Thumbnail

რეცენზია: Kamasi Washington - Heaven and Earth

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ჯაზის ვეტერანი მსმენელებისგან ხშირად მოისმენთ განცხადებას, რომლის თანახმადაც ჟანრს არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანა უდგას. პოპულარული მუსიკის ჩარტებზე თვალის გადავლების შემდეგ გვიჭირს, ამ მოსაზრებას შევეწინააღმდეგოთ - მიმდინარეობის წარმომადგენლები დღესდღეობით ან ჯონ კოლტრეინისა და დიუკ ელინგტონის მსგავსი ლეგენდების სტილის კოპირებას ცდილობენ ან სხვა, უფრო მოდური მიმართულებების ელემენტების ინტეგრირებით სურთ ფონს გასვლა. თუმცა, ამერიკელი საქსოფონისტის, კამასი ვაშინგტონის ამბიციები ამაზე გაცილებით შორის მიდის. წლევანდელი ალბომით Heaven and Earth მუსიკოსმა დაგვანახა, რომ მისი მიზანი ჯაზის სავსებით ახალი, ორიგინალური ფორმის შექმნაა.

"ალბომის მეორე ნაწილი (Earth) იმ რეალობას ასახავს, რომელშიც ვცხოვრობ, პირველი (Heaven) კი ჩემი შინაგანი სამყაროს, ჩემი პიროვნების გამოძახილია", - განაცხადა მუსიკოსმა. ჩანაწერში ეს იდეური ხაზი თვალნათლივ იგრძნობა - ვაშინგტონი გამუდმებით ეხება რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის მიწიერ პრობლემებს, მათთან ერთად კი ალბომში აფროფუტურისტულ, სპირიტუალიზმით შთაგონებულ კოსმიურ იდეალებს აქსოვს.

არტისტის ხედვის ფართო თვალსაწიერს სრული სიმძაფრით Fists of Fury ასახავს. ეს კომპოზიცია ამავე სახელწოდების ფილმის მუსიკალური თემის ინტერპრეტაციაა. 1972 წელს გამოსულ სურათში ლეგენდარული ბრიუს ლის მიერ განსახიერებულ ჩინელ პერსონაჟს იაპონელთა ქსენოფობიის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. ვაშინგტონი ამ პარალელით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეთნიკური თუ რასობრივი ნიშნით ჩაგვრა არა ლოკალური პრობლემა, არამედ გლობალური სენია.

ვაშინგტონის მთავარი მიღწევა, პირველ რიგში, ის არის, რომ საკუთარ შემოქმედებაში თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების ასახვას ჯაზის კლასიკური ფორმებისგან დაცილების გარეშე ახერხებს. ურთულეს ვარიაციებთან ერთად ჩანაწერში მარტივ, მელოდიურ რიტმებსაც ვაწყდებით, აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე შესრულებულ პენტატონიკურ გამებთან ერთად კი სინთეზატორის სოლოებიც გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონს საკუთარი ბენდის გარდა, აკომპანემენტს არაერთი ბრწყინვალე მოწვეული მუსიკოსი უწევს. ალბომის მოსმენისას ხან ტერას მარტინის ხავერდოვანი სოლოები გვანებივრებს, ხანაც ვირტუზი ბასისტის, Thundercat-ის მიერ შესრულებული რიფები .

ალბომის საუკეთესო კომპოზიციის წოდებას Street Fighter Mas იმსახურებს. ეს ჯადოსნური ტრეკი და მისი თანმხლები, ძალზე ეფექტური ვიდეორგოლი სრულად ასახავს იმ ხედვასა და ამბიციებს, რომლებიც ამ ჩანაწერშია ჩადებული. ვაშინგტონმა Heaven and Earth ორნაწილიან რელიზად დააანონსა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად მესამე, დაახლოებით ორმოცწუთიანი The Choice-იც მოაყოლა. მართლაც საინტერესოა, თუ რა სახის არჩევანს შემოგვთავაზებს მომავალში თანამედროვე ჯაზის უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული