Thumbnail

ჯეი ქოულმა ეს ალბომი გამოსვლამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დააანონსა, მაგრამ ამის მიუხედავად მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დაბადებული და ჩრდილოეთ კაროლინაში გაზრდილი რეპერის თქმით, მასთან კოლაბორაციას ძალზე ცოტა არტისტი თუ იმსახურებს. სწორედ ამიტომ, 45-წუთიან ნამუშევარში მსმენელს მხოლოდ ქოული და მისი ალტერეგო kiLL edward ესაუბრებიან.

მუსიკოსის 2016 წლის ჩანაწერი 4 Your Eyez Only ძალზე პირადული ნამუშევარი იყო. მასში ქოული ახალშეძენილ შვილზე, მამობრივ ინსტინქტსა და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე გვიყვებოდა. KOD უფრო ზოგადი თემატიკით გამოირჩევა და სხვადასხვა სახის დამოკიდებულებებზე საუბრობს.

მავნე ჩვევები არასდროს ყოფილა ჯერმეინის შემოქმედების მთავარი თემა, მაგრამ მისთვის ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო. ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია Once an Addict ქოულის დედის ალკოჰოლიზმსა და ამით გამოწვეულ ბავშვობის ტრავმებს ეხება, Photograph კი ინსტაგრამითა და ფეისბუქით შეპყრობილ ადამიანებზე მოგვითხრობს. Kevin’s Heart-ის ინსპირაცია რეპერის დიდი ხნის მეგობარი, ამერიკელი კომიკოსი კევინ ჰარტია. ერთ საღამოს ჯეი კევინის პოსტს კითხულობდა, რომელშიც ეს უკანასკნელი თავის ორსულ ცოლს ღალატში საჯაროდ გამოუტყდა. ასე დაიბადა ტრეკის იდეა, რომელიც სექსით ზღვარგადასული გატაცების საფრთხეებზე მიგვითითებს.  

ნარკოტიკები, ფული, სოციალური მედია და ყურადღების დაუოკებელი წყურვილი ის საკითხებია, რომელთა შესახებ არტისტი საკუთარ აზრსა და გამოცდილებას გვიზიარებს. თუმცა მისი, ერთი შეხედვით, დამრიგებლური ტონის მიუხედავად, ქოული არასდროს ცდილობს, დადგეს მსმენელზე მაღლა, რის გამოც ავტორთან კავშირის შეგრძნებას მთელი ჩანაწერის განმავლობაში არ ვკარგავთ. KOD თანამედროვე ჰიპ ჰოპ ინდუსტრიას სარკის წინ აყენებს და აიძულებს, საკუთარ პრობლემებზე იფიქროს, რაც სასარგებლო, მაგრამ, როგორც წესი, არცთუ დაფასებული საქმეა. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული