Thumbnail

მოცარტისა და სალიერის "მტრობის" რეალური ისტორია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მილოშ ფორმანის 8 ოსკარის მფლობელი "ამადეუსი" ორი ლეგენდარული კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ანტონიო სალიერის მტრობის შესახებ მოგვითხრობს. თუ ფილმი ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ, უყუროთ და შემდეგ დაუბრუნდეთ ჩვენს სტატიას. მათთვის კი, ვისაც შინაარსი კარგად ახსოვს, ერთი საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელიც თქვენთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი იქნება.

როდესაც საქმე ისტორიულ მოვლენას ან პიროვნების იმიჯს ეხება, კინემატოგრაფი წარმოუდგენელი ძალაუფლებით სარგებლობს. საკმარისია, გავიხსენოთ რალფ ფაინსის მაგალითი, რომელმაც "შინდლერის სიაში" საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის, ამონ გეთის როლი იმდენად დამაჯერებლად შეასრულა, რომ თანამედროვე ჰიტლერელები ქუჩაში შეხვედრისას ტრადიციული ნაცისტური მისალმებით ხვდებიან. გასაკვირი არაა, რომ მსახიობ მიურეი აბრაჰამის მიერ "ამადეუსში" სალიერის უნაკლოდ განსახიერების შემდეგ, მილიონობით მაყურებელი დარწმუნებულია, რომ ამ უკანასკნელს მოცარტი ისტერიულად სძულდა. თუმცა, რეალური ფაქტები სავსებით სხვა ამბავს მოგვითხრობენ.

Antonio Salieri - Requiem in do minore per solisti, coro e orchestra (1804)

მაშ ასე, ვნახოთ, რა დაედო საფუძვლად მოსაზრებას ორი კომპოზიტორის ქიშპობის შესახებ. XVIII საუკუნის 80-იან წლებში მოცარტი ვენაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ ამ პერიოდში მამისთვის გაგზავნილ წერილებში კომპოზიტორი ახსენებს სალიერის, რომელიც "იმპერატორის უცვლელი ფავორიტია". მოცარტი უკმაყოფილოა იმით, რომ სალიერი და სხვა იტალიელი კომპოზიტორები მათი წარმოშობის გამო უპირატესობით სარგებლობენ. ამას დაემატა ის გარემოება, რომ 1781 წელს ავსტრიის პრინცესა ელიზაბეტის მუსიკის მასწავლებლად მოცარტის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ეს საქმე სალიერის მიანდეს. 

დროთა განმავლობაში, განუწყვეტელი გაზვიადებისა და რომანტიზების შედეგად, ასევე პუშკინის, რიმსკი-კორსაკოვისა და სხვათა ნაწარმოებების გავლენით, მილიონობით ადამიანის ცნობიერებაში უტყუარი ფაქტის სახით დამკვიდრდა მითი მოცარტისა და სალიერის მტრობის შესახებ. სიმართლე კი ისაა, რომ ორი კომპოზიტორის პროფესიული კონკურენცია ძალზე სწრაფად დასრულდა და ისინი გულითადი მეგობრები გახდნენ.

ვენის ოპერის კაპელმაისტერად დანიშვნის შემდეგ, იმის ნაცვლად, საკუთარი ნაწარმოებისთვის დაეთმო სცენა, სალიერიმ მოცარტის "ფიგაროს ქორწინება" დადგა. 1791 წელს ცოლისთვის გაგზავნილ უკანასკნელ წერილში კი მოცარტი აღფრთოვანებით წერს, რომ "ჯადოსნური ფლეიტის" პრემიერაზე სალიერი მის გვერდით იჯდა და უვერტიურიდან დაწყებული უკანასკნელ ქორალამდე გულწრფელ აღტაცებას გამოხატავდა შეძახილებით "დიდებულია" და "ლამაზია". 

Wolfgang Amadeus Mozart - Die Zauberflöte (1791)

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არავინ გაუკვირვებია იმ ფაქტს, რომ მოცარტის რამდენიმე საოპერო სპექტაკლი სწორედ სალიერის ინიციატივითა და დირიჟორობით დაიდგა, ხოლო მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, ანტონიო მისი ვაჟის, ფრანც ქსავერ ვოლფგანგ მოცარტის მუსიკის მასწავლებელი გახდა.

როგორც ხედავთ, ლეგენდარული მაესტროს რეპუტაცია მორიგ ჰოლივუდურ მითს შეეწირა. თუმცა, მონეტას ორი მხარე აქვს - ფორმანის ფილმის გამოსვლამდე სალიერის შემოქმედება მივიწყებული იყო, 1984 წლის შემდეგ კი ის ისევ ისეთივე ყურადღებით სარგებლობს, რომელსაც მისი ბრწყინვალე ნამუშევრები ნამდვილად იმსახურებს. 

და ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - 1785 წელს მოცარტმა და სალიერიმ ერთობლივად კანტატაც კი დაწერეს, რომელიც 2016 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა.

Wolfgang Amadeus Mozart, Antonio Salieri & Cornetti - Per la ricuperata salute di Ofelia (1785)

კომენტარები

ბოლოს დამატებული