Thumbnail

ცხონებული ექს ექს ექს ტენტასიონი უცნაური არტისტი იყო. მისი შემოქმედება როგორც თანამედროვე ჰიპ ჰოპის, ისე პოპის, როკისა და მეტალის ელემენტებსაც კი მოიცავდა. ჯასეი ონფროიმ მუსიკალური კარიერა 2013 წელს, თინეიჯერულ ასაკში დაიწყო და ნაადრევ გარდაცვალებამდე საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

რეპერის სადებიუტო ალბომი "17" მისი ადრეული რელიზებისგან განსხვავდებოდა. ექსის შემოქმედება ნელ-ნელა საუნდქლაუდ რეპს სცდებოდა, იხვეწებოდა და მისი თანატოლებისგან განსხვავებით, უფრო ღრმა შინაარსითაც გამოირჩეოდა. ჯასეის ნამუშევრებიდან აშკარა იყო, რომ მუსიკოსს დეპრესიასთან გამკლავება უჭირდა, თუმცა, ტენტასიონს სხვა პრობლემებიც არ აკლდა, რომელთა შორის ორსულ მეგობარ გოგონაზე ძალადობა ყველაზე შოკისმომგვრელია. მის პიროვნებასა და შემოქმედებას შორის ნელ-ნელა უფსკრული ჩნდებოდა.

სიკვდილის წინა პერიოდში ექსი აქტიურად ცდილობდა წარსული შეცდომების გამოსწორებას. თაყვანისმცემლებს პირობაც კი მისცა, რომ პიროვნულად გაიზრდებოდა. დასახული მიზნის მიღწევა მან სამი ალბომის გამოშვებით გადაწყვიტა. არტისტის სიცოცხლეში გამოცემული ბოლო სტუდიური ჩანაწერი "?" სწორედ ამ ტრილოგიის პირველი ნაწილია. ის მუსიკოსისთვის დამახასიათებელი სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა - ჰევი მეტალის ელემენტებით გაჟღენთილ კომპოზიციას Floor 555 პოპ-როკ ჟღერადობის სიმღერა Numb ენაცვლება და ა.შ. 

ამ ალბომში ტენტასიონი ყველაზე ნათლად აჩვენებს საკუთარ ნიჭსა და პოტენციალს, რომელიც ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის ტრადიციულ ფარგლებს სცდება. მასში შესულ ნამუშევრებში ის არ ცდილობს,  მოექცეს არსებულ ჩარჩოებში და გახდეს ის, რაც ბუნებრივად არ არის. სიმბოლურია, რომ ჟანრობრივად საკმაოდ დამაბნეველ ალბომს რეპერმა სახელად სწორედ კითხვის ნიშანი შეურჩია. ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექსი მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა იყო, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში ძალზე მკაფიოდ და ხმამაღლა ისმოდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული