Thumbnail

რეცენზია: Cardi B - Invasion Of Privacy

ლიკა მაისურაძე პროფილის ფოტო
ლიკა მაისურაძე

ყოფილი სტრიპტიზიორი და რეალითი შოუს ვარსკვლავი ქარდი ბი თანამედროვე ამერიკული ოცნების განსახიერებაა. რეპერი, რომელმაც სადებიუტო ალბომით მასთან დაკავშირებით შექმნილ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 

Invasion оf Privacy-ში ქარდი ბი შეუპოვრად ინტიმურია და საკუთარ შეცდომებზე საუბრის არ რცხვენია. არტისტის რითმები ერთდროულად სასაცილოცაა და ჭკვიანურიც. თუმცა, ალბომის მთავარი ღირსება მისი მუსიკალური მრავალფეროვნებაა. ჩანაწერში ერთმანეთს ლათინური თრეფი, დაუნტემპო სიმღერა და პოპ ჰიტი ენაცვლებიან. სწორედ აქ ჩანს ქარდის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალი.

ალბომის პირველივე ტრეკში Get Up 10 ხანგრძლივ შესავალს ვხვდებით, რომელშიც ქარდი მსუბუქი მელოდიის ფონზე გვიყვება, ვისთან გვაქვს საქმე. ერთი შეხედვით მორიგი პოპ არტისტი, რომელიც წარმატებას მხოლოდ სექსუალურობის ხარჯზე აღწევს, თავის ფლოუს ყელზე სტილეტოს ქუსლივით გაბჯენს. გასაკვირი არ არის, რომ პროფესიონალი სტრიპტიზიორი ენაკვიმატია და სიტყვებით თამაშიც ეხერხება, თუმცა, მდიდარი ლექსიკის გარდა, ქარდი ბი მანერული ხმის ტემბრითა და დასამახსოვრებელი აქცენტითაც გამოირჩევა. შეიძლება, მისი პერსონა ან ჟღერადობა არ მოგწონდეთ, მაგრამ რეპერის ისტორია ხომ სწორედ ისეთია, როგორსაც ჟანრის ორთოდოქსი მსმენელი გეტოდან გამოსული არტისტისგან ელოდება. ეს ალბომიც ცხრაჯერ დაცემულ და ათჯერ ფეხზე წამომდგარ ქალზე მოგვითხრობს. 

ქარდი ბი 21-ე საუკუნის ბრონქსელი კონკიაა, რომელიც კრიტიკოსების ფანებად გარდაქმნისთვის კომპრომისზე არასდროს წავა. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში ყალბი მხოლოდ მკერდია, სხვა ყველაფერი კი ნამდვილი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული