Thumbnail

მერილენდის შტატისა და მისი მთავარი ქალაქის, ბალტიმორის გაგონებისას პირველი, ალბათ, HBO-ს ეპოქალური ტელესერიალი The Wire გაგახსენდებათ. ამ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში ჰიპ ჰოპს წამყვანი პოზიციები არასდროს ეკავა, თუმცა, ბოლო წლებში ეს ისეთი არტისტების დამსახურებით იცვლება, როგორებიც არიან GoldLink და ახლა უკვე JPEGMAFIA.

ბერინგტონ ჰენდრიქსი, სასცენო სახელით JPEGMAFIA, იგივე ფეგი, ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ არტისტია, რომლის ხელწერაც "ვუ-თენგ კლანის" ლეგენდარულ წევრს Ol’ Dirty Bastard-ს გვახსენებს. ამ მსგავსებას ალბომის გარეკანი და ჩანაწერში გამოყენებული ვოკალის უცნაური სემპლები ამძაფრებს, რომლებიც ოლ დერთი ბასთარდის პირდაპირი ხელწერაა. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი კომიკური, ხანდახან ცინიკური მიდგომითაც კი ფეგი საკუთარ შემოქმედებაში პოლიტიკურ მესიჯებს გაცვეთილი კლიშეების გარეშე აჟღერებს.

ალბომის პირველი ტრეკის მოსმენისას იქმნება განცდა, რომ მსმენელს ჩანაწერის ჟღერადობის  გამოცნობა შეუძლია. მართლაც, 1539 N. Calvert ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტრუქტურით ხასიათდება, მაგრამ სამი წუთის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად იცვლება. აჩეხილი ბითები, ინსტრუმენტალს მოწყვეტილი რეჩიტატივი და ნოიზისთვის დამახასიათებელი ხმები ჩვეული მოვლენა ხდება და აქედან მოყოლებული მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ ვხვდებით მარტივად აღსაქმელ საუნდს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, Veteran საკმაოდ მელოდიურია. 

ჩვენთვის კარგად ნაცნობი რეპერებისგან ბერინგტონ ჰენდრიქსი არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ ცხოვრების სტილითაც განსხვავდება. მუსიკალური კარიერის დაწყებამდე მან 4 წელი აშშ-ის არმიაში იმსახურა. ის თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანდერგრაუნდ არტისტია, რომელიც წარმატებით ახერხებს ლოუ-ფაი ჟღერადობა საინტერესო გახადოს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული