Thumbnail

10 ცოცხალი შესრულება, რომელიც მსმენელებმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად აქციეს

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ამ სტატიაში ის ლაივები გავაერთიანეთ, რომლებიც განსაკუთრებით შთამბეჭდავად კონცერტზე შეკრებილმა მსმენელებმა აქციეს. 

10. Johnny Cash - San Quentin (Live from Prison)

საკულტო ამერიკელ მომღერალს, ჯონი კეშს საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე სასმელსა და ნარკოტიკებზეც იყო დამოკიდებული და სამართალდამცველებთანაც არაერთხელ ჰქონია პრობლემა. თუმცა, პენიტენციარულ დაწესებულებებში ჩატარებულ კონცერტებზე მას მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე მცირე ხულიგნობისთვის სასჯელების მოხდისას. ეს ლაივი სან კვენტინის საპყრობილეში 1968 წელსაა ჩაწერილი. სიმღერის დაწყებამდე კეში ბადრაგს ჭიქა წყალს სთხოვს, შემდეგ კი ციხის კედლებს დალპობასა და ჩამოშლას უსურვებს. გასაკვირი არაა, რომ მის ამ ნატვრას პატიმრები ოვაციებით ხვდებიან.

9. Rage Against the Machine - Killing In the Name

ამერიკული რეპ მეტალ ჯგუფი სიმღერით Killing In the Name ნებისმიერი ტიპის ძალადობას გმობს და თაყვანისმცემლებს იმ ავტორიტეტებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, რომლებიც საწინააღმდეგოს ქადაგებენ. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის ამ კონცერტზე აუდიტორია ბას-გიტარის რიფსაც კი აჰყვა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბენდის წევრებმა საკუთარი სათქმელი მსმენელამდე წარმატებით მიიტანეს. 

8. Coldplay - Viva La Vida 

Coldplay-ის წევრები ყოველთვის ცდილობენ, თითოეული კონცერტი თაყვანისმცემლებისთვის დაუვიწყარ მოვლენად აქციონ. ლაივებზე ისინი მსმენელებს სპეციალურ მანათობელ სამაჯურებსაც კი ურიგებენ, რომლებიც მუსიკის ფონზე ფერს იცვლიან. 2017 წელს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში ჩატარებულ კონცერტზე ჯგუფმა ათიათასობით ადამიანთან ერთად მათი გამოყენებით მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობა დადგა.

7. U2 - One

2015 წელს ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფი U2 პირველი იყო მათ შორის, ვინც საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ ქვეყნის დედაქალაქში მასშტაბური კონცერტი ჩაატარა. ბონომ ლაივი სიტყვებით "დღეს ჩვენ ყველანი პარიზელები ვართ" გახსნა. აღფრთოვანებულმა მსმენელებმა კი საკულტო სიმღერა One ბენდის წევრებთან ერთად შეასრულეს და დაამტკიცეს, რომ პარიზი თავისუფალი, უშიშარი ადამიანების ქალაქია.

6. Paul McCartnеy - Hey Jude 

Тhe Beatles-ის ეს ლეგენდარული კომპოზიცია პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონის შვილს, ჯულიანს მიუძღვნა, რომელიც მშობლების განქორწინებას ძალიან განიცდიდა. თუმცა, ჯონის გარდაცვალების შემდეგ ჩანაწერი მაკკარტნისა და ლენონის მეგობრობის ჰიმნად იქცა. პოლი ამ სიმღერას ყოველთვის ემოციურად ასრულებს, მაგრამ 2010 წლის ლაივი ლონდონის ჰაიდ პარკში, სადაც მასთან ერთად ათიათასობით ადამიანი მღერის, უდაოდ ყველაზე შთამბეჭდავია. 

5. Blind Guardian - Valhalla

ეს ჯგუფი პაუერ მეტალის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია. კოლექტივის წევრები კონცერტებზე ენერგიული თაყვანისმცემლების ნაკლებობის არასდროს უჩიოდნენ, თუმცა, 2003 წელს გერმანელმა მსმენელებმა ჯგუფის ფრონტმენის, ჰანსი კიურშის გაოცება მაინც შეძლეს. უზარმაზარმა აუდიტორიამ სიმღერა მას შემდეგაც გააგრძელა, რაც მან Valhalla-ს შესრულება დაასრულა. 

4. Green Day - Boulevard Of Broken Dreams

ბენდის ფრონტმენის, ბილი ჯო არმსტრონგის თქმით, სიმღერა განმარტოებასა და შინაგან დემონებთან ბრძოლას ეძღვნება. თუმცა, Boulevard Of Broken Dreams-ის შესრულებისას, მას მსმენელები საკუთარ თავთან დარჩენის საშუალებას არასდროს აძლევენ. მართლაც ძნელია, თავი ეულად იგრძნო, როდესაც რედინგის ფესტივალის სცენაზე დგახარ და შენთან ერთად ათასობით ადამიანი მღერის. 

3. Depeche Mode - Never Let Me Down Again 

ამ ბრიტანული კოლექტივის თაყვანისმცემელთა უსაყვარლესი კომპოზიცია მარტინ გორმა 1987 წელს დაწერა. სიმღერა, რომელიც ნარკოტიკებით გამოწვეულ ეიფორიას აღწერს, მსმენელებს თითოეულ ლაივზე აღაფრთოვანებს. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ის მომენტებია, როდესაც ჯგუფის ფრონტმენის, დეივ გაანის მოძრაობებს ასი ათასზე მეტი ადამიანი დაუღალავად იმეორებს. 2013 წელს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ჩატარებული კონცერტი ამის კარგი მაგალითია.

2. Oasis - Don't Look Back In Anger 

ნოელ გალაჰერს ერთხელ წამოსცდა, რომ ამ სიმღერის შექმნისას აკრძალული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ წარმოდგენა არ აქვს, რის შესახებაა მისი ტექსტი. ამის მიუხედავად, კომპოზიცია ბენდის თაყვანისმცემლების გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს და თითქმის ყველა კონცერტზე აუდიტორიასთან ერთად სრულდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით შთამბეჭდავი არგენტინაში, "რივერ პლეიტის" სტადიონზე 2009 წელს ჩატარებული ლაივია, რომლის დროსაც ნოელმა მსმენელებს მისამღერზე აყოლა შესთავაზა, პასუხად კი ის საოცრება მიიღო, რისი ნახვაც ამ ვიდეოში შეგიძლიათ.

1. Queen - Radio GaGa

1985 წელს ეთიოპიის მოსახლეობის დასახმარებლად გამართულ გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს Live Aid არაერთი ცნობილი მუსიკოსი თუ ჯგუფი შეუერთდა. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ლეგენდარული Queen-ის გამოსვლა გამოდგა. მაშინ ფრედი მერკურისთან ერთად ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე შეკრებილი 70 ათასზე მეტი ადამიანი ამღერდა. 


და ბოლოს, Green Day-ს 65 ათასი თაყვანისმცემელი, რომელიც საყვარელი ჯგუფის სცენაზე გამოსვლამდე "ქუინის" Bohemian Rhapsody-ს ასრულებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული