Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 20 საუკეთესო ელექტრონულ კომპოზიციას. 

2018 წლის 20 საუკეთესო ელექტრონული ალბომი

20. Calvin Harris & Dua Lipa - One Kiss

დაახლოებით ათი წლის წინ ეს სიმღერა ტიპური საკლუბო ჰიტი იქნებოდა, რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ფესტივალებსა და იბიცას ყველა კლუბში დაუკრავდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში ელექტრონული ჟღერადობის გავრცელების არეალი იმდენად გაფართოვდა, რომ დღეს კელვინ ჰარისი პოპმუსიკოსად მიიჩნევა და, შესაბამისად, One Kiss-ის ელექტრონულ ტრეკად აღქმა, ფაქტობრივად, ყველას დაგვავიწყდა. 

ადვილად დასამახსოვრებელი ტექსტი და მელოდია, საცეკვაო რიტმები და საზაფხულო განწყობა - ამ კომპოზიციას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ადვილად აიკვიატოთ და მთელი წელი იღიღინოთ. კელვინ ჰარისმა კარგად იცის, როგორ მოიყვანოს ზაფხული და ამას დიდი ხანია, წარმატებით აკეთებს. ისეთი ჰიტები, როგორებიცაა This Is What You Came For, How Deep Is Your Love და Summer, სწორედ წელიწადის ამ დროის მაცნეები იყვნენ. ახლა კი One Kiss-ის ჯერი დადგა. 

19. Against All Logic - City Fade

ელექტრონული მუსიკის სცენაზე ნიკოლას ჯაარი მხოლოდ მორიგი წარმატებული არტისტი არ არის. ის თავის დროზე ნამდვილი რევოლუციონერი იყო. საცეკვაო მუსიკისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტემპისა და კონფორმისტული ჟღერადობის უარყოფით საკუთარი სტილის ჩამოყალიბების კვალდაკვალ, მან ჟანრის გარდაქმნაც კი დაიწყო. სამწუხაროდ, ეს პროცესი თანმიმდევრული არ აღმოჩნდა, რადგან წლებთან ერთად არტისტის მუსიკალური ფოკუსი იცვლებოდა. შესაბამისად, შეიცვალა მისი გავლენის სივრცეებიც. 

Against All Logic მოიცავს ყველაფერ იმას, რასაც ნიკო ჯაარი მთელი იმ დროის განმავლობაში მალავდა. ეს, ფაქტობრივად, თაროზე შემოდებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი დისკოს, ფანკსა და ჰაუსს ეთამაშებოდა. "თამაში" ნამდვილად სწორი სიტყვაა, რადგან, როგორც City Fade-შიც ჩანს, მუსიკა აქ, ერთი შეხედვით, სრულიად უპრეტენზიო, კუსტარული და თითქოს ძალით დასახიჩრებულიცაა. თუმცა, კლავიშიანი ინსტრუმენტის რამდენიმე აკორდზე აგებული კომპოზიცია მაინც ინარჩუნებს იმ უცნაურობას, რომელიც მხოლოდ ჯაარს შეიძლება ახასიათებდეს. 

18. Marie Davidson - Work It

ასეთი თავდაჯერებული და მიზანდასახული მერი დევიდსონი არასდროს გვინახავს. მან კარგად იცის, რომ წარმატება ოფლის, სისხლისა და ცრემლების გარეშე არ მოდის. კომპოზიციაში Work It, რომელიც მისი ალბომის Working Class Woman მთავარი კომპონენტია, არტისტი მსმენელის მოტივირებას ცდილობს და გვახსენებს, რომ გამარჯვება მხოლოდ დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. 

თქვენს ყურადღებას, სავარაუდოდ, მიიპყრობს ის გარემოება, რომ ჩვენს სიაში ყველაზე მეტი კომპოზიცია ლეიბლ Ninja Tune-ის კატალოგიდანაა აღებული. ეს, პირველ რიგში, იმითაა განპირობებული, რომ პლატფორმა შეეცადა, მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ყოფილიყო და განსხვავებული შემოქმედებითი მახასიათებლებით გამორჩეული არტისტები შეეკრიბა. მერი დევიდსონიც ერთ-ერთი მათგანია. ხელოვანი, რომელსაც სწამს, რომ საკუთარი თავის სიყვარული საკუთარი წარმატებისთვის თავდაუზოგავ მუშაობას გულისხმობს. ამასთანავე, ფრანგული წარმოშობის კანადელი მუსიკოსი მხოლოდ მოწოდებებით არ შემოიფარგლება და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერით სიტყვის საქმედ ქცევის კარგ მაგალითს გვაძლევს.

17. Vessel - Paplu (Love That Moves The Sun)

2018 წელს ვესელმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. მისგან მივიღეთ ის, რასაც არ ველოდით - რომანტიზმის ეპოქის სულით განმსჭვალული ალბომი, რომელმაც მისტიციზმისა და სიურრეალიზმის სამყაროში გვამოგზაურა. არტისტის გადაწყვეტილებით, ამ ნამუშევარში შესული თითოეული კომპოზიციის მიღმა კონკრეტული პიროვნება და ისტორია დგას, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის ინსპირაციის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.

Paplu ესპანელ მხატვარს, რემედიოს ვაროს ეძღვნება. ამ ტრეკის ვიდეოსგან განცალკევება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თავად ვაროს ნახატებით შთაგონებულ ვიზუალურ ნამუშევარში კომპოზიციისა და მთლიანად ალბომის მთავარი პროტაგონისტი "ოქროს ძაღლების დედოფალი" საკუთარი თავის გაცნობითაა დაკავებული, თვითშემეცნების ამ პროცესში კი აღმოაჩენს, რომ თავისი წარმოსახვითი სამყაროს ყველა ელემენტის რეალობაში გამოხმობა შეუძლია. მუსიკაც დრამატურგიულად ამ დინებას მიჰყვება. ფრთხილ შესავალ ნაწილს ხისტი, აგრესიული მუსიკალური პასაჟი მოსდევს. ბოლოს კი ყველაფერი ქაოტური, სიურრეალისტური წარმოდგენით მთავრდება. 

16. James Blake - If the Car Beside You Moves Ahead

ჯეიმს ბლეიქი თავისი თაობის უნიჭიერესი არტისტია. თუმცა, ბოლო დროს ქენდრიქ ლამართან, ბიონსესთან და ფრენქ ოუშენთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში, მისი სოლო ნამუშევრები სულ უფრო და უფრო იშვიათად ხედავენ დღის სინათლეს. 2018 წელსაც მისგან მხოლოდ ორი კომპოზიცია მოვისმინეთ. If The Car Beside You Moves Ahead ერთ-ერთი მათგანია.

ამ ჩანაწერის მოსმენისას ვგრძნობთ, რომ საქმე პოპ კომპოზიციასთან გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ვხვდებით, რომ If The Car Beside You Moves Ahead ზედმეტად უცნაურად ჟღერს საიმისოდ, რომ პოპ ფაქტურის მქონე სიმღერად ჩაითვალოს. სწორედ ეს კონტრასტი აქცევს მას განსაკუთრებულად. ჯეიმს ბლეიქის შემოქმედებას ყოველთვის ახასიათებდა გარკვეული წესები, რომლებიც მისი მუსიკის რომელიმე ერთი ჟანრის ვიწრო ფორმატში გამოკეტვის საშუალებას არ გვაძლევდა. ამ ტრეკით კი არტისტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ბლეიქი გაცილებით მეტ დროს დაუთმობს ასეთ პროექტებს და მთელი მისი ენერგია "შავი პანტერის" მსგავსი ფილმების მუსიკალურ გაფორმებაში არ დაიხარჯება. 

15. Robyn - Honey

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რობინი 2018 წლისა და საკუთარი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერით დაბრუნდა. დისკოს რომანტიზმით გაჯერებულ ახალ ალბომში შვედმა მუსიკოსმა რამდენიმე ისეთი კომპოზიცია შემოგვთავაზა, რომელიც ნებისმიერ საცეკვაო მოედანს დაამშვენებდა. Honey სწორედ ასეთი ნამუშევარია.

რობინის მუსიკას გულწრფელობა და ღრმა ემოციური ფონი არასდროს აკლდა, თუმცა, იმას, რომ დენსფლორისთვის შესაფერის ფორმატში ამ ყველაფრის შენარჩუნებას არტისტი ასე წარმატებით მოახერხებდა, ბევრი ვერ იფიქრებდა. იმ პირობებში, როდესაც საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ძირითადი ნაწილი სტერილური, უემოციო და ზედაპირულია, Honey-ის სახით რობინი ნამდვილ მარგალიტს გვთავაზობს.

14. Bicep - Opal (Four Tet Remix)

წინასწარ გეტყვით, რომ ეს ერთადერთი რემიქსია, რომელსაც ჩვენს სიაში შეხვდებით. შარშან რედაქციის რჩეული ელექტრონული ალბომების ჩამონათვალი რომ შეგვედგინა, ბრიტანული ჩარტების საუკეთესო ოცეულში შესული Bicep-ის სადებიუტო ჩანაწერი მასში აუცილებლად მოხვდებოდა. ჩრდილოირლანდიული დუეტი დაახლოებით 10 წელია მოღვაწეობს, თუმცა, კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპი მუსიკოსებს სწორედ ახლა უდგათ. მათი პირველი ალბომის ერთ-ერთი მშვენება კომპოზიცია Opal იყო, რომელიც თითქოს Four Tet-ს ელოდებოდა, რათა ახალი სიცოცხლე შეეძინა.

Four Tet-ს რემიქსების შექმნისას ერთი უცნაური ჩვევა აქვს. ის ყოველთვის ცდილობს, მუსიკისგან მიღებული სიამოვნება მაქსიმალურად გაახანგრძლივოს. ამ ტრეკშიც ასეთ მიდგომას ვხვდებით. არტისტს დელიკატურად გადმოაქვს თავდაპირველი ვერსიის საუკეთესო მომენტები და მათ ახლებურ, ნაკლებად აგრესიულ ელფერს სძენს. Four Tet შეეცადა, კომპოზიცია პერკუსიული ელემენტების წნეხისგან გაეთავისუფლებინა და მსუბუქი, შთამბეჭდავი მუსიკალური ნაწარმოები შეექმნა. სწორედ ასე მივიღეთ 2018 წლის საუკეთესო რემიქსი.

13. DJ Healer - Planet Lonely

"რაღაც დამპალა დანიის სამეფოში" -  2018 წელს Prince Of Denmark-მა, რომელსაც ასევე Traumprinz-ისა და DJ Metatron-ის სახელებით ვიცნობთ, განაცხადა, რომ "დანიის პრინცი" აღარ იარსებებს. სიტყვაძუნწ არტისტს პროექტის დასრულების მიზეზებზე ბევრი არ უსაუბრია. არც ის უთქვამს, რატომ დაემშვიდობა მშობლიურ Giegling-ს, რომელთანაც 10-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის გადაწყვეტილებას წინ ლეიბლის ერთ-ერთი კურატორის, Konstantin-ის კონტროვერსიული განცხადებები უძღოდა, შეიძლება, რაღაცები უფრო ნათელი გახდეს. ასეა თუ ისე, Prince Of Denmark აღარ იარსებებს. დანაკლისი კი მისი ახალი პროექტით შეგვიძლია შევივსოთ.

Planet Lonely ზედა აბზაცში აღწერილ ამბებს დეტალურად, მუსიკის ენით მოგიყვებათ. მუდმივად ფარდის უკან დამალული არტისტი მსმენელს ყოველთვის ჩურჩულით ესაუბრებოდა და გამონაკლისი არც ეს კომპოზიციაა. ნუ შეშინდებით, ეს ტრეკი ყურადღების დაძაბვას არ მოგთხოვთ. Planet Lonely თავის საქმეს ძალდატანების გარეშეც მარტივად გააკეთებს.

12. Mechatok - All My Time

არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსმა, როგორც გლობალურმა ფენომენმა, თავი ამოწურა და მარგინალების ნავსაყუდელად იქცა. ერთ დროს ელექტრონული მუსიკის ყველა დიდი ფესტივალის წამყვანმა ჟანრმა ნელ-ნელა ჩრდილში გადაინაცვლა, არტისტების ნაწილმა კი გადარჩენის მიზნით EDM-ს შეაფარა თავი. თუმცა, ბოლო წლებში გამოიკვეთა პროდიუსერების კატეგორია, რომელიც სწორედ პროგრესივ ტრანსის ჰანგებზე გაიზარდა და ახლა ბავშვობისდროინდელი მუსიკალური მოგონებების საკუთარი მსმენელისთვის გაზიარებას ცდილობს. ოღონდ ეს ნოსტალგია ხშირად სხვა ფორმითა და სხვა მუსიკალურ მიმართულებებში იჩენს თავს.

მეჩატოკი სწორედ ასეთი არტისტია. ის ლორენცო სენის სტრატეგიას მიჰყვება და საცეკვაო მუსიკის "ღირებულებებს" დრამ მანქანის გარეშე, მხოლოდ სინთეზატორების გამოყენებით გვაცნობს. თუ თქვენთვის რთულია პოლ ვან დაიკის, არმინ ვან ბიურენისა და სხვა არტისტების მიერ გაპოპულარულებული ჟანრის წარმოდგენა მაღალი ტემპის მქონე სტანდარტული რიტმული სექციის გარეშე, შეგიძლიათ, All My Time-ს მოუსმინოთ. კომპოზიციას, რომელშიც მისი ავტორი ძველ იდეებს ახალი ფორმით გვთავაზობს.

11. Tim Hecker - Keyed Out

როდესაც საქმე ტიმ ჰეკერის ნამუშევრებს ეხება, ყურისა თუ გულის საამებელი ემბიენთ ატმოსფერო უნდა დაივიწყოთ. ეს მუსიკოსი ხომ მუდმივად გამოცდას უწყობს ჟანრსაც და მის მსმენელსაც. Keyed Out-იც არ არის კომპოზიცია, რომელსაც სავარძელში კომფორტულად მოკალათებული მოსადუნებლად მოუსმენთ. პირიქით, მის ფონზე შეგიძლიათ, ყველაზე ამბიციურ იდეებზე იფიქროთ.

თავად ამ კომპოზიციის შექმნის იდეაც ძალზე ამბიციური იყო. იაპონიის საიმპერატორო კარის უძველესი მუსიკის - გაგაკუს ტრადიციული სინთეზატორების საშუალებით "მორჯულება" მხოლოდ ძალიან გამბედავ არტისტს შეიძლება მოსვლოდა თავში. Keyed Out ისეთი ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებით შეიქმნა, რომელთა არსებობის შესახებ შეიძლება, ვერც ვერასდროს გაგვეგო, რომ არა ჰეკერის ალბომი Konoyo. ეს კომპოზიცია კი, რომელიც მუსიკოსმა ანსამბლ Tokyo Gakuso-სთან ერთად ჩაწერა, იდეალურად გამოხატავს ამ სტუდიური ნამუშევრის ხასიათსა და სიდიადეს.

10. Peggy Gou - It Makes You Forget (Itgehane)

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზეა ეს კომპოზიცია. სიმართლე გითხრათ, არც იმას ექნებოდა მნიშვნელობა, მოხვდებოდა თუ არა ის ჩვენს სიაში. ფაქტი ერთია - 2018 პეგი გუს წელი იყო. სამოდელო სკოლის სტუდენტობიდან "კოაჩელამდე" გზა არც ისე რთულია, როდესაც ისეთი ჰიტი გაქვს, როგორიცაა It Makes You Forget. Ninja Tune-ზე გამოცემული ტრეკი წელს იმდენად ხშირად გვესმოდა, რომ შესაძლოა, ბევრს შესძულდა კიდეც, მაგრამ პეგი ამაზე ნამდვილად არ ღელავს. 

კლასიკური ჰაუს მუსიკის ნოსტალგიითა და ეისიდ ჰაუსის ტექსტურებით გაჟღენთილი კომპოზიცია, ერთი შეხედვით, შაბლონური საცეკვაო ჰიტია, თუმცა, ეს მახასიათებელი მის ნაკლად არ უნდა ჩავთვალოთ. 2019 წელს სამხრეთკორეელ არტისტს მოუწევს დამტკიცება, რომ ის ერთჰიტიანი პროდიუსერი არ არის, მაგრამ, სანამ ამის დრო მოვა, ვისიამოვნოთ იმით, რაც უკვე გვაქვს.

9. Aphex Twin - T69 Collapse

ძალიან ცოტა ხელოვანი ერთობა საკუთარ თავზე მითების გამოგონებით ისე, როგორც რიჩარდ დევიდ ჯეიმსი. თუმცა, ყველა მითსა თუ ლეგენდას თავისი დასასრული აქვს. როდესაც ისეთ პრეტენზიულ სარეკლამო კამპანიას აკეთებ, როგორიც ბრიტანელი არტისტის წლევანდელ ნამუშევარს უძღოდა წინ, ზრდი იმის შანს, რომ მოლოდინს ვერ გაამართლებ და შენზე ზღაპრების მოყოლას შეწყვეტენ. ამჯერად ასე არ მოხდა - ელექტრონული მუსიკის ყველაზე ენიგმატურმა პერსონამ მოლოდინი ნამდვილად არ გაგვიცრუა.

Collapse ამავე სახელწოდების მინი ალბომის წამყვანი და ყველაზე სრულყოფილი კომპოზიციაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ Aphex Twin-ს თავისი მაგია არ დაუკარგავს. მართალია, ეს ნამუშევარი არტისტის კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება, მაგრამ იმის დასამტკიცებლად ნამდვილად გამოდგება, რომ ყოველთვის როცა Aphex Twin რაიმეს ამბობს, ელექტრონული მუსიკის სამყარო სულგანაბული უსმენს. 

8. Iglooghost - Clear Tamei

Clear Tamei, Nï stei pah lekka shi sonna kamei - რედითზე რამდენიმე გვერდს შეხვდებით, სადაც ფანები ცდილობენ, გაარკვიონ, რა ენაზე და რის შესახებ მღერის ავტორი ამ კომპოზიციაში. თუ ეს კითხვები თქვენც გაწუხებთ, გეტყვით, რომ ბრიტანელი არტისტი სიმუს მალიაჰი დიდი ხანია, მსმენელებს თავის გამოგონილ სამყაროში აცხოვრებს, სადაც თითოეული პერსონაჟი, საკომუნიკაციო ენა და ანბანიც კი მისი ფანტაზიის ნაყოფია.

ორნაწილიანი ალბომი Clear Tamei / Steel Mogu თეთრისა და შავის, ანუ ტამეისა და მოგუს ბრძოლას აღწერს. ეს ტრეკი კი სიკეთის მხარეს მებრძოლ ტამეის ეძღვნება, რომელიც ცდილობს, შავად შემოსილი სათამაშო ჯარისკაცების არმიას დაუპირისპირდეს. ჩვენი რედაქცია ამ კონფლიქტში მხარს ტამეის უჭერს, ამიტომაც გირჩევთ, ჩვენი ფალავანი უკეთ გაიცნოთ. 

7. Amnesia Scanner - AS Too Wrong

ბოლო წლებში ხშირად შეხვდებით სიტყვათა ასეთ შეთანხმებას - საკლუბო მუსიკის დეკონსტრუქცია. ამ ფრაზით იმ არტისტების შემოქმედებას ახასიათებენ, რომლებიც საკლუბო მუსიკის ტრადიციულ ფაქტურას თითქოსდა ბენზოხერხით ანაწევრებენ და შემდეგ ნაფოტებს სრულიად ახალ ფორმას აძლევენ. გერმანიაში მოღვაწე ფინურმა დუეტმა Amnesia Scanner ეს მეთოდი ახალ საფეხურზე აიყვანა - ვილე ჰაიმალა და მარტი კალიალა პირველწყაროს სახეცვლილებაზე დროს არ კარგავენ, ისინი პირდაპირ დასახიჩრებულ მუსიკას ქმნიან. 

AS Too Wrong საკუთარ თავში დაეჭვებული კიბორგის ბალადაა, რომელიც ცდილობს, სხვას სწორი მიმართულება მიუთითოს, მაგრამ ამავდროულად არ ასვენებს კითხვა თავისი ქმედების მართებულობის შესახებ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მნიშვნელოვანი გამოხატვის ფორმაა და არა შინაარსი. Amnesia Scanner, პირველ რიგში, ესთეტიკაზე ორიენტირებული პროექტია და არა კონცეპტუალიზებული იდეების კრებული. ამიტომაც, ამ კომპოზიციის მოსმენისას არ დაივიწყოთ - მთავარია, როგორ გვესმის და არა ის, რა გვესმის. მით უმეტეს, რომ რობოტების ენა ყველამ ისედაც არ ვიცით.

6. Leon Vynehall - Envelopes (Chapter VI) 

წლის საუკეთესო ელექტრონული ალბომების შეჯამებისას უკვე ვისაუბრეთ ისტორიაზე, რომელიც ლეონ ვაინჰოლის კონცეპტუალური ჩანაწერის შექმნას უძღოდა წინ. 1960-იან წლებში ლეონის ბებიამ და ბაბუამ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს და ამერიკისკენ მიმავალ გემში ჩასხდნენ. შვიდდღიანი მოგზაურობის ამბავი არტისტმა პირველად ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ბებიისგან მოისმინა. დაინტერესდა, ჩაეძია, დეტალები გაარკვია, მგზავრობისას გადაღებული პოლაროიდის ძველი ფოტოსურათებიც დაათვალიერა და მიხვდა, რომ რაიმე ფორმით ამ ყველაფრის დოკუმენტირება იყო საჭირო. 

Envelopes ხიფათით სავსე თავგადასავლის ერთ-ერთ საკვანძო მომენტს ეხმაურება და დრამატურგიულად ალბომის 6-წუთიან, შეკუმშულ ვერსიასაც მოგაგონებთ. გემი საუთჰემპტონის პორტს ტოვებს, ოკეანეში მიცურავს, თავისუფლების კუნძულს მიადგა - ლეონი წინაპრების კვალს მისდევს და ცდილობს, მსმენელიც მეგზურად გაიყოლოს. ამისთვის კი ბარგის შეკვრა ნამდვილად არ მოგიწევთ, ამ არაჩვეულებრივი ჩანაწერის მოსმენაც სრულიად საკმარისი იქნება. 

5. Disclosure - Ultimatum ft. Fatoumata Diawara

ყველას კარგად გვახსოვს დრო, როდესაც ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ძმებმა ლოურენსებმა სადებიუტო ალბომით მთელი მუსიკის სამყარო აალაპარაკეს. შემდეგ იყო გრემის ნომინაცია, პოპ არტისტებთან კოლაბორაციები, რამდენიმე ჰიტი და მოულოდნელი პაუზა. თითქოს მათი არსებობაც კი დაგვავიწყდა, მაგრამ მაისში ბრიტანულმა დუეტმა რამდენიმე ახალი კომპოზიცია გაავრცელა და ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.

ორწლიანი დუმილის შემდეგ გამოშვებული ნამუშევრებიდან Ultimatum ყველაზე საინტერესოა. მალელ არტისტთან, ფატუმატა დიავარასთან ერთად ჩაწერილი სიმღერა ერთნაირი წარმატებით ეხმიანება ჰაუს მუსიკის საუკეთესო ტრადიციებს და აფრიკულ სენსიტიურობას, რაც ძალზე წარმატებულ მულტიკულტურულ სინთეზში გამოიხატა. იმედია, ეს Disclosure-სთვის ერთჯერადი პროექტი არ იყო და მუსიკოსები მორიგ გრძელვადიან შემოქმედებით პაუზას არ აიღებენ.

4. Skee Mask - Rev8617

Skee Mask-ის 2018 წლის ალბომში ფავორიტი ტრეკის დასახელება რომ გთხოვოთ, სავარაუდოდ, ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხებს მივიღებთ. ეს გასაკვირი სულაც არ არის. არტისტს ნამდვილად არ უცდია, ეს ჩანაწერი რომელიმე ერთი წარმატებული კომპოზიციის გარშემო აეგო. პირიქით, Compro-ში ერთდროულად რამდენიმე ტრეკია, რომელიც წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დასახელებას იმსახურებს.

Rev8617-ს თავისი ღირსება აქვს - მსუბუქი და ლამაზი შესავლის მქონე კომპოზიციაში ბრეიქბიტ რიტმს არა წამყვანი, არამედ მეორეხარისხოვანი ფუნქცია ეკისრება, რადგან, პირველ რიგში, რისი მოსმენაც გვინდა, სწორედ ის მელოდიაა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო. ჩანაწერის მსვლელობისას არტისტი რამდენჯერმე "გვაშინებს", რომ მელოდიას მოგვპარავს და ხელცარიელს დაგვტოვებს, მაგრამ ეს ყველაფერი ბლეფია. არაფერი, რაც ამ ტრეკში კარგი და ძვირფასია, არსად არ იკარგება.

3. SOPHIE - Faceshopping 

My face is the front of shop, I'm real when I shop my face - ვისაც გახსოვთ, როგორ ახასიათებდა სოფი წლების წინ თავის შემოქმედებას, ადვილად მიხვდებით, რა იგულისხმება ამ ფრაზაში. არტისტის მიერ 2014 წელს "მაკდონალდსის" გამაგრილებელი სასმელისთვის დაწერილი Lemonade-ის შესახებ "გარდიანი" წერდა, რომ საქმე ან გამაღიზიანებელ კონსუმერიზმთან გვქონდა, ან პოპ მუსიკის მომავალთან. პირველი სოფისთვის მიუღებელი არ აღმოჩნდა, მან ხომ თავადვე უწოდა საკუთარ ნამუშევრებს სარეკლამო მუსიკა. რაც შეეხება მეორეს - ამაში დასარწმუნებლად მეტი დროის გასვლა იყო საჭირო. 

ექსტრავაგანტურ არტისტს არასდროს ჰქონია პრობლემა სუპერმარკეტის თაროებზე გამოფენილ საქონელთან. "მაკის" ლიმონათის შემდეგ, სოფიმ კომპოზიცია ერთ-ერთ ენერგეტიკულ სასმელსაც მიუძღვნა. ამჯერად კი ის თავად გახდა პროდუქტი, რომელიც 2018 წლის საუკეთესო ჩანაწერების დახლზე დაგვხვდა და ამით "გარდიანის" ავტორის ორჭოფობა საბოლოოდ დაასრულა. 

2. Yves Tumor - Lifetime

ეს, ალბათ, ყველაზე "არაელექტრონული" კომპოზიციაა ამ სიაში. ამის გამო ნუ გვისაყვედურებთ, რადგან შეიძლება, ეს ჩვენი ბოლო შესაძლებლობა იყოს, დავტკბეთ ივ ტუმორის, როგორც ჯერ კიდევ ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტის შემოქმედებით. 

კომპოზიციის დასაწყისში პერკუსიული ელემენტების სიხისტე და ფრაზები She said, she said we don't have to let it, ooh… Don't walk away, I wanted to see you again გვაფიქრებინებს, რომ ავტორმა რომანტიკული სასიყვარულო ბალადის მოსასმენად შეგვკრიბა. ეს განცდა ძლიერდება მაშინ, როდესაც კლაუსტროფობიური შეგრძნებებისა და ტოქსიკური სასიყვარულო ისტორიის შუაგულში ამოვყოფთ თავს და დგება მომენტი, როდესაც ბანალურობამ უნდა იზეიმოს. თუმცა, უეცრად არტისტს ახსენდება, რომ ბისქეინში თავისი ძმები დატოვა, მათთან ერთად კი ბევრი საინტერესო მოგონება. აქ ის სიმღერის ატმოსფეროს რადიკალურად ცვლის და Lifetime-ს ემოციურ თავსატეხად აქცევს, რომლის ამოხსნის პროცესშიც ვაცნობიერებთ, რომ ქაოტური და ხისტი ინსტრუმენტალი უზადო არანჟირების მქონე მრავალფეროვან მუსიკალურ ნაწარმოებად იქცა. არ მოტყუვდეთ და მისი მოსმენისას ყურადღება არ გაგეფანტოთ, რადგან ივ ტუმორი სწორედ ამას ცდილობს - ის თავის ტრავმებთან ახლოს ასე ადვილად არავის მიუშვებს.

1. DJ Koze - Pick Up

არსებობს კომპოზიციები, რომლებსაც მოუსმენ და მაშინვე ხვდები, რომ წარმატებისთვის არიან განწირულნი და არსებობენ არტისტები, რომლებიც ასეთი ნამუშევრების შექმნას სხვებზე ხშირად ახერხებენ. საცეკვაო ელექტრონულ მუსიკაში ასეთი, პირველ რიგში, სტეფან კოზალაა, იგივე DJ Koze, რომელსაც 2018 წლის ზაფხულის მთავარი ჰიტი Pick Up ეკუთვნის.

ერთი შეხედვით, ამ კომპოზიციაში ახალი არაფერია. საქმე ორი სინგლის - მელბა მურის Pick Me Up I'll Dance-ისა და Gladys Knight & the Pips-ის Neither One of Us-ის კომპილაციასთან გვაქვს, რასაც "ნებისმიერი" პროდიუსერი გააკეთებდა. თუმცა, სწორედ აქ იმალება კოზეს მაგია - ყოველთვის გვეჩვენება, რომ ის, რასაც მუსიკოსი აკეთებს, ძალზე მარტივია, მაგრამ ამის გაკეთებას მას ვერასდროს დაასწრებ. ისღა დაგვრჩენია, მოვუსმინოთ და იმდენი ხნით ავიკვიატოთ, სანამ სანაცვლოდ მორიგ ჰიტს შემოგვთავაზებს.

► 2018 წლის 20 საუკეთესო ელექტრონული ალბომი 

კომენტარები

ბოლოს დამატებული