Thumbnail

რეცენზია: Kids See Ghosts - Kids See Ghosts

ლიკა მაისურაძე პროფილის ფოტო
ლიკა მაისურაძე

ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში, რომელსაც დღესაც კი აბსურდული მასკულინური სტერეოტიპები ახასიათებს, საკუთარ სისუსტეებსა და მენტალურ პრობლემებზე საუბრის ტრადიციას საფუძველი ქანიე ვესთმა და ქიდ ქადიმ ჩაუყარეს, როდესაც 2008 წელს გავრცელებულ პირველ კოლაბორაციულ ნამუშევრებში მსგავს თემატიკას მიმართეს.

ათი წლის შემდეგ მუსიკოსები ერთობლივი პროექტით Kids See Ghosts და ახალი პრობლემებით დაგვიბრუნდნენ. მათი ამავე სახელწოდების ალბომი ისევე, როგორც ორივე არტისტის ფსიქიკური მდგომარეობა, ერთგვარი კონტროლირებადი ქაოსია. ქანიეს მძვინვარე მანიასა და არეულ აზრებს ქადის მელანქოლია აბალანსებს. ეს უკანასკნელი ცდილობს,  საკუთარი მნიშვნელობა ამოიცნოს და დარწმუნდეს, რომ მის არსებობას აზრი აქვს. მისგან განსხვავებით, მაგრამ არა საპირისპიროდ, ქანიეს სურს ამ ამაოებაში კომფორტი იპოვოს.

ვესთი დღესაც იქ არის, სადაც ყოველთვის იყო - კიდეზე, საიდანაც ბევრი ვერ ბრუნდება. მის სახელთან დაკავშირებული სკანდალები არტისტისთვის სწორედ ის საფრთხეა, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ შეიწიროს კიდეც, თუმცა, ჟანრის საზღვრების ძიებისას გადაკარგული გენიოსი, რომელიც უკან Yeezus-ის მეშვეობით მობრუნდა, ქადისა და უპირობო გულახდილობის დახმარებით სახლისკენ მიმავალ გზას კიდევ ერთხელ პოულობს. პროცესში კი აზრები იფანტება და ურთიერთობები მთავრდება.

ქანიე და ქადი ერთად ყოველთვის უკეთესები არიან. ისინი ერთმანეთის შემოქმედებას სიღრმესა და შინაარსს მატებენ. Kids See Ghosts კი მათ კათარზისს აღწერს, რომელიც ისეთი არ არის, როგორიც გვინდა რომ იყოს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული