკალიპტურ, დასანგრევად განწირულ სამყაროში იპოვა. ეს განწყობა გამორჩეული სიმძაფრით კომპოზიციაში Black Car იგრძნობა.

ნამუშევარს ბენდის ვეტერანი მსმენელებისთვის იმედი ნამდვილად არ გაუცრუებია. აქ დუეტის ყველა ღირსებაა წარმოჩენილი - მელანქოლიური ატმოსფერო, ვიქტორია ლეგრანის არამიწიერად ხავერდოვანი ვოკალი და უნაკლო, ნატიფი ინსტრუმენტალი. ამ ყველაფერთან ერთად კი კომპოზიციას ფსიქოდელიური ელფერიც დაჰკრავს. როგორც ჩანს, Beach House-ის წევრებს მასზე მუშაობისას მრავალნაცადი ფორმულის შეცვლა არ უცდიათ. შედეგად კი საკუთარ დისკოგრაფიას კიდევ ერთი ბრწყინვალე ჩანაწერი შემატეს.

40. Jenny Hval - Spells 

მინი ალბომის The Long Sleep მოსმენისას რთული დასაჯერებელია, რომ კარიერის დასაწყისში იენი ვალი გოთიკური მეტალით იყო გატაცებული. ეს ექსპერიმენტული პოპ ჩანაწერი მნიშვნელოვნად განსხვავდება ნორვეგიელი არტისტის წინა, კონცეპტუალური ნამუშევრებისგან. საერთო შინაარსობრივ ხაზზე უარის თქმის გარდა, არტისტმა სიახლეები ჟღერადობაშიც შეიტანა და თანამემამულე ჯაზ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, რამაც შთამბეჭდავი შედეგი მოგვცა. როგორც ჩანს, ჟანრის სახელგანთქმული სკანდინავიური სცენა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

ნამუშევარში შესული კომპოზიციებიდან გამორჩეულ ყურადღებას მელანქოლიური Spells იმსახურებს. სასიყვარულო სიმღერის მსუბუქი მელოდია არტისტმა საქსოფონის ორიგინალური სოლოებით შეავსო, ფსიქოდელიური განწყობის გადმოსაცემად კი ელექტრონული მუსიკის ელემენტები გამოიყენა. საოცარ ინტრუმენტალთან ერთად ტრეკს ვალის ბრწყინვალე ვოკალიც გამოარჩევს. 38 წლის არტისტმა დიდი ხნის წინ დაგვარწმუნა, რომ მისი მიზანი სიახლის ძიება და მუდმივი განვითარებაა, Spells ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. 

39. Sheck Wes - Mo Bamba

Mo Bamba - სწორედ ასე ჟღერს დღეს ჰიპ ჰოპის აკვნის რწევა. 20 წლის შექ უესმა კომპოზიციას სახელი მოჰამედ ბამბას პატივსაცემად დაარქვა, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018 წლის დრაფტზე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სპორტსმენი გახლდათ. თავად შექის მიმართ ინტერესს კი მსხვილი ხმის ჩამწერი კომპანიები იჩენდნენ. ტრეკის სახელწოდებით რეპერმა სწორედ ამ პარალელს გაუსვა ხაზი. 

ჰარლემელი მუსიკოსი, რომელიც ახლა უკვე ლეიბლების: Cactus Jack, G.O.O.D. Music და Interscope წევრია, საკუთარი მიღწევებით ტკბება. თავისი წარმატების შესახებ ის ენერგიული ბითის ფონზე ხან აგრესიული შეძახილებით, ხანაც სიმღერით მოგვითხრობს. რეჩიტატივის კითხვის უჩვეულო მანერა და მარტივად დასამახსოვრებელი მელოდია კი გვაიძულებს, მოსმენილ ტრეკს კიდევ არაერთხელ მივუბრუნდეთ. ახალგაზრდა არტისტი ჩვენ თვალწინ კიდევ ერთ სტერეოტიპს ამსხვრევს. ჰიპ ჰოპის აუდიტორია დღეს ფულს მხოლოდ ბრენდში არ იხდის. არსაიდან მოსული რეპერი მსმენელის ფავორიტი ხდება. ჟანრში ტენდენციები გამუდმებით იცვლება და ამის გამოწვევას უცნობი მუსიკოსებიც ახერხებენ.

38. Exploded View - Sleepers 

გერმანიაში მოღვაწე Exploded View თანამედროვე ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია. მეორე სტუდიური ალბომით Obey კოლექტივმა ნათლად დაგვანახა, რომ მისი მიზანი საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბებაა და არა პოსტ პანკისა თუ ინდასტრიალის მრავალგზის ნაცადი ფორმულების ბრმად გამეორება. ნამუშევარში ამ მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელ ბნელ ატმოსფეროს მოულოდნელად ფსიქოდელიური მუსიკის ელემენტებიც ერწყმის, რაც ძალზე უჩვეულო კონტრასტს ქმნის.

Sleepers ალბომში შესული კომპოზიციებიდან ცალსახად საუკეთესოა. ჩანაწერში მონოტონურ, უხეშ რიტმებს სინთეზატორების გაბმული, აპოკალიპტური ჟღერადობა ერწყმის. ამ მძიმე, დეპრესიულ ნაზავს კი ჯგუფის ლიდერის, ანიკა ჰენდერსონის ვოკალი აბალანსებს, რომელიც ბენდის ქაოტურ შემოქმედებაში მეგზურობას გვიწევს. ამ სიმღერაში Exploded View მიზანმიმართულად ქმნის დისკომფორტის შეგრძნებას, რომლის ხელახლა განცდის უცნაური სურვილიც პირველივე მოსმენის შემდეგ ჩნდება.

37. Fatoumata Diawara - Nterini 

ფატუმატა დიავარას ბრწყინვალე სადებიუტო ალბომის Fatou გამოსვლის შემდეგ მსმენელები მის მორიგ ნამუშევარს სულმოუთქმელად ელოდებოდნენ. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მალელი არტისტის ახალმა სტუდიურმა ჩანაწერმა Fenfo (Something to Say) მასთან დაკავშირებული იმედები სრულიად გააამართლა. მუსიკოსმა უნაკლოდ შეძლო აფრიკული ფოლკლორის უძველესი ტრადიციებისა და თანამედროვე პოპის შერწყმა. მისი შესრულების მანერა და ვოკალი კი კვლავაც შთამბეჭდავი და მომნუსხველია. 

მიგრანტების მძიმე ხვედრით, ეთნოკონფლიქტებითა და გაუთავებელი ომებით შთაგონებული კომპოზიცია Nterini ორი ადამიანის სიყვარულისა და მათი იძულებითი განშორებით გამოწვეული ტკივილის შესახებ მოგვითხრობს. ერთ ცალკე აღებულ ტრეკში თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემებისა და პირადული, მელანქოლიური გრძნობების თანაბარი სიმძაფრით გადმოცემა მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის. ამის უნარი მხოლოდ დიავარას მსგავსი ტალანტით დაჯილდოებულ არტისტებს შესწევთ.

36. Iglooghost - Clear Tamei

"წარმოიდგინეთ ნაირფერი ნისლისგან შექმნილი ბერი სახელად იომი და პატარა ხოჭოსმაგვარი ბიჭი უსო. ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში არიან ჩართული, მფრინავ ხილზე დახტიან და ერთმანეთს ლაზერებს ესვრიან", - 2017 წელს გამოსულ ალბომში Neō Wax Bloom ბრიტანელმა მუსიკოსმა, სიმუს მალიაჰმა ფანტასტიკური სამყარო - მამუ შექმნა, სადაც თავის გამოგონილ გმირებზე ასევე გამოგონილი ენითა და ანბანით გვიყვებოდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთჯერად გართობას არ ემსახურებოდა. ამჯერად ტამეისა და მოგუს ორთაბრძოლის დრო დადგა.

ალბომიც ორ ნაწილად ამის გამო იყოფა - პირველი ტამეის ეკუთვნის, მეორე კი მოგუს. სიუჟეტის განვითარების პარალელურად ვამჩნევთ, როგორ იცვლება მუსიკალური ტექსტურები, რომელთა საშუალებით Iglooghost ქმნის პერსონაჟების მენტალურ ხატს, გამოხატავს მათ ხასიათსა და დეტალურად აღწერს ბრძოლის ველს. ჩანაწერის მთავარ კომპოზიციაში Clear Tamei კი ეს ფანტასმაგორიული სამყარო ხორცს ისხამს და წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ვიდეონამუშევრად გარდაიქმნება. 

35. Blood Orange - Charcoal Baby

ბრიტანელმა მუსიკოსმა დევ ჰაინსმა, სასცენო სახელით Blood Orange, თავის დროზე სხვადასხვა ჟანრის ელემენტების საოცრად ბუნებრივი სინთეზით გაითქვა სახელი. არტისტის მეოთხე სტუდიურ ალბომში Negro Swan მისი საფირმო ხელწერა სრული სიცხადით იკითხება. პოპი, სოული, ფსიქოდელია, ფანკი და ალტერნატიური როკი აქ იმდენად ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს, რომ მათ შორის გავლებული ზღვარი, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი ხდება.

ნამუშევრის ცენტრალური კომპოზიცია Charcoal Baby ელეგანტური მელოდიითა და  დახვეწილი ლირიკით გამოირჩევა. დევი პოეტური ექსპრესიულობით საკუთარ მარტოობაზე გვიყვება. ტრეკის ინსტრუმენტული ნაწილი, რომელშიც სინთეზატორების ჟღერადობას საქსოფონის მელანქოლიური სოლო ერთვის, მის განწყობას იდეალურად გადმოსცემს და მსმენელს შემსრულებლის მოგონებებში მოგზაურობისას იდეალურ მეგზურობას უწევს. 

34. Moses Sumney - Rank & File 

მოზეს სამნის წინა ნამუშევრებში პოლიტიკური თემატიკა და საპროტესტო მუხტი მელანქოლიურ, პირადული დრამებით სავსე ტექსტებში იყო მიჩქმალული. 2018 წელს გამოსულ მინი ალბომში Black in Deep Red, 2014 კი მუსიკოსის სენტიმენტალური განცდები უკანა პლანზე ინაცვლებს. ნამუშევარი 2014 წელს განვითარებული მოვლენებითაა შთაგონებული. მაშინ სასამართლომ შავკანიანი თინეიჯერის, მაიკლ ბრაუნის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციის ოფიცერი გაამართლა, შედეგად კი შეერთებულ შტატებს აქციების ტალღამ გადაუარა.

ნამუშევრის სულისკვეთებას სრული სიმძაფრით კომპოზიცია Rank & File წარმოაჩენს. სამნი აქ მისთვის უჩვეულოდ აგრესიულ შესრულების მანერას გვთავაზობს. ექსპერიმენტული სოულის რიტმებს ტრეკში გოსპელის ელემენტები და მუსიკოსის ემოციური ვოკალი ერწყმის. ეს სიმღერა რასიზმის, პოლიციური ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული მანიფესტია, რომლის მოსმენისას თვალწინ საპროტესტო მარშის დროს ქუჩებში მწყობრი ნაბიჯით მიმავალი ადამიანები წარმოგიდგებიან. 

33. Peggy Gou - It Makes You Forget (Itgehane)

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზეა ეს კომპოზიცია. სიმართლე გითხრათ, არც იმას ექნებოდა მნიშვნელობა, მოხვდებოდა თუ არა ის ჩვენს სიაში. ფაქტი ერთია - 2018 პეგი გუს წელი იყო. სამოდელო სკოლის სტუდენტობიდან "კოაჩელამდე" გზა არც ისე რთულია, როდესაც ისეთი ჰიტი გაქვს, როგორიცაა It Makes You Forget. Ninja Tune-ზე გამოცემული ტრეკი იმდენად ხშირად გვესმოდა, რომ შესაძლოა, ის ბევრს შესძულდა კიდეც, მაგრამ პეგი ამაზე ნამდვილად არ ღელავს. 

კლასიკური ჰაუს მუსიკის ნოსტალგიითა და ეისიდ ჰაუსის ტექსტურებით გაჟღენთილი კომპოზიცია, ერთი შეხედვით, შაბლონური საცეკვაო ჰიტია, თუმცა, ეს მახასიათებელი მის ნაკლად არ უნდა ჩავთვალოთ. 2019 წელს სამხრეთკორეელ არტისტს მოუწევს დამტკიცება, რომ ის ერთჰიტიანი პროდიუსერი არ არის, მაგრამ, სანამ ამის დრო მოვა, ვისიამოვნოთ იმით, რაც უკვე გვაქვს.

32. Cardi B, Bad Bunny & J Balvin - I Like It 

2018 წელს ქარდი ბიმ ჰიპ ჰოპის დედოფლის გვირგვინი ტრიუმფალურად გადაიბარა. 26 წლის არტისტმა იმ მწვერვალების დაპყრობა შეძლო, რომელთა მიღწევას მისი კოლეგების უმეტესობა კარიერის ზენიტშიც კი ვერ ახერხებს. ქარდი პირველი ქალი რეპერი გახდა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერის პოზიციის დაკავება ორჯერ შეძლო. მუსიკოსის სადებიუტო ალბომის კოლოსალური წარმატების უმთავრეს მიზეზად ნამუშევრის მუსიკალური მრავალფეროვნება იქცა. აქ ხან ლათინურ თრეფს წააწყდებით, ხან დაუნტემპოს, ხანაც პოპს. 

ჩანაწერის მთავარი ჰიტის I Like It კომერციული წარმატების უზრუნველსაყოფად რეპერმა თანამედროვე პოპის კაშკაშა ვარსკვლავები, ჯეი ბალვინი და ბედ ბანი დაიხმარა. არტისტის ეს ტრეკი ლათინოამერიკული მუსიკის ელემენტებითაა სავსე. ცალკე აღნიშვნის ღირსია კომპოზიციის ინსტრუმენტალი, რომელშიც ჰიპ ჰოპს მამბოს რიტმები ძალზე ეფექტურად ერწყმის. ქარდის უზომო პოპულარობის საიდუმლო მის პირდაპირობასა და სპეციფიკურ ქარიზმაში იმალება. I Like It-ში კი ეს ღირსებები განსაკუთრებული სიცხადითაა ასახული.

31. Amnesia Scanner - AS Too Wrong

ბოლო წლებში ხშირად შეხვდებით სიტყვათა ასეთ შეთანხმებას - საკლუბო მუსიკის დეკონსტრუქცია. ამ ფრაზით იმ არტისტების შემოქმედებას ახასიათებენ, რომლებიც საკლუბო მუსიკის ტრადიციულ ფაქტურას თითქოსდა ბენზოხერხით ანაწევრებენ და შემდეგ ნაფოტებს სრულიად ახალ ფორმას აძლევენ. გერმანიაში მოღვაწე ფინურმა დუეტმა Amnesia Scanner ეს მეთოდი ახალ საფეხურზე აიყვანა - ვილე ჰაიმალა და მარტი კალიალა პირველწყაროს სახეცვლილებაზე დროს არ კარგავენ, ისინი პირდაპირ დასახიჩრებულ მუსიკას ქმნიან. 

AS Too Wrong საკუთარ თავში დაეჭვებული კიბორგის ბალადაა, რომელიც ცდილობს, სხვას სწორი მიმართულება მიუთითოს, მაგრამ ამავდროულად არ ასვენებს კითხვა თავისი ქმედების მართებულობის შესახებ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მნიშვნელოვანი გამოხატვის ფორმაა და არა შინაარსი. Amnesia Scanner, პირველ რიგში, ესთეტიკაზე ორიენტირებული პროექტია და არა კონცეპტუალიზებული იდეების კრებული. ამიტომაც, ამ კომპოზიციის მოსმენისას არ დაივიწყოთ - მთავარია, როგორ გვესმის და არა ის, რა გვესმის. მით უმეტეს, რომ რობოტების ენა ყველამ ისედაც არ ვიცით.

30. Kali Uchis - After the Storm ft. Tyler, the Creator & Bootsy Collins 

შესაძლოა, 24 წლის კალი უჩისისთვის ერთდროულად ემი უაინჰაუსთან და ერიკა ბადუსთან შედარება ზედმეტად დიდ კომპლიმენტად მოგეჩვენოთ, მაგრამ კომპოზიციის After the Storm მოსმენის შემდეგ ნათელი ხდება, რომ კოლუმბიური წარმოშობის მუსიკოსს თამამად შეუძლია, პრეტენზია პოპ სამყაროს ახალი დედოფლის ტიტულზე განაცხადოს. გვირგვინის მოსარგებად არტისტს ყველა წინაპირობა აქვს, დაწყებული არაჩვეულებრივი ვოკალური შესაძლებლობებით და დამთავრებული უნიკალური შარმითა და ქარიზმით.

After the Storm მარტოსული, მაგრამ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის სიმღერაა. სოულის რიტმებით გაჯერებული კომპოზიციის შესრულებისას უჩისს პარტნიორობას თანამედროვე ჰიპ ჰოპ სცენის ვარსკვლავი Tyler, the Creator და ლეგენდარული ფანკ მუსიკოსი ბუთსი კოლინზი უწევენ. სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ბრწყინვალე არტისტების კოლაბორაციის შედეგი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით - უმაღლესი დონის დახვეწილი ჩანაწერი, რომელიც ძალზე სასიამოვნოდ ისმინება.

29. JPEGMAFIA - Real Nega

ბერინგტონ ჰენდრიქსს ხშირად ადარებენ ჯგუფს Death Grips, თუმცა, ეს მსგავსება აშკარად ზედაპირულია. კალიფორნიული ჰიპ ჰოპ კოლექტივის შემოქმედება აბსტრაქტულობასა და აბსურდზეა აგებული, JPEGMAFIA კი საკუთარ მოტივებში ნათლადაა გარკვეული და სათქმელსაც პირდაპირ აყალიბებს. მისი მკვეთრად პოლიტიზირებული ტექსტები რადიკალიზმით გამოირჩევა. აქტუალურ თემებზე საუბრისას ის რევერანსებს არასდროს მიმართავს.

თავის საფირმო სტილზე - პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების დატროლვაზე რეპერი არც კომპოზიციაში Real Nega ამბობს უარს. ჰენდრიქსი ხაზს უსვამს და საკუთარი იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოაჩენს ყველა იმ ნიშან-თვისებას, რომელთა მეშვეობითაც "თეთრი ამერიკა" და ულტრამემერჯვენე იდეოლოგიის მიმდევრები აფროამერიკელთა მარგინალიზებას ცდილობენ. ცინიზმითა და პროვოკაციულობით ცნობილი არტისტის შემოქმედებაში ეს ტრეკი მორიგი უკომპრომისო ნამუშევარია, რომელიც 2018 წელს ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპის ჟანში ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერი აღმოჩნდა.

28. Elza Soares - Banho 

ელზა სუარესი გარინჩას ცოლი იყო. ვინც ამ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის სევდიან ბიოგრაფიას იცნობთ, მიხვდებით, რა ცხოვრებისეული სირთულეების გადატანა მოუწევდა მის მეორე ნახევარს. და აი, უკვე 81 წლის ელზა გვბომბავს მუსიკით, რომლის ენერგიულობას ახალგაზრდა "მეამბოხე" პანკ-როკერებიც კი ინატრებდნენ. ასევე, გვთავაზობს უდიდეს გამოცდილებას, ჯანსაღ ცინიზმსა და, რაც მთავარია, სიცოცხლის დაუსრულებელ იმპულსს.

ნამუშევარში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სიმღერა Banho აღმოჩნდა, რომლის არაორდინარულმა სტრუქტურამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ბრაზილიური პოპ მუსიკის ფენომენალურობაში. ელექტროგიტარის ჟღერადობას ტროპიკალიისათვის დამახასიათებელი დასარტყამების პარტია აქ იმდენად ჰარმონიულად ერწყმის, რომ შეუძლებელია, ეს აკუსტიკური თავგადასავალი მოგწყინდეს. თუმცა, მთავარი თავად ელზას შესრულების მანერაა, რომელიც კვლავინდებურად ახალგაზრდული მუხტითაა სავსე.

27. Leon Vynehall - Envelopes (Chapter VI) 

წლის საუკეთესო ელექტრონული ალბომების შეჯამებისას უკვე ვისაუბრეთ ისტორიაზე, რომელიც ლეონ ვაინჰოლის კონცეპტუალური ჩანაწერის შექმნას უძღოდა წინ. 1960-იან წლებში ლეონის ბებიამ და ბაბუამ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს და ამერიკისკენ მიმავალ გემში ჩასხდნენ. შვიდდღიანი მოგზაურობის ამბავი არტისტმა პირველად ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ბებიისგან მოისმინა. დაინტერესდა, ჩაეძია, დეტალები გაარკვია, მგზავრობისას გადაღებული პოლაროიდის ძველი ფოტოსურათებიც დაათვალიერა და მიხვდა, რომ რაიმე ფორმით ამ ყველაფრის დოკუმენტირება იყო საჭირო. 

Envelopes ხიფათით სავსე თავგადასავლის ერთ-ერთ საკვანძო მომენტს ეხმაურება და დრამატურგიულად ალბომის 6-წუთიან, შეკუმშულ ვერსიასაც მოგაგონებთ. გემი საუთჰემპტონის პორტს ტოვებს, ოკეანეში მიცურავს, თავისუფლების კუნძულს მიადგა - ლეონი წინაპრების კვალს მისდევს და ცდილობს, მსმენელიც მეგზურად გაიყოლოს. ამისთვის კი ბარგის შეკვრა ნამდვილად არ მოგიწევთ, ამ არაჩვეულებრივი ჩანაწერის მოსმენაც სრულიად საკმარისი იქნება. 

26. Kanye West - Ghost Town ft. 070 Shake, John Legend, Kid Cudi

ქანიე ვესთისთვის 2018 წელი ძალზე დატვირთული აღმოჩნდა. ფუშა თის, ნასისა და ტიანა ტეილორის ჩანაწერების პროდიუსინგის გარდა, მუსიკოსმა ქიდ ქადისთან ერთად კოლაბორაციული ნამუშევარი Kids See Ghosts გამოსცა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მისი სოლო ჩანაწერი Ye ჩრდილში მოექცა. ამ შესანიშნავი ალბომის, განსაკუთრებით კი მასში შესული კომპოზიციის Ghost Town ყურადღების მიღმა დატოვება ჩვენი მხრიდან ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა.

ალბათ, გახსოვთ ქანიეს კონტროვერსიული განცხადება, რომელშიც მან ჰიპ ჰოპი როკ-ენ-როლის ახალ ფორმად, რეპერები კი თანამედროვე როკ ვარსკვლავებად მოიხსენია. Ghost Town-ის მაგალითზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ თავის დროზე ეს ფრაზა ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაგვეგო. ეს კომპოზიცია ფსიქოდელიური როკისა და სოულის ძალზე ეფექტური ნაზავია, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქანიე ვესთისთვის შეუძლებელი არაფერია.

25. Serpentwithfeet - Seedless 

Serpentwithfeet-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი Seedless ალტერნატიული არენბისა და ნეო სოულის მომნუსხველი ნაზავია. ნამუშევარი არტისტის პირადი გამოცდილებითაა შთაგონებული. ჯოზაია უაისი ღრმადმორწმუნე ქრისტიანი მშობლების ოჯახში გაიზარდა, მოზარდობისას კი ეკლესიის მგალობელთა გუნდში მღეროდა. წლების შემდეგ მუსიკოსმა საკუთარი შემოქმედება სწორედ ბავშვობის განუყოფელ ნაწილად ქცეული გოსპელის ელემენტებით გაამდიდრა და საოცრად შთამბეჭდავი შედეგიც მიიღო.

ალბომში შესული ჩანაწერებიდან საუკეთესო Seedless უკიდურესად სენტიმენტალური განწყობით გამოირჩევა. ჯოზაია საკუთარი ემოციების გამოხატვას ოდნავადაც არ ერიდება და საყვარელ ადამიანთან განშორებით გამოწვეულ სევდაზე მისთვის ჩვეული ექსპრესიულობით გვიყვება. შესრულების ძალზე ორიგინალური, ფემინური მანერა კი არტისტის ქარიზმას ერთიორად ზრდის და მის შინაგან სამყაროს სრული სიმძაფრით გვიხატავს.

24. Skee Mask - Rev8617

Skee Mask-ის 2018 წლის ალბომში ფავორიტი ტრეკის დასახელება რომ გთხოვოთ, სავარაუდოდ, ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხებს მივიღებთ. ეს გასაკვირი სულაც არ არის. არტისტს ნამდვილად არ უცდია, ჩანაწერი რომელიმე ერთი წარმატებული კომპოზიციის გარშემო აეგო. პირიქით, Compro-ში ერთდროულად რამდენიმე ტრეკია, რომელიც წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დასახელებას იმსახურებს.

Rev8617-ს თავისი ღირსება აქვს - მსუბუქი და ლამაზი შესავლის მქონე კომპოზიციაში ბრეიქბიტ რიტმს არა წამყვანი, არამედ მეორეხარისხოვანი ფუნქცია ეკისრება, რადგან, პირველ რიგში, რისი მოსმენაც გვინდა, სწორედ ის მელოდიაა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო. ჩანაწერის მსვლელობისას არტისტი რამდენჯერმე "გვაშინებს", რომ მელოდიას მოგვპარავს და ხელცარიელს დაგვტოვებს, მაგრამ ეს ყველაფერი ბლეფია. არაფერი, რაც ამ ტრეკში კარგი და ძვირფასია, არსად არ იკარგება.

23. A$AP Rocky - Praise the Lord (Da Shine) ft. Skepta

ეისეფ როქის სტუდიური ნამუშევარი TESTING არტისტის მიერ ჰიპ ჰოპ ტრენდების საკუთარ თავზე მორგების მორიგი წარმატებული მაგალითია. საუნდქლაუდ და ლოუ ფაი რეპის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ლაქშერი ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელ ხასიათს ინარჩუნებს. ამას ყველაზე ნათლად კომპოზიცია Praise the Lord (Da Shine) გადმოსცემს, რომელშიც ბრიტანელი შემსრულებელი სქეფთა მონაწილეობს.

ჩანაწერი თემატურად ლონდონისა და ნიუ იორკის სოციალურ და კულტურულ კავშირებს ეხება და ამ ქალაქებისადმი არტისტების დამოკიდებულებას წარმოაჩენს. განსხვავებების მიუხედავად, ამერიკელი მეინსტრიმ რეპერი და ბრიტანელი გრაიმ არტისტი საერთო მუსიკალურ სივრცეს იზიარებენ. საინტერესოა, რომ Praise the Lord (Da Shine) მუსიკოსებმა ლონდონში LSD-ს ზემოქმედების ქვეშ შექმნეს. როგორც როქი ამბობს, რეპერებს სტუდიაში ნეირომედიცინის პროფესორი ახლდათ, რომელმაც ფსიქოდელიური ნივთიერების ტესტირება მათი დახმარებით ჩაატარა. ნამუშევრის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, პატივცემული დოქტორი საკუთარი ექსპერიმენტის შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო.

22. Anna von Hausswolff - The Truth, The Glow, The Fall

ცოტა თანამედროვე მუსიკოსს თუ ძალუძს საკუთარი შემოქმედებით იზოლაციითა და ფატალიზმით სავსე ატმოსფეროს ისე ეფექტურად და ექსპრესიულად გადმოცემა, როგორც ამას ანა ფონ ჰაუსვოლფი ახერხებს. 32 წლის არტისტმა მეოთხე სტუდიური ალბომით Dead Magic მსმენელებს პერსონალური ჯოჯოხეთი დაუხატა, რომლის ცხრავე წრეც მისი შინაგანი სამყაროს, შიშებისა და უიმედობის ანარეკლია.

ექსპერიმენტული დარქვეივის მძიმე ჟღერადობით გაჯერებულ ალბომში შესული სხვა კომპოზიციების მსგავსად იდუმალების განცდა არც The Truth, The Glow, The Fall-ის მოსმენისას გვტოვებს. თუმცა, მისი ტექსტი ალბომის ზოგადი განწყობის ფონზე ოპტიმიზმითაც კი გამოირჩევა. ეს ულამაზესი სიმღერა პარანოიისა და ტანჯვის უსასრულო ციკლში გამომკრთალი შვების ეფემერული მომენტია. ის თავშესაფარი, სადაც არტისტის დემონები ვერ აღწევენ.

21. Aphex Twin - T69 Collapse

ძალიან ცოტა ხელოვანი ერთობა საკუთარ თავზე მითების გამოგონებით ისე, როგორც რიჩარდ დევიდ ჯეიმსი. თუმცა, ყველა მითსა თუ ლეგენდას თავისი დასასრული აქვს. როდესაც ისეთ პრეტენზიულ სარეკლამო კამპანიას აკეთებ, როგორიც ბრიტანელი არტისტის წლევანდელ ნამუშევარს უძღოდა წინ, ზრდი იმის შანს, რომ მოლოდინს ვერ გაამართლებ და შენზე ზღაპრების მოყოლას შეწყვეტენ. ამჯერად ასე არ მოხდა - ელექტრონული მუსიკის ყველაზე ენიგმატურმა პერსონამ მოლოდინი ნამდვილად არ გაგვიცრუა.

Collapse ამავე სახელწოდების მინი ალბომის წამყვანი და ყველაზე სრულყოფილი კომპოზიციაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ Aphex Twin-ს თავისი მაგია არ დაუკარგავს. მართალია, ეს ნამუშევარი არტისტის კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება, მაგრამ იმის დასამტკიცებლად ნამდვილად გამოდგება, რომ ყოველთვის, როცა Aphex Twin რაიმეს ამბობს, ელექტრონული მუსიკის სამყარო სულგანაბული უსმენს. 

20. Earl Sweatshirt - Nowhere2go

ერლ სვითშერთმა არაორდინარული ლირიკით ყურადღება კარიერის დასაწყისშივე მიიქცია. ჰიპ ჰოპ არტისტის ტექსტები მაშინ ჯერ კიდევ 15 წლის ბიჭის კვალობაზე უჩვეულოდ მძიმე განწყობითა და ნიჰილიზმით გამოირჩეოდა. მოგვიანებით მუსიკოსი დეპრესიის დაძლევას ცდილობდა, მაგრამ 2018 წლის იანვარში მამამისი, ცნობილი სამხრეთაფრიკელი პოეტი და პოლიტიკური აქტივისტი კიოროპეცე ხოსიცილე გარდაიცვალა, შედეგად კი ლოს ანჯელესელი რეპერის შემოქმედებისათვის დამახასიათებელ პირქუშ ფონს კიდევ უფრო მუქი, ფატალისტური ფერები შეემატა.

ამ კომპოზიციის ტექსტშიც არტისტი უიმედობაზე, თანმდევ დეპრესიასა და ცხოვრების ხალისის თანდათან დაკარგვაზე საუბრობს. ქაოტური, თითქმის აბსტრაქტული ინსტრუმენტალი კი მისი დაფანტული აზრებისა და შიშების განსახიერებადაა ქცეული. ერლ სვითშერთისთვის მამის დაკარგვით დაწყებული წელი ახლო მეგობრის, რეპერ მაკ მილერის სიკვდილით გაგრძელდა და ბიძის, ლეგენდარული ჯაზმენის, ჰიუ მასაკელას გარდაცვალებით დასრულდა. Nowhere2go სწორედ მუსიკოსის ცხოვრების ამ მძიმე პერიოდის ღრმა, მკაფიო ანაბეჭდია.

19. Drake - God’s Plan

ალბათ, დიდად არავის გააკვირვებს იმის გაგება, რომ 2018 წლის ყველაზე ხშირად მოსმენად ტრეკად დრეიქის ნამუშევარი იქცა. კანადელი სუპერვარსკვლავის კომპოზიციამ God’s Plan მხოლოდ Spotify-ის პლატფორმაზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა, თავად არტისტის პერსონა კი სავსებით განსხვავებული პერსპექტივიდან დაგვანახა. მის ადრეულ ჩანაწერებს თუ იცნობთ, დაგვეთანხმებით, რომ ემპათიითა და უცხო ადამიანების დახმარების სურვილით შთაგონებული სიმღერა დრეიქის შემოქმედებაში ნამდვილად ახალი ხილია.

God’s Plan-ის პოპულარიზების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ვიდეორგოლმაც ითამაშა. კლიპის გადაღებისას დრეიქმა თითქმის ერთ მილიონ დოლარამდე დახარჯა, რომელიც მაიამის ქუჩებში რიგით ადამიანებს უანგაროდ დაურიგა. ჩამთრევი ინსტრუმენტალითა და რეპერის საფირმო ფლოუთი გამორჩეული მეგაჰიტი უდავოდ იმსახურებს ადგილს 2018 წლის საუკეთესო კომპოზიციების სიაში.

18. Young Fathers - In My View

ჯგუფ Young Fathers-ის შემოქმედება კლიშეებისგან თავის დაღწევისა და სტერეოტიპების მსხვრევის ერთი დიდი მცდელობაა. შოტლანდიური ტრიოს წევრები პროვოკაციული ექსპერიმენტების ხარჯზე ცდილობდნენ, სწორედ ის შეეთავაზებინათ მსმენელებისთვის, რასაც მათგან ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. 2018 წელს კი მიზნის მისაღწევად იდეალური ფორმულა ურთიერთსაპირისპირო ემოციების სინთეზში იპოვეს.

ამ კომპოზიციით გამოწვეულ განცდებზე საუბარი უადგილოა. In My View თითოეულ მსმენელს ინდივიდუალურ შთაბეჭდილებებს უტოვებს და მისი მთავარი ღირსებაც სწორედ ეს უნივერსალურობაა. სიმღერის ინსტრუმენტულ ნაწილში აგრესიულ რიტმებს სენტიმენტალურობით აღსავსე მუსიკალური ელემენტები ერწყმის, მაჩოიზმითა და თავდაჯერებულობით სავსე ტექსტს კი "ახალგაზრდა მამები" საოცარი სინაზით ასრულებენ. ეს ტრეკი განსხვავებული ემოციების ფაზლს წააგავს, რომლისგანაც მთლიანი სურათის აწყობის სიამოვნებას ჯგუფი საკუთარ თაყვანისმცემლებს უტოვებს.

17. Against All Logic - City Fade

ელექტრონული მუსიკის სცენაზე ნიკოლას ჯაარი მხოლოდ მორიგი წარმატებული არტისტი არ არის. ის თავის დროზე ნამდვილი რევოლუციონერი იყო. საცეკვაო მუსიკისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტემპისა და კონფორმისტული ჟღერადობის უარყოფით საკუთარი სტილის ჩამოყალიბების კვალდაკვალ, მან ჟანრის გარდაქმნაც კი დაიწყო. სამწუხაროდ, ეს პროცესი თანმიმდევრული არ აღმოჩნდა, რადგან წლებთან ერთად არტისტის მუსიკალური ფოკუსი იცვლებოდა. შესაბამისად, შეიცვალა მისი გავლენის სივრცეებიც. 

Against All Logic მოიცავს ყველაფერ იმას, რასაც ნიკო ჯაარი მთელი იმ დროის განმავლობაში მალავდა. ეს, ფაქტობრივად, თაროზე შემოდებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი დისკოს, ფანკსა და ჰაუსს ეთამაშებოდა. "თამაში" ნამდვილად სწორი სიტყვაა, რადგან, როგორც City Fade-შიც ჩანს, მუსიკა აქ, ერთი შეხედვით, სრულიად უპრეტენზიო, კუსტარული და თითქოს ძალით დასახიჩრებულიცაა. თუმცა, კლავიშიანი ინსტრუმენტის რამდენიმე აკორდზე აგებული კომპოზიცია მაინც ინარჩუნებს იმ უცნაურობას, რომელიც მხოლოდ ჯაარს შეიძლება ახასიათებდეს. 

16. Travis Scott - Sicko Mode ft. Drake

ტრევის სკოტის სტუდიური ჩანაწერი Astroworld რეპერის მშობლიურ ჰიუსტონში მდებარე გაუქმებული გასართობი პარკის სახელს ატარებს. კომპოზიციაში Sicko Mode კი არტისტი სწორედ იმ განწყობას აცოცხლებს, რომელიც ატრაქციონების დახურვის შემდეგ ქალაქს მოაკლდა. ტრეკში დრეიქი და სვეი ლი მონაწილეობენ, ინსტრუმენტალზე კი პროდიუსერთა დიდი ჯგუფი მუშაობდა, რომელთა იდეების ერთიან ჩარჩოში თავმოყრას ტრევისმა თავი უბადლოდ გაართვა.

კომპოზიციის მსვლელობისას მისი ინსტრუმენტალი და დინამიკა რამდენჯერმე იცვლება, რაც მსმენელს ექსტრემალურ ატრაქციონებზე გართობისთვის დამახასიათებელ განცდას უქმნის. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩანაწერზე გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი, რომელშიც ლოკაციები და მოქმედი პირები ისეთივე კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, როგორც ტრევისის მშობლიური ქალაქის გარემო. აშკარაა, რომ ტრევის სკოტი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო აღმასრულებელ პროდიუსერად ყალიბდება, რომელსაც განსხვავებული იდეების სინთეზი და მათი ერთი ქოლგის ქვეშ ბუნებრივად გაერთიანება შეუძლია.

15. Robyn - Honey 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რობინი 2018 წლისა და საკუთარი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერით დაბრუნდა. დისკოს რომანტიზმით გაჯერებულ ახალ ალბომში შვედმა მუსიკოსმა რამდენიმე ისეთი კომპოზიცია შემოგვთავაზა, რომელიც ნებისმიერ საცეკვაო მოედანს დაამშვენებდა. მათ შორისაა Honey, რომელიც არტისტის შემოქმედებაში უდავოდ გამორჩეული ნამუშევარია. 

რობინის მუსიკას გულწრფელობა და ღრმა ემოციური ფონი არასდროს აკლდა, თუმცა, იმას, რომ დენსფლორისთვის შესაფერის ფორმატში ამ ყველაფრის შენარჩუნებას არტისტი ასე წარმატებით მოახერხებდა, ბევრი ვერ იფიქრებდა. იმ პირობებში, როდესაც საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ძირითადი ნაწილი სტერილური, უემოციო და ზედაპირულია, Honey-ის სახით რობინი ნამდვილ მარგალიტს გვთავაზობს.

14. DJ Koze - Pick Up

არსებობს კომპოზიციები, რომლებსაც მოუსმენ და მაშინვე ხვდები, რომ წარმატებისთვის არიან განწირულნი და არსებობენ არტისტები, რომლებიც ასეთი ნამუშევრების შექმნას სხვებზე ხშირად ახერხებენ. საცეკვაო ელექტრონულ მუსიკაში ასეთი, პირველ რიგში, სტეფან კოზალაა, იგივე DJ Koze, რომელსაც 2018 წლის ზაფხულის მთავარი ჰიტი Pick Up ეკუთვნის.

ერთი შეხედვით, ამ კომპოზიციაში ახალი არაფერია. საქმე ორი სინგლის - მელბა მურის Pick Me Up I'll Dance-ისა და Gladys Knight & the Pips-ის Neither One of Us-ის კომპილაციასთან გვაქვს, რასაც "ნებისმიერი" პროდიუსერი გააკეთებდა. თუმცა, სწორედ აქ იმალება კოზეს მაგია - ყოველთვის გვეჩვენება, რომ ის, რასაც მუსიკოსი აკეთებს, ძალზე მარტივია, მაგრამ ამის გაკეთებას მას ვერასდროს დაასწრებ. ისღა დაგვრჩენია, მოვუსმინოთ და იმდენი ხნით ავიკვიატოთ, სანამ სანაცვლოდ მორიგ ჰიტს შემოგვთავაზებს.

13. Mac Miller - Self Care

მაკ მილერის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Swimming პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან დაშორებითაა შთაგონებული და რეპერის ემოციურ რეაბილიტაციაზე მოგვითხრობს. ამ რთულად გასავლელი გზის კულმინაცია კი კომპოზიცია Self Care გახლავთ, რომელშიც არტისტი საკუთარ გრძნობებთან მარტო რჩება. ჩანაწერზე გადაღებულ ვიდერგოლში მაკ მილერი კუბოში წევს და გადატანილი ტრავმის შემდეგ საკუთარი თავის ძიებაზე მოგვითხრობს. ის თავისი ემოციების დამარხვას ცდილობს, გადარჩენის ერთადერთ გზად კი იმის დავიწყება მიაჩნია, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია. არტისტი ისევ ცდილობს სამყაროში ადგილის პოვნას, აჯერებს თავს, რომ კარგად იქნება, თუმცა, ის მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და თითოეულ ჯერზე დაკარგული სიყვარულით გამოწვეულ ტკივილში იძირება. 

მილერს ესმის, რომ ყველაფერი წარმავალია და ეს დაუსრულებელი ციკლიც ოდესმე დამთავრდება. კლიპში ის კუბოს სახურავზე ლათინურ ანდაზას ტვიფრავს - Memento mori, გახსოვდეს, რომ მოკვდები. მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ღრმა დეპრესიაში მყოფი არტისტის ნამუშევარი ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. ალბომის გამოსვლიდან ერთ თვეში 26 წლის ასაკში მუსიკოსი ფენტანილის ზედოზირებით გარდაიცვალა.

12. Janelle Monáe - Crazy, Classic, Life

ჯანელ მონეს ალბომი Dirty Computer ნაწილობრივ მუსიკოსის პირადული განცდებით, ნაწილობრივ კი თანამედროვე ამერიკული საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევებითაა შთაგონებული. ჰომოფობია, უმცირესობათა უფლებები, რასიზმი და ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც ქალებს ყოველდღიურად უწევთ - არენბითა და ნეო სოულით გაჯერებულ ჩანაწერში შემსრულებელი ამ სენსიტიურ თემებზე ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე საუბრობს. მის პათოსში ძალდატანებისა თუ სიყალბის ნატამალიც არ იგრძნობა.

ალბომის სულისკვეთებას საუკეთესოდ Crazy, Classic, Life გამოხატავს. კომპოზიცია აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მეორე პარაგრაფის პერიფრაზით იწყებაარტისტი თავიდანვე გვამცნობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები თავისუფლება და თანასწორობაა. ჩამთრევი ინსტრუმენტალით გაფორმებულ ტრეკში ფანკი, სინთპოპი და არენბი ერთმანეთთან იდეალურადაა შეზავებული, ჩანაწერის დასასრულს კი ჯანელის რეჩიტატივი არტისტის შემოქმედებაზე ჰიპ ჰოპის გავლენასაც უსვამს ხაზს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრით მონემ თანამედროვე მუსიკალური ტენდენციებისათვის ფეხის აწყობის ნაცვლად, მათ საგრძნობლად გაუსწრო.

11. J.I.D - Skrawberries (For da Ladies) ft. BJ The Chicago Kid

2018 წელი ატლანტელი არტისტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მისმა ალბომმა DiCaprio 2 მუსიკის კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თავად რეპერი კი ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. მრავალი კოლეგისგან განსხვავებით, ჯეიაიდის წარმატების მისაღწევად მეინსტრიმულ ტენდენციებზე მორგება არ უცდია. პირიქით, ის ჰიპ ჰოპის კლასიკურ, მრავალგზის ნაცად ფორმულას მისდევს, რომლის უმთავრესი ინგრედიენტიც ლირიკული დიდოსტატობაა.

Skrawberries (For da Ladies) დაკარგული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ისტორიასაც თან ორმხრივი შეცდომები, ხანგრძლივი განშორება და სინანული ახლავს. ახალგაზრდა რეპერი საკუთარი სათქმელის გადმოცემას სრული სიმძაფრით ახერხებს. მის მიერ მონათხრობი ისტორია კი, ალბათ, ბევრ მსმენელს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაახსენებს. ჯეი ქოულის ბითი, ვირტუოზი ბასისტის, თანდერქეთის პარტია და ჩიკაგო ქიდის სოულით შთაგონებული მისამღერი კომპოზიციას სწორედ ისეთ განწყობას მატებს, როგორიც მის შინაარს შეესაბამება. ჩარტებს თუ გადავხედავთ, ნათლად შევამჩნევთ, რომ თანამედროვე ჰიპ ჰოპში მსგავსი ნამუშევრების პოპულარობა საგრძნობლად იკლებს. თუმცა, თუ ნახვებისა და გაყიდვების რაოდენობაზე მეტად თქვენს ყურადღებას ხარისხი და ჭეშმარიტი ტალანტი იპყრობს, Skrawberries სწორედ თქვენთვისაა. 

10. Mitski - Nobody

2018 წელს გამოცემულ ინდი ალბომებს შორის მიცკი მიავაკის მეხუთე სტუდიური ჩანაწერი Be the Cowboy სენტიმენტალურობითა და ემოციურობით გამოირჩევა. არტისტი ხან ყოფილ შეყვარებულს მიანიშნებს, რომ მისი დაკარგვით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, ხანაც დანგრეული ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. მუსიკოსი საკუთარი პრობლემებისა და დარდებისგან გაქცევის ნაცვლად, მათთან თანაცხოვრებას სწავლობს. მთელი ეს ნამუშევარი კი ამ წინაღობებით სავსე პროცესის ერთგვარი დოკუმენტირების მცდელობააა.

ალბომის საუკეთესო კომპოზიცია Nobody ფრაზით "ღმერთო, როგორი მარტოსული ვარ" იხსნება და არტისტის განწყობაზე თავიდანვე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის. დისკოპოპისა და ინდი როკის ამ ნაზავის მოსმენა უზარმაზარ, ქაოტურ სამყაროში დაკარგულობის განცდას აჩენს და ამასთან ერთად, მონათესავე სულის პოვნის სურვილს ამძაფრებს. ამ ემოციების საცეკვაო რიტმებით გადმოცემა გამორჩეულ ტალანტს მოითხოვს, რომელიც ამერიკელ არტისტს აშკარად არ აკლია.

9. Pusha T - Santeria

წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გრემიზე წარდგენილი Daytona ტერენს თორნტონის ყველაზე პირადული ჩანაწერია. კომპოზიციაში Santeria კი არტისტის იმ მხარეს ვხედავთ, რომლის შესახებ აქამდე წარმოდგენაც არ გვქონდა. ფუშა თიმ ტრეკი თავისი მეგობრისა და ყოფილი მენეჯერის, De'Von-ის ხსოვნას მიუძღვნა. კრიმინალურ უბანში გაზრდილი მუსიკოსი, რომელსაც თავის გადასარჩენად სენტიმენტებზე უარის თქმა ნაადრევად მოუწია, მოულოდნელად ჩვენ თვალწინ ცრემლად დაიღვარა.

რეპერის მელანქოლიური განწყობა ქანიე ვესთმა კომპოზიციის ინსტრუმენტალში იდეალურად ასახა, ალბომის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერილმა მისამღერმა კი ჩანაწერს დამატებითი ხიბლი შესძინა. 070 Shake-ის დეპრესიული ვოკალი კომპოზიციას კიდევ უფრო ემოციურს ხდის. GOOD Music-ის ახალწვეულმა მისამღერი ლოცვას დაამსგავსა, რომელიც გულგრილს არცერთ მელომანს დატოვებს. ფუშა თის შემოქმედების გამორჩეული ღირსება მუდამ იმაში მდგომარეობდა, რომ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ტექსტებში მკვეთრი პირდაპირობითა და გულშიჩამწვდომი ექსპრესიით აღწერდა. ამ მხრივ, არტისტისთვის, რომელმაც კარიერა 1992 წელს დაიწყო, Santeria სავსებით ახალი საფეხურია.

8. Kamasi Washington - Fists of Fury

კამასი ვაშინგტონის 21 ტრეკისგან შემდგარი, ძალზე ამბიციური ნამუშევრიდან Heaven and Earth რომელიმე ერთი კომპოზიციის გამოყოფა მარტივი საქმე ნამდვილად არაა, თუმცა, Fists of Fury ყურადღებას ცალსახად იმსახურებს. ეს ჩანაწერი სრული სიცხადით ასახავს ამერიკელი საქსოფონისტის ორიგინალურ ხედვასა და ჯაზის სტრუქტურისადმი უჩვეულო მიდგომას. არტისტისა და მისი ბენდის ვირტუოზული შესრულება კი გვარწმუნებს, რომ ჟანრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხმები მეტისმეტად გაზვიადებულია.

Fists of Fury ამავე სახელწოდების ფილმის მუსიკალური თემის ინტერპრეტაციაა. 1972 წელს გამოსულ სურათში ლეგენდარული ბრიუს ლის მიერ განსახიერებულ ჩინელ პერსონაჟს იაპონელთა ქსენოფობიის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. ვაშინგტონი, რომელიც თავის აფროცენტრისტულ იდეალებს ხაზს ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსვამს, საკუთარ შემოქმედებაში აღმოსავლური მუსიკის უნაკლო ინტეგრირებას ახდენს. მისი მთავარი მიღწევა კი, პირველ რიგში, ის არის, რომ თავის ნამუშევრებში თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების ასახვას ჯაზის კლასიკური ფორმებისგან დაცილების გარეშე ახერხებს.

7. Lil Wayne - Mona Lisa ft. Kendrick Lamar

2018 წელს გამოსული Tha Carter V ლირიკული თვალსაზრისით ნიუ ორლეანელი ჰიპ ჰოპ არტისტის შემოქმედებაში სავსებით ახალი საფეხურია. მისი ფლოუ და რეჩიტატივის კითხვის მანერა მთელი ეფექტურობით კომპოზიციაში Mona Lisa იჩენს თავს, რომელშიც მუსიკოსს პარტნიორობა კომპტონელმა კოლეგამ და მისმა დიდმა თაყვანისმცემელმა, ქენდრიქ ლამარმა გაუწია. ლილ უეინის ძველი კოლაბორატორის, პროდიუსერ Infamous-ის მიერ შექმნილმა ბრწყინვალე ბითმა კი რეპერებს რეჩიტატივის მრავალფეროვანი ხერხით წაკითხვისა და საკუთარი ლირიკული არსენალის სრული დატვირთვით გამოყენების საშუალება მისცა. 

ტრეკი სასურველი ქალის მიერ იმედგაცრუებული მამაკაცის ამბავს მოგვითხრობს. ერთი შეხედვით, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ უეინისა და ლამარის პოეტური დიდოსტატობა მრავალგზის გაცვეთილ თემას სავსებით ახალი, მოულოდნელი კუთხიდან გვაჩვენებს. აქ ჰიპ ჰოპის კლიშედ ქცეული მასკულინური თვითდაჯერებულობის ნატამალიც კი არაა. ამის ნაცვლად თვითირონიითა და ცინიზმით სავსე ტექსტში რეპერები მათ მიერ მორგებული პერსონაჟების ტკივილის, ეჭვებისა და დაუცველობის შესახებ დაუფარავად გვიყვებიან. მახვილგონივრული მეტაფორებით, ალუზიებითა და მინიშნებებით სავსე Mona Lisa, ერთის მხრივ, სთორითელინგის ეტალონია, მეორეს მხრივ კი - მამაკაცების მიერ სისუსტის გულახდილი აღიარება.

6. The Carters - Apeshit

კარტერების ძლევამოსილი ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე მათი საერთო ნამუშევარი გაათმაგებულ ინტერესს იწვევდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ალბომმა Everything is Love მსმენელთა მოლოდინები სრულად გაამართლა. უკიდურესად მრავალფეროვანი ჩანაწერიდან როგორც მუსიკალური, ასევე ლირიკული თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული კომპოზიცია Apeshit აღმოჩნდა - ამ ტრეკში ბიონსე და ჯეიზი საკუთარ კლასს, ავტორიტეტსა და ძალაუფლებას თითოეულ ფეხის ნაბიჯზე გვაგრძნობინებენ.

2018 წლის ჩარტების დომინანტი, თრეფ ჟღერადობა ორივე არტისტისათვის, ფაქტობრივად, აუთვისებელ ტერიტორიას წარმოადგენდა. თუმცა, ბიონსემ და ჯეიზიმ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელია, რაიმე უხარისხოდ გამოუვიდეთ. კომპოზიციაში Apeshit, რომელიც გასული წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ჰიტად იქცა, კარტერებს ბექვოკალისტობას სწორედ ამ მიმართულების წამყვანი კოლექტივის, Migos-ის წევრები უწევენ. მუსიკალური სამყაროს ყველაზე გავლენიანმა წყვილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მათ ნებისმიერ ტენდენციასთან მორგება შეუძლიათ.

5. Kids See Ghosts - Kids See Ghosts ft. Yasiin Bey

ფსიქიკური პრობლემების, დეპრესიის, სუიციდური განწყობისა და შინაგანი სამყაროს ბნელი კუთხეების საკუთარ შემოქმედებაში ასახვა ორივე მუსიკოსის ხელწერაა. მას შემდეგ, რაც 2008 წელს რეპერებმა პირველად ითანამშრომლეს, ჰიპ ჰოპ სამყარო მათ ერთობლივ ალბომს ელოდა. ათი წლის შემდეგ Kids See Ghosts-მა მსმენელთა იმედები გაამართლა.

ძალიან რთულია, ორი ადამიანის კომპლექსური პრობლემების სათანადოდ წარმოჩენა მხოლოდ შვიდ ტრეკში. გაცილებით რთულია, ორმა დიდმა არტისტმა საკუთარი შესაძლებლობების ყველა ასპექტი თანაბრად წარმოაჩინოს ერთ კომპოზიციაში. Kids See Ghosts-ში ქანიე და ქადი სწორედ ამას ახერხებენ. ტრეკი დეპრესიული ჟღერადობის ბითით იხსნება, რომელიც გაუცხოების შეგრძნებას გვიქმნის. სინთეზატორის ხმები კი ინსტრუმენტალს პარანორმალურ ატმოსფეროს მატებს. საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილი რეპერები, ალბათ, სწორედ ასე გრძნობენ თავს. ქანიე ვესთი აქ ალბომის საუკეთესო ვერსს კითხულობს. ისეთს, როგორიც მის მსმენელს უკვე დიდი ხანია ენატრება. ჩანაწერის ფროდაქშენი ისეთი მდიდარია, როგორც ეს ვესთის ნამუშევარს შეეფერება. ამას გამორჩეული რეჩიტატივი და ქადისთვის დამახასიათებელი არაამქვეყნიური ედლიბები ემატება, რაც ამ კომპოზიციას წლის გამორჩეულ ნამუშევრად აქცევს. 

4. SOPHIE - Faceshopping 

My face is the front of shop, I'm real when I shop my face - ვისაც გახსოვთ, როგორ ახასიათებდა სოფი წლების წინ თავის შემოქმედებას, ადვილად მიხვდებით, რა იგულისხმება ამ ფრაზაში. არტისტის მიერ 2014 წელს "მაკდონალდსის" გამაგრილებელი სასმელისთვის დაწერილი Lemonade-ის შესახებ "გარდიანი" წერდა, რომ საქმე ან გამაღიზიანებელ კონსუმერიზმთან გვქონდა, ან პოპ მუსიკის მომავალთან. პირველი სოფისთვის მიუღებელი არ აღმოჩნდა, მან ხომ თავადვე უწოდა საკუთარ ნამუშევრებს სარეკლამო მუსიკა. რაც შეეხება მეორეს - ამაში დასარწმუნებლად მეტი დროის გასვლა იყო საჭირო. 

ექსტრავაგანტურ არტისტს არასდროს ჰქონია პრობლემა სუპერმარკეტის თაროებზე გამოფენილ საქონელთან. "მაკის" ლიმონათის შემდეგ, სოფიმ კომპოზიცია ერთ-ერთ ენერგეტიკულ სასმელსაც მიუძღვნა. ამჯერად კი ის თავად გახდა პროდუქტი, რომელიც 2018 წლის საუკეთესო ჩანაწერების დახლზე დაგვხვდა და ამით "გარდიანის" ავტორის ორჭოფობა საბოლოოდ დაასრულა. 

3. Yves Tumor - Lifetime

Lifetime ჩვენი რედაქციის მიერ 2018 წლის საუკეთესო ელექტრონულ ალბომად დასახელებული Safe in the Hands of Love-ის ლირიკულად ყველაზე გამართული და საინტერესო სიმღერაა. მუსიკოსი აქ თითქოს კლაუსტროფობიურ განცდებსა და წარუმატებლობით გამოწვეულ ფრუსტრაციაზე მღერის, მაგრამ ფონად I miss the days out in Biscayne, I miss my brothers გვესმის.

კომპოზიციის დასაწყისში პერკუსიული ელემენტების სიხისტე და ფრაზები She said, she said we don't have to let it, ooh… Don't walk away, I wanted to see you again გვაფიქრებინებს, რომ ავტორმა რომანტიკული ბალადის მოსასმენად შეგვკრიბა. ეს განცდა ძლიერდება მაშინ, როდესაც ტოქსიკური სასიყვარულო ისტორიის შუაგულში ამოვყოფთ თავს და დგება მომენტი, როდესაც ბანალურობამ უნდა იზეიმოს. თუმცა, უეცრად არტისტს ახსენდება, რომ ბისქეინში თავისი ძმები დატოვა, მათთან ერთად კი ბევრი საინტერესო მოგონება. აქ ის სიმღერის ატმოსფეროს რადიკალურად ცვლის და Lifetime-ს ემოციურ თავსატეხად აქცევს, რომლის ამოხსნის პროცესშიც ვაცნობიერებთ, რომ ქაოტური და ხისტი ინსტრუმენტალი უზადო არანჟირების მქონე მრავალფეროვან მუსიკალურ ნაწარმოებად იქცა. არ მოტყუვდეთ და მისი მოსმენისას ყურადღება არ გაგეფანტოთ, რადგან ივ ტუმორი სწორედ ამას ცდილობს - ის თავის ტრავმებთან ახლოს ასე ადვილად არავის მიუშვებს.

2. Childish Gambino - Feels Like Summer 

დონალდ გლოვერის კომპოზიცია Feels Like Summer იმის მასტერკლასია, თუ როგორ უნდა მოახერხო მუსიკალური, ვიზუალური და ლირიკული კომპონენტების შერწყმა ისე, რომ თითოეული მათგანი სხვადასხვა ამბავს ჰყვებოდეს. მსუბუქი, მელოდიური ინსტრუმენტალი და ვიდეოს ფერთა პალიტრა, ერთი შეხედვით, საზაფხულო განწყობას ქმნის, მაგრამ ნამუშევრის ყოველი მომდევნო წამი უფრო და უფრო პირქუში ხდება. კლიპში პოპ თუ ჰიპ ჰოპ კულტურაში ბოლო პერიოდში განვითარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მეტაფორას ვაწყდებით - რეპერების დაპირისპირებებს, მენტალური პრობლემებით დატანჯულ არტისტებს, უაზროდ დაღვრილ ოფლს, სისხლსა და ცრემლებს და თავად Childish Gambino-ს, რომელიც ამ ყველაფერს გვერდს უვლის და თავის ჰიპ ჰოპ სამეზობლოს განკითხვის გარეშე ტოვებს.

სამაგიეროდ, მუსიკოსი სწუხს დედამიწაზე, რომელიც შვიდ მილიარდ ადამიანსა და მათ სიხარბეს ვეღარ იტევს, ეკოლოგიურ პრობლემებზე, ხელოვნური ინტელექტის მომავალზე და მშობლებზე, რომლებიც საკუთარ შვილებს სიდინჯისკენ მოუწოდებენ მაშინ, როცა მათი პლანეტა უფსკრულისკენ მიექანება. დონალდ გლოვერი ძალზე მკაფიო მესიჯებს აგზავნის, მაგრამ ამავდროულად ინტერპრეტაციისთვის საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებს. Feels Like Summer სწორედ მისი შოუა, რომელიც წელს, This Is America-ისგან განსხვავებით, ნაკლებად "სერიოზულად" მოგვეჩვენა.

1. Rosalía - Malamente

როზალია ვილა 2018 წლის აღმოჩენაა. ესპანელი მუსიკოსის ალბომმა El mal querer გულგრილი, ფაქტობრივად, არავინ დატოვა. მართლაც, ძნელია, მე-13 საუკუნის უცნობი ავტორის მიერ ოქსიტანურ ენაზე დაწერილი კურტუაზული რომანით, "ფლამენკათი" შთაგონებულ ამ ულამაზეს ჩანაწერს მოუსმინო და აღფრთოვანებული არ დარჩე. 25 წლის არტისტმა ტრადიციული ესპანური მუსიკის ბაზაზე სრულიად ახალი, ექსპერიმენტული პროექტი შემოგვთავაზა, რომელიც იმდენად უნივერსალური აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში მილიონობით მელომანის გულის მოგება შეძლო.

როზალიასთვის ფლამენკო კვლავაც ინტერესის მთავარ საგნად რჩება, რომელიც მას გზას შემოქმედებითი თავისუფლებისკენ  უკაფავს, თუმცა, არტისტი ტრადიციულ ფოლკ ჟღერადობას არენბითა და რეგეტონით ახალისებს. შემსრულებლის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრწყინვალედ შეძლო ალბომის კონცეფციის მსმენელამდე მიტანა. ეს, პირველ რიგში, კომპოზიციებში პოპ მუსიკის ელემენტების ჭარბი დოზებით გამოყენების შედეგია. ამის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია Malamente, რომელშიც როზალია კულტურებს შორის საზღვრებს შლის და გვარწმუნებს, რომ თანამედროვე მუსიკის სამყაროში ჯერ კიდევ დარჩა ადგილი ალეგორიებისა და მითებისთვის.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეოკლიპი. კორიდა, რომელშიც ხარები მოტოციკლებითაა ჩანაცვლებული, სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ფლამენკოს მოცეკვავეები, კაპიროტიანი მამაკაცი ლურსმნებიანი სკეიტით - ეს გამომსახველობითი მეტაფორები ესპანეთის წარსულსა და აწმყოს შორის ურთიერთკავშირზე მიგვანიშნებენ და ნამუშევარს სიურრეალისტურ ელფერს სძენენ. ავტომტვირთავზე დასვენებული როზალიას სხეული კი აღორძინების ეპოქის მხატვრების ტილოებზე გამოსახული მაცხოვრის დატირების სცენებს მოგვაგონებს. მსგავსი ვიზუალური პარალელები არაერთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც Malamente-ს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. 

როზალიას ეს ნამუშევარი პოპ მუსიკის განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს აჩენს. იმ არტისტებს კი, რომლებიც ეთნო ჟღერადობის თანამედროვე ტენდენციებთან შეთავსებას ცდილობენ, ნათლად აჩვენებს, რომ მათი მუშაობა წყლის ტყუილი ნაყვა არაა და მსგავსი ექსპერიმენტებით მეინსტრიმის ყურადღების მიქცევა ადვილადაა შესაძლებელი

► 2018 წლის 50 საუკეთესო ალბომი 

კომენტარები

ბოლოს დამატებული