Thumbnail

10 ცნობილი სიმღერა ფეხბურთის გულშემატკივრების შესრულებით

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობით გამოწვეულ ემოციებს სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები შეძახილებით, სკანდირებით, პერფორმანსებითა და სხვა არაერთი ხერხით გამოხატავენ. განსაკუთრებით საინტერესო კი ქომაგთა მიერ ტრიბუნებზე კოლექტიურად შესრულებული პოპულარული კომპოზიციებია, რომელთაგანაც ზოგიერთი ამა თუ იმ კლუბის არაოფიციალური ჰიმნის სტატუსსაც კი ირგებს ხოლმე.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ფეხბურთის ფანების მიერ შესრულებულ ათ ცნობილ სიმღერას.

10. "მანჩესტერ სიტი" - Wonderwall (Oasis)

"მანჩესტერ სიტი კვლავ თამაშშია, ბალოტელი, აგუეროოოო!", - კომენტატორს ლამის ხმა ჩაუწყდა 2012 წელს გამართული მატჩის მიწურულს, როდესაც უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლით, 44-წლიანი პაუზის შემდეგ, "სიტიმ" ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდის ტრიუმფი გულშემატკივრებმა Oasis-ის ჰიტის შესრულებით აღნიშნეს. ამ ჯგუფის მიმართ მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება სულაც არაა გასაკვირი. მართალია, აწ დაშლილი ბენდის ყოფილ ლიდერებს, ლიამ და ნოელ გალაჰერებს ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებათ, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" მიმართ სიყვარული მათაც კი აერთიანებთ.

9. "მოზერველი" - Twist and Shout (The Beatles)

სულაც არაა აუცილებელი, შენი საყვარელი საფეხბურთო კლუბი მსოფლიო გრანდს წარმოადგენდეს, რათა მას ბოლო ხმაზე უგულშემატკივრო. შოტლანდიური "მოზერველის" ქომაგები ამ მოსაზრებას აშკარად იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამაზე მეტყველებს მათ მიერ მთელი მონდომებით შესრულებული სიმღერა Twist and Shout. 1961 წელს შექმნილი კომპოზიცია თავდაპირველად ჯგუფმა The Top Notes ჩაწერა, თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ვერსია ლეგენდარულ The Beatles-ს ეკუთვნის. 

8. ამსტერდამის "აიაქსი" - 3 Little Birds (Bob Marley)

ყველაზე ტიტულოვანი ჰოლანდიური კლუბის, "აიაქსის" გულშემატკივრები ბობ მარლის ამ სიმღერას საყვარელი გუნდის თითქმის ყველა თამაშზე ასრულებენ. ეს ტრადიცია 2008 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც უელსში გამართული ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დროს სტადიონზე ამსტერდამელი სტუმრების პატივსაცემად სწორედ ეს კომპოზიცია ჩაირთო. "აიაქსის" ქომაგები ნაცნობ მელოდიას დიდი მონდომებით აყვნენ და იმ დღის შემდეგ "სამი პატარა ჩიტი" კლუბის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. 

7. ლონდონის "არსენალი" - We Will Rock You (Queen)

"მეთოფეები" ფავორიტ სიმღერას ხშირად იცვლიან, თუმცა, ლონდონური კლუბის ქომაგებს განსაკუთრებით კარგად "ქუინის" ამ ჰიტის შესრულება გამოსდით. თუ ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებს გავითვალისწინებთ, "არსენალის" გულშემატკივრების მიერ ნამღერი ლეგენდარული კომპოზიციის ტექსტში გაჟღერებული ომახიანი დაპირება შესაძლოა, მალე რეალობადაც იქცეს. 

6. ბუენოს აირესის "სან ლორენცო" - Despacito (Luis Fonsi & Daddy Yankee)

სტადიონის ტრიბუნებიდან, კლასიკად ქცეული კომპოზიციების გარდა, თანამედროვე ჰიტებსაც ხშირად მოისმენთ. ლუის ფონსისა და დედი იანკის სიმღერამ "გრემის" სამი ნომინაცია მოიპოვა, მუსიკალური ჩარტები დაიპყრო და "იუთუბზე" ყველა დროის ყველაზე ხშირად ნახვადი ვიდეოც გახდა. არგენტინული "სან ლორენცოს" გულშემატკივრებისთვის კი საყვარელი კლუბის თამაშებზე მისი შესრულება უკვე ტრადიციად იქცა.

5. ინგლისის ეროვნული ნაკრები - Don’t Look Back In Anger (Oasis)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძმები გალაჰერები "მანჩესტერ სიტის" ერთგული ქომაგები არიან, თუმცა, "ოაზისის" მუსიკა მასშტაბურ ღონისძიებებზე მთელ ქვეყანას აერთიანებს ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ამ ვიდეოშიც შეგიძლიათ იხილოთ. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ ინგლისელი გულშემატკივრები მშობლიურ გუნდს სწორედ ამ ჯგუფი სიმღერით ამხნევებენ. 

4. გლაზგოს "სელტიკი" - Just Can’t Get Enough (Depeche Mode)

ლეგენდარული Depeche Mode-ის კომპოზიცია Just Can’t Get Enough ტექსტის მცირედი ცვლილების ხარჯზე "კელტებმა" ფავორიტი გუნდისადმი მიძღვნილ ბალადად აქციეს. უზომო ერთგულებითა და ემოციურობით განთქმული შოტლანდიელი გულშემატკივრები ამ სიმღერას საყვარელი კლუბის თითქმის ყველა თამაშზე ასრულებენ.

3. "მილანი" - Sara perche ti amo (Ricchi e Poveri)

Ricchi e Poveri ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია იტალიური მუსიკის ისტორიაში, რომლის შემოქმედებაც განსაკუთრებით კარგად უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახსოვთ. კოლექტივის სიმღერები საფეხბურთო სტადიონებზეც ხშირად გაისმის. ამ მხრივ განსაკუთრებით "მილანის" გულშემატკივრები აქტიურობენ. მათთვის მატჩის დროს კომპოზიციის Sara perche ti amo შესრულება ტრადიციად იქცა.

2. "ლესტერი" - We Are the Champions (Queen)

ისევ და ისევ Queen. მათ კომპოზიციას We Are the Champions ძალზე ხშირად უკრავენ სპორტული ღონისძიებების დასასრულს. თუმცა, ეს შემთხვევა ყველასგან გამორჩეულია. 2014 წელს "ლესტერი" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. 2 წელიწადში კი კლაუდიო რანიერის გუნდმა სასწაული მოახდინა და ყველასთვის მოულოდნელად ინგლისის ჩემპიონი გახდა. ეს ისტორია იმის დასტურია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებაც კი შეიძლება ახდეს.

1. "ტოტენჰემ ჰოტსპური" - Truly Madly Deeply (Savage Garden)

დასასრულს, "პუმას" სარეკლამო ვიდეორგოლს შემოგთავაზებთ, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემის" გულშემატკივრები კომპოზიციას Truly Madly Deeply ასრულებენ. ავსტრალიური პოპ ჯგუფის Savage Garden ეს ჰიტი სენტიმენტებთან და ერთობ სათუთ განცდებთან ასოცირდება. ამიტომაც, შეიძლება იფიქროთ, რომ ის ლონდონელ ხულიგნებს დიდად არ შეეფერებათ. თუმცა, ვალენტინობის დღესასწაულზე ეს ბიჭებიც კი უშვებენ გამონაკლისს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული