Thumbnail

ნიკის პრესტიჟი პირველად დადგა საფრთხის წინაშე. ჟანრის თაყვანისმცემლებს ახალი ფავორიტი ჰყავთ ქარდი ბის სახით, ის კი ცალსახად დომინანტი ქალი რეპერი აღარ გახლავთ და წარმატებაც გარანტირებული არ აქვს. იქნებ სწორედ ესაა მიზეზი, რომ Queen მინაჟის ის ალბომია, რომელშიც არტისტი ჰიპ ჰოპზე ყველაზე მეტადაა ორიენტირებული. ჰიტად ქცეული Anaconda-ს ჟღერადობა რეპერმა გვერდზე გადადო და ფესვებს დაუბრუნდა. კარიერის საწყის ეტაპს, როდესაც თინეიჯერი ნიკი ლილ უეინმა ნიუ იორკის ერთ-ერთ ქუჩაში ფრისტაილის კითხვისას შეამჩნია.

ლოგიკურია, რომ ქარდი ბის გადამკიდე, ნიკის კიდევ უფრო ხმამაღლა უწევს ჟანრში მისი დამსახურებებისა და გავლენის ხაზგასმა. ამის საუკეთესო დასტური Barbie Dreams გახლავთ. ტრეკი, რომელიც ლეგენდარული ნოტორიუს ბიაიჯის ჩანაწერს Just Playing (Dreams) ეხმაურება. ამ ნამუშევარში ნიუ იორკელი რეპერი ცინიზმით სავსე ლაინებით ისეთ გავლენიან კოლეგებს ამცირებს, როგორებიც არიან: 50 სენტი, მიქ მილი, ლილ უზი ვერტი, ქუავო, ლილ უეინი, ვაიჯი, იანგ თაგი თუ გეიმი. მართალია, კომპოზიციის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ნიკიმ ყველაფერს ხუმრობა უწოდა, მაგრამ არც ამ განცხადებამდე და არც შემდეგ, ტრეკში მოხსენიებულ არცერთ შემსრულებელს მინაჟისთვის პასუხი არ დაუბრუნებია და ეს მის მიმართ უდიდესი პატივისცემის ნიშანია.

გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ნიკის საკუთარი შემოქმედება პოპ ჟღერადობისკენ რომ არ წაეყვანა, მისი კომერციალიზაცია არ მოეხდინა და ისეთი ვერსების წერა გაეგრძელებინა, როგორიც, მაგალითად, ქანიე ვესთის Monster-ში აქვს, ან თუნდაც რეჩიტატივის იმგვარი კითხვა ექცია ჩვეულებად, რომლითაც Lookin Ass-ში იწონებს თავს. თუ ეს ასეა, მოუსმინეთ Queen-ს და ის თქვენთვის გამორჩეული ალბომი გახდება.

თუმცა, არც ისეა საქმე, მსმენელმა მსუბუქი, ჰარმონიული კომპოზიციებით ვერ შეძლოს სიამოვნების მიღება. ნიკის წინა სამ ალბომთან შედარებით, Queen მისი ყველაზე მრავალფეროვანი და სრულყოფილი პროექტია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული