Thumbnail

კეიპოპ არტისტები პლასტიკურ ოპერაციამდე და მას შემდეგ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სეული პლასტიკური ოპერაციების მსოფლიო დედაქალაქად ითვლება. ამ მეგაპოლისის მხოლოდ ერთ კვარტალში სულ მცირე 500 კლინიკა ფუნქციონირებს, სადაც სხეულის ნებისმიერი ნაწილის კორექციაა შესაძლებელი. ცნობილია ასევე, რომ პლასტიკური ქირურგისთვის ყოველ მესამე კორეელ ქალს მიუმართავს.

სამხრეთ კორეაში დასაქმების ბაზარზე გარეგნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის მოქალაქეები სასურველი ვიზუალის მისაღებად ფინანსებს არ იშურებენ. განსაკუთრებით პოპულარული თვალის ევროპული ჭრილია. ხშირია შემთხვევები, როდესაც კორეელი მშობლები შვილებს სკოლის დამთავრების აღსანიშნად, საჩუქრის სახით, ქუთუთოების ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის მნიშვნელობა, რომელიც სამხრეთკორეულ შოუბიზნესში პლასტიკურ ოპერაციებს ენიჭება. სცენაზე მოსახვედრად არტისტებს საკუთარ გარეგნობაში არაერთი ცვლილების შეტანა უწევთ.

7. Hyomin

მუსიკალური კარიერის დაწყებამდე პოპულარული კეიპოპ ჯგუფის, T-ARA-ს წევრი ჰიომინი მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობდა. 2010 წელს მომღერალმა გამოცემასთან AllKpop პლასტიკური ოპერაციების შესახებ ღიად ისაუბრა. მას ქუთუთოებისა და ცხვირის კორექცია აქვს გაკეთებული.

"ჩვენი პროფესია უამრავი ადამიანისთვის სიამოვნების და სიხარულის მინიჭებას ითვალისწინებს. ეს კი შეუძლებელია, თუ ლამაზი გარეგნობა არ გაქვს", - აღნიშნა შემსრულებელმა. 

6. Narsha

Brown Eyed Girls-ის ლიდერს არასდროს დაუმალავს, რომ პლასტიკურ ქირურგიას ხშირად მიმართავს. პოპვარსკლავის ფანებს კი არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მუსიკოსი ახლა ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე კარიერის დასაწყისში. ერთ-ერთ სამხრეთკორეულ რადიოშოუში სტუმრობისას შემსრულებელმა აღიარა, რომ ოპერაციების შემდეგ თავს "გაცილებით მომხიბვლელად და ბედნიერად" გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ ნარშას ბენდმა ლედი გაგას სიმღერის Poker Face კორეული ვერსია Plastic Face ჩაწერა. კომპოზიციის შეცვლილ ტექსტში გოგონები ბუნებრივ სილამაზეს ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ ქალების უმრავლესობა მიმზიდველი სწორედ პლასტიკური ოპერაციების შედეგად ხდება. ნამუშევარში ჯგუფის წევრები ასევე იმ ცნობილ მამაკაც არტისტებს ასახელებენ, რომლებიც ხშირად მიმართავენ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს.

5. Six Bomb

2017 წელს ჯგუფ Six Bomb-ის წევრებმა პლასტიკური ოპერაციების გაკეთება გადაწყვიტეს და ეს პროცესი, კეიპოპის ისტორიაში პირველად, საკუთარ შემოქმედებაში ასახეს. ასე შეიქმნა ორი კომპოზიციისგან შემდგარი პროექტი Becoming Prettier.

პირველი კლიპი Becoming Prettier (Before) გოგონებმა 7 თებერვალს გაავრცელეს. მასში წინასაოპერაციო მზადება იყო ნაჩვენები. 15 მარტს კი ჯგუფმა მეორე ვიდეორგოლი Becoming Prettier (After) გამოუშვა და მაყურებლის წინაშე თავი შეცვლილი ნაკვთებით მოიწონა. საერთო ჯამში ჯგუფის ლეიბლს პლასტიკური ოპერაციები 100 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი ($ 93,000) დაუჯდა.

4. Shindong

შინდონგმა პოპულარობა ბოიბენდ Super Junior-ში მოღვაწეობით მოიპოვა. პლასტიკური ქირურგიისთვის მიმართვა მას ჯგუფის ლეიბლმა ურჩია. "სააგენტოს პრეზიდენტმა შემომთავაზა, ქუთუთოების კორექცია გამეკეთებინა, რადგან, მისი თქმით, უსიამოვნო მზერა მქონდა", - აღნიშნა მუსიკოსმა ერთ-ერთ გამოცემასთან.

იმის მიუხედავად, რომ ლეიბლები არტისტებს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებისკენ ხშირად მოუწოდებენ, სამხრეთ კორეაში ამ თემაზე საჯარო საუბარი მიღებული არ არის. თუმცა, შინდონგი ტაბუს მსხვრევას არ ერიდება. რამდენიმე წლის წინ პოპვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ კაცებისგან განსხვავებით, ქალებს ჭარბი წონა არ ეპატიებათ. მაშინ მუსიკოსის ამ მოსაზრებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა.

3. Uee

ჯგუფ After School-ის ყოფილ წევრს, მომღერალსა და მსახიობს კიმ იუ ჯინს, ფსევდონიმით Uee, სცენაზე გამოჩენის შემდეგ ხშირად ეკითხებოდნენ, მიუმართავს თუ არა ესთეტიკური მედიცინისთვის. მუსიკოსიც პასუხობდა, რომ მას თვალები დაბადებიდან არაპროპორციულად ჰქონდა განლაგებული, ამიტომაც ნაკლის გამოსასწორებლად მცირე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ არტისტმა უჩივლა ექიმს, რომელმაც მისი თეძოებისა და მუცლის ფოტოები საკუთარ ბლოგზე განათავსა. სურათების უნებართვოდ გამოქვეყნების გამო, სასამართლომ ქირურგს 2,800 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

2. Hwang Chi Yeul

ჰუან ჩი იოლმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. სხვა კეიპოპ არტისტების მსგავსად, მასაც მიუმართავს ესთეტიკური მედიცინისთვის. ცხვირის კორექცია შემსრულებელმა მენეჯერის რჩევით გაიკეთა. 

"სცენაზე გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ, რომელიც ჩემს კარიერას წარმართავდა, მირჩია, პლასტიკური ქირურგიისთვის მიმემართა. მეც დავთანხმდი იმის მიუხედავად, რომ ადრე აზრადაც არ მომსვლია ოპერაციის გაკეთება", - აღნიშნა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

1. Goo Hara

ცნობილი კეიპოპ კოლექტივის, Kara-ს ყოფილმა წევრმა გუჰარამ სამხრეთკორეულ შოუში Strong Heart სტუმრობისას აღიარა, რომ უმნიშვნელო პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული. მუსიკოსის თქმით, მას ცხვირისა და ქუთუთოების ფორმის შეცვლა და კბილების გასწორება მოუწია.

ჯგუფის დაშლის შემდეგ, შემსრულებელი სოლო კარიერაზე გადაერთო. 2015 წელს მან მსმენელებს სადებიუტო მინი ალბომი Alohara შესთავაზა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული