Thumbnail

რეცენზია: Yves Tumor - Safe in the Hands of Love

ნინი დანელია პროფილის ფოტო
ნინი დანელია

თამამად შეგიძლიათ ივ ტუმორს თქვენი საიდუმლო ანდოთ - ის მას არავის მოუყვება. ვისაც არტისტის ადრინდელი ჩანაწერები ახსოვს, კარგად იცის, რომ ამერიკელ მულტიინსტრუმენტალისტს ბევრი ლაპარაკი არასდროს უყვარდა. 2016 წელს PAN-ზე გამოცემული Serpent Music-ის შემდეგ კი შონ ბოუიმ აქტიურად დაიწყო კონცენტრირება პოპ ფაქტურაზე და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი პოპ მუსიკის კეთებაა. შედეგად Safe in the Hands of Love მივიღეთ.

ალბომის პირველ სინგლს სახელწოდებით Noid მსმენელთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. არტისტის მცდელობა ამერიკაში პოლიციისადმი უნდობლობის პარაnoidულ გამოვლინებებზე ემღერა, საკმაოდ ბანალური იყო - ჩვენ მისგან სულ სხვა ისტორიებს ველოდით. შემდეგ კი ძალზე საინტერესო პოპ კომპოზიცია Licking an Orchid გავრცელდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ის ქაოსი, შიში, დისორიენტაცია და ტრავმა, რაც ივ ტუმორის მუსიკაში ყოველთვის იკითხებოდა, ვერბალურ ფორმებში კონვერტირდა.

იმის მიუხედავად, რომ ალბომი სონგრაითინგის მასტერკლასად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მომდევნო სიმღერის ტექსტი ახალ თავსატეხს აჩენს. სტუდიური ჩანაწერის სრულად მოსმენის შემდეგაც კითხვა უფრო მეტი რჩება, ვიდრე პასუხი - სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ანდოთ მას თქვენი საიდუმლო. ზუსტად ისე, როგორც ეს ბისკეინელმა ძმებმა გააკეთეს.

ტოქსიკურ სასიყვარულო ურთიერთობაზე ტირილის მიღმა, არტისტი საკუთარი ტრავმის სხვადასხვა შრეებს გვიჩვენებს, რაც ძალიან კარგად ჩანს კომპოზიციაში Lifetime. ალბომის ლირიკულად ყველაზე გამართულ და საინტერესო სიმღერაში მუსიკოსი თითქოს კლაუსტროფობიურ განცდებსა და წარუმატებლობით გამოწვეულ ფრუსტრაციაზე მღერის, მაგრამ ფონად I miss the days out in Biscayne, I miss my brothers გვესმის.

ვინ ძმები? ან რა მოხდა ბისკეინში? აქ ვიგებთ, რომ Licking an Orchid-ის პათოსი ტანჯვაში სიამოვნების ძიების შესახებ ორაზროვანი ხდება. Recognizing the Enemy-ში კი ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემის პერსონისგან დაცლას ვხვდებით, რის შედეგადაც ვკარგავთ ალბომში მოთხრობილი ისტორიების მთავარ პროტაგონისტს და გვრჩება მხოლოდ ამბები ადამიანების გარეშე. როგორც ჩანს, არტისტი ყველაფრის მოსაყოლად ჯერ მზად არ არის.

სამაგიეროდ ის მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულიად ქაოტური ტექსტურების მქონე ინსტრუმენტული მხარე, რომელიც პერიოდულად ნოიზის, ზოგჯერ კი ფსიქოდელიური როკის ფაქტურით გამოირჩევა, ერთიან სივრცეში მოექცია. როგორც ლირიკულად, ასევე ინსტრუმენტული ასპექტის გათვალისწინებით, Safe in the Hands of Love ივ ტუმორის საუკეთესო ნამუშევარი და მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული ელექტრონული ალბომია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული