Thumbnail

"24 საათის შემდეგ თქვენი სხეული და ტვინი ნორმალურ ფუნქციონირებას შეწყვეტს, ცნობიერების ნაკადი დაგერღვევათ და მარიონეტად იქცევით. სწორედ მაშინ მოვალთ თქვენთან სასაუბროდ", - ასე დაახასიათა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ადამიანების მუსიკით წამება. გუანტანამოს საპყრობილეში ამ მეთოდის დანერგვას საფუძვლად მარტივი მიზეზი უდევს - ტერორისტთა ნაწილი მრავალწლიანი მომზადების შედეგად ახერხებს, ფიზიკურ ტკივილს გაუძლოს, უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის გადატანა კი ერთეულებს თუ ძალუძთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ წამების ამ ხერხის გამოყენება 11 სექტემბრის ტერაქტიდან მცირე ხანში დაიწყო. ამა თუ იმ სიმღერის უკიდურესად ხმამაღლა, განუწყვეტლივ მოსმენა ტუსაღებში გაცილებით დიდ სტრესს იწვევდა, ვიდრე ფიზიკური ტანჯვა. მათ რამდენიმე დღის, ხშირად კი კვირის განმავლობაში არ ეძლეოდათ დაძინებისა თუ დასვენების შესაძლებლობა, რაც უმწვავესი ფსიქიკური აშლილობით სრულდებოდა.

პატიმრებზე ზემოქმედების მოსახდენად სპეციალური ფლეილისტი იყო შედგენილი, რომელშიც ზოგიერთი სიმღერის აღმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს. ჩვენს სტატიაში სწორედ ამ სიიდან შერჩეულ ათ კომპოზიციას გაგაცნობთ.

10. Metallica - Enter Sandman (1991)

ალბათ, არავის გააკვირვებს ის ფაქტი, რომ გუანტანამოს საპყრობილეში მძიმე მეტალი ხშირად გაისმის. პრინციპში, ზედმეტად ხშირადაც, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში ამ სიმღერის უწყვეტ რეჟიმში მოსმენა "მეტალიკას" ყველაზე თავგამოდებულ ფანებსაც კი გაუჭირდებათ. სხვათა შორის, კომპოზიცია სწორედ სიზმრად ნანახი კოშმარების შთაგონებითაა დაწერილი. როგორც ჩანს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ირონიის დეფიციტს არ უჩივიან.

წყარო: Metallica-ს შემოქმედების გუანტანამოში გამოყენების ფაქტი BBC-მ 2003 წელს გაასაჯაროვა.

9. Eminem - The Real Slim Shady (2000)

ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის მონათხრობით, მას და სხვა ეჭვმიტანილებს ემინემის ჰიტის განუწყვეტლივ მოსმენა თითქმის ოცი დღის განმავლობაში მოუწიათ. შედეგად, მათი უმეტესობა მძიმე ფსიქიკური აშლილობით დაავადდა. აღსანიშნავია, რომ ამ ცინიზმით სავსე ტექსტის მქონე კომპოზიციის გარდა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო წამების პროცესში დეტროიტელი რეპერის სხვა ჩანაწერებსაც (Kim, White America) იყენებდა.

წყარო: ორგანიზაციამ Human Rights Watch ამ ფაქტის შესახებ 2005 წელს განაცხადა.

8. Drowning Pool - Bodies (2001)

ამერიკული ნიუ მეტალ ბენდის ამ ჰიტს ყველა "ღირსება" გააჩნია ჩვენს სიაში საპატიო ადგილის დასამკვიდრებლად - ძალადობისკენ მოწოდების შემცველი ტექსტი, მძიმე ჟღერადობა და მანიაკალური ვოკალი. თავის დროზე ჯგუფის ბასისტმა, სტივი ბენტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართულ საქმიანობაში მისი შემოქმედების ნებისმიერი ფორმით გამოყენებას მიესალმებოდა. თუმცა, მოგვიანებით ამ კომენტარისათვის საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

წყარო: ბენდის ოფიციალური გვერდი MySpace-ზე.

7. Christina Aguilera - Dirrty ft. Redman (2002)

კრისტინა აგილერას ამ უკიდურესად ინტიმური ქვეტექსტის მქონე სიმღერას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ძირითადად ღრმადმორწმუნე მუსლიმ ეჭვმიტანილებთან მუშაობისას იყენებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკითხვის პროცესში CIA-ის მდედრობითი სქესის, ნახევრად შიშველი თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას, რათა ისედაც ნაწამები პატიმრებისათვის სტრესი სქესობრივი ლტოლვითაც გაემძაფრებინათ.

წყარო: ჟურნალ New Yorker-ში 2016 წელს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით The Sound of Hate.

6. Neil Diamond - America (1981)

ამ სიმღერის წამების პროცესში გამოყენება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებმა საკმაოდ ლოგიკურად განმარტეს - მათ ამერიკა სძულთ? მაშინ მოუსმინონ, როგორ ჟღერს ნამდვილი ამერიკული სიმღერა! პატრიოტიზმით გამსჭვალული კომპოზიცია, რომლის ტექსტიც შეერთებულ შტატებს ხოტბას ასხამს, ამისთვის იდეალური არჩევანი იყო. ასე გადაიქცა ნილ დიამონდის ომახიანი ხმით შესრულებული ჰიტი საწამებელ იარაღად.

წყარო: ჟურნალისტ ჯასთინ შეროკის წიგნი Tortured: When Good Soldiers Do Bad Things, 2010 წ. 

5. Barney - I Love You (1998)

წარმოიდგინეთ, რომ ბნელ საკანში გაკოჭილი გდიხართ, ბოლომდე აწეული დინამიკებიდან კი გულისგამაწვრილებლად აუტანელი ხმა განუწყვეტლივ გიხსნით სიყვარულს. დაგვეთანხმებით, ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმის სცენარს უფრო წააგავს, ვიდრე რეალობას. ამ სიმღერის ავტორს, ბობ სინგლთონს სასაცილოდაც არ ეყო, როდესაც საბავშვო შოუს მუსიკალური თემის წამების პროცესში გამოყენების შესახებ შეიტყო. როგორც ჩანს, მას არასდროს უცდია საკუთარი კომპოზიციისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში გადაბმულად ესმინა.

წყარო: ამ კომპოზიციის გუანტანამოში გამოყენების ფაქტი BBC-მ 2003 წელს გაასაჯაროვა.

4. Bee Gees - Night Fever (1977)

"საშინლად ცხელოდა. სინათლე არსაიდან შემოდიოდა. ვერავის გამოელაპარაკებოდი. მხოლოდ ეს საშინელი სიმღერა იყო ჩართული და მეორდებოდა, ისევ და ისევ. თითოეული ჩვენგანი მზად იყო ეთქვა ამერიკელებისათვის ის, რისი მოსმენაც მათ სურდათ, ოღონდ ეს ჯოჯოხეთი დასრულებულიყო", - ასე იხსენებს გუანტანამოს ერთ-ერთი ყოფილი ტუსაღი მძიმე დღეებს, რომლებმაც სწორედ ამ მხიარული და ენერგიული დისკო ჰიტის თანხლებით ჩაიარეს.

წყარო: ყოფილი პატიმრის, მოაზამ ბეგის წიგნი Enemy Combatant: My Imprisonment at Guantanamo, Bagram and Kandahar, 2006 წ. 

3. Britney Spears - ...Baby One More Time (1999)

აქ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ სისასტიკის მხრივ საკუთარ თავსაც კი აჯობა. ბრიტნის ამ სიმღერის თავიდან ბოლომდე ერთხელ მოსმენაც კი საკმაოდ მყარ ნერვებსა და გამძლეობას მოითხოვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რისი გადატანა მოუწიათ ადამიანებს, რომლებსაც მისი საშუალებით აწამებდნენ?

წყარო: ყოფილი პატიმრის, მოაზამ ბეგის წიგნი Enemy Combatant: My Imprisonment at Guantanamo, Bagram, and Kandahar, 2006 წ. 

2. Marilyn Manson - Beautiful People (1996)

ის ფაქტი, რომ ამ კომპოზიციას ადამიანების საწამებლად იყენებენ, ალბათ, დიდ გაკვირვებას არ იწვევს. მერილინ მენსონის შემოქმედებაც და იმიჯიც სწორედ შოკისმომგვრელი ეფექტის შექმნაზეა გათვლილი. მისი ჩანაწერების მოსმენა განსაკუთრებით მძიმე მუსლიმი პატიმრებისათვის იყო, რომლებსაც ასეთი ჟღერადობის მუსიკასთან მანამდე შეხებაც კი არ ჰქონიათ.

წყარო: ყოფილი პატიმრის, მოაზამ ბეგის წიგნი Enemy Combatant: My Imprisonment at Guantanamo, Bagram, and Kandahar, 2006 წ. 

1. Queen - We Are the Champions (1977)

ერაყის ომის ვეტერანს, დონალდ ვენსს იარაღით არალეგალური ვაჭრობის ბრალდებით საპყრობილეში 97 დღის გატარება მოუწია. დაკითხვებისას მას სწორედ "ქუინის" ამ ენერგიული კომპოზიციის მოსმენა უწევდა. გამოცდილმა სამხედრომ წარმატებით გაუძლო ზეწოლას. წამების პროცესში ის თავის თავს ესაუბრებოდა, ეხუმრებოდა, გონების სხვა რამეზე გადართვას ცდილობდა და საბოლოოდ შეძლო კიდეც საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. თუმცა, მისივე თქმით, ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის ჰიტს ძალაუნებურად რამდენჯერმე მაინც აჰყვა. 

წყარო: დონალდ ვენსის ინტერვიუ გამომცემლობა New York Times-თან, 2006 წ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული