Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ჟღერადობა საკმაოდ განსხვავდება იმ საუნდისგან, რომელიც ჟანრს ათწლეულების მანძილზე ახასიათებდა. დღეს ლირიკული დახვეწილობა და ტექნიკური უნარ-ჩვევები მეორეხარისხოვანია. რეპერის შესაძლებლობები უმნიშვნელო ხდება და წინა პლანზე კომპოზიციის ემოციური ფონი გადმოდის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იმ არტისტების შემთხვევაში იჩენს თავს, რომლებიც აქცენტს რეჩიტატივის სწრაფად კითხვაზე აკეთებენ. მეინსტრიმ ინდუსტრიაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ასეთი მიდგომა უშინაარსო შემოქმედების ფასადია. 

ატლანტელი რეპერი J.I.D თავისი ალბომის პირველივე ტრეკით სწორედ ამ უსაფუძვლო შეხედულებას აყენებს ეჭვქვეშ და გვაიძულებს მის ნამუშევრებს ქვეტექსტებისა და შედარებების ძებნის გარეშე ვუსმინოთ. ის ცდილობს, მსმენელთა ცნობიერებაში დალექილი ტრადიციული კანონზომიერებები გაანეიტრალოს და შეფასების კრიტერიუმები საკუთარი მუსიკის მეშვეობით დაადგინოს.

DiCaprio 2-ში ჯეიაიდი მუდმივად ემოციურია, ის თითქოს აფექტის მდგომარეობაშია და მალე სადავეები ხელიდან გაექცევა. რეპერი იმდენად დახელოვნებულია, რომ ეს ყველაფერი უმარტივესად ან საერთოდ შემთხვევითობადაც კი გვეჩვენება. ასეთი ინტენსიური შესრულების მანერით არტისტი მსმენელის ყურადღებას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც ძალზე რთულად მისაღწევია. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს მისი, როგორც ემსის ტალანტი.

მუსიკალურად ალბომი ატლანტის სცენისთვის დამახასიათებელ ჟღერადობას არ გაურბის, თუმცა, რეპერი მძიმე ბასისა და ჰაი ჰეთების მონოტონური გავლენის ქვეშ არ ექცევა. ბითები მინიმალისტურია და ემსის ფართო სივრცეს სთავაზობს, რაც შინაარსისა და კონტექსტის განვითარების საშუალებას იძლევა. ჩანაწერში ასევე ვხვდებით კომპოზიციებს, რომლებიც ჯაზის, არენბისა და ადრეული ჰიპ ჰოპის ელემენტებს შეიცავს. ტრეკები ძირითად პირადულ ისტორიებზეა აგებული, არტისტი თვითდაკვირვებას ეწევა, თუმცა, საკუთარი გამოცდილების განზოგადებისგან თავს იკავებს.

ჯეიაიდის მუსიკა, ლირიკული ტექნიკა, ხმის ტონალობა და აღნაგობაც კი ქენდრიქ ლამარის ასოციაციას იწვევს. ალბომის გამოსვლამდე ატლანტელმა რეპერმა მსმენელები გააფრთხილა, რომ მისი რელიზი არ იქნებოდა ლამარის ეპოქალური ჩანაწერის Good Kid, M.A.A.D City მსგავსი. მართლაც, ეს ორი ნამუშევარი ერთმანეთისგან საფუძვლიანად განსხვავდება. ჯეიაიდი მეტ ყურადღებას შესრულების ტექნიკას უთმობს და ქენდრიქისგან განსხვავებით, მორალის კითხვას არ ცდილობს. მისი ალბომი არტისტის პოტენციალის ერთგვარი გამოფენაა, რომელსაც ჯერჯერობით მიმართულება არ მოუნახავს. თუმცა, DiCaprio 2 შეიცავს ყველა საჭირო ინგრედიენტს იმისთვის, რათა ჯეიაიდიმ ლამარის მსგავსად საკუთარი თავი იპოვოს და ინდუსტრიის სათავეში მოექცეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული