Thumbnail

2016 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა, როდესაც კალიფორნიელი რეპერი მოტოციკლიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, Redemption-ის კარმად იქცა. სწორედ იმ დღეს ჯეი როქი ქენდრიქ ლამართან ერთად გრემის დაჯილდოებაზე დასწრებას აპირებდა იმისთვის, რათა ფართო საზოგადოების მხრიდან პირველი სერიოზული აღიარებით დამტკბარიყო. მუსიკოსი, რომელმაც ქენდრიქის კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ საკუთარი ვერაფრით აიწყო, ორი წლის შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებული დაგვიბრუნდა. "თუ სიკვდილის მოტყუება გამარჯვებაა, ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავება ნამდვილი ტრიუმფია", - რეპავს ჯეი.

ალბომის პირველივე ტრეკით როქი ეჭვის ქვეშ აყენებს ლეგენდარული კოლეგის, აის თის ცნობილ გამონათქვამს იმის შესახებ, რომ გენგსთა რეპი მკვდარია და მისი უკანასკნელი წარმომადგენელი 50 სენტი იყო. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ჯეი სწორედ ის გენგსთა რეპერია, რომლის ადგილზე ყოფნასაც დიდი ხანია, უშედეგოდ ლამობს ტეკაში სიქსნაინი. 

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ალბათ მაინც წამყვანი ლეიბლის, TDE-ის უხუცესი წარმომადგენელი, რომელიც გაერთიანების სხვა წევრებისთვის უფროსი ძმასავითაა, ყურსასმენებში ყოველგვარი რიდის გარეშე, ბენგერი თრეფ ბითით გვივარდება და ყალბ კოლეგებს მიმართავს: "თუ მართლა განგსტერი ხარ, მითხარი, ბოლო მსხვერპლი როდის მოკალი". გაჭირვება და ახლა უკვე იმ წარმატებით ტკბობა, რომელიც სწორედ მისი ადრეული გაჭირვების გამოძახილია - კრიმინალურ უბანში გაზრდილი რეპერი თავის სამეზობლოზე გვიყვება, სადაც არასდროს იყო იმის გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, მაგრამ მან გაიმარჯვა. გაიმარჯვა და მერე როგორ. აი, დაახლოებით ისე, კომპოზიციაში Win რომ აღგვიწერს - გამარჯვება ნებისმიერ ფასად!

"მოკალი ან მოგკლავენ" სწორედ ამ პრინციპით მოუწია არტისტს ცხოვრება. ჯეი ქოულის მონაწილეობით შექმნილ ტრეკში OSOM გაჟღერებული ფრაზა "სანამ ჩემ გზას გადაკვეთ, ორივე მხარეს გაიხედე, რადგან მე შეიძლება მოგკლა" მხოლოდ მუქარა არაა. სწორედ ასე მოუწია ცხოვრება როქს წარმატების მისაღწევად. არადა, გვახსოვს ჯერ კიდევ 2000-იანებში, როდესაც მუსიკოსი კარიერას იწყობდა, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რეპერი, ლილ უეინი ჰყავდა ფიტში, თვითონ კი საოცნებო, დოქტორ დრეს ლეიბლზე Interscope აღმოჩნდა. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაშინ ახალგაზრდა შემსრულებელმა ვერ გაისროლა. თითქმის 10 წლის შემდეგ კი ჯეი როქის Redemption-ს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რათა არტისტის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული ალბომი გახდეს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული