Thumbnail

2017 წლის ლაფსუსის შემდეგ, რომელიც თავად ემინემმაც აღიარა, რეპერმა მიუჩვეველი კრიტიკის ობიექტად ყოფნა დიდხანს არ ისურვა და Revival-ის გავრცელებიდან 7 თვეში კიდევ ერთი ალბომი Kamikaze შემოგვთავაზა. მუსიკოსმა ჩანაწერი გაყიდვაში დაანონსების გარეშე ჩაუშვა, თუმცა, გამოცდილი მსმენელი ამას არ შეჭამს. პროექტის მსგავსი ხერხით გავრცელება ხომ უკვე დიდი ხანია პრომოუშენის აპრობირებული ფორმაა, რომელსაც არაერთი ჰიპ ჰოპ არტისტი მიმართავს.

ლირიკით მარშალ მეზერსის დაჯაბნა წარმოუდგენელია, ის მონსტრია და მის საშემსრულებლო ოსტატობას საზღვრები არ აქვს. ემინემის სიტყვათა მარაგი და მათი თამაში იმდენად უცხო და ხშირია, სხვა არტისტების მთლიან შემოქმედებაშიც რომ ვერ გადავაწყდებით. რეპერს იმასაც ვსაყვედურობდით, რომ ახალ სკოლასთან ადაპტაცია ვერ შეძლო, მაგრამ ემინემმა ნათლად დაგვანახა - ის თავადაა ახალი სკოლა. ამას ეს ალბომიც მოწმობს.

მარტივად გასარითმი თრეფ ბითების მოკვლა დეტროიტელი მუსიკოსისთვის უმარტივესი საქმეა და ყველა ვთანხმდებით, რომ ის მართლაც რეპის ღმერთია, მაგრამ არის კი ეს საკმარისი? ეს ყველაფერი მან ხომ დაახლოებით 15 წლის წინ გაცილებით უკეთ გააკეთა და ამაზე დავაც არ ღირს. ალბომის მოსმენის შემდეგ ჰიპ ჰოპის არაერთ მოყვარულს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ემინემმა Kamikadze მისი სიდიადის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად ჩაწერა. აქვს კი რეპერს რაიმე დასამტკიცებელი? რა საჭიროა ამისთვის ახალი ალბომის ჩაწერა? ჩვენ ისედაც არ გვეპარება ეჭვი მის გენიალურობაში და თუ მუსიკოსმა იფიქრა, რომ გაცუდებული Revival მის სახელს დიდებას ჩამორეცხავდა, ძალიან შემცდარა. მის ასეთ "გულშემატკივრებზე" დროის დაკარგვა მითუმეტეს არ ღირდა.

უსმენ ნამუშევარს და გრძნობ, რომ ეს ყველაფერი თითიდანაა გამოწოვილი. ტრამპის კრიტიკა იმავე ემინემისგან 2017 წლის Bet Awards-ზეც მოვისმინეთ. რეპერი წლების წინ მომხდარ ამბავსაც იხსენებს და მასზე ორჯერ უმცროს არტისტს, Machine Gun Kelly-ს დისავს, რომელმაც მოგვიანებით მას, ვფიქრობ, უკეთესი კომპოზიცია Rap Devil მიუძღვნა. სხვა ცნობილი კოლეგების დამცირების პარალელურად, სლიმ შეიდიმ თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი მარგალიტის, Tyler, The Creator-ის მიერ Revival-ის მისამართით გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც ვეტერანის მიმართ პატივისცემა საჯაროდ არაერთხელ გამოხატა, სიტყვა "პედერასტით" შეამკო. მართალია, რამდენიმე დღეში დეტროიტელმა ემსიმ ამის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ ფაქტია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ემინემი კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა ბუზღუნა ბიძიას, რომელიც მუდამ გაბრაზებულია, თუმცა, ამის მიზეზს თავადაც ვერ ხვდება.

შესაძლოა, მარშალი თავისივე თავის მსხვერპლია. ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში ის საკუთარი თავის ერთადერთი კონკურენტია. ყოველი ახალი ნამუშევრით შემსრულებელი რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინს გვიქმნის და ეს მისი ბრალია! ის ეპოქალური არტისტია და სწორედ ამ მიზეზით მისი შემოქმედების შეფასების კრიტერიუმები გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კარგი მუსიკოსის შემთხვევაში. 

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული