Thumbnail

რეცენზია: SOPHIE - Oil Of Every Pearl's Un-insides

ნინი დანელია პროფილის ფოტო
ნინი დანელია

ელექტრონულ მუსიკაში, სადაც სათქმელის ვერბალური გამოხატვის პრობლემა მუდმივად არსებობს, ავთენტიკურობის ძებნას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც წმინდა გრაალის ძიებებს შუა საუკუნეების ქრისტიანებისთვის. პროდიუსერები ყველა ხერხს მიმართავენ იმისთვის, რათა საკუთარი შემოქმედება თავისსავე პიროვნებას დაუახლოონ და ამით მუსიკა უფრო გულწრფელი გახადონ. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, ავთენტიკურობა სულის ამოძახილი სულაც არ არის. ის კონცეპტია, რომელიც შეგიძლია მოიგონო - იყო ხელოვნური, მაგრამ ამავდროულად ავთენტიკური.

ამ ალბომით სოფიმ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელია, სრულიად აბსტარქტული იდეაც კი ისეთივე ავთენტიკური გახდეს, როგორიც პირადი ისტორიებია. ამ თვალსაზრისით, პლასტმასისგან გაკეთებული მუსიკა ასე შორს, ალბათ, არც არასდროს წასულა.

Madonna, Lady Gaga, Charlie XCX, Vince Staples, MØ - ამ და სხვა საინტერესო მუსიკოსების პროდიუსერი Oil Of Every Pearl's Un-insides-ში ბევრად უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა საკუთარ თავსა და ემოციებზე. თუმცა, მოჭარბებულმა ვოკალურობამ ნამდვილად არ შეიწირა ყველაფერი ის, რითაც მისი მუსიკა გავიცანით - გლიჩური ტექსტურები, ლატექს პოპისთვის დამახასიათებელი ელასტიკურობა და არასტანდარტულობა.

პირიქით, უკიდურესად გაციფრულებულ და სტერილურ ჟღერადობას სოფიმ კიდევ ერთი საინტერესო შრე შესძინა. ეს კი, ძირითადად, მისი სონგრაითერული უნარების დამსახურება. სოფის მუსიკა ამერიკული მთების ატრაქციონს ჰგავს - ცვალებადი ემოციებით სავსე მოგზაურობას, სადაც ყოველ ახალ აღმართზე შფოთის დონე მატულობს, დაშვების შემდეგ კი ყველანაირი ემოციისგან თავისუფლდები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მთელი ეს დრო სკამზე ხარ დაბმული და ფეხს ვერსად გაადგამ.

ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრში მოღვაწე არტისტებს შორის, საკუთარ შემოქმედებაში პოპის მტკივნეული პენეტრაცია, Arca-ს შემდეგ, სწორედ სოფიმ დაიწყო. შედეგად კი, ერთი შეხედვით, საკმაოდ არაკომფორტული ჟღერადობა მივიღეთ, რომელიც ამავდროულად მასობრივ მსმენელზეა გათვლილი. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული