Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 20 საუკეთესო ელექტრონულ ალბომს. 

► 2018 წლის 20 საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია

20. Helena Hauff - Qualm

ჰელენა ჰაუფი თანამედროვე საკლუბო სცენის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული დიჯეია. უკომპრომისო არტისტი, რომელიც არასდროს ღალატობს საკუთარ რწმენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაამყაროს კონტაქტი საცეკვაო მოედანთან. მისი მეთოდები არასდროს არის პირდაპირი და სწორხაზოვანი. დენსფლორზე შეკრებილ მსმენელს ჰელენა მუდმივად გამოცდას უტარებს, საშუალებას არ აძლევს კომფორტული, ფერადი ბაბლი შეიქმნას და იქ გამოიკეტოს.

ახალ სტუდიურ ჩანაწერში სახელწოდებით Qualm გერმანელმა არტისტმა ამგვარი გამოცდა უკვე არა მხოლოდ მსმენელს, არამედ საკუთარ თავსაც მოუწყო. ფუტურისტული იდეებით შეპყრობილმა პროდიუსერმა მისთვის მშობლიური მუსიკალური ჟანრებისთვის ნაცნობ ყველა საშუალებას მიმართა, რათა მრავალფეროვანი და იდეურად გამართული ალბომი შეექმნა. EBM, ელექტრო, ტექნო და ეისიდ ჟღერადობის პასაჟების ერთ სივრცეში გაერთიანება ადვილი არ აღმოჩნდა, რის გამოც ნამუშევრის ყველა ნაწილი ერთნაირად სოლიდურად ვერ ჟღერს. თუმცა, მთლიანობაში, Qualm მყარი და საკმაოდ ხმამაღალი შემოქმედებითი განაცხადია. 

19. Demdike Stare - Passion

Demdike Stare არასდროს ყოფილა მსმენელთა და კრიტიკოსთა ყურადღების მიპყრობაზე ორიენტირებული პროექტი. შონ ქენთი და მაილს უითაქერი უკვე 10 წელია ჯიუტად ქმნიან მუსიკას, რომლისაც სჯერათ. თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი დუეტი 2018 წელს ახალი ალბომით Passion დაბრუნდა. ჩანაწერით, რომელიც ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება დავახასიათოთ, როგორც კლუბში შესაგდებად გამზადებული ხელყუმბარა.

ერთადერთი კლიშე, რომელსაც მანჩესტერული დუეტი არ გაურბის, თავად კლიშეებისგან მუდმივი გაქცევის პარანოიდული მცდელობაა. ისინი თავს იკავებენ საკუთარი ნამუშევრების კონცეპტუალიზაციისგან და კონკრეტული იდეებისგან, რომლებსაც შემდეგ შემოქმედებითი პროცესი უნდა მოერგოს. შონისა და მაილსისთვის უფრო მნიშვნელოვანი თავად მუსიკაა, კონტექსტისგან და ზედმეტი ისტორიებისგან დაცლილი ფორმით. თუ ასეთი "შიშველი" მუსიკა მოგწონთ, მაშინ Passion სწორედ თქვენთვისაა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს იოლი გასეირნება არ იქნება.

► მოუსმინეთ ალბომს

18. Shinichi Atobe - Heat

მისტიკური იაპონელი პროდიუსერი, რომლის ბიოგრაფია ბურუსით არის მოცული, 2018 წელს ისევ გამოჩნდა. მის ლოიალურ მსმენელს კარგად ემახსოვრება ალბომი Ship-Scope, რომელიც დაბ ტექნოს ნამდვილი მასტერკლასი იყო. ამ სტუდიური ჩანაწერის შემდეგ არტისტისადმი ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მის შესახებ ბევრი ვერაფერი გავიგეთ.

წინა ალბომისგან განსხვავებით, Heat გაცილებით მინიმალისტური და მსუბუქია. დასამახსოვრებელი მელოდიების შექმნა შინიჩი ატობესთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა. ის ყოველგვარი აგრესიისგან დაცლილ ჰაუს მუსიკას გვთავაზობს, რომელიც 80-იანი წლების ტრადიციებსაც ინარჩუნებს და თანამედროვე საცეკვაო მოედნებისთვისაცაა ადაპტირებული. თითოეული ბგერა აქ თავის საქმეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებს. მოკლედ, დამსახურებული ადგილი წლის ელექტრონული ალბომების ოცეულში. 

► მოუსმინეთ ალბომს

17. Rival Consoles - Persona

ინგმარ ბერგმანის ამავე სახელწოდების ფილმის საწყის სცენაში არის ასეთი კადრი - ბავშვი ცდილობს ეკრანზე გამოსახულ ქალის სახეს შეეხოს. პროექცია თავიდან ბუნდოვანია, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო მკაფიო ხდება. ამ კონკრეტული ეპიზოდითა და ზოგადად შვედი რეჟისორის კინოსურათით შთაგონებულმა რაიან ლი ვესთმა გადაწყვიტა შეექმნა კონცეპტუალური ალბომი, რომლის მთავარი იდეა სწორედ პერსონა და მისი ფენომენი იქნებოდა. 

რა განსხვავებაა თვითაღქმასა და სხვისი თვალით დანახულ პიროვნებას შორის? როგორ ურთიერთობენ ჩვენი პერსონის შინაგანი და გარეგანი შრეები? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემასაც Rival Consoles ცდილობს. მისი შემოქმედება ყოველთვის ინტროვერტული იყო, შინაგანი სამყაროს დეკონსტრუქციისა და მუსიკად გარდაქმნის საშუალება. ის ხშირად  აღნიშნავს, რომ სინთეზატორი უსახელო ემოციების გასაგებ ფორმებად ქცევაში ეხმარება. ამჯერად კი საშუალება გვეძლევა მის განცდებს უფრო ახლოდან შევეხოთ. მინიმალისტური მიდგომებისა და კლასიკური მეთოდების გამოყენებით შექმნილი Persona მრავალმხრივ ნამუშევრად წარმოგვიდგება, რომელშიც ხისტი პერკუსიული მონაკვეთები და ნოსტალგიური მელოდიები ჰარმონიულად თანაარსებობენ.

► მოუსმინეთ ალბომს

16. Vessel - Queen of Golden Dogs

ვისაც Vessel-ის ადრეული ნამუშევრები ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ ეს ალბომი ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო. საკუთარი არტისტული ჩარჩოსგან ასე დისტანცირება და ავტონომიური, თვითმყოფადი ნამუშევრის შექმნა არა მხოლოდ ელექტრონულ ან ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკაში, არამედ ზოგადად ხელოვნებაშიც ძალიან დიდი ფუფუნებაა. ახალგაზრდა ბრისტოლელმა პროდიუსერმა ეს შეძლო და მისტიციზმის, პოეზიისა და რომანტიზმის სამყაროში მოგზაურობას ყველაფერი ის შესწირა, რაც მის მუსიკას კლუბში შეღწევაში დაეხმარებოდა. სწორადაც მოიქცა, Queen of Golden Dogs არტისტის კარიერაში საუკეთესო ჩანაწერია. 

ალბომი, რომელიც 18 თვის განმავლობაში იქმნებოდა, თემატურად ძალიან ბევრ საკითხს ეხება. თითოეული კომპოზიციის მიღმა კონკრეტული პიროვნება და ისტორია დგას. ერთში შთაგონების წყაროდ ესპანელი სიურრეალისტი მხატვარი რემედიოს ვარო გვევლინება, მეორეში კი ამერიკელი მწერალი მეგი ნელსონი. სწორედ ამ ერთმანეთთან კავშირის არმქონე ფრაგმენტების ერთ ფორმაში მოქცევა შეიძლება ჩაითვალოს ამ სტუდიური ნამუშევრის მთავარ გამოწვევად. 

15. Iglooghost - Clear Tamei & Steel Mogu 

"წარმოიდგინეთ, ნაირფერი ნისლისგან შექმნილი ბერი სახელად იომი და პატარა ხოჭოსმაგვარი ბიჭი უსო. ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში არიან ჩართული, მფრინავ ხილზე დახტიან და ერთმანეთს ლაზერებს ესვრიან", - 2017 წელს გამოსულ ალბომში Neō Wax Bloom ბრიტანელმა მუსიკოსმა სიმუს მალიაჰმა ფანტასტიკური სამყარო - მამუ შექმნა, სადაც თავის გამოგონილ გმირებზე ასევე გამოგონილი ენითა და ანბანით გვიყვებოდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთჯერად გართობას არ ემსახურებოდა. ამჯერად ტამეისა და მოგუს ორთაბრძოლის დრო დადგა.

ალბომიც ორ ნაწილად ამის გამო იყოფა - პირველი ტამეის ეკუთვნის, მეორე კი მოგუს. სიუჟეტის განვითარები პარალელურად ვამჩნევთ, როგორ იცვლება მუსიკალური ტექსტურები, რომელთა საშუალებით Iglooghost ქმნის პერსონაჟების მენტალურ ხატს, გამოხატავს მათ ხასიათსა და დეტალურად აღწერს ბრძოლის ველს. ჩანაწერის მთავარ კომპოზიციაში Clear Tamei კი ეს ფანტასმაგორიული სამყარო ხორცს ისხამს და წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ვიდეონამუშევრად გარდაიქმნება. 

14. Amnesia Scanner - Another Life

ელექტრონული მუსიკის სამყაროში იშვიათად თუ მოიძებნებიან არტისტები, რომლებიც იმ მასშტაბის ტრანფორმაციას განიცდიან, როგორიც ვილე ჰაიმალამ და მარტი კალიალამ მოახერხეს. ბერლინში დაფუძნებული ფინელი მუსიკოსები წლების წინ Renaissance Man-ის სახელით არაფრით გამორჩეულ საცეკვაო მუსიკას ქმნიდნენ. შემდეგ სცენიდან გაქრნენ, დუეტის სახელწოდებაში რამდენიმე ასო გადაანაცვლეს და ციფრული აპოკალიფსის მაცნეებად დაგვიბრუნდნენ. 

დისტოპიურ, კიბორგებით დასახლებულ მომავალში კლუბში გასართობად თუ შეხვალთ, დიჯეის პულტთან სწორედ Amnesia Scanner დაგხვდებათ. Another Life-ის სინთეტიკური, რობოტული ჟღერადობა ამ ალბომს პოსტადამიანური სამყაროს საუნდტრეკად აქცევს - ადგილის, სადაც თბილსისხლიანი არსებები ცხოვრობდნენ და ლეონარდ კოენს უსმენდნენ, შემდეგ კი გადაშენდნენ. 

13. Objekt - Cocoon Crush

Objekt საოცრად პრაგმატული არტისტია, რომელიც საკუთარ მუსიკაზე სრულ კონტროლს ფლობს. სწორედ ამიტომ, მისი კომპოზიციები ყოველთვის დეტალებსა და წვრილმანებზეა ორიენტირებული. ეს მიდგომა არც ამჟამად შეცვლილა. 2014 წელს PAN-ზე გამოცემული სადებიუტო ალბომის შემდეგ, TJ Hertz ნაცნობ პლატფორმას ახალი იდეებითა და ჩანაწერით დაუბრუნდა. 

მართალია, Cocoon Crush-ის პირველი რამდენიმე წუთი ძველ, კარგად ნაცნობ ტერიტორიაზე სეირნობას ჰგავს, მაგრამ მომდევნო კომპოზიციებში ბევრი რამ იცვლება. არტისტი სტანდარტული რიტმული სექციებისა და ტექნო ორიენტაციის მიღმა რჩება, სადაც სრულიად ქაოტურ, მაგრამ აბსოლუტურად კონტროლირებად მუსიკალურ რეალობას ქმნის. იმის მიუხედავად, რომ ტრეკების უმრავლესობა დენსფლორის სპეციფიკას ითვალისწინებს, ეჭვგარეშეა, რომ მუსიკოსმა აქცენტი უფრო მეტად ჩანაწერის შინაარსობრივ მხარეზე გააკეთა, ვიდრე მის საცეკვაო ფუნქციაზე. სწორედ ფორმასა და შინაარსს შორის წინააღმდეგობის იდეალურად გადაწყვეტის გამო იმსახურებს ეს ალბომი წლის შემაჯამებელ სიაში მოხვედრას.

12. Aphex Twin - Collapse

Aphex Twin-ის გავლენა ელექტრონულ მუსიკაზე ფასდაუდებელია. 1990-იან წლებში კლასიკად ქცეულ ალბომებს თავი რომ დავანებოთ, რიჩარდ ჯეიმსის პატარა გაფართხალებაც კი საკმარისია იმისთვის, რათა მთელი მუსიკის სამყაროს ყურადღება მისკენ მიემართოს. მრავალწლიანი შემოქმედებითი პაუზის დასრულების შემდეგ, 2014 წლიდან საკულტო არტისტისთვის ნამდვილი რენესანსის ხანა დაიწყო. გრემის მფლობელი Syro-სა და რამდენიმე ექსკლუზიური პერფორმანსის შემდეგ, რომლებითაც მუსიკოსმა საკუთარი მიუწვდომლობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, ის თაყვანისმცემლებს ახალი ჩანაწერით დაუბრუნდა.

29-წუთიანი ნამუშევრის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორმა მთელი საკუთარი დისკოგრაფია ბლენდერში მოათავსა და იქამდე თქვიფა, სანამ მისთვის სასურველ კონდიციამდე არ მიიყვანა. ადრინდელი ჩანაწერებისგან განსხვავებით, Collapse-ში რიტმული სექციები იმდენად დინამიკურია, რომ მსმენელს ხშირად ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ ეძლევა. მუსიკის არაპროგნოზირებადი, ხისტი სახეცვლილებები და დრამ-ენ-ბეისისთვის დამახასიათებელი ჰიპნოტურობა ამ ალბომს არტისტის კარიერაში თავის ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს.

► მოუსმინეთ ალბომს

11. GAS - Rausch

Kompakt Records-ის დამფუძნებელმა ვოლფგანგ ვოიტმა შარშან თავისი ალბომით Narkopop ისეთი მსმენელის ყურადღებაც კი მიიქცია, რომელსაც მანამდე მის შესახებ არაფერი სმენოდა. წელს გერმანელმა მუსიკოსმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაეხსენებინა მშობლიური კიოლნის მახლობლად მდებარე ტყეში გატარებული ბავშვობა და მორიგი არაჩვეულებრივი ნამუშევარი შემოგვთავაზა. 

ნოსტალგია და წარსულის მოგონებებით ცხოვრების სევდა - სწორედ ეს არის Rausch-ის მთავარი იდეური ხაზი. ისევე, როგორც სხვა ემბიენთ ჩანაწერების შემთხვევაში, ამ ალბომის მოსმენაც ერთიანად, წყვეტის გარეშე არის რეკომენდირებული. მართალია, ის შვიდ ნაწილად არის დაყოფილი, მაგრამ, გარწმუნებთ, ეს მხოლოდ პირობითობაა. ვისაც გერმანიის ტყეებში სეირნობის გამოცდილება არ გაქვთ, GAS დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სახლიდან გაუსვლელად გაჩუქებთ.

10. Shygirl - Cruel Practice

Shygirl წლის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ინგლისელმა მომღერალმა და დიჯეიმ ბლეინ მუისმა თავისი მეგობრის, პროდიუსერ სეგა ბოდეგას დახმარებით ბრეიქ ბითის, ჰიპ ჰოპისა და ელექტრონიკის ბეწვის ხიდზე გაიარა და ძალიან საინტერესო, სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონის ურბანული ატმოსფეროთი გაჟღენთილი სტუდიური ნამუშევარი Cruel Practice შემოგვთავაზა.

ეს ექსპერიმენტული ჩანაწერი რამდენიმე კუთხით არის საინტერესო. პირველ რიგში, აღსანიშნავია ალბომის უზადო პროდიუსინგი. ბლეინის ვოკალს აქ გაცილებით დიდი დატვირთვა ენიჭება, ვიდრე ოდესმე. მოკლე და ლაკონიური წინადადებებით ის ცდილობს მინი თავსატეხები გააჩინოს, რომელთა საშუალებითაც არტისტის ალტერ ეგოს უფრო ახლოს გაგვაცნობს. ამას კი კომპოზიციებში სხვადასხვა პერსონაჟის შექმნით ახერხებს, რომელთა როლს თავადვე ირგებს და ჰიპ ჰოპ ბიტების ფონზე საკუთარ ბნელ მხარეებზე ალაპარაკებს.

9. Oneohtrix Point Never - Age Of

შესაძლოა, Age Of დენიელ ლოპატინის საუკეთესო ნამუშევარი არ იყოს, მაგრამ ის მუსიკალური პალიტრა, რომელიც ამ ჩანაწერში გვხდება, მის დისკოგრაფიაში აშკარად ყველაზე მასშტაბურია. ალბომი განსაკუთრებულია აგრეთვე კოლაბორაციების რაოდენობით. ისეთი არტისტების გარდა, როგორებიც James Blake, Anonhi, Prurient, Kelsey Lu და Eli Keszler არიან, ცალკეულ კომპოზიციებში თავად ლოპატინის ვოკალსაც ვხვდებით.

სტენლი კუბრიკის "კოსმოსური ოდისეითა" და ჰოუვ-შტრაუსის "თაობათა თეორიით" შთაგონებული ნაწარმოები კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბებულ თითქმის ყველა საუკეთესო მუსიკალურ ტრადიციას ეხმიანება. ალბომში პოპის, ფოლკის, ინდასტრიალის, ქანთრისა და ჯაზის ელემენტებს ვხვდებით, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ინსტრუმენტებზე ადამიანის ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი უკრავს, რომელიც ჟღერადობის სხვადასხვა კომპონენტს ერთმანეთთან ოსტატურად აკავშირებს. ლოპოტინმა ამ ნამუშევრით უფრო მეტად გარისკა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ რისკმა გაამართლა. ყველა სირთულის მიუხედავად, ალბომი შედგა და წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერადაც მოგვევლინა.

►  მოუსმინეთ ალბომს

8. DJ Koze - Knock Knock

საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სივრცეში ძალიან ცოტა არტისტს აქვს იმდენი ჰიტი, რამდენიც DJ Koze-ს. Knock Knock-იდან ეს პატივი კომპოზიციას Pick Up ერგო, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველა კლუბსა თუ ფესტივალზე ისმოდა. კოზესთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება გლობალურ მუსიკალურ სცენაზე. ის ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ფილტრიდან უყურებს და კონიუნქტურას არასდროს ითვალისწინებს. ასეთი ინდიფერენტულობის ფონზეც კი, წლების შემდეგ, ის საოცრად რელევანტურ და აქტუალურ არტისტად რჩება. ეს ალბომი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

Róisín Murphy, Speech, José González და Sophia Kennedy იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც კოზემ ალბომზე მუშაობისას ითანამშრომლა. ასეთი სახელების მიუხედავად, გერმანელი პროდიუსერი პროცესის მთავარ მესაჭედ რჩება. მაშინაც კი, როდესაც ცდილობს, კონკრეტულ ვოკალისტებს გაუწიოს ანგარიში, ის კომპრომისების მიღმა დგას და მათ საკუთარი მუსიკის სამყაროში იტყუებს. ამ ყველაფრის ფონზე კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ინსტრუმენტული ტრეკები, რომლებიც სტუდიური ჩანაწერის ყველაზე ღირებული ნაწილია.

► მოუსმინეთ ალბომს

7. Autechre - NTS Session 1-4

ვაღიაროთ, რომ ყველა ასეთ სიას სჭირდება სნობიზმის თავისი დოზა. ასეთ დროს Autechre, ერთი შეხედვით, მარტივი გამოსავალია, მაგრამ გვერწმუნეთ, რედაქციაში ნამდვილად მოიძებნება რამდენიმე ადამიანი, რომელმაც რადიოსადგურ NTS-ზე გასულ 4 სესიას თავიდან ბოლომდე მოუსმინა და წლის ერთ-ერთ საუკეთესო ელექტრონულ ჩანაწერადაც აღიარა.

NTS Session 1-4 ბრიტანული დუეტის ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება, როგორც საოცრად კომპლექსური და მრავალფეროვანი ნამუშევარი. იმის მიუხედავად, რომ ალბომის მუსიკალური რელიეფი მთლიანად კომპიუტერის დახმარებით არის შექმნილი, 480 წუთის განმავლობაში იმდენ საინტერესო გამოწვევას ვეჯახებით, რომ მოსაწყენად დრო არ გვრჩება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოთხ სესიად გამოცემული ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რომელიც Autechre-სგან ამ საუკუნეში მივიღეთ.

► მოუსმინეთ ალბომს

6. Jon Hopkins - Singularity

2007 წელს, როდესაც ბრაიან ინომ "ქოლდფლეის" Viva la Vida or Death and All His Friends-ის ჩაწერას მოჰკიდა ხელი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც მან საკუთარ გუნდში დაუძახა, სწორედ ჯონ ჰოპკინსი იყო. იმ დროს მას ერთ რიგით ემბიენთ პროდიუსერად იცნობდნენ, რომელსაც კონკრეტული განწყობებისთვის კარგი მუსიკალური ფონის შექმნა შეეძლო. თუმცა, ალბომით Immunity, რომელიც არა მხოლოდ მისი კარიერის, არამედ 2013 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარიც გახდა, ჰოპკინსმა ეს კლიშე სამუდამოდ მოიშორა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ ამ ჩანაწერს Singularity-ს სახით სულიერი მემკვიდრე ჰყავს.

ამ ალბომში არის ყველაფერი ის, რაც Immunity-ში მოგვწონდა - ემოციური პასაჟები, მელოდიურობა, რიტმი, სიხისტე და საცეკვაო განზომილებაც. ამის გარდა, Singularity ახალ პერსპექტივებსაც გვთავაზობს, რაც, პირველ რიგში, მეტ კომპლექსურობასა და სიმყარეში გამოიხატება. ჰოპკინსი თითქოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს იმას, რასაც ძალიან ბევრი მუსიკოსი უამრავ ენერგია ახარჯავს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ შესაბამის კატეგორიაში ის, SOPHIE-სთან ერთად, წლევანდელი გრემის დაჯილდოების მთავარი ფავორიტია.

5. Leon Vynehall - Nothing Is Still

1960-იან წლებში ლეონ ვაინჰოლის ბებიამ და ბაბუამ ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს და საუთჰემპტონიდან ნიუ იორკის მიმართულებით მიმავალ გემში ჩასხდნენ. შვიდდღიანი მოგზაურობის ისტორია ლეონმა პირველად ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ბებიისგან მოისმინა. დაინტერესდა, ჩაეძია, დეტალები გაარკვია, მგზავრობისას გადაღებული პოლაროიდის ძველი ფოტოსურათებიც დაათვალიერა და მიხვდა, რომ რაიმე ფორმით ამ ყველაფრის დოკუმენტირება იყო საჭირო. 

მიღებული შთაბეჭდილებების ჩვენთვის გასაზიარებლად ბრიტანელმა არტისტმა ემბიენთისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის ენა გამოიყენა. ვაინჰოლი არადროს ყოფილა მხოლოდ საცეკვაო მუსიკაზე ორიენტირებული პროდიუსერი და ამ ალბომით ამასთან დაკავშირებით არსებული ყველა ეჭვი სამუდამოდ გაქარწყლდა. შეიძლება ითქვას, რომ Nothing Is Still აუდიონოველაა, ვაინჰოლი კი ამბის მთხრობელად გვევლინება, რომელიც დახვეწილი მუსიკალური ფორმების საშუალებით გადმოგვცემს ოკეანის ტალღების ხმაურსა თუ თავისუფლების კუნძულისკენ მიმავალი ადამიანების შიშებს.

4. Skee Mask - Compro

წლების წინ, Boys Noize-მა ტვიტერზე იკითხა - "სად არიან კარგი გერმანელი პროდიუსერები?" პასუხად უამრავი კომენტარი მიიღო. დიდ სცენაზე მოსახვედრი ოქროს ბილეთის მოსაგებად ახალბედა მუსიკოსები მას საკუთარი ნამუშევრების ლინკებს უგზავნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი კომენტარი ახალგაზრდა არტისტის, ბრაიან მიულერის საუნდქლაუდის მისამართსაც შეიცავდა. რამდენიმე დღეში ბრაიანს Boys Noize-ისგან შეტყობინება მიუვიდა და წესით, ახლა უნდა ვთქვათ, რომ დანარჩენი უკვე ისტორიაა, მაგრამ არა - საქმე ცოტა უფრო რთულადაა.

ერთი ტვიტით 17 წლის ბიჭმა თავბრუდამხვევი კარიერა აიწყო. თინეიჯერი არტისტი წარმატებით ტკბებოდა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც გააცნობიერა, რომ აქცენტს ყველა მხოლოდ მის ასაკზე და ამ ასაკისთვის შეუფერებლად კარგ მუსიკაზე აკეთებდა. ამ მოვლენებიდან ძალიან მალე სცენაზე Skee Mask გამოჩნდა. პროდიუსერი, რომლის აღარც ასაკი ვიცით და არც ვინაობა. თუმცა, თუ მის ძველ ნამუშევრებს მოვუსმენთ, შევამჩნევთ, რომ Compro-ში თავს იყრის ყველაფერი ის, რისიც 17 წლის ბრაიანს არ სჯეროდა - ზედმეტი აგრესიისგან თავისუფალი, დელიკატური და ფაქიზი მუსიკა. თვითონაც აღიარებს, რომ მაშინ ეს ყველაფერი გართობად ეჩვენებოდა, მომავალზე არ ფიქრობდა და ამას ძალიან ნანობს.

დღეს Skee Mask თავად არის ყველა იმ არტისტის მომავალი, ვისაც საცეკვაო მუსიკის ემოციებისგან გამოშიგვნის ნაცვლად, ახალი მუსიკალური ენის შექმნა სურს. ენის, რომელზეც საუბარი როგორც დენსფლორზე, ასევე სახლში, მყუდრო ოთახში იქნება შესაძლებელი.

3. Tim Hecker - Konoyo

ტიმ ჰეკერი თავისი თაობის საუკეთესო ემბიენთ პროდიუსერია. აეროპორტებისა და პასიური მოსმენისთვის განკუთვნილი ჟანრი უკვე წლებია, კანადელი მუსიკოსის მუდმივ წნეხს განიცდის. თუ ჰეკერის კარიერის პირველი დეკადა ამ მიმდინარეობისთვის ტრადიციულ, შეიძლება ითქვას, კონფორმისტულ ნამუშევრებს დაეთმო. ათიანი წლების დასაწყისში გამოსული Ravedeath, 1972-დან მის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არტისტი სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე დადგა. სწორედ ამ ჩანაწერის მოსმენისას აღმოვაჩინეთ, რომ ჰეკერს აკუსტიკურ ინსტრუმენტებთან ურთიერთობა და ბევრად მრავალფეროვანი მუსიკის შექმნა შეუძლია. Konoyo ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

ცნობილი კომპოზიტორი და ტიმ ჰეკერის კარგი მეგობარი იოჰან იოჰანსონი, რომელიც, სამწუხაროდ, წელს გარდაიცვალა, პირველი იყო, ვინც არტისტს ადრეული შუა საუკუნეების იაპონიაში ჩასახული ჟანრი, გაგაკუ გააცნო - საიმპერატორო კარის კლასიკური მუსიკა. Konoyo-ს საფუძვლად ჰეკერმა ამომავალი მზის ქვეყნის სწორედ ეს უძველესი მუსიკალური ტრადიცია აქცია.

ახალ სტუდიურ ალბომზე მუსიკოსმა გაგაკუ ანსამბლ Tokyo Gakuso-სთან ერთად იმუშავა. მისი ძირითადი ნაწილი კი ტოკიოს მახლობლად მდებარე ბუდისტურ ტაძარში ჩაიწერა. Konoyo თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ანტიკური იაპონური საკრავების, მუსიკისა და ჰარმონიის შექმნის ორი სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი მეთოდების შერწყმის შედეგია - არაჩვეულებრივი ნამუშევარი, რომელსაც თვალდახუჭული უკვე ვეღარ მოუსმენ. 

2. SOPHIE - Oil Of Every Pearl's Un-insides

ელექტრონულ მუსიკაში, სადაც სათქმელის ვერბალური გამოხატვის პრობლემა მუდმივად არსებობს, ავთენტიკურობის ძებნას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც წმინდა გრაალის ძიებებს შუა საუკუნეების ქრისტიანებისთვის. პროდიუსერები ყველა ხერხს მიმართავენ იმისთვის, რათა საკუთარი შემოქმედება თავისსავე პიროვნებას დაუახლოონ და ამით მუსიკა უფრო გულწრფელი გახადონ. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, ავთენტიკურობა სულის ამოძახილი სულაც არ არის. ის კონცეპტია, რომელიც შეგიძლია მოიგონო - იყო ხელოვნური, მაგრამ ამავდროულად ავთენტიკური.

ამ ალბომით სოფიმ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელია, სრულიად აბსტრაქტული იდეაც კი ისეთივე ავთენტიკური გახდეს, როგორიც პირადი ისტორიებია. ამ თვალსაზრისით, პლასტმასისგან გაკეთებული მუსიკა ასე შორს, ალბათ, არც არასდროს წასულა.

Madonna, Lady Gaga, Charlie XCX, Vince Staples, MØ - ამ და სხვა საინტერესო მუსიკოსების პროდიუსერი Oil Of Every Pearl's Un-insides-ში ბევრად უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა საკუთარ თავსა და ემოციებზე. თუმცა, მოჭარბებულმა ვოკალურობამ ნამდვილად არ შეიწირა ყველაფერი ის, რითაც მისი მუსიკა გავიცანით - გლიჩური ტექსტურები, ლატექს პოპისთვის დამახასიათებელი ელასტიკურობა და არასტანდარტულობა.

პირიქით, უკიდურესად გაციფრულებულ და სტერილურ ჟღერადობას სოფიმ კიდევ ერთი საინტერესო შრე შესძინა. ეს კი, ძირითადად, მისი სონგრაითერული უნარების დამსახურებაა. სოფის მუსიკა ამერიკული მთების ატრაქციონს ჰგავს - ცვალებადი ემოციებით სავსე მოგზაურობას, სადაც ყოველ ახალ აღმართზე შფოთის დონე მატულობს, დაშვების შემდეგ კი ყველანაირი ემოციისგან თავისუფლდები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მთელი ეს დრო სკამზე ხარ დაბმული და ფეხს ვერსად გაადგამ.

ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრში მოღვაწე არტისტებს შორის, საკუთარ შემოქმედებაში პოპის მტკივნეული პენეტრაცია, Arca-ს შემდეგ, სწორედ სოფიმ დაიწყო. შედეგად კი, ერთი შეხედვით, საკმაოდ არაკომფორტული ჟღერადობა მივიღეთ, რომელიც ამავდროულად მასობრივ მსმენელზეა გათვლილი. იმავე გზას დაადგა Yves Tumor, რომელსაც სოფისთან ერთად ელექტრონული მუსიკის სივრცეში წლის ყველაზე ხმამაღალი განაცხადი ეკუთვნის.

► მოუსმინეთ ალბომს

1. Yves Tumor - Safe in the Hands of Love

თამამად შეგიძლიათ ივ ტუმორს თქვენი საიდუმლო ანდოთ - ის მას არავის მოუყვება. ვისაც არტისტის ადრინდელი ჩანაწერები ახსოვს, კარგად იცის, რომ ამერიკელ მულტიინსტრუმენტალისტს ბევრი ლაპარაკი არასდროს უყვარდა. 2016 წელს PAN-ზე გამოცემული Serpent Music-ის შემდეგ კი შონ ბოუიმ აქტიურად დაიწყო კონცენტრირება პოპ ფაქტურაზე და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი პოპ მუსიკის კეთებაა. შედეგად Safe in the Hands of Love მივიღეთ - რედაქციის აზრით, წლის საუკეთესო ელექტრონული ალბომი.

ალბომის პირველ სინგლს სახელწოდებით Noid მსმენელთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. არტისტის მცდელობა ამერიკაში პოლიციისადმი უნდობლობის პარაnoidულ გამოვლინებებზე ემღერა, საკმაოდ ბანალური იყო - ჩვენ მისგან სულ სხვა ისტორიებს ველოდით. შემდეგ კი წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოპ კომპოზიცია Licking an Orchid გავრცელდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ის ქაოსი, შიში, დისორიენტაცია და ტრავმა, რაც ივ ტუმორის მუსიკაში ყოველთვის იკითხებოდა, ვერბალურ ფორმებში კონვერტირდა.

იმის მიუხედავად, რომ ალბომი სონგრაითინგის მასტერკლასად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მომდევნო სიმღერის ტექსტი ახალ თავსატეხს აჩენს. სტუდიური ჩანაწერის სრულად მოსმენის შემდეგაც კითხვა უფრო მეტი რჩება, ვიდრე პასუხი - სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ანდოთ მას თქვენი საიდუმლო. ზუსტად ისე, როგორც ეს ბისკეინელმა ძმებმა გააკეთეს.

ტოქსიკურ სასიყვარულო ურთიერთობაზე ტირილის მიღმა, არტისტი საკუთარი ტრავმის სხვადასხვა შრეს გვიჩვენებს, რაც ძალიან კარგად ჩანს კომპოზიციაში Lifetime. ალბომის ლირიკულად ყველაზე გამართულ და საინტერესო სიმღერაში მუსიკოსი თითქოს კლაუსტროფობიურ განცდებსა და წარუმატებლობით გამოწვეულ ფრუსტრაციაზე მღერის, მაგრამ ფონად I miss the days out in Biscayne, I miss my brothers გვესმის.

ვინ ძმები? ან რა მოხდა ბისკეინში? აქ ვიგებთ, რომ Licking an Orchid-ის პათოსი ტანჯვაში სიამოვნების ძიების შესახებ ორაზროვანი ხდება. Recognizing the Enemy-ში კი ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემის პერსონისგან დაცლას ვხვდებით, რის შედეგადაც ვკარგავთ ალბომში მოთხრობილი ისტორიების მთავარ პროტაგონისტს და გვრჩება მხოლოდ ამბები ადამიანების გარეშე. როგორც ჩანს, არტისტი ყველაფრის მოსაყოლად ჯერ მზად არ არის.

სამაგიეროდ ის მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულიად ქაოტური ტექსტურების მქონე ინსტრუმენტული მხარე, რომელიც პერიოდულად ნოიზის, ზოგჯერ კი ფსიქოდელიური როკის ფაქტურით გამოირჩევა, ერთიან სივრცეში მოექცია. როგორც ლირიკულად, ასევე ინსტრუმენტული ასპექტის გათვალისწინებით, Safe in the Hands of Love ივ ტუმორის საუკეთესო ნამუშევარია და უფრო მეტიც, ჩვენი წლის ალბომიც.

► მოუსმინეთ ალბომს

► 2018 წლის 20 საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია 

კომენტარები

ბოლოს დამატებული