Thumbnail

თუ საჩუქრების შერჩევით, ნაძვის ხის მორთვითა და სხვა ათასგვარი საქმით დაკავებულს ფლეილისტის შედგენა გადაგავიწყდათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. ჩვენს სიაში შობასა თუ ახალ წელზე დაწერილ ათ სიმღერას წარმოგიდგენთ, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Mariah Carey - All I Want For Christmas Is You

შობის მოახლოებაზე ყველაზე ნათლად ორი რამ მიგვანიშნებს - პირველი თოვლი და ამ სიმღერის ჩარტებში გამოჩენა. 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე All I Want for Christmas Is You ამ დღესასწაულის უცვლელ ჰიმნად იქცა, მერაია ქერი და მისი მენეჯერები კი 60 მილიონი დოლარით გაამდიდრა. სხვადასხვა დროს ეს კომპოზიცია ასობით არტისტმა იმღერა, თუმცა, პოპ დივას მიერ შესრულებულ ვერსიას ვერცერთი შეედრება.

9. ABBA - Happy New Year

თუ მერაია ქერის კომპოზიცია შობის უცვლელ საუნდტრეკად იქცა, ახალი წლის არაოფიციალური ჰიმნის სტატუსი სწორედ ამ სიმღერას ეკუთვნის. ლეგენდარული პოპ ჯგუფ ABBA-ს ეს ჩანაწერი თავდაპირველად გაცილებით ამბიციური პროექტის ნაწილი იყო - ბენდს საახალწლო მიუზიკლის შექმნა და მასზე ფილმის გადაღება სურდა. ეს იდეა ვერ განხორციელდა, თუმცა, Happy New Year ამ დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად და კოლექტივის შემოქმედებაში ერთ-ერთ გამორჩეულ ჰიტად იქცა.

8. Michael Buble feat. Thalia - Feliz Navidad

პუერტო-რიკოელი ვირტუოზი გიტარისტისა და მომღერლის, ხოსე ფელისიანოს მიერ 1970 წელს დაწერილი Feliz Navidad საშობაო კლასიკად იქცა და დღემდე სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენელმა ათობით არტისტმა გადაამღერა. სიმართლე გითხრათ, ამდენ ვერსიას შორის ერთის გამოყოფა ნამდვილად არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, საახალწლო მხიარულებასა და საზეიმო განწყობას გამორჩეულად კანადელი პოპ შემსრულებლის, მაიკლ ბუბლეისა და მისი მექსიკელი კოლეგის, თალიას  ჩანაწერი უხდება.

7. Wham! - Last Christmas

თანამედროვე პოპვარსკვლავთა დიდი ნაწილის მიღმა პროდიუსერებისა და კომპოზიტორების მთელი არმია დგას. ჯორჯ მაიკლმა კი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ჰიტი Last Christmas მშობლებთან სტუმრობისას, ბავშვობისდროინდელ საძინებელ ოთახში დაწერა, ყველა ინსტრუმენტის პარტია თავად შეასრულა და ნამუშევრის პროდიუსერადაც მოგვევლინა. ქველმოქმედებით ცნობილმა არტისტმა ტრადიციას არც 1984 წელს უღალატა და ტრეკის გაყიდვით მიღებული თანხა ეთიოპიის მოსახლეობის დასახმარებლად გადარიცხა. 

6. The Ramones - Merry Christmas (I Don’t Wanna Fight Tonight)

თუ პოპ მუსიკის დიდი მოყვარული არ ბრძანდებით და საშობაო ფლეილისტში გიტარის ჟღერადობის დეფიციტს განიცდით, ნუ იდარდებთ. ეს დღესასწაული ყველას აერთიანებს, მათ შორის პანკებსაც, რომლებიც წინასაახალწლო დღეებში მზად არიან ანარქისტული იდეალები დროებით გვერდზე გადადონ. ჟანრის პიონერი ბენდის, The Ramones-ის ეს კომპოზიცია ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც მუსიკოსები საკუთარ მსმენელს სისტემასთან ბრძოლის ნაცვლად, სანტა კლაუსის ლოდინისა და ერთმანეთზე ზრუნვისაკენ მოუწოდებენ.

5. Coldplay - Christmas Lights

იშვიათად თუ მოიძებნება სხვა ბენდი, რომელსაც Coldplay-სავით ეფექტურად გამოსდის პოზიტიური განწყობის შექმნა. ალბათ, ამიტომაც გვევლინება ასე ხშირად ბრიტანული ჯგუფის ჰიტები სხვადასხვა ღონისძიების საუნდტრეკად. 2010 წლის პირველ დეკემბერს გამოცემული კომპოზიციით Christmas Lights და მისი თანმხლები, ულამაზესი ვიდეორგოლით კი კოლექტივმა მსმენელებს საუკეთესო საშობაო საჩუქარი მოუმზადა .

4. Run-DMC - Christmas in Hollis

კომპოზიციებიდან Jingle Bells და Joy to the World აღებული სემპლებით საშობაო ჰიპ ჰოპ ტრეკის ჩაწერა სარისკო ნაბიჯად გამოიყურება, თუმცა, ნიუ იორკული კოლექტივის, Run DMC-ის წევრებისათვის ეს გამოწვევა განსაკუთრებულად რთული ვერ გამოდგა. ლეგენდარულმა ჯგუფმა ტრეკით Christmas in Hollis კიდევ ერთი ჰიტი შემატა საკუთარ დისკოგრაფიას, მსმენელებს კი ჰიპ ჰოპ კულტურა სავსებით სხვა, გაცილებით მშვიდობიანი კუთხით დაანახა.

3. სახე - თოვლი მოსულა

ბოიბენდ "სახეს" ეს ჰიტი 1990-იან წლებს უკავშირდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცთუ  დალხენილი პერიოდი იყო. თუმცა, ადამიანებს ამ ეპოქიდანაც არაერთი ლამაზი მოგონება შემორჩათ. ერთი სიტყვით, თუ საახალწლოდ უფრო მძაფრი ემოციური ფონის შექმნის მიზნით ნოსტალგიური გრძნობების გამოღვიძება დაისახეთ მიზნად, ამ კომპოზიციაზე უკეთესს ძნელად თუ იპოვით რაიმეს.

2. John Lennon - Happy Xmas (War Is Over)

მაშინ, როდესაც ცას ფეიერვერკები ანათებენ და ბედნიერი ოჯახები საშობაო სუფრის გარშემო სხდებიან, მილიონობით ადამიანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ბევრი მათგანის სიცოცხლე კი საფრთხეშია. ჯონ ლენონის ეს სიმღერა სწორედ მათ ეძღვნება, ვინც საყოველთაო ბედნიერების ფერხულში ჩაბმას ვერ ახერხებს. Happy Xmas (War is Over) ნაწილობრივ სადღესასწაულო, ნაწილობრივ ანტისაომარი პათოსის მქონე კომპოზიციაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ და როგორში გვსურს, რომ ვიცხოვროთ.

1. David Bowie feat. Bing Crosby - Peace on Earth / Little Drummer Boy

დევიდ ბოუის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერ თემაზე სიმღერისას თანაბარი წარმატებით ახერხებდა მსმენელთა მონუსხვას. შობაზე დაწერილი ეს შესანიშნავი კომპოზიცია, რომლის შესრულებისას მას პარტნიორობა ლეგენდარულმა ბინგ ქროსბიმ გაუწია, ამ ფაქტის კიდევ ერთი დასტურია. დაგვეთანხმებით, ყოველთვის ვერ წააწყდებით სხვადასხვა თაობათა წარმომადგენლების ასეთ შთამბეჭდავ დუეტს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული