Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 50 საუკეთესო ალბომს. 

2018 წლის 50 საუკეთესო კომპოზიცია 

50. The 1975 - A Brief Inquiry into Online Relationships

ეს ინგლისური პოპ როკ ბენდი წელს მუსიკალური გამოცემების ფავორიტად იქცა. სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ავუარეთ გვერდი მათ რიგით მესამე სტუდიურ ალბომს A Brief Inquiry Into Online Relationships. როგორც ნამუშევრის სახელწოდებიდან მიხვდებოდით, მისი თემატიკა ძირითადად ვირტუალური ურთიერთობების გარშემო ტრიალებს. ის 21-ე საუკუნის ახალგაზრდების გულახდილი, ემოციური აღსარებაა საკუთარი განცდებისა და ცხოვრების წესის შესახებ.

ჯგუფის წევრებს ხშირად საყვედურობენ ზედმეტად მელანქოლიური ტექსტების გამო. მუსიკოსები კი ამ შეხედულებას არათუ უარყოფენ, არამედ თავდაჯერებულად აცხადებენ, რომ ისინი უაღრესად ემოციური არტისტები არიან და საკუთარი შემოქმედების უმთავრეს ღირსებადაც სწორედ ეს მიაჩნიათ. ალბომის მოსმენისას ნათლად იგრძნობა, რომ The 1975-ს თავისი სენტიმენტალურობის გამოხატვის ოდნავადაც არ ერიდება. მათი ჩანაწერიც იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც მყარი ურთიერთობების დეფიციტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში მესაიდუმლეს საკუთარ ფლეილისტებში ეძებენ.

► მოუსმინეთ ალბომს

49. Soap&Skin - From Gas to Solid / you are my friend

ავსტრიელ ანია პლაშგს, სასცენო სახელით Soap&Skin, ხშირად "21-ე საუკუნის ნიკოს" უწოდებენ. ის ენდი უორჰოლის ლეგენდარულ პროტეჟეს მართლაც ბევრი რამით მოგვაგონებს - იქნება ეს ხმის ტემბრი, სპეციფიკური აქცენტი თუ მელანქოლიური ესთეტიკა. ეს მსგავსება განსაკუთრებით მის წინა ექსპერიმენტულ ნამუშევარში Narrow გამოჩნდა, რომელსაც მუსიკოსის მამის გარდაცვალებით გამოწვეული ღრმა დეპრესიის კვალი გასდევდა.

Soap&Skin-ის წლევანდელი ალბომი From Fas to Solid / you are my friend მისი წინა ნამუშევრებისგან მკვეთრად განსხვავდება. ბოლო 6 წლის განმავლობაში ანიას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა - მან დეპრესიის დაძლევა შეძლო, სირთულეები გადალახა და რაც მთავარია, დედა გახდა. ჩანაწერი არტისტისთვის უჩვეულო, მაჟორული ჟღერადობითა და ოპტიმისტური განწყობით გამოირჩევა. მუსიკოსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სტილის ცვლილების მიუხედავად, მისთვის სახასიათო იდუმალების განცდა ოდნავადაც არ დაკარგა და საკუთარ დისკოგრაფიას კიდევ ერთი მაღალი დონის ნამუშევარი შემატა.

► მოუსმინეთ ალბომს

48. MGMT - Little Dark Age

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკული ინდი როკ დუეტი MGMT ჰიტების ჩაწერას დაუბრუნდა. სწორედ ასე შეიძლება, შეფასდეს მუსიკოსების ბოლო სტუდიური ალბომი Little Dark Age. ჯგუფის ფრონტმენმა და სონგრაითერმა ენდრიუ ვანვინგარდენმა კარგად დაინახა, რომ ფსიქოდელიური ჟღერადობით გაჯერებულმა ნამუშევარმა Congratulations და კიდევ უფრო მძიმე, ექსპერიმენტულმა ჩანაწერმა MGMT თაყვანისმცემელთა გულის მოგება ვერ შეძლეს და ამიტომაც, იმ გზას დაუბრუნდა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

პოპ მუსიკის ელემენტებით გამდიდრებული ჩანაწერი ბენდის სადებიუტო და ყველაზე წარმატებულ ნამუშევარს, Oracular Spectacular-ს გვაგონებს. მასში შესული კომპოზიციები Little Dark Age და When You Die კი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ MGMT-ს ჰუკების შექმნა არ დავიწყებია. შედეგიც შესაბამისია - მუსიკოსებმა ამერიკულ ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიბრუნეს.

მოუსმინეთ ალბომს

47. Let’s Eat Grandma - I’m All Ears

ბრიტანული პოპ დუეტის წევრები, როზა უოლტონი და ჯენი ჰოლინგვორთი საბავშვო ბაღიდან მოყოლებული საუკეთესო მეგობრები არიან. 2016 წელს გამოშვებული სადებიუტო ჩანაწერით I, Gemini მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის გოგონებმა ნათლად გვაგრძნობინეს, რომ საქმე უნიკალურ ტალანტთან გვქონდა. თუმცა, უჩვეულო ექსპერიმენტებით სავსე ჩანაწერის მოსმენის შემდეგ არც იმის მიხვედრა იყო რთული საქმე, რომ ეს იდეები დამატებით დამუშავებას, ბენდის უზარმაზარი პოტენციალი კი სრულად ათვისებას კვლავ საჭიროებდა.

ჯგუფის წლევანდელ ალბომში I’m All Ears ნათლად იგრძნობა იმ პერიოდის გამოძახილი, რომელიც ადრე თუ გვიან თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება - გარდატეხის ასაკი, რეალობის განსხვავებული აღქმა, საკუთარი ადგილის ძიება და ახალ პრობლემებთან შეჯახება. Let's Eat Grandma სრულიად უცნობი პერსპექტივიდან გვიყვება იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო მოზარდი 2018 წელს და კიდევ უფრო მძაფრ ინტერესს გვიჩენს მათი შემოქმედების სამომავლო ევოლუციის შესახებ.

46. Young Fathers - Cocoa Sugar

შოტლანდიური ტრიოს მეორე სტუდიურ ალბომში ტრიპ ჰოპის, არენბის, არტ პოპისა და ჰიპ ჰოპის გავლენა ძალზე ნათლად იგრძნობა. სწორედ ეს მრავალფეროვნება სძენს განსაკუთრებულ ხიბლს ჩანაწერს, რომლის განხილვაც წვეულებაზე დასაკრავი თუ ექსპერიმენტული მუსიკის კონტექსტში თანაბრადაა შესაძლებელი.

ჯგუფის წევრები ეთნიკური, კულტურული თუ სოციალური ნიშნით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. მათი ცხოვრებისეული გამოცდილების კვალი ალბომში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იკითხება. აქ პესიმისტურ განწყობას უეცრად თავდაჯერებულობით აღსავსე ტონი ცვლის, ფემინურობასა და მასკულინობას შორის ზღვარი სრულიად წაშლილია, მელანქოლიური ჟღერადობის ადგილს კი მოულოდნელად აგრესიული რიტმები იკავებენ. Cocoa Sugar ემოციებისა და განწყობების ატრაქციონს წააგავს, რომელზეც "ახალგაზრდა მამები" მსმენელს მთელი სისწრაფით მიაქანებენ.

45. Oliver Coates - Shelley's on Zenn-La

ჩელისტ ოლივერ კოატესის თაყვანისცემლებისთვის 2018 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მათ ბრიტანელმა არტისტმა კარიერაში ყველაზე ამბიციური პროექტი Shelley’s on Zenn-La შესთავაზა. ჩანაწერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, Aphex Twin-ის კომპოზიციებით მონუსხული მუსიკოსის ნამუშევარს ისმენ, რომელმაც საკუთარი კერპისთვის პატივის მიგება სტუდიური ალბომის გამოცემით გადაწყვიტა. 

როგორც ჩანს, კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე არტისტებს ექსპერიმენტები განსაკუთრებით უყვართ, ამ ერთი შეხედვით, სტერეოტიპულ მოსაზრებას კოატესის ალბომიც ამყარებს. კამერულ მუსიკას შეჩვეული ოლივერი ბოლო დროს ელექტრონული საუნდითაა გატაცებული, რომლის დამხმარებითაც ის ღრმა აკუსტიკური განზომილებების აღმოჩენას ცდილობს. თუმცა, Shelley’s on Zenn-La-ში მას არც ჩელო ავიწყდება. ამ ინსტრუმენტის ჟღერადობას ის ელექტრონული დრამებით  ამდიდრებს, რისი საშუალებითაც ახალი იდეების თავის ადრეულ ნამუშევრებთან დაკავშირებას ცდილობს. 

► მოუსმინეთ ალბომს

44. Big Joanie - Sistahs

2013 წელს შავკანიანი ფემინისტი ქალების შეხვედრაზე მყოფმა ლონდონელმა მუსიკოსმა, ჩერდინ ტეილორ-სტოუნმა ერთ-ერთი დამსწრის ჩანთაზე საკულტო ჯგუფის, The Raincoats-ის ლოგო შენიშნა. სწორედ აქედან დაიწყო მისი მეგობრობა სტეფ ფილიპსთან, რომელთან ერთად მან მალე მუსიკალური კოლექტივი Big Joanie ჩამოაყალიბა. ჯგუფმა საკმაოდ ამბიციური მიზანი დაისახა -  თეთრკანიანი მამაკაცების დომინირებით გამორჩეულ პანკის სუბკულტურაში საკუთარი ადგილის დაკავება.

სამი შავკანიანი ფემინისტი ქალის მიერ ჩაწერილ ალბომში კრიტიკოსები და მსმენელები პოლიტიკური თემების სიუხვეს მოელოდნენ. თუმცა, მათი სიმღერების ტექსტებში მსგავს საკითხებზე მეტად გარესამყაროსთან გაუცხოებისა და პირადული პრობლემების გამოძახილი იგრძნობა. ამ მხრივ, Big Joanie ლეგენდარულ პოსტ პანკ ბენდს, Joy Division-ს მოგვაგონებს. სინთპოპისა და ალტერნატიული მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ჟღერადობის მქონე ჯგუფი თანამედროვე პანკ როკ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო პროექტია, რომელსაც ჟანრის ტრადიციების ბრმად გაგრძელების ნაცვლად, მის ისტორიაში სავსებით ახალი ფურცლის გადაშლა შეუძლია.

43. Deafheaven - Ordinary Corrupt Human Love

გასაკვირი არაა, რომ ორი უკიდურესად განსხვავებული ჟანრის შერწყმით განთქმული ბენდის შემოქმედება აზრთა პოლარიზებას იწვევს. შუგეიზის მოყვარულებს მათ ჩანაწერებში ბრუტალური ვოკალი და სწრაფი რიტმები ეხამუშებათ, ბლექ მეტალის პედანტ მსმენელებს კი სენტიმენტალური ტექსტები და მაჟორული გამონათებები. კრიტიკის მიუხედავად, მუსიკოსები მათი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი დისონანსურობის მიჩქმალვას არასდროს ცდილობდნენ. პირიქით, საკუთარი წარმატების გასაღებად სწორედ ასეთი კონტრასტი აქციეს.

Deafheaven-ის მესამე სტუდიური ალბომი მისი წინამორბედებისგან საკმაოდ განსხვავდება. აქ უკვე გაცილებით რთულად გასარჩევია, სად მთავრდება შუგეიზი და იწყება ბლექ მეტალი. ჩანაწერზე მუშაობისას ბენდის წევრებს არაერთი პირადული პრობლემის გადალახვა უწევდათ, დაწყებული განქორწინებიდან და დამთავრებული ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლით. ალბათ, ამიტომაც ტოვებს ეს ნამუშევარი ბუნებრივობისა და გულწრფელობის ასეთ ნათელ განცდას. ტექსტებში ღრმა მატერიებზე პათეტიკური მსჯელობის ნაცვლად, ცხოვრებისეული დრამებია ასახული. ინსტრუმენტული ნაწილიც, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა. შედეგად, Ordinary Corrupt Human Love-ის სახით კარგად დაბალანსებული და ძალზე ეფექტური ალბომი მივიღეთ, რომელიც ჯგუფის შემოქმედებაში უდავოდ საუკეთესოა.

42. Exploded View - Obey

პოსტ პანკ კოლექტივმა Exploded View წელს თაყვანისცემლებს ექსპერიმენტული ნამუშევარი Obey შესთავაზა. თუ ბენდისგან აქამდე მელოდიურ კომპოზიციებს ვიყავით შეჩვეული, 2018 წელს არტისტებმა თავიანთი მუსიკალური ხელწერისთვის მუქი ტონების დამატება გადაწყვიტეს და ტრეკებსაც მეტი სიმძიმე და დრამატულობა შესძინეს. ალბომის კონცეფციას ჯგუფის ინტერნაციონალური შემადგენლობის კვალიც დაეტყო. ლათინური მუსიკისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი მასში საგრძნობი დოზით შემოიჭრა.

Exploded View ერთი ჩვეულებრივი ბენდი იქნებოდა რომ არა მისი ლიდერი ანიკა ჰენდერსონი. სწორედ მისმა აპოკალიპტურმა შესრულების მანერამ გაუკვალა გზა კოლექტივს წარმატებისკენ. მის ხმას მსმენელები ტრანსულ მდგომარეობაში გადაჰყავს. კომპოზიციები Sleepers და Dark Stains ამის ნათელი მაგალითია. სადებიუტო ნამუშევრისგან განსხვავებით, აქ წინა პლანზე ელექტრონულმა ელემენტებმა წამოიწია. შემსრულებლების ამ გადაწყვეტილებამ კი ჩანაწერი იმ მსმენელისთვისაც საინტერესო გახადა, რომლებიც პოსტ პანკს თანამედროვე აკუსტიკური სივრცისთვის უკვე არარელევანტურ ჟანრად თვლიან. 

41. Sons of Kemet - Your Queen Is a Reptile

ავანგარდულმა ჯაზ ბენდმა Sons of Kemet თავისი რიგით მესამე სტუდიური ალბომის Your Queen is a Reptile სახით მკვეთრად პოლიტიზებული ნამუშევარი შემოგვთავაზა. "თქვენი დედოფალი ჩვენი დედოფალი არ არის, მისთვის ჩვენ ადამიანები არ ვართ", - ლონდონური კოლექტივის წევრები დაუფარავად აცხადებენ, რომ მათთვის ავტორიტეტსა და იდენტობის სიმბოლოს არა ბრიტანეთის მონარქი, არამედ თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი შავკანიანი ქალები წარმოადგენენ. ჩანაწერში შესული კომპოზიციებიც სწორედ ანჯელა დევისს, ჰარიეტ ტაბმენსა და სხვა ცნობილ აქტივისტებს ეძღვნებათ.

ნამუშევრის ანტიკოლონიალური პათოსი მხოლოდ ტექსტებით არ შემოიფარგლება და გამოძახილს მუსიკაშიც პოულობს. ალბომის ჟღერადობა თითქმის მთლიანად აფრობიტსა და კარიბულ სოკაზე აგებული. იმის მიუხედავად, რომ ჩანაწერში მხოლოდ სამი ინსტრუმენტი - ტუბა, საქსოფონი და დრამია გამოყენებული, ჯგუფი მსმენელებს ვარიაციებისა და რიტმების საოცრად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. პრესტიჟული მერკურის პრიზის ნომინაცია და დამსახურებული ადგილი წამყვანი მუსიკალური გამოცემების წლის შემაჯამებელ სიებში - Your Queen is a Reptile უდაოდ ძალზე საინტერესო ალბომია, რომელშიც ჯაზი პროტესტის იარაღადაა ქცეული.

 ► მოუსმინეთ ალბომს

40. Julia Holter - Aviary

ჯულია ჰოლტერის რიგით მეხუთე ალბომს თამამად შეგვიძლია, მის დისკოგრაფიაში საუკეთესო ნამუშევარი ვუწოდოთ. Aviary არტისტის წინა ჩანაწერების ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელშიც მისი ექსპერიმენტები სრულყოფილ სახეს იღებს. 33 წლის მუსიკოსი თითოეულ კომპოზიციაში სხვადასხვა ეპოქისა თუ კულტურის წარმომადგენლის როლს საოცარი ბუნებრივობით ირგებს და მათი თვალით დანახულ 21-ე საუკუნეზე მღერის. პერსონაჟთა ეს მუდმივი ცვლილება ლირიკაშიც ისახება - აქ ხან ბუდისტურ მანტრას წააწყდებით, ხან ანტიკური პოეზიის ციტირებას, ხანაც რენესანსის ფილოსოფიას.

პირქუშ ახალ სამყაროში მრავალსახოვან მოგზაურად ქცეული მუსიკოსისათვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება უსაზღვრო, ბავშვურ გულუბრყვილობამდე მისული ოპტიმიზმია. ეს განწყობა ალბომში შესულ თითოეულ კომპოზიციაში ნათლად იგრძნობა. არტისტის შინაგანი თავისუფლება და სილაღე ჩანაწერის ინსტრუმენტულ ნაწილშიც ვლინდება. ექსპერიმენტული ხასიათისა და კომპლექსური ჟღერადობის მიუხედავად, ნამუშევარი პოპ მუსიკის ფარგლებს არ სცდება და ერთი ამოსუნთქვით ისმინება.

39. Arctic Monkeys - Tranquility Base Hotel & Casino

შეფილდელი მუსიკოსების ახალი ჩანაწერი სრულიად განსხვავდება ბენდის ადრეული ნამუშევრებისგან. ის ჟანრობრივად ლაუნჯ პოპს მიეკუთვნება - მარტივად მოსასმენ მუსიკას, რომელიც ჩილაუთ და დაუნტემპო ჟღერადობით გამოირჩევა. ეს სტილი განსაკუთრებით პოპულარული 50-იან და 60-იან წლებში იყო და მას ხშირად მოისმენდით სასტუმროებში, კაზინოებსა თუ პიანო ბარებში. აქ ვერ შეხვდებით ელექტროგიტარას იმ დოზით, რომლითაც კოლექტივი წარსულში ხასიათდებოდა. რაც შეეხება კომპოზიციების ტექსტებს, ისინი ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკას, პოლიტიკას, რელიგიასა და ტექნოლოგიებს ეხება. 

სიმშვიდის ბაზა ის ადგილია, სადაც 1969 წელს "აპოლო 11" დაეშვა. ნილ არმსტრონგის ცნობილი ფრაზაც ადამიანის პატარა ნაბიჯისა და კაცობრიობის დიდი ნახტომის შესახებ, სწორედ იქიდან გაისმა. როგორც ჩანს, ასეთი სათაურით ალექს ტერნერმა ალბომისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა და კოლექტივის შემოქმედებისთვის მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

მოუსმინეთ ალბომს 

38. Noname - Room 25 

წელს გამოსული საკმაოდ ბევრი კარგი ჰიპ ჰოპ ალბომიდან ფატიმა უორნერის სადებიუტო ჩანაწერმა Room 25 ყურადღება თავისი გამორჩეული ხასიათითა და ჟღერადობით მიიქცია. 27 წლის მუსიკოსის ნამუშევარი რეპერის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს. მისი მოსმენისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ფატიმას დღიურში აღწერილ ისტორიებს ისმენ.

Noname ღიად გვესაუბრება საკუთარ პირად ცხოვრებაზე, ემოციებსა და შეგრძნებებზე, რომელთა მეშვეობითაც ის სამყაროს შეიმეცნებს. მუსიკოსისთვის არც სოციალური პრობლემებია უცხო. აშშ-ის რასობრივი სეგრეგაციის წარსული გავლენას მის შემოქმედებაზეც ახდენს. თუმცა, ჩანაწერის მთავარი ღირსება მისი მუსიკალური წიაღსვლებია. კომპოზიციების ინსტრუმენტალები, რომელშიც ჯაზის და სოულის დიდი გავლენა იგრძნობა, ხშირად დრამების არაორდინარული პარტიებითაა გამდიდრებული. ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ნამუშევარი საოცრად სადა და მარტივად მოსასმენია. ამ სიმსუბუქის შეგრძნებას კი ნოუნეიმის მშვიდი ფლოუ და შესრულების აუღელვებელი, გაწონასწორებული მანერაც ქმნის.

37. Iglooghost - Clear Tamei & Steel Mogu 

"წარმოიდგინეთ, ნაირფერი ნისლისგან შექმნილი ბერი სახელად იომი და პატარა ხოჭოსმაგვარი ბიჭი უსო. ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში არიან ჩართული, მფრინავ ხილზე დახტიან და ერთმანეთს ლაზერებს ესვრიან", - 2017 წელს გამოსულ ალბომში Neō Wax Bloom ბრიტანელმა მუსიკოსმა, სიმუს მალიაჰმა ფანტასტიკური სამყარო - მამუ შექმნა, სადაც თავის გამოგონილ გმირებზე ასევე გამოგონილი ენითა და ანბანით გვიყვებოდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთჯერად გართობას არ ემსახურებოდა. ამჯერად ტამეისა და მოგუს ორთაბრძოლის დრო დადგა.

ალბომიც ორ ნაწილად ამის გამო იყოფა - პირველი ტამეის ეკუთვნის, მეორე კი მოგუს. სიუჟეტის განვითარების პარალელურად ვამჩნევთ, როგორ იცვლება მუსიკალური ტექსტურები, რომელთა საშუალებით Iglooghost ქმნის პერსონაჟების მენტალურ ხატს, გამოხატავს მათ ხასიათსა და დეტალურად აღწერს ბრძოლის ველს. ჩანაწერის მთავარ კომპოზიციაში Clear Tamei კი ეს ფანტასმაგორიული სამყარო ხორცს ისხამს და წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ვიდეონამუშევრად გარდაიქმნება. 

36. Low - Double Negative

უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენების გავლენით Low კვლავ მიუბრუნდა პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც მათ შემოქმედებაში უკანასკნელად 10 წლის წინ აისახა. დონალდ ტრამპის ამერიკით შთაგონებული ალბომი Double Negative ბენდმა 2018 წლის ივნისში დააანონსა. ბედის ირონიით, ერთი თვის შემდეგ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა კონგრესის წევრებთან შეხვედრისას არჩევნებზე რუსული ზეგავლენის ფაქტორი "ორმაგად ნეგატიურ" მოვლენად მოიხსენია.

Low მუსიკალურ ექსპერიმენტებზე უარს არასდროს ამბობდა. თუმცა, Double Negative მკვეთრად არაორდინარული ჟღერადობის მქონე ჩანაწერია, რომელიც ატმოსფერულობითა და მოუხეშავი ინსტრუმენტალით გამოირჩევა. კომპოზიციათა ტექსტებში სლოუკორის პიონერებისათვის დამახასიათებელი მწვავე თვითირონია და ნიჰილიზმი კვლავ იკითხება. თუმცა, ამჯერად ეს განწყობა არა ინდივიდუალური პრობლემებით, არამედ კოლექტიური რეალობითა და იმედგაცრუებითაა განპირობებული. როდესაც ერთ-ერთი ფანი დაინტერესდა, ვინ მოიხსენიეს სიმღერაში Poor Sucker "ტბის ფსკერზე დაძირულ საბრალო ნაბიჭვრად", ბენდმა მას ტვიტერზე მოკლე და ამომწურავი პასუხი გასცა - "მე და შენ".

35. Ariana Grande - Sweetener

არიანა გრანდემ რიგით მეოთხე ალბომმა Sweetener დაგვარწმუნა, რომ 25 წლის შემსრულებელი ყოველთვის მზადაა ახალი შემოქმედებითი გამოწვევებისთვის. სუპერვარსკვლავმა ნამუშევარი 2017 წელს მანჩესტერში კონცერტზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოუშვა. მისი გამოსვლა ასევე პირად ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებსაც დაემთხვა. - ის რეპერ მაკ მილერს დაშორდა და ოჯახის შექმნა პიტ დევიდსონთან გადაწყვიტა. ამ მოვლენებით გამოწვეული ემოციური ფერისცვალება მუსიკოსის ახალ ჩანაწერზეც აისახა.

არიანა უარს ამბობს ტერაქტითა და კრახით დამთავრებული რომანტიკული ურთიერთობით გამოწვეულ დეპრესიაზე და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებს. ამ ალბომში მუსიკოსი შემდგარ პიროვნებად გვევლინება, რომელსაც ცხოვრებისეული პრიორიტეტები უკვე განსაზღვრული აქვს. პირად გრძნობებზე ყურადღების გამახვილება მას ხელს არ უშლის, ისაუბროს ისეთ თემებზეც, როგორებიცაა ქალთა სექსუალური თავისუფლება და ფემინიზმი. სოულის, არენბისა და საცეკვაო მუსიკის ელემენტები ნამუშევრის მრავალფეროვან ჟღერადობას უზრუნველყოფს, რომლის ფონზეც პოპვარსკვლავი მისი მთავარი ღირსების - შესრულების ინდივიდუალური მანერისა და ძლიერი ვოკალის ბოლომდე წარმოჩენას იდეალურად ახერხებს. 

► მოუსმინეთ ალბომს

34. Toby Driver - They Are the Shield

თუ ავანგარდული ან პოსტ-მეტალი არასდროს მოგისმენიათ, ნიუ იორკელი მულტიინსტრუმენტალისტის სახელი და გვარი, სავარაუდოდ, არაფერს გეუბნებათ, მაგრამ, თუ ამ მუსიკალური მიმართულებებით ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, დიდი შანსია, ტობი დრაივერის უამრავი მუსიკალური წამოწყებიდან ერთ-ერთი მაინც იცოდეთ. მაგალითად, maudlin of the Well ან Kayo Dot, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ავანგარდული მეტალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია.

იმის მიუხედავად, რომ არტისტის ექსპერიმენტული მუსიკა ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, ამჯერად მან გადაწყვიტა, ჩვეული სტილისგან ოდნავ გადაეხვია. შედეგად, ექვსი ულამაზესი პროგ-როკ ბალადისგან შემდგარი სოლო ალბომი მივიღეთ, რომლის ჰიპნოტური ჟღერადობა პიტერ გებრიელის ან დევიდ სილვიანის მუსიკას მოგაგონებთ, არანჟირების ავტორობაზე კი თვით რობერტ ფრიპიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს. 

33. Aphex Twin - Collapse

Aphex Twin-ის გავლენა ელექტრონულ მუსიკაზე ფასდაუდებელია. 1990-იან წლებში კლასიკად ქცეულ ალბომებს თავი რომ დავანებოთ, რიჩარდ ჯეიმსის პატარა გაფართხალებაც კი საკმარისია იმისთვის, რათა მთელი მუსიკის სამყაროს ყურადღება მისკენ მიემართოს. მრავალწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2014 წლიდან საკულტო არტისტისთვის ნამდვილი რენესანსის ხანა დაიწყო. გრემის მფლობელი Syro-სა და რამდენიმე ექსკლუზიური პერფორმანსის შემდეგ, რომლებითაც მუსიკოსმა საკუთარი მიუწვდომლობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, ის თაყვანისმცემლებს ახალი ჩანაწერით დაუბრუნდა.

29-წუთიანი ნამუშევრის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორმა მთელი საკუთარი დისკოგრაფია ბლენდერში მოათავსა და იქამდე თქვიფა, სანამ მისთვის სასურველ კონდიციამდე არ მიიყვანა. ადრინდელი ჩანაწერებისგან განსხვავებით, Collapse-ში რიტმული სექციები იმდენად დინამიკურია, რომ მსმენელს ხშირად ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ ეძლევა. მუსიკის არაპროგნოზირებადი, ხისტი სახეცვლილებები და დრამ-ენ-ბეისისთვის დამახასიათებელი ჰიპნოტურობა ამ ალბომს არტისტის კარიერაში თავის ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს.

► მოუსმინეთ ალბომს

32. Blood Orange - Negro Swan 

ბრიტანელმა მუსიკოსმა დევ ჰაინსმა, სასცენო სახელით Blood Orange, წელს რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი Negro Swan შემოგვთავაზა. მის ადრეულ ჩანაწერებს შორის პარალელების მოძებნა ყოველთვის ხერხდებოდა, თუმცა, ახალი ნამუშევრის მოსმენისას რჩება შთაბეჭდილება, რომ არტისტი ამ საერთო ხაზებისთვის თავის არიდებას ცდილობს. ის თაყვანისმცემლებს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე პროექტს სთავაზობს, სადაც დიდი ყურადღება ფსიქოდელიურ პოპ ჟღერადობასა და ალტერნატიულ არენბის ეთმობა.

ბავშვობაში გადატანილი ტრავმები, ბულინგი სკოლაში და დეპრესია - ის თემებია, რომლებზეც დევი Negro Swan-ში საუბრობს. საუნდის მხრივ აქ განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩასაბერი ინსტრუმენტების დომინირებაა. ფლეიტისა და საქსოფონის სოლოები სწორედ იმ დროს ჩაგვესმის, როდესაც შემსრულებელთან ერთად მის მოგონებებში მოგზაურობას ვიწყებთ. ამ ჩანაწერით Blood Orange მელანქოლიურ თავგადასავალს გვთავაზობს, რომელიც ელეგანტური მელოდიებითა და ეფექტური პოეტური ტექსტებითაა გაჯერებული. 

მოუსმინეთ ალბომს

31. Cardi B - Invasion of Privacy

ყოფილი სტრიპტიზიორი და რეალითი შოუს ვარსკვლავი ქარდი ბი თანამედროვე ამერიკული ოცნების განსახიერებაა. რეპერი, რომელმაც სადებიუტო ალბომით მასთან დაკავშირებით შექმნილ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამას გრემის 5 ნომინაციაც მოწმობს. Invasion оf Privacy-ში არტისტი შეუპოვრად ინტიმურია და საკუთარ შეცდომებზე საუბრის არ რცხვენია. მისი რითმები ერთდროულად სასაცილოცაა და ჭკვიანურიც. თუმცა, ალბომის მთავარი ღირსება მუსიკალური მრავალფეროვნებაა. ჩანაწერში ერთმანეთს ლათინური თრეფი, დაუნტემპო სიმღერა და პოპ ჰიტი ენაცვლებიან. 

ალბომის პირველივე ტრეკში Get Up 10 ხანგრძლივ შესავალს ვხვდებით, რომელშიც ქარდი მსუბუქი მელოდიის ფონზე გვიყვება, ვისთან გვაქვს საქმე. ერთი შეხედვით მორიგი პოპ არტისტი, რომელიც წარმატებას მხოლოდ სექსუალურობის ხარჯზე აღწევს, თავის ფლოუს ყელზე სტილეტოს ქუსლივით გაბჯენს. ქარდი ბი 21-ე საუკუნის ბრონქსელი კონკიაა, რომელიც კრიტიკოსების ფანებად გარდაქმნისთვის კომპრომისზე არასდროს წავა. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში ყალბი მხოლოდ მკერდია, სხვა ყველაფერი კი ნამდვილი.

მოუსმინეთ ალბომს

30. Against All Logic - 2012-2017

ნიკოლას ჯაარის ახალი ალბომი 2012-2017 კომპილაციური ხასიათის ჩანაწერია, რომელშიც ელექტრონული არტისტის მიერ ხუთი წლის მანძილზე შექმნილი, მანამდე გამოუცემელი ტრეკებია წარმოდგენილი. ნამუშევარი ძირითადად 1970-იანი წლების ფანკიდან თუ სოულიდან ნასესხებ სემპლებზეა აწყობილი, რომლებსაც მუსიკოსმა ახალი სიცოცხლე შთაბერა. ამ ჟანრებისათვის დამახასიათებელ ხავერდოვან, დახვეწილ ჟღერადობას ჯაარის საფირმო, მკვეთრი რიტმები ძალზე ეფექტურად ერწყმის.

ნათქვამია, სადაც სიტყვები უძლურია, იქ მუსიკა საუბრობსო - ჯაარის შემოქმედებას ეს ფრაზა ყოველთვის იდეალურად მიესადაგებოდა. არტისტი ამ ალბომშიც ახერხებს, ძალზე მწირი ლირიკის დახმარებით მსმენელის წინაშე ემოციებისა და განწყობების მრავალფეროვანი პალიტრა გადაშალოს. ნიკოლასის თაყვანისმცემლები დიდი ხანია, შეეჩვივნენ იმას, რომ არტისტი საკუთარი სტილიდან საგრძნობი გადახვევის გარეშე ორიგინალური იდეების შეთავაზებას ახერხებს - 2012-2017 ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

► მოუსმინეთ ალბომს

29. Kali Uchis - Isolation

24 წლის კოლუმბიელი არტისტის სადებიუტო ალბომი ელეგანტური ჟღერადობითა და შესრულების მომნუსხველი მანერით გამოირჩევა. კალი უჩისი ჩანაწერში საკუთარი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება. სამხრეთ ამერიკაში გატარებული ბავშვობა, კონფლიქტი მშობლებთან თუ სასიყვარულო თავგადასავლები მისთვის მუსიკის შექმნის ინსპირაცია ხდება. მომღერალი წარსულსა და აწმყოს შორის ოქროს შუალედს იდეალურად პოულობს და ამ ჰარმონიის ჩანაწერში გადმოტანას ამერიკული ნეო სოულისა და ჰიპ ჰოპის კოლუმბიურ რეგეტონსა და სამხრეთამერიკულ ბოსა-ნოვასთან შეზავებით ახერხებს.

არენბის ვინტაჟური ჟღერადობა და სოულის რითმული ელემენტები ემი უაინჰაუსის შემოქმედებას გაგახსენებთ. არტისტმა სადებიუტო ალბომისთვის ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: კევინ პარკერი, Tyler The Creator და Gorillaz, რამაც ჩანაწერს მეტი ინტრიგა და ჟანრობრივი მრავალფეროვნება შემატა. Isolation ძლიერი ქალის მანისფესტია, რომელიც ცხოვრებსგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობს. ამ ყველაფერში კი მას ხელს ვერც კრახით დამთავრებული სასიყვარულო ურთიერთობები და ვერც მის შესახებ გავრცელებული ბინძური ჭორები უშლის.

► მოუსმინეთ ალბომს

28. Death Grips - Year of the Snitch

რეალობას, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო აბსურდული ხდება, Death Grips აბსტრაქტული ჰიპ ჰოპისა და ექსპერიმენტული ინდასტრიალის აგრესიული, ქაოტური ნაზავით პასუხობს. უკიდურესად არაკომერციული და არაორდინალური სტილით გამორჩეულ კოლექტივს ერთგული თაყვანისმცემლის სახით არაერთი ლეგენდარული არტისტი გამოუჩნდა. ცალკე საუბრის თემაა მათი ფანები, რომელთგანაც ერთ-ერთს, ვინმე ოსტინ კლეის საყვარელი ბენდის მოსმენამ ერთ მზიან დილას ხელში წერაქვის აღება და ჰოლივუდის დიდების ხეივანში დონალდ ტრამპის ვარსკვლავის განადგურება შთააგონა.

ჯგუფის წლევანდელი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ნამუშევრების ხასიათის პროგნოზირება შეუძლებელია. Year of the Snitch-ში შესული კომპოზიციებიდან ზოგი ჩარლზ მენსონის ბანდის წევრით, ლინდა კასაბიანითაა შთაგონებული, ზოგი მწვავე პარანოიით, ერთ-ერთი კი ჯგუფის დრამერის, ზაკ ჰილის სასქესო ორგანოთი. აღსანიშნავია ლეგენდარული პროგრესივ მეტალ ბენდის Tool ბასისტის, ჯასთინ ჩანსელორისა და ნოის არტისტ ლუკას აბელას დამსახურება, რომლებმაც კოლექტივს ამ ჩანაწერზე მუშაობისას პარტნიორობა უნაკლოდ გაუწიეს.

27. Jon Hopkins - Singularity

2007 წელს, როდესაც ბრაიან ინომ "ქოლდფლეის" Viva la Vida or Death and All His Friends-ის ჩაწერას მოჰკიდა ხელი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც მან საკუთარ გუნდში დაუძახა, სწორედ ჯონ ჰოპკინსი იყო. იმ დროს მას ერთ რიგით ემბიენთ პროდიუსერად იცნობდნენ, რომელსაც კონკრეტული განწყობებისთვის კარგი მუსიკალური ფონის შექმნა შეეძლო. თუმცა, ალბომით Immunity, რომელიც არა მხოლოდ მისი კარიერის, არამედ 2013 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარიც გახდა, ჰოპკინსმა ეს კლიშე სამუდამოდ მოიშორა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ ამ ჩანაწერს Singularity-ს სახით სულიერი მემკვიდრე ჰყავს.

ამ ალბომში არის ყველაფერი ის, რაც Immunity-ში მოგვწონდა - ემოციური პასაჟები, მელოდიურობა, რიტმი, სიხისტე და საცეკვაო განზომილებაც. ამის გარდა, Singularity ახალ პერსპექტივებსაც გვთავაზობს, რაც, პირველ რიგში, მეტ კომპლექსურობასა და სიმყარეში გამოიხატება. ჰოპკინსი თითქოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს იმას, რასაც ძალიან ბევრი მუსიკოსი უამრავ ენერგიას ახარჯავს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ შესაბამის კატეგორიაში ის, SOPHIE-სთან ერთად, წლევანდელი გრემის დაჯილდოების მთავარი ფავორიტია.

26. Elza Soares - Deus é Mulher

ელზა სოარესი გარინჩას ცოლი იყო. ვინც ამ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის სევდიან ბიოგრაფიას იცნობთ, მიხვდებით, რა ცხოვრებისეული სირთულეების გადატანა მოუწევდა მის მეორე ნახევარს. და აი, უკვე 81 წლის ელზა გვბომბავს მუსიკით, რომლის ენერგიულობას ახალგაზრდა "მეამბოხე" პანკ-როკერებიც კი ინატრებდნენ. ასევე, გვთავაზობს უდიდეს გამოცდილებას, ჯანსაღ ცინიზმსა და, რაც მთავარია, სიცოცხლის დაუსრულებელ იმპულსს.

ალბომი სტილისტურად Vanguarda Paulista-ს ანუ სან-პაულოს ავანგარდს მიეკუთვნება. ამ ჟანრს საფუძველი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა და ბევრი სხვა მიმდინარეობისგან განსხვავებით, რომელმაც თავს დროის სვლასთან ერთად ამოწურა, ის უკვე შემსრულებელთა მესამე თუ მეოთხე თაობას ითვლის. აი, რას ნიშნავს კულტურულად გამართული და სიყალბისგან დაცლილი მუსიკალური ფესვები. და კიდევ, როდესაც 80 წელს გადაცილებული ადამიანი ასეთი ენერგიით შემოგიტევს, ამ სტილს, მართლაც, რა გადააშენებს.

მოუსმინეთ ალბომს

25. JPEGMAFIA - Veteran 

ბერინგტონ ჰენდრიქსი, სასცენო სახელით JPEGMAFIA, იგივე ფეგი, ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ არტისტია, რომლის ხელწერაც "ვუ-თენგ კლანის" ლეგენდარულ წევრს Ol’ Dirty Bastard-ს გვახსენებს. ამ მსგავსებას ალბომის გარეკანი და ჩანაწერში გამოყენებული ვოკალის უცნაური სემპლები ამძაფრებს, რომლებიც ოლ დერთი ბასთარდის პირდაპირი ხელწერაა. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი კომიკური, ხანდახან ცინიკური მიდგომითაც კი ფეგი საკუთარ შემოქმედებაში პოლიტიკურ მესიჯებს გაცვეთილი კლიშეების გარეშე აჟღერებს.

ალბომის პირველი ტრეკის მოსმენისას იქმნება განცდა, რომ მსმენელს ჩანაწერის ჟღერადობის გამოცნობა შეუძლია. მართლაც, 1539 N. Calvert ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტრუქტურით ხასიათდება, მაგრამ სამი წუთის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად იცვლება. აჩეხილი ბითები, ინსტრუმენტალს მოწყვეტილი რეჩიტატივი და ნოიზისთვის დამახასიათებელი ხმები ჩვეული მოვლენა ხდება და აქედან მოყოლებული მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ ვხვდებით მარტივად აღსაქმელ საუნდს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, Veteran საკმაოდ მელოდიურია. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანდერგრაუნდ არტისტი წარმატებით ახერხებს, ლოუ-ფაი ჟღერადობა საინტერესო გახადოს. 

მოუსმინეთ ალბომს

24. DJ Koze - Knock Knock

საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სივრცეში ძალიან ცოტა არტისტს აქვს იმდენი ჰიტი, რამდენიც DJ Koze-ს. Knock Knock-იდან ეს პატივი კომპოზიციას Pick Up ერგო, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველა კლუბსა თუ ფესტივალზე ისმოდა. კოზესთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება გლობალურ მუსიკალურ სცენაზე. ის ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ფილტრიდან უყურებს და კონიუნქტურას არასდროს ითვალისწინებს. ასეთი ინდიფერენტულობის ფონზეც კი, წლების შემდეგ, ის საოცრად რელევანტურ და აქტუალურ არტისტად რჩება. ეს ალბომი ამის კიდევ ერთი დასტურია.

Róisín Murphy, Speech, José González და Sophia Kennedy იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც კოზემ ალბომზე მუშაობისას ითანამშრომლა. ასეთი სახელების მიუხედავად, გერმანელი პროდიუსერი პროცესის მთავარ მესაჭედ რჩება. მაშინაც კი, როდესაც ცდილობს, კონკრეტულ ვოკალისტებს გაუწიოს ანგარიში, ის კომპრომისების მიღმა დგას და მათ საკუთარი მუსიკის სამყაროში იტყუებს. ამ ყველაფრის ფონზე კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ინსტრუმენტული ტრეკები, რომლებიც სტუდიური ჩანაწერის ყველაზე ღირებული ნაწილია.

► მოუსმინეთ ალბომს

23. Beach House - 7

ამ ალბომის გამოცემის წინ ამერიკულმა დრიმ პოპ დუეტმა Beach House პროდიუსერ კრის ქოუდისთან პროფესიული ურთიერთობა გაწყვიტა და ჩანაწერზე პიტერ კემბერთან, იგივე Sonic Boom-თან ერთად იმუშავა. კემბერი სხვადასხვა დროს ისეთ პროექტებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა MGMT და Panda Bear. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ეს ჩანაწერიც ფსიქოდელიური ჟღერადობით გამოირჩევა.

Beach House-ის შესახებ ხშირად ამბობენ, რომ მათი შვიდივე სტუდიური ნამუშევარი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ დაკვირვებული მსმენელი უთუოდ შეამჩნევს, რომ მუსიკოსები ალბომიდან ალბომამდე იზრდებიან, მათი მუსიკა კი თითქოს სულ უფრო მძიმე და ცივი ხდება. თუმცა, უცვლელი რჩება ბენდის ვოკალისტის, ვიქტორია ლეგრანის ხმა, რომელიც დეპრესიული ფონის მიუხედავად, საოცრად თბილი და მზრუნველია.

22. Park Jiha - Communion

კეიპოპის მზარდი პოპულარობის გამო, არაერთი ნიჭიერი სამხრეთკორეელი არტისტი ჩრდილში ექცევა. თუმცა, ეს არამეინსტრიმული მუსიკოსები ხშირად იმდენად გამორჩეულ ნამუშევრებს გვთავაზობენ, რომ კორეული პოპის ჰეგემონია მათ მელომანების მოხიბვლაში ხელს ვერ უშლის.

სადებიუტო ალბომში Communion კორეულ ფოლკს, მინიმალიზმსა და ჯაზს შორის დამაკავშირებელი ხიდის ძიებამ პარკ ჯიჰა ახალ, საინტერესო ჟღერადობამდე მიიყვანა. ტრადიციული ინსტრუმენტების - ფირისა და სენგუანგის დახმარებით ზღაპრული სიუჟეტი შექმნა, რომელიც ხან ბამბუკის ტყეში ვითარდება, ხანაც დედამიწის საზღვრებს სცილდება და ციურ სხეულებს, გალაქტიკასა და მიღმურ სამყაროებს ეხება. განსაკუთრებით მომაჯადოებელი თანამედროვე ჯაზისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციული ელემენტების კორეულ მუსიკალურ ტრადიციასთან შერწყმაა. პარკ ჯიჰა უარს ამბობს წინაპრების აკუსტიკური მემკვიდრეობის ორთოდოქსულ გააზრებაზე და მას მუსიკალური ექსპერიმენტების ძირითად მასალად იყენებს. სწორედ ამ გამბედავი ნაბიჯის დამსახურებაა ალბომის გლობალური წარმატება.

21. Anna von Hausswolff - Dead Magic

ანა ფონ ჰაუსვოლფმა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი პოეტ ვალტერ იუნგქვისტის შემოქმედებიდან აღებული ციტატით დაანონსა - "ჩვენი ეპოქა დაცლილია სიჩუმისგან და საიდუმლოებებისგან. მათ გარეშე კი ლეგენდები ვერ იარსებებენ." ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ეს ფრაზა ნამუშევრის თემატიკას იდეალურად შეესაბამება. Dead Magic, ფაქტობრივად, რეკვიემია, რომელიც ზებუნებრივ ძალებს, მისტიკასა და ფატალიზმს ეძღვნება. ყველაფერ იმას, რაც თანამედროვე, ტექნოკრატიულ სამყაროში გასაქრობადაა განწირული.

ჯოჯოხეთური ატმოსფეროს მქონე ალბომი კოპენჰაგენში, მეთვრამეტე საუკუნეში აშენებულ ტაძარში ჩაიწერა. როკოკოს სტილის ნაგებობაში მიღებულმა აკუსტიკამ და ორღანის ჟღერადობამ ნამუშევარს სწორედ ის არამიწიერი ეფექტი შესძინა, რომელიც მის კონტექსტს შეესაბამებოდა. Dead Magic-ის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დიამანდა გალასს ჯგუფი Swans უწევს აკომპანემენტს - დაგვეთანხმებით, ამ ჟანრში მოღვაწე ნებისმიერი ახალგაზრდა მუსიკოსისათვის მშვენიერი კომპლიმენტია.

20. Fatoumata Diawara - Fenfo (Something To Say)

აფრიკული მუსიკის თვალისმომჭრელმა ვარსკვლავმა, ფატუმატა დიავარამ რიგით მეორე სტუდიური ალბომი Fenfo შემოგვთავაზა. მუსიკოსი საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა, ეს მას ხელს არ უშლის, მკაფიოდ შეიგრძნოს სამშობლოს სოციალური და კულტურული მაჯისცემა. ბამბარას ენაზე შესრულებულ სიმღერებში არტისტი აქცენტს აფრიკის კონტინენტზე არსებულ ეთნიკურ კონფლიქტებზე აკეთებს. ის არც მისთვის სენსიტიურ თემებს ივიწყებს და თანამემამულეებს იმ ტრადიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია. 

მძიმე თემების მიუხედავად, ჩანაწერი ელეგანტური და ლამაზი მოსასმენია. მომღერალი ნამუშევრის ემოციური განწყობის ხელოვნურად დრამატიზებას არ ცდილობს, რაც მსმენელს არა მხოლოდ მისი ჟღერადობით დატკბობის, არამედ სათქმელზე კონცენტრირების საშუალებასაც აძლევს. ფატუმატას ხელწერა აფრიკული პოპ მუსიკის, ვასულუს საინტერესო გააზრებით ხასიათდება. არტისტი ეთნო ჟღერადობას ბლუზის ელემენტებით ამდიდრებს და ამით მალისა და დასავლურ სამყაროს შორის კულტურული კავშირების წარმოჩენას ცდილობს, შედეგად კი ალბომი ყველასათვის გასაგები და მიმზიდველი ხდება. 

► მოუსმინეთ ალბომს

19. Mitski - Be the Cowboy

თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, გირჩევთ, იაპონური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსის, მიცკი მიავაკის ამ ნამუშევარს გაეცნოთ. Be the Cowboy თავს უზარმაზარი, ხმაურიანი და ათასგვარი თავგადასავლებით სავსე სამყაროს ნაწილად გაგრძნობინებთ, სადაც მილიონობით ინდივიდს მხოლოდ ერთი რამ სწადია - იპოვოს ადამიანი, რომელიც მას მარტოობის განცდას შეუმსუბუქებს. მიცკი ამ ერთი "განსაკუთრებულის" მოძიებას მთელი ჩანაწერის განმავლობაში ცდილობს. ის ხან ყოფილ შეყვარებულს უმტკიცებს, რომ მისი ხელიდან გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა, ხანაც დავიწყებული ურთიერთობების აღდგენისკენ ისწრაფვის და ამ პროცესის მაგიურობით ტკბება.

Be the Cowboy არტისტისთვის საკუთარ თავში, გრძნობებსა და პრიორიტეტებში გამორკვევის პროცესია. საინტერესოა თავად ჩანაწერის ხასიათიც, რომლის მელანქოლიურობაც აქა-იქ ენერგიული ჟღერადობით ივსება. ეს ცვალებადობა ნამუშევრის კონცეფციის ჩარჩოებს არასდროს სცდება, რისი დამსახურებითაც ალბომი თავის რომანტიკულ განწყობას არ კარგავს და მსმენელს ლამაზი, მელოდიური სიმღერებით ბოლომდე სიამოვნების შესაძლებლობას აძლევს.

► მოუსმინეთ ალბომს

18. Serpentwithfeet - Soil

ჯოზაია უაისმა მელომანების ყურადღება 2016 წელს გამოშვებული სადებიუტო ჩანაწერით Blisters მიპყრო. ორი წლის შემდეგ არტისტი პირველი სრულმასშტაბიანი სტუდიური ალბომით დაგვიბრუნდა და ყველას, ვინც დღემდე მის შესაძლებლობებს ეჭვის თვალით უყურებდა, კრიტიკის ყველანაირი საფუძველი ხელიდან გამოაცალა. თუ Blisters-ში უაისი ჯერ კიდევ საკუთარ ნაჭუჭში იყო გამოკეტილი, ახალ ნამუშევარში ის მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიდგა. მუსიკოსის ასეთი გარდასახვა განსაკუთრებით ალბომის მონოლითურ ხასიათსა და მასშტაბურ ჟღერადობაში აისახა.

ჯოზაიას ექსპერიმენტული პოპი გოსპელის, ელექტრონული მუსიკისა და ალტერნატიული არენბის ენერგიითაა დამუხტული. ბიბლიური პასაჟებისა და ალეგორიული ტექსტების მეშვეობით ის საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ნამდვილ მანიფესტს ჰქმნის. შესრულების ელეგანტური მანერით მუსიკოსი ადვილად ახერხებს მსმენელში ემოციური კათარზისის გამოწვევას. ჩანაწერში ის არც ცხოველების ხმების გამოყენებას ერიდება, რაც ნამუშევარს ფუტურისტულ ხასიათსა და მისტიკურ ელფერს ანიჭებს. შედეგად კი მივიღეთ ძალზე შეკრული ალბომი, რომლის თითოეული დეტალი Serpentwithfeet-ის ინდივიდუალიზმსა და გამორჩეულ არტისტიზმს უსვამს ხაზს. 

► მოუსმინეთ ალბომს

17. Robyn - Honey

შვედი არტისტი იმ მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც იმედს არასდროს გვიცრუებენ და თავს ყოველთვის კარგი ნამუშევრებით გვამახსოვრებენ. ამ მხრივ, გამონაკლისი არც 2018 წელი იყო. Honey წლის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პოპ ჩანაწერია, რომელიც, რობინის წინა ალბომისგან განსხვავებით, გაცილებით მელოდიური და ჰარმონიულია. აქ კვლავ დიდი დოზით ვხვდებით ელექტრონული მუსიკის "უხეშ" ელემენტებს. თუმცა, ტრადიციულ ხელწერას არტისტმა მეტი სითბო და მელანქოლია დაუმატა, რამაც ჩანაწერი თაფლივით ტკბილი გახადა.

იმის მიუხედავად, რომ ალბომში შესული კომპოზიციების ლირიკა სიღრმით არ გამოირჩევა, ეს არტისტის სევდიანი სასიყვარულო ისტორიების სრულფასოვნად გააზრებაში ხელს არ გვიშლის. მეტიც, მსგავსი მინიმალიზმი ელეგანტური ჟღერადობის მქონე ტრეკებისა და მათი არაორდინარული აკუსტიკური დეტალების აღქმას ამარტივებს. რობინის ალბომთან შეხებისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს საცეკვაო მოედანზე მარტო შენ და მუსიკოსი იმყოფებით, რომელიც საკუთარ გულისტკივილს პირადად გიზიარებს. შემსრულებელი მსმენელთან ემოციური კავშირის დამყარებას ბრწყინვალედ ახერხებს. ეს ინტიმური ენერგეტიკა კი ნარკოტიკივით მოქმედებს და სხეულს რიტმებზე აყოლასა და მუსიკის მთელი არსებით შეგრძნებას აიძულებს.

► მოუსმინეთ ალბომს

 16. Leon Vynehall - Nothing Is Still

1960-იან წლებში ლეონ ვაინჰოლის ბებიამ და ბაბუამ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს და საუთჰემპტონიდან ნიუ იორკის მიმართულებით მიმავალ გემში ჩასხდნენ. შვიდდღიანი მოგზაურობის ისტორია ლეონმა პირველად ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ბებიისგან მოისმინა. დაინტერესდა, ჩაეძია, დეტალები გაარკვია, მგზავრობისას გადაღებული პოლაროიდის ძველი ფოტოსურათებიც დაათვალიერა და მიხვდა, რომ ამ ყველაფრის რაიმე ფორმით დოკუმენტირება იყო საჭირო. 

მიღებული შთაბეჭდილებების ჩვენთვის გასაზიარებლად ბრიტანელმა არტისტმა ემბიენთისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის ენა გამოიყენა. ვაინჰოლი არადროს ყოფილა მხოლოდ საცეკვაო მუსიკაზე ორიენტირებული პროდიუსერი და ამ ალბომით ამასთან დაკავშირებით არსებული ყველა ეჭვი სამუდამოდ გაქარწყლდა. შეიძლება ითქვას, რომ Nothing Is Still აუდიონოველაა, ვაინჰოლი კი ამბის მთხრობელად გვევლინება, რომელიც დახვეწილი მუსიკალური ფორმების საშუალებით გადმოგვცემს ოკეანის ტალღების ხმაურსა თუ თავისუფლების კუნძულისკენ მიმავალი ადამიანების შიშებს.

15. Travis Scott - Astroworld

ტრევის სკოტის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Astroworld მისი საუკეთესო ნამუშევარია. აშკარაა, რომ არტისტს თავისი ხედვა კარგად აქვს ჩამოყალიბებული და საკუთარი იდეების განსახორციელებლად კოლეგების შემოქმედების გამოყენებაც შეუძლია. ზოგადად, ჩანაწერში უამრავი მოწვეული არტისტის ჩართულობა ყოველთვის პრობლემურია და მთავარი იდეის დაკარგვის საშიშროებას ქმნის, თუმცა, ამ სირთულეს ტრევისი უბადლოდ უმკლავდება.  

აღსანიშნავია, რომ არტისტმა ალბომში თავი ერთდროულად პოპვარსკვლავებს, ინდი მუსიკოსებსა და ახალბედა რეპერებს მოუყარა. დრეიქი, Tame Impala-ს ფრონტმენი კევინ პარკერი, ჯეიმს ბლეიქი, შექ ვესი იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Astroworld-ზე მუშაობდნენ. შედეგად, პროექტი მუსიკალურად ძალზე დეტალური და მრავალფეროვანია. ეს ყველაფერი იდეალურად აისახება ალბომის ერთ-ერთ მთავარ ტრეკზე Sicko Mode, რომლის ინსტრუმენტალიც ხუთწუთიანი ქრონომეტრაჟის განმავლობაში ოთხჯერ იცვლება.

კომპოზიცია Coffee Bean რადიკალურად განსხვავდება იმ ჟღერადობისგან, რაც ტრევის სკოტს ახასიათებს. დაუნტემპო, ჯაზის ელემენტებით შთაგონებული ჰიპ ჰოპ ბითი რეპერს თავისი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ გულახდილად საუბრის საშუალებას აძლევს. ამ ალბომში ტრევისი ხშირად ახსენებს მშობლიურ ჰიუსტონს. თუმცა, მისი წარმომავლობა ჩანაწერის საუნდშიც იგრძნობა, ამ ქალაქის მუსიკალური კულტურიდან ნასესხები სემპლების წყალობით, რომლებიც არტისტს მრავლად აქვს გამოყენებული.

ტრევის სკოტს ყოველთვის თან ახლდა ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი, მაგრამ ამ ალბომით მუსიკოსმა მისი სახელის გარშემო არსებული ჰაიფის შესაფერისი ნამუშევარი შექმნა და თვით ყველაზე ჯიუტი სკეპტიკოსებიც კი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა. 

მოუსმინეთ ალბომს

14. Skee Mask - Compro

წლების წინ, Boys Noize-მა ტვიტერზე იკითხა - "სად არიან კარგი გერმანელი პროდიუსერები?" პასუხად უამრავი კომენტარი მიიღო. დიდ სცენაზე მოსახვედრი ოქროს ბილეთის მოსაგებად ახალბედა მუსიკოსები მას საკუთარი ნამუშევრების ლინკებს უგზავნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი კომენტარი ახალგაზრდა არტისტის, ბრაიან მიულერის საუნდქლაუდის მისამართსაც შეიცავდა. რამდენიმე დღეში ბრაიანს Boys Noize-ისგან შეტყობინება მიუვიდა და წესით, ახლა უნდა ვთქვათ, რომ დანარჩენი უკვე ისტორიაა, მაგრამ არა - საქმე ცოტა უფრო რთულადაა.

ერთი ტვიტით 17 წლის ბიჭმა თავბრუდამხვევი კარიერა აიწყო. თინეიჯერი არტისტი წარმატებით ტკბებოდა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც გააცნობიერა, რომ აქცენტს ყველა მხოლოდ მის ასაკზე და ამ ასაკისთვის შეუფერებლად კარგ მუსიკაზე აკეთებდა. ამ მოვლენებიდან ძალიან მალე სცენაზე Skee Mask გამოჩნდა. პროდიუსერი, რომლის აღარც ასაკი ვიცით და არც ვინაობა. თუმცა, თუ მის ძველ ნამუშევრებს მოვუსმენთ, შევამჩნევთ, რომ Compro-ში თავს იყრის ყველაფერი ის, რისიც 17 წლის ბრაიანს არ სჯეროდა - ზედმეტი აგრესიისგან თავისუფალი, დელიკატური და ფაქიზი მუსიკა. თვითონაც აღიარებს, რომ მაშინ ეს ყველაფერი გართობად ეჩვენებოდა, მომავალზე არ ფიქრობდა და ამას ძალიან ნანობს.

დღეს Skee Mask თავად არის ყველა იმ არტისტის მომავალი, ვისაც საცეკვაო მუსიკის ემოციებისგან გამოშიგვნის ნაცვლად, ახალი მუსიკალური ენის შექმნა სურს. ენის, რომელზეც საუბარი როგორც დენსფლორზე, ასევე სახლში, მყუდრო ოთახში იქნება შესაძლებელი.

13. Mac Miller - Swimming

თანამედროვე ჰიპ ჰოპ არტისტების შემოქმედებაში დეპრესიისა და აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების თემატიკას საკმაოდ ხშირად ვხვდებით, თუმცა, თითზეა ჩამოსათვლელი ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც მსგავს მდგომარეობაში მყოფი მსმენელის გამხნევება შეუძლიათ. მაკ მილერის ალბომი Swimming ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია. 

არტისტის ბოლო სტუდიური ნამუშევარი პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან დაშორებითაა შთაგონებული. ჩანაწერის ჟღერადობა მისი წინა ალბომის The Divine Feminine ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც მილერისა და არიანას ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობდა. თუმცა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა არტისტმა Swimming-ში თავისი შესაძლებლობების უფრო სრულფასოვნად გამოვლენა შეძლო.

ეპოქაში, რომელშიც რეპერებისთვის თითქოს აუცილებლობად იქცა პოლიტიკაზე საუბარი და ტრამპის კრიტიკა, მილერმა მსმენელთა ყურადღების მიპყრობა თავის ძალზე პირადული პრობლემების გაზიარებით გადაწყვიტა. ის შეყვარებულთან დაშორებასა და ამით გამოწვეული ტკივილის ნარკოტიკებით ჩახშობის მცდელობებზე გვესაუბრება. თუმცა, მის შემოქმედებაში ამ ყველაზე დეტალურ ალბომშიც კი არტისტი ზომიერებას არ კარგავს. გვიყვება მხოლოდ იმას, რისი ცოდნაც მისი ემოციების გასაგებადაა საჭირო.  

ნარკოდამოკიდებულება სახიფათოა და შეიძლება, ფატალური შედეგით დასრულდეს - ჩანაწერის ერთ-ერთ კომპოზიციაში Self Care მაკ მილერი საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებაზე საუბრობდა, თუმცა, ალბომის გამოსვლიდან ერთ თვეში 26 წლის მუსიკოსი ფენტანილის ზედოზირებით გარდაიცვალა. Swimming-ის სახით კი ერთ დროს ზედაპირულ და არასერიოზულ, ე.წ. კოლეჯის რეპერად შერაცხულმა არტისტმა ჟანრისთვის სახასიათო კლასიკური ნამუშევარი დაგვიტოვა, რომელიც დროს გაუძლებს.

მოუსმინეთ ალბომს

12. J.I.D - DiCaprio 2

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ჟღერადობა საკმაოდ განსხვავდება იმ საუნდისგან, რომელიც ჟანრს ათწლეულების მანძილზე ახასიათებდა. დღეს ლირიკული დახვეწილობა და ტექნიკური უნარ-ჩვევები მეორეხარისხოვანია. რეპერის შესაძლებლობები უმნიშვნელო ხდება და წინა პლანზე კომპოზიციის ემოციური ფონი გადმოდის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იმ არტისტების შემთხვევაში იჩენს თავს, რომლებიც აქცენტს რეჩიტატივის სწრაფად კითხვაზე აკეთებენ. მეინსტრიმ ინდუსტრიაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ასეთი მიდგომა უშინაარსო შემოქმედების ფასადია. 

ატლანტელი რეპერი J.I.D თავისი ალბომის პირველივე ტრეკით სწორედ ამ უსაფუძვლო შეხედულებას აყენებს ეჭვქვეშ და გვაიძულებს, მის ნამუშევრებს ქვეტექსტებისა და შედარებების ძებნის გარეშე ვუსმინოთ. ის ცდილობს, მსმენელთა ცნობიერებაში დალექილი ტრადიციული კანონზომიერებები გაანეიტრალოს და შეფასების კრიტერიუმები საკუთარი მუსიკის მეშვეობით დაადგინოს. DiCaprio 2-ში ჯეიაიდი მუდმივად ემოციურია, ის თითქოს აფექტის მდგომარეობაშია და მალე სადავეები ხელიდან გაექცევა. რეპერი იმდენად დახელოვნებულია, რომ ეს ყველაფერი უმარტივესად ან საერთოდ შემთხვევითობადაც კი გვეჩვენება. ასეთი ინტენსიური შესრულების მანერით არტისტი მსმენელის ყურადღებას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც ძალზე რთულად მისაღწევია. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს მისი, როგორც ემსის ტალანტი.

მუსიკალურად ალბომი ატლანტის სცენისთვის დამახასიათებელ ჟღერადობას არ გაურბის, თუმცა, რეპერი მძიმე ბასისა და ჰაი ჰეთების მონოტონური გავლენის ქვეშ არ ექცევა. ბითები მინიმალისტურია და ემსის ფართო სივრცეს სთავაზობს, რაც შინაარსისა და კონტექსტის განვითარების საშუალებას იძლევა. ჩანაწერში ასევე ვხვდებით კომპოზიციებს, რომლებიც ჯაზის, არენბისა და ადრეული ჰიპ ჰოპის ელემენტებს შეიცავს. ტრეკები ძირითად პირადულ ისტორიებზეა აგებული, არტისტი თვითდაკვირვებას ეწევა, თუმცა, საკუთარი გამოცდილების განზოგადებისგან თავს იკავებს.

ჯეიაიდის მუსიკა, ლირიკული ტექნიკა, ხმის ტონალობა და აღნაგობაც კი ქენდრიქ ლამარის ასოციაციას იწვევს. ალბომის გამოსვლამდე ატლანტელმა რეპერმა მსმენელები გააფრთხილა, რომ მისი რელიზი არ იქნებოდა ლამარის ეპოქალური ჩანაწერის Good Kid, M.A.A.D City მსგავსი. მართლაც, ეს ორი ნამუშევარი ერთმანეთისგან საფუძვლიანად განსხვავდება. ჯეიაიდი მეტ ყურადღებას შესრულების ტექნიკას უთმობს და ქენდრიქისგან განსხვავებით, მორალის კითხვას არ ცდილობს. მისი ალბომი არტისტის პოტენციალის ერთგვარი გამოფენაა, რომელსაც ჯერჯერობით მიმართულება არ მოუნახავს. თუმცა, DiCaprio 2 შეიცავს ყველა საჭირო ინგრედიენტს იმისთვის, რათა ჯეიაიდიმ ლამარის მსგავსად საკუთარი თავი იპოვოს და ინდუსტრიის სათავეში მოექცეს.

მოუსმინეთ ალბომს

12. Tim Hecker - Konoyo

ტიმ ჰეკერი თავისი თაობის საუკეთესო ემბიენთ პროდიუსერია. აეროპორტებისა და პასიური მოსმენისთვის განკუთვნილი ჟანრი უკვე წლებია, კანადელი მუსიკოსის მუდმივ წნეხს განიცდის. თუ ჰეკერის კარიერის პირველი დეკადა ამ მიმდინარეობისთვის ტრადიციულ, შეიძლება ითქვას, კონფორმისტულ ნამუშევრებს დაეთმო, ათიანი წლების დასაწყისში გამოსული Ravedeath, 1972-დან მის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არტისტი სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე დადგა. სწორედ ამ ჩანაწერის მოსმენისას აღმოვაჩინეთ, რომ ჰეკერს აკუსტიკურ ინსტრუმენტებთან ურთიერთობა და ბევრად მრავალფეროვანი მუსიკის შექმნა შეუძლია. Konoyo ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

ცნობილი კომპოზიტორი და ტიმ ჰეკერის კარგი მეგობარი იოჰან იოჰანსონი, რომელიც, სამწუხაროდ, წელს გარდაიცვალა, პირველი იყო, ვინც არტისტს ადრეული შუა საუკუნეების იაპონიაში ჩასახული ჟანრი, გაგაკუ გააცნო - საიმპერატორო კარის კლასიკური მუსიკა. Konoyo-ს საფუძვლად ჰეკერმა ამომავალი მზის ქვეყნის სწორედ ეს უძველესი მუსიკალური ტრადიცია აქცია.

ახალ სტუდიურ ალბომზე მუსიკოსმა გაგაკუ ანსამბლ Tokyo Gakuso-სთან ერთად იმუშავა. მისი ძირითადი ნაწილი კი ტოკიოს მახლობლად მდებარე ბუდისტურ ტაძარში ჩაიწერა. Konoyo თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ანტიკური იაპონური საკრავების, მუსიკისა და ჰარმონიის შექმნის ორი სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი მეთოდების შერწყმის შედეგია - არაჩვეულებრივი ნამუშევარი, რომელსაც თვალდახუჭული უკვე ვეღარ მოუსმენ. 

10. Lil Wayne - Tha Carter V

ლეგენდარულმა ნიუ ორლეანელმა არტისტმა ამ პროექტის მეხუთე ნაწილზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაასრულა, თუმცა, მისი ცხოვრების შემდგომი პერიოდი ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულებით, გაუარესებული ჯანმრთელობით, არაერთი ჰოსპიტალიზაციითა და კოლეგა, მენტორ და ლეიბლ Cash Money-ის მფლობელ ბერდმენთან სასამართლო დავით აღინიშნა, რის გამოც Tha Carter V-ის გამოშვება დიდი დროით გადაიდო.

ყველაფრის მიუხედავად, ლილ უეინი შემოქმედებით აქტივობას არ ანელებდა, მაგრამ სამართლებრივი პრობლემების გამო არტისტი ინდუსტრიის მიღმა რჩებოდა. დავა წლობით გაიწელა, ალბომის გამოსვლის შანსები მცირდებოდა. ამ ყველაფერს 2016 წელს მომხდარი შემთხვევა დაემატა - უეინმა საკუთარი "ბუგატი ვეირონი" ისე გაყიდა, რომ პირადი ნივთები მანქანაში დატოვა. სწორედ ასე ჩაიგდო ხელში ავტომობილის ახალმა მფლობელმა ალბომის დასრულებული ვერსია. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ დროს პლანეტის საუკეთესო რეპერი ნამუშევრის გავრცელებას ვეღარ შეძლებდა.

ამ დროის განმავლობაში ჟანრში ტენდენციები შეიცვალა. უეინის ერთ დროს ინოვაციური სტილი მეინსტრიმად გადაიქცა. კოდეინი, სპრაიტი და რითმებზე ორიენტირებული უაზრო, ველური ფლოუ მოთხოვნადი გახდა. თუმცა, ეს ყველაფერი მისი ფუძემდებლის გარეშე კონტექსტისგან დაცლილ, ერთჯერადი მოხმარების მუსიკად იქცა.

ასეთ ფონზე Tha Carter V წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გამოდგა. მასში თანაბრად არის წარმოდგენილი სტუდიური ალბომების და მათგან სტილისტურად განსხვავებული მიქსტეიპების ლილ უეინი. ერთი მხიარულია, გართობაზე ფოკუსირებული და ლირიკულად ისეთი მოქნილი, როგორც არასდროს, მეორე უფრო მელანქოლიურია და საკუთარ სისუსტეებზეც ღიად საუბრობს. ასეთი მიდგომის საშუალებით, კარტერი იმ სტილის ჩემპიონად გვევლინება, რომელიც მსმენელებს პირველად სწორედ მან გაგვაცნო.

ლილ უეინის შემოქმედებაში წამყვანი ყოველთვის მისი ფლოუ იყო. ეს ამ ალბომშიც აშკარაა. თითქმის 90 წუთის განმავლობაში ემსი სრულ კონტროლს ინარჩუნებს და მისთვის დამახასიათებელ უცნაურობებს არ გვაკლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნამუშევრის ერთ-ერთი წამყვანი ტრეკი, ქენდიქ ლამართან ერთად ჩაწერილი Mona Lisa წლის საუკეთესო ვერსებს შეიცავს. არანაკლებ შთამბეჭდავია ალბომში შესული სხვა კომპოზიციებიც. უეინის, როგორც არტისტის გავლენა ჟანრზე ძალზე მასშტაბურია, Tha Carter V კი სწორედ ის ჩანაწერია, რომლითაც რეპერი მის მიერ უკვე მრავალჯერ დამტკიცებულ ლეგენდის სტატუსს კიდევ ერთხელ ამყარებს.

მოუსმინეთ ალბომს

9. Kamasi Washington - Heaven and Earth

ჯაზის ვეტერანი მსმენელებისგან ხშირად მოისმენთ განცხადებას, რომლის თანახმადაც ჟანრს არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანა უდგას. პოპულარული მუსიკის ჩარტებზე თვალის გადავლების შემდეგ გვიჭირს, ამ მოსაზრებას შევეწინააღმდეგოთ - მიმდინარეობის წარმომადგენლები დღესდღეობით ან ჯონ კოლტრეინისა და დიუკ ელინგტონის მსგავსი ლეგენდების სტილის კოპირებას ცდილობენ ან სხვა, უფრო მოდური მიმართულებების ელემენტების ინტეგრირებით სურთ ფონს გასვლა. თუმცა, ამერიკელი საქსოფონისტის, კამასი ვაშინგტონის ამბიციები ამაზე გაცილებით შორის მიდის. წლევანდელი ალბომით Heaven and Earth მუსიკოსმა დაგვანახა, რომ მისი მიზანი ჯაზის სავსებით ახალი, ორიგინალური ფორმის შექმნაა.

"ალბომის მეორე ნაწილი (Earth) იმ რეალობას ასახავს, რომელშიც ვცხოვრობ, პირველი (Heaven) კი ჩემი შინაგანი სამყაროს, ჩემი პიროვნების გამოძახილია", - განაცხადა მუსიკოსმა. ჩანაწერში ეს იდეური ხაზი თვალნათლივ იგრძნობა - ვაშინგტონი გამუდმებით ეხება რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის მიწიერ პრობლემებს, მათთან ერთად კი ალბომში აფროფუტურისტულ, სპირიტუალიზმით შთაგონებულ კოსმიურ იდეალებს აქსოვს.

არტისტის ხედვის ფართო თვალსაწიერს სრული სიმძაფრით Fists of Fury ასახავს. ეს კომპოზიცია ამავე სახელწოდების ფილმის მუსიკალური თემის ინტერპრეტაციაა. 1972 წელს გამოსულ სურათში ლეგენდარული ბრიუს ლის მიერ განსახიერებულ ჩინელ პერსონაჟს იაპონელთა ქსენოფობიის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. ვაშინგტონი ამ პარალელით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეთნიკური თუ რასობრივი ნიშნით ჩაგვრა არა ლოკალური პრობლემა, არამედ გლობალური სენია.

ვაშინგტონის მთავარი მიღწევა, პირველ რიგში, ის არის, რომ საკუთარ შემოქმედებაში თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების ასახვას ჯაზის კლასიკური ფორმებისგან დაცილების გარეშე ახერხებს. ურთულეს ვარიაციებთან ერთად ჩანაწერში მარტივ, მელოდიურ რიტმებსაც ვაწყდებით, აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე შესრულებულ პენტატონიკურ გამებთან ერთად კი სინთეზატორის სოლოებიც გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონს საკუთარი ბენდის გარდა, აკომპანემენტს არაერთი ბრწყინვალე მოწვეული მუსიკოსი უწევს. ალბომის მოსმენისას ხან ტერას მარტინის ხავერდოვანი სოლოები გვანებივრებს, ხანაც ვირტუზი ბასისტის, Thundercat-ის მიერ შესრულებული რიფები .

ალბომის საუკეთესო კომპოზიციის წოდებას Street Fighter Mas იმსახურებს. ეს ჯადოსნური ტრეკი და მისი თანმხლები, ძალზე ეფექტური ვიდეორგოლი სრულად ასახავს იმ ხედვასა და ამბიციებს, რომლებიც ამ ჩანაწერშია ჩადებული. ვაშინგტონმა Heaven and Earth ორნაწილიან რელიზად დააანონსა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად მესამე, დაახლოებით ორმოცწუთიანი The Choice-იც მოაყოლა. მართლაც საინტერესოა, თუ რა სახის არჩევანს შემოგვთავაზებს მომავალში თანამედროვე ჯაზის უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

► მოუსმინეთ ალბომს

8. Janelle Monáe - Dirty Computer

ამერიკელი ჯანელ მონესთვის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი Dirty Computer ახალ გამოწვევად იქცა. ამ ალბომში ჩადებული უზარმაზარი შრომა არტისტს არა მხოლოდ თაყვანისმცემელთა მხრიდან აღიარებით, არამედ გრემის ნომინაციითაც დაუფასდა.

49-წუთიან ჩანაწერში ჯანელი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ჰომოფობია, უმცირესობათა უფლებები და ის სიძნელეები, რომელთა გადალახვაც ქალებს ყოველდღიურად უწევთ - პოპვარსკვლავების მხრიდან მსგავის თემების წამოწევა ხშირად მხოლოდ კომერციული მოსაზრებებითაა განპირობებული, თუმცა, მონეს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. თითოეულ ამ პრობლემაზე ის მხოლოდ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე მსჯელობს. ალბათ, ამიტომაცაა ალბომში შესული კომპოზიციები ასეთი ემოციური და გულშიჩამწვდომი.

ჯანელი ჟანრობრივ ბარიერებს არ ცნობს. ის ოსტატურად იყენებს არენბის, ფანკის, ნეო სოულისა და ჰიპ ჰოპის ელემენტებს და მათი შერწყმით უაღრესად დახვეწილი ჟღერადობის ნამუშევარს გვთავაზობს. ალბომის მოსმენისას ადვილად შეამჩნევთ 80-იანი წლების პოპ მუსიკის გავლენას, რომელსაც არტისტი თანამედროვე აკუსტიკურ ტენდენციებს ადვილად უთავსებს. 

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერს განსაკუთრებულს პოპვარსკვლავის გარშემო შეკრებილი მუსიკოსებიც ხდიან. ალბომზე მუშაობისას მონემ The Beach Boys-ის ერთ-ერთ დამაარსებელ ბრაიან ვილსონთან, გრაიმსთან და ფარელ უილიამსთან ითანამშრომლა. სტუდიურ ნამუშევარში არაერთი კარგი სიმღერაა თავმოყრილი, მათ შორის ორიგინალურობითა და საინტერესო ჟღერადობით კომპოზიციები Crazy, Classic, Life და Make Me Feel გამოირჩევა. ეს უკანასკნელი პრინსის ნამუშევრებს მოგაგონებთ, რაც გასაკვირი არაა, რადგან ჯანელი ლეგენდარულ მუსიკოსს საკუთარ გურუდ და მასწავლებლად თვლის. Dirty Compiuter მონეს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც აქტუალურობას კიდევ დიდხანს არ დაკარგავს.

► მოუსმინეთ ალბომს

7. The Carters - Everything Is Love

კარტერების ოჯახი ამერიკული ოცნების განსახიერებაა, თუმცა, 2016 წელს სამაგალითო წყვილი დაშორების პირას აღმოჩნდა. ალბომში Lemonade ბიონსემ ჯეი ზი ღალატში ამხილა. შემდეგ ამ უკანასკნელმა თავის სტუდიურ ნამუშევარში 4:44 პოპვარსკვლავს ბოდიში საქვეყნოდ მოუხადა. წყენა წარსულს ჩაბარდა და მუსიკოსებმა კი აღდგენილი ოჯახური იდილია ერთობლივი ნამუშევრის ჩასაწერად გამოიყენეს.

სიტუაცია დაახლოებით ისეთია, გენიალურის შესაქმნელად ახლის გამოგონება რომ არ გიწევს. Everything Is Love სწორედ ამის მტკიცებულებაა. ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ჩანაწერია, რაც წელს ჰიპ ჰოპისა და ზოგადად მუსიკის მოყვარულებმა მოვისმინეთ. თრეფი? ბუმ ბეფი? 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ხისტი ინსტრუმენტალები? ან იქნებ გასული საუკუნის კლასიკად ქცეული ჩანაწერების სემპლებით გაჯერებული ბითები? თქვენ გაგიმართლათ - აქ ყველაფერია და თან ამ ყველაფერს ჯეი ზი თავისი, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული, თუმცა, ღრმა შინაარსის მქონე ტექსტებით დამატებით ხიბლს სძენს. ლეგენდარული რეპერის ლაინების აზრში წვდომისგან განსამუხტად კი ბიონსეს ექსპრესიული ვოკალი საუკეთესო საშუალებაა.

ჟანრის მოყვარულები ამას ჩანაწერის ერთადერთი სინგლის მოსმენის დროსაც მარტივად მიხვდებით. Apeshit თანამედროვე ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი თრეფ ბითით, რომელსაც თეთრ პერანგში გამოწყობილი 50 წელს მიტანებული არტისტი 90-იანი წლების ფლოუთი კლავს. ტრეკი თემატურად ქანიე ვესთისა და ჯეი ზის ერთობლივი ჰიტის Niggas In Paris ერთგვარი გაგრძელებაა. კარტერების წყვილი ჟანრში საკუთარ წონას უსვამს ხაზს და თავისი მაღალი სტატუსით ტკბება. როლექსის ძვირადღირებული მოდელები თუ პირადი ბოინგი ერთ დროს რიგითი აფროამერიკელების დაუღალავი შრომის შედეგია. დღეს კი მილიონების კერპად ქცეული ოჯახი ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიცემას ცდილობს. 

თუ თქვენ მეოცე საუკუნის სოულისა და ჰიპ ჰოპის სინთეზის მოყვარული ხართ, პირველ რიგში Black Effect-ის დაგემოვნებას გირჩევთ. ჩანაწერის, რომელშიც ბიონსე და ჯეი ზი საკუთარი წარმომავლობით ამაყობენ და თავიანთ კანის ფერს საჭიროზე ხშირად უსვამენ ხაზს. მუდმივმა წარმატებებმა მუსიკოსებს თითქმის მიუღწეველი მიზნების მიღწევით გამოწვეული სიამოვნება გაუუფასურა. ჯეი ზი ხომ აშშ-ში ყველაზე საშიშ მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ქუჩაზეც ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

თუ 90-იანი წლების ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ჟღერადობა მოგენატრათ, შორს წასვლა არც ამჯერად მოგიწევთ. კომპოზიცია Lovehappy ალბომის კონცეფციას ყველაზე ნათლად გადმოგვცემს. კარტერების შერიგებას ბიონსე რომის იმპერატორის, იულიუს კეისრის სიტყვებით აღწერს - "მივედით, ვნახეთ და დავიპყარით. ჩვენ ახლა უკვე ტკბილად და ბედნიერად ვცხოვრობთ". 

Everything Is Love-ში პოპმომღერალი ბიონსე ნოტორიოს ბიაიჯისა და დოქტორ დრეს ეპოქალურ ციტატებს იმეორებს. ის ისეა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებობებში, თითქოს ზურგს ჟანრში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებდეს. Apeshit-ში ბიონსეს ბოლო ვერსით მოხიბლული Chance The Rapper მას საუკეთესო რეპერად ასახელებს. ამ ალბომის მოსმენის შემდეგ მართლაც რწმუნდები, რომ ის ინდუსტრიაში მოღვაწე არტისტების უმრავლესობას ნამდვილად სჯობს. 

დაასახელეთ თქვენი ფავორიტი 2018 წელს გამოსული ჰიპ ჰოპ ალბომი და მისი ჟღერადობის გათვალისწინებით, აუცილებლად გამოგიძებნით კარტერების ერთობლივი ჩანაწერიდან ტრეკს, რომელიც თქვენს აღფრთოვანებას გამოიწვევს. და თუ აქამდე არ გჯერათ დროის მანქანის არსებობის, სულ ტყუილად. ის ნიუ იორკელი არტისტის, შონ კარტერის ხელშია, რომელიც 1990-იანი, 2000-იანი, 2010-იანი წლების პირველი ნახევრისა და ახლა უკვე თანამედროვე ჰიპ ჰოპის ჟღერადობას ერთნაირი წარმატებით ქმნის. მისი ტრანსფორმაცია უნიკალურია.

მოუსმინეთ ალბომს

6. Drake - Scorpion

მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობისას დრეიქს ყურადღება გაეფანტა. ამის მიზეზი მისი მაშინდელი მეგობრის, ქანიე ვესთის ინსტრუმენტალის ფონზე ფუშა თის მიერ წაკითხული ვერსი გახდა, რომელშიც ეს უკანასკნელი დრეიქს გოუსთრაითერების დაქირავების გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებდა. როგორც დრიზი ამბობს, მაშინ Scorpion მხოლოდ სანახევროდ იყო დასრულებული, მაგრამ ფუშას Infrared-ს ის უპასუხოდ ვერ დატოვებდა.

ფუშას მომდევნო დის-ტრეკიდან Story of Adidon გავიგეთ, რომ დრეიქი ყოფილ პორნოვარსკვლავთან, სოფი ბრუსოსთან შეძენილ შვილს მალავდა. Scorpion-ში ტორონტოელი რეპერი ამბობს, რომ ის ბიჭის ბინძური ჭორებისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა, მოპასუხის როლში მყოფი ობრი გრეემის სიმღერები არადამაჯერებელ თავის მართლებას დაემსგავსა. ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი დაპირისპირება კანადელმა სუპერვარსკვლავმა წააგო და მან ეს კარგად იცის. ამის მიუხედავად, დრეიქი მუსიკალური ჩარტების წამყვანი პოზიციებიდან არ გამქრალა და არც Scorpion ყოფილა კრახი. მეტიც, განცდილი მარცხი მას საერთოდ არ დაეტყო. ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში ეს ძალიან რთულად მისაღწევია და არტისტის სიდიადეზე მიანიშნებს. დრიზი უფრო დიდია, ვიდრე რეპი.

ალბომის სახელი - Scorpion რეპერის ზოდიაქოს ნიშანზე მიუთითებს. ასტროლოგიური ლეგენდის თანახმად, მორიელის თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევიან და დასახული მიზნების მიღწევაც არ უჭირთ. დრეიქი ცდილობს, თავის ძლიერ ნებისყოფასა და მტკიცე ხასიათს გაუსვას ხაზი, მტრულად განწყობილ ადამიანებს კი აფრთხილებს, რომ არასდროს არაფერს აპატიებს.

სტუდიური ნამუშევარი 25 ჩანაწერისგან შედგება და კონცეპტუალურად ორ ნაწილად იყოფა. პირველი უფრო ტრადიციულ ჰიპ ჰოპ ტრეკებს შეიცავს, მეორის კომპოზიციები კი არენბი ჟღერადობით ხასიათდება. მუსიკალურად Scorpion დრეიქის წინა ალბომებისგან საკმაოდ განსხვავდება. აქ ვეღარ შეხვდებით ბრიტანული გრაიმის გავლენას, სამაგიეროდ, კომპოზიციაში Don’t Matter To Me მაიკლ ჯექსონის დასემპლილ მისამღერს გადააწყდებით. ნამუშევარი ტექნიკურად უფრო გამართულია და მელოდიურად გაცილებით მდიდარი, ვიდრე არტისტის სხვა პროექტები. საკლუბო ბენგერებითა და მისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური კომპოზიციებით გაჯერებული Scorpion დრეიქის ყველაზე ძლიერი რელიზია.

მოუსმინეთ ალბომს

5. SOPHIE - Oil Of Every Pearl's Un-insides

ელექტრონულ მუსიკაში, სადაც სათქმელის ვერბალური გამოხატვის პრობლემა მუდმივად არსებობს, ავთენტიკურობის ძებნას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც წმინდა გრაალის ძიებებს შუა საუკუნეების ქრისტიანებისთვის. პროდიუსერები ყველა ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ საკუთარი შემოქმედება თავისსავე პიროვნებას დაუახლოონ და ამით მუსიკა უფრო გულწრფელი გახადონ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ავთენტიკურობა სულის ამოძახილი სულაც არ არის. ის კონცეპტია, რომელიც შეგიძლია, მოიგონო - იყო ხელოვნური, მაგრამ ამავდროულად ავთენტიკური.

ამ ალბომით სოფიმ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელია, სრულიად აბსტარქტული იდეაც კი ისეთივე ავთენტიკური გახდეს, როგორიც პირადი ისტორიებია. ამ თვალსაზრისით, პლასტმასისგან გაკეთებული მუსიკა ასე შორს, ალბათ, არც არასდროს წასულა.

Madonna, Lady Gaga, Charlie XCX, Vince Staples, MØ - ამ და სხვა საინტერესო მუსიკოსების პროდიუსერი Oil Of Every Pearl's Un-insides-ში ბევრად უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა საკუთარ თავსა და ემოციებზე. თუმცა, მოჭარბებულმა ვოკალურობამ ნამდვილად არ შეიწირა ყველაფერი ის, რითაც მისი მუსიკა გავიცანით - გლიჩური ტექსტურები, ლატექს პოპისთვის დამახასიათებელი ელასტიკურობა და არასტანდარტულობა.

პირიქით, უკიდურესად გაციფრულებულ და სტერილურ ჟღერადობას სოფიმ კიდევ ერთი საინტერესო შრე შესძინა. ეს კი, ძირითადად, მისი სონგრაითერული უნარების დამსახურებაა. სოფის მუსიკა ამერიკული მთების ატრაქციონს ჰგავს - ცვალებადი ემოციებით სავსე მოგზაურობას, სადაც ყოველ ახალ აღმართზე შფოთის დონე მატულობს, დაშვების შემდეგ კი ყველანაირი ემოციისგან თავისუფლდები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მთელი ეს დრო სკამზე ხარ დაბმული და ფეხს ვერსად გაადგამ.

ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრში მოღვაწე არტისტებს შორის, საკუთარ შემოქმედებაში პოპის მტკივნეული პენეტრაცია, Arca-ს შემდეგ, სწორედ სოფიმ დაიწყო. შედეგად კი, ერთი შეხედვით, საკმაოდ არაკომფორტული ჟღერადობა მივიღეთ, რომელიც ამავდროულად მასობრივ მსმენელზეა გათვლილი. იმავე გზას დაადგა Yves Tumor, რომელსაც სოფისთან ერთად ელექტრონული მუსიკის სივრცეში წლის ყველაზე ხმამაღალი განაცხადი ეკუთვნის.

► მოუსმინეთ ალბომს

4. Pusha T - Daytona 

ბრონქსელი ვეტერანი, რომელიც უკვე მესამე ათწლეულია, საკუთარი ხელწერის ერთგული რჩება, კარიერის საუკეთესო ალბომს წერს. ქანიე ვესთის გადაწყვეტილებით, ნამუშევარი მხოლოდ 7 კომპოზიციას აერთიანებს, რამაც მეფე ფუშას კიდევ უფრო გაურთულა ჩანაწერის კონცეპტუალურად გამართვა, თუმცა, მან ეს მოახერხა და მის შესაძლებლობებში ეჭვი აღარავის ეპარება.

Daytona შეგვიძლია მოსავლის აღებას შევადაროთ, რომელსაც პატრონი ასე დიდხანს ელოდა. იმის მიუხედავად, რომ ფუშას საკუთარი დიზაინით შექმნილი "ადიდასის" სპორტული ფეხსაცმელი აცვია, ის კვლავ მშობლიური ქუჩის კუთხეში დგას ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ოღონდ, ამჯერად მეფის გვირგვინით თავზე.

ხმის ხისტი ტემბრით, კითხვის ცოტა ერთფეროვანი, მაგრამ ხელოვნების დონეზე აყვანილი მანერითა და წარმოუდგენელი ბარებით რეპერი თავის სამეფოში გვამოგზაურებს. ფონს კი ქანიეს მიერ თითქმის ორი წლის განმავლობაში ნარჩევი სემპლებით აწყობილი ინსტრუმენტალები გვიქმნის, რომლებიც კლასიკური ჰიპ ჰოპის გურმანებს 2010 წლის შემდეგ ასე მოგვენატრა. სხვათა შორის, ამ სემპლების გამოყენების უფლებები კოლეგებს 2 მილიონ აშშ დოლარამდე დაუჯდათ.

ალბომში მოთხრობილი ისტორიების განწყობას გარეკანზე დატანილი ფოტო გადმოსცემს, რომელზეც უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების დღეს, მის სააბაზანოში მიმოფანტული ნარკოტიკებია აღბეჭდილი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამუშევრის ყდით შეფასება სწორი გადაწყვეტილებაა.

ამ სტუდიურ ჩანაწერზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კომპოზიციას Infrared, რომელშიც ფუშა მასზე გაცილებით პოპულარულ არტისტს, კანადელ სუპერვარსკვლავ დრეიქს, ერთი შეხედვით, ბინძური ხერხების გამოყენებით დისავს. მაგრამ ჩვენს ჟანრში დისსა და ბიფს ჩარჩოები არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ხანდახან საკუთარი ტრეკების ტექსტებსაც კი არ წერს.

ნიუ იორკელმა რეპერმა სოციალური ქსელების სამყაროში ტრადიციად ჩამოყალიბებული სტერეოტიპი დაამსხვრია და დრიზისთან უთანხმოება მონადირისა და მსხვერპლის სიკვდილისწინა თამაშს დაამსგავსა. გააკეთა ის, რაც კომერციულად მასზე გაცილებით წარმატებულმა მუსიკოსებმა, მიკ მილმა და თორი ლეინზმა ვერ შეძლეს. ჟანრმა ერთხმად აღიარა დრეიქის პირველი დამარცხება, ფუშა თის თაყვანისმცემლებს დრეიქის არაერთი გულშემატკივარი შეემატა. ასეთ ფაქტები კი ჰიპ ჰოპში ძალიან ფასდება.

მოუსმინეთ ალბომს

3. Rosalía - El mal querer

როზალია ვილა 2018 წლის აღმოჩენაა. ესპანელი მუსიკოსის რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა გულგრილი, ფაქტობრივად, არავინ დატოვა. მართლაც, ძნელია, მე-13 საუკუნის უცნობი ავტორის მიერ ოქსიტანურ ენაზე დაწერილი კურტუაზული რომანით, "ფლამენკათი" შთაგონებულ ამ ულამაზეს ჩანაწერს მოუსმინო და აღფრთოვანებული არ დარჩე.

თუ სადებიუტო ნამუშევარში Los ángeles როზალიამ თავი ფლამენკოს სტილის კლასიკურ ბალადებს მოუყარა, წელს შემსრულებელმა ტრადიციული ესპანური მუსიკის ბაზაზე სრულიად ახალი, ექსპერიმენტული პროექტი შემოგვთავაზა, რომელიც იმდენად უნივერსალური აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში მილიონობით მელომანის გულის მოგება შეძლო. 

ხარებთან ბრძოლის ყიჟინა ნამუშევარში მოტოციკლის ძრავის ხმაურმა ჩაანაცვლა. ეს ურბანული აკუსტიკური მეტაფორა 25 წლის მუსიკოსისთვის ტრადიციების თანამედროვე ყოფასთან შერწყმის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როზალიასთვის ფლამენკო კვლავაც ინტერესის მთავარ საგნად რჩება, რომელიც მას გზას შემოქმედებითი თავისუფლებისკენ  უკაფავს, თუმცა, არტისტი ტრადიციულ ფოლკ ჟღერადობას ალტერნატიული არენბი ელემენტებით ახალისებს და ამით ესპანური ეთნო მუსიკის განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს აჩენს.

როზალიას სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრწყინვალედ შეძლო ალბომის კონცეფციის მსმენელამდე მიტანა. ეს, პირველ რიგში, კომპოზიციებში პოპ მუსიკის ელემენტების ჭარბი დოზებით გამოყენების შედეგია. ამის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითებია Malamente და Pienso en tu mirá, რომელთა პოპფაქტურაც საოცარი ოსტატობითა და გემოვნებითაა დამუშავებული.

ჩანაწერის ყველაზე მონუმენტურ ნამუშევრებში Que no salga la luna, Reniego და De aquí no sales როზალია ჩვენს მოხიბვლას ექსპრესიული ვოკალით ცდილობს. Nana-ში კი მისი შესრულების მანერის მრავალფეროვნება იმდენად დიდ ეფექტს ახდენს, რომ თითოეული დეტალის სრულფასოვანი გააზრებისთვის შეიძლება, კომპოზიციის განმეორებით მოსმენა გახდეს საჭირო.

El mal querer ვნებითა და ტკივილით გაჟღენთილი ნამუშევარია, რომლის ცეცხლოვანი ტემპერამენტი მსმენელზე მომნუსხველად მოქმედებს. როზალიას ალბომი მარკესის "მარტოობის ას წელიწადს" წააგავს. მის მსგავსად, ისიც ილუზიებით, მითებითა და ალეგორიებითაა სავსე. ალბათ, ამიტომაცაა ეს სტუდიური ჩანაწერი ასეთი ღირებული და მომაჯადოებელი.

► მოუსმინეთ ალბომს

2. Yves Tumor - Safe in the Hands of Love

თამამად შეგიძლიათ, ივ ტუმორს თქვენი საიდუმლო ანდოთ - ის მას არავის მოუყვება. ვისაც არტისტის ადრინდელი ჩანაწერები ახსოვს, კარგად იცის, რომ ამერიკელ მულტიინსტრუმენტალისტს ბევრი ლაპარაკი არასდროს უყვარდა. 2016 წელს PAN-ზე გამოცემული Serpent Music-ის შემდეგ კი შონ ბოუიმ აქტიურად დაიწყო კონცენტრირება პოპ ფაქტურაზე და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი პოპ მუსიკის კეთებაა. შედეგად Safe in the Hands of Love მივიღეთ, რედაქციის აზრით, წლის საუკეთესო ელექტრონული ალბომი.

ალბომის პირველ სინგლს სახელწოდებით Noid მსმენელთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. არტისტის მცდელობა ამერიკაში პოლიციისადმი უნდობლობის პარაnoidულ გამოვლინებებზე ემღერა, საკმაოდ ბანალური იყო - ჩვენ მისგან სულ სხვა ისტორიებს ველოდით. შემდეგ კი წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოპ კომპოზიცია Licking an Orchid გავრცელდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ის ქაოსი, შიში, დისორიენტაცია და ტრავმა, რაც ივ ტუმორის მუსიკაში ყოველთვის იკითხებოდა, ვერბალურ ფორმებში კონვერტირდა.

იმის მიუხედავად, რომ ალბომი სონგრაითინგის მასტერკლასად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მომდევნო სიმღერის ტექსტი ახალ თავსატეხს აჩენს. სტუდიური ჩანაწერის სრულად მოსმენის შემდეგაც კითხვა უფრო მეტი რჩება, ვიდრე პასუხი - სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ანდოთ მას თქვენი საიდუმლო. ზუსტად ისე, როგორც ეს ბისკეინელმა ძმებმა გააკეთეს.

ტოქსიკურ სასიყვარულო ურთიერთობაზე ტირილის მიღმა, არტისტი საკუთარი ტრავმის სხვადასხვა შრეს გვიჩვენებს, რაც ძალიან კარგად ჩანს კომპოზიციაში Lifetime. ალბომის ლირიკულად ყველაზე გამართულ და საინტერესო სიმღერაში მუსიკოსი თითქოს კლაუსტროფობიურ განცდებსა და წარუმატებლობით გამოწვეულ ფრუსტრაციაზე მღერის, მაგრამ ფონად I miss the days out in Biscayne, I miss my brothers გვესმის.

ვინ ძმები? ან რა მოხდა ბისკეინში? აქ ვიგებთ, რომ Licking an Orchid-ის პათოსი ტანჯვაში სიამოვნების ძიების შესახებ ორაზროვანი ხდება. Recognizing the Enemy-ში კი ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემის პერსონისგან დაცლას ვხვდებით, რის შედეგადაც ვკარგავთ ალბომში მოთხრობილი ისტორიების მთავარ პროტაგონისტს და გვრჩება მხოლოდ ამბები ადამიანების გარეშე. როგორც ჩანს, არტისტი ყველაფრის მოსაყოლად ჯერ მზად არ არის.

სამაგიეროდ ის მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულიად ქაოტური ტექსტურების მქონე ინსტრუმენტული მხარე, რომელიც პერიოდულად ნოიზის, ზოგჯერ კი ფსიქოდელიური როკის ფაქტურით გამოირჩევა, ერთიან სივრცეში მოექცია. როგორც ლირიკულად, ასევე  ინსტრუმენტული ასპექტის გათვალისწინებით, Safe in the Hands of Love ივ ტუმორის საუკეთესო ნამუშევარია და ჩვენი სიის მეორე ალბომი.

► მოუსმინეთ ალბომს

1. Kids See Ghosts - Kids See Ghosts

მაკ მილერის ალბომისა და მისი უეცარი სიკვდილის ფონზე ქანიე ვესთისა და ქიდ ქადის ამ პროექტის რელევანტურობა, ვფიქრობთ, ეჭვს არ იწვევს. ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში, რომელსაც დღესაც კი აბსურდული მასკულინური სტერეოტიპები ახასიათებს, საკუთარ სისუსტეებსა და მენტალურ პრობლემებზე საუბრის ტრადიციას საფუძველი სწორედ ქანიემ და ქადიმ ჩაუყარეს, როდესაც 2008 წელს გავრცელებულ პირველ კოლაბორაციულ ნამუშევრებში მსგავს თემატიკას მიმართეს. მას შემდეგ, ამ ტენდენციამ ჟანრი დაიპყრო, ხოლო მისი ფუძემდებლები - ქანიე და ქადი თანამედროვეობის ყველაზე გავლენიან არტისტებად იქცნენ. 

2018 წელს ვესთის თანაავტორობით გამოშვებული 5 ალბომიდან Kids See Ghosts, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მასში ქანიესთვის დამახასიათებელი ამპარტავნობის ნაცვლად, უკომპრომისო გულწრფელობა დევს. 41 წლის ჩიკაგოელი მუსიკოსისთვის, რომელიც სამი შვილის მამაა, ის სწორედ რომ შესაფერისი პროექტია. რაც შეეხება ჩანაწერის მუსიკალურ მხარეს, იზის ფროდაქშენი ისეთივე კომპლექსური, ტექნიკურად დახვეწილი და ემოციურია, როგორც ყოველთვის. 

სწორედ ამ ალბომის და მისი შინაარსის დამსახურებაა, რომ ამერიკელი კომიკოსი პიტ დევიდსონი დღეს ცოცხალია. გახსოვთ, ალბათ, რომ სუიციდური მისწრაფებების შესახებ საუბრის შემდეგ, მან ქანიეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა. თუმცა, ქანიე ვესთის პიროვნების გამო, არტისტი ქანიე ვესთისა და მისი შემოქმედების აღიარება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. როდესაც ერთ-ერთ ტელეშოუში სტუმრის სტატუსით მისულმა მუსიკოსმა ყველასთან შეუთანხმებლად კონტროვერსიული განცხადებები გააკეთა, იმავე პიტ დევიდსონს სცენიდან ჩასვლა მოუწია, რათა სკანდალში არ გახვეულიყო. რომ არა ვესთის პოლიტიკურად არაკორექტული განცხადებები, ტრამპის სლოგანით დამშვენებული წითელი კეპი და ფუშა - დრეიქის დაპირისპირება, Kids See Ghosts გაცილებით მეტ კომერციულ წარმატებას და აღიარებას მოიპოვებდა. 

ბავშვები მოჩვენებებს ხედავენ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარი საქმის დიდოსტატები და ზრდასრული ადამიანები არიან. Kids See Ghosts ისევე, როგორც ორივე არტისტის ფსიქიკური მდგომარეობა, ერთგვარი კონტროლირებადი ქაოსია. ქანიეს მძვინვარე მანიასა და არეულ აზრებს ქადის მელანქოლია აბალანსებს. ეს უკანასკნელი ცდილობს, საკუთარი მნიშვნელობა ამოიცნოს და დარწმუნდეს, რომ მის არსებობას აზრი აქვს. მისგან განსხვავებით, მაგრამ არა საპირისპიროდ, ქანიეს სურს, ამ ამაოებაში კომფორტი იპოვოს.

ვესთი დღესაც იქ არის, სადაც ყოველთვის იყო - კიდეზე, საიდანაც ბევრი ვერ ბრუნდება. მის სახელთან დაკავშირებული სკანდალები არტისტისთვის სწორედ ის საფრთხეა, რომელმაც შეიძლება, საბოლოოდ შეიწიროს კიდეც, თუმცა, ჟანრის საზღვრების ძიებისას გადაკარგული გენიოსი, რომელიც უკან Yeezus-ის მეშვეობით მობრუნდა, ქადისა და უპირობო გულახდილობის დახმარებით სახლისკენ მიმავალ გზას კიდევ ერთხელ პოულობს. პროცესში კი აზრები იფანტება და ურთიერთობები მთავრდება.

ქანიე და ქადი ერთად ყოველთვის უკეთესები არიან. ისინი ერთმანეთის შემოქმედებას სიღრმესა და შინაარსს მატებენ. Kids See Ghosts კი მათ კათარზისს აღწერს, რომელიც ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, რომ იყოს.

მოუსმინეთ ალბომს

2018 წლის 50 საუკეთესო კომპოზიცია 

კომენტარები

ბოლოს დამატებული