Thumbnail

მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობისას დრეიქს ყურადღება გაეფანტა. ამის მიზეზი მისი მაშინდელი მეგობრის, ქანიე ვესთის ინსტრუმენტალის ფონზე ფუშა თის მიერ წაკითხული ვერსი გახდა, რომელშიც ეს უკანასკნელი დრეიქს გოუსთრაითერების დაქირავების გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებდა. როგორც დრიზი ამბობს, მაშინ Scorpion მხოლოდ სანახევროდ იყო დასრულებული, მაგრამ ფუშას Infrared-ს ის უპასუხოდ ვერ დატოვებდა.

ფუშას მომდევნო დის-ტრეკიდან Story of Adidon გავიგეთ, რომ დრეიქი ყოფილ პორნოვარსკვლავთან, სოფი ბრუსოსთან შეძენილ შვილს მალავდა. Scorpion-ში ტორონტოელი რეპერი ამბობს, რომ ის ბიჭის ბინძური ჭორებისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა, მოპასუხის როლში მყოფი ობრი გრეემის სიმღერები არადამაჯერებელ თავის მართლებას დაემსგავსა. ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი დაპირისპირება კანადელმა სუპერვარსკვლავმა წააგო და მან ეს კარგად იცის. ამის მიუხედავად, დრეიქი მუსიკალური ჩარტების წამყვანი პოზიციებიდან არ გამქრალა და არც Scorpion ყოფილა კრახი. მეტიც, განცდილი მარცხი მას საერთოდ არ დაეტყო. ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში ეს ძალიან რთულად მისაღწევია და არტისტის სიდიადეზე მიანიშნებს. დრიზი უფრო დიდია, ვიდრე რეპი.

ალბომის სახელი - Scorpion რეპერის ზოდიაქოს ნიშანზე მიუთითებს. ასტროლოგიური ლეგენდის თანახმად, მორიელის თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევიან და დასახული მიზნების მიღწევაც არ უჭირთ. დრეიქი ცდილობს, თავის ძლიერ ნებისყოფასა და მტკიცე ხასიათს გაუსვას ხაზი, მტრულად განწყობილ ადამიანებს კი აფრთხილებს, რომ არასდროს არაფერს აპატიებს.

სტუდიური ნამუშევარი 25 ჩანაწერისგან შედგება და კონცეპტუალურად ორ ნაწილად იყოფა. პირველი უფრო ტრადიციულ ჰიპ ჰოპ ტრეკებს შეიცავს, მეორის კომპოზიციები კი არენბი ჟღერადობით ხასიათდება. მუსიკალურად Scorpion დრეიქის წინა ალბომებისგან საკმაოდ განსხვავდება. აქ ვეღარ შეხვდებით ბრიტანული გრაიმის გავლენას, სამაგიეროდ, კომპოზიციაში Don’t Matter To Me მაიკლ ჯექსონის დასემპლილ მისამღერს გადააწყდებით. ნამუშევარი ტექნიკურად უფრო გამართულია და მელოდიურად გაცილებით მდიდარი, ვიდრე არტისტის სხვა პროექტები. საკლუბო ბენგერებითა და მისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური კომპოზიციებით გაჯერებული Scorpion დრეიქის ყველაზე ძლიერი რელიზია.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული