Thumbnail

როზალია ვილა 2018 წლის აღმოჩენაა. ესპანელი მუსიკოსის რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა გულგრილი, ფაქტობრივად, არავინ დატოვა. მართლაც, ძნელია, მე-13 საუკუნის უცნობი ავტორის მიერ ოქსიტანურ ენაზე დაწერილი კურტუაზული რომანით, "ფლამენკათი" შთაგონებულ ამ ულამაზეს ჩანაწერს მოუსმინო და აღფრთოვანებული არ დარჩე.

თუ სადებიუტო ნამუშევარში Los ángeles როზალიამ თავი ფლამენკოს სტილის კლასიკურ ბალადებს მოუყარა, წელს შემსრულებელმა ტრადიციული ესპანური მუსიკის ბაზაზე სრულიად ახალი, ექსპერიმენტული პროექტი შემოგვთავაზა, რომელიც იმდენად უნივერსალური აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში მილიონობით მელომანის გულის მოგება შეძლო. 

ხარებთან ბრძოლის ყიჟინა ნამუშევარში მოტოციკლის ძრავის ხმაურმა ჩაანაცვლა. ეს ურბანული აკუსტიკური მეტაფორა 25 წლის მუსიკოსისთვის ტრადიციების თანამედროვე ყოფასთან შერწყმის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როზალიასთვის ფლამენკო კვლავაც ინტერესის მთავარ საგნად რჩება, რომელიც მას გზას შემოქმედებითი თავისუფლებისკენ  უკაფავს, თუმცა, არტისტი ტრადიციულ ფოლკ ჟღერადობას ალტერნატიული არენბი ელემენტებით ახალისებს და ამით ესპანური ეთნო მუსიკის განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს აჩენს.

როზალიას სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრწყინვალედ შეძლო ალბომის კონცეფციის მსმენელამდე მიტანა. ეს, პირველ რიგში, კომპოზიციებში პოპ მუსიკის ელემენტების ჭარბი დოზებით გამოყენების შედეგია. ამის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითებია Malamente და Pienso en tu mirá, რომელთა პოპფაქტურაც საოცარი ოსტატობითა და გემოვნებითაა დამუშავებული.

ჩანაწერის ყველაზე მონუმენტურ ნამუშევრებში Que no salga la luna, Reniego და De aquí no sales როზალია ჩვენს მოხიბვლას ექსპრესიული ვოკალით ცდილობს. Nana-ში კი მისი შესრულების მანერის მრავალფეროვნება იმდენად დიდ ეფექტს ახდენს, რომ თითოეული დეტალის სრულფასოვანი გააზრებისთვის შეიძლება, კომპოზიციის განმეორებით მოსმენა გახდეს საჭირო.

El mal querer ვნებითა და ტკივილით გაჟღენთილი ნამუშევარია, რომლის ცეცხლოვანი ტემპერამენტი მსმენელზე მომნუსხველად მოქმედებს. როზალიას ალბომი მარკესის "მარტოობის ას წელიწადს" წააგავს. მის მსგავსად, ისიც ილუზიებით, მითებითა და ალეგორიებითაა სავსე. ალბათ, ამიტომაცაა ეს სტუდიური ჩანაწერი ასეთი ღირებული და მომაჯადოებელი.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული