Thumbnail

სანდრო ცქიტიშვილი: ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია (1980-იანი წლები)

სანდრო ცქიტიშვილი პროფილის ფოტო
სანდრო ცქიტიშვილი

ოთხმოციანები ქართული მუსიკისთვის იმედისმომცემად დაიწყო. 1980 წელს თბილისში როკ ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები" ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ისტორიაში ეს ამ სახის პირველი ოფიციალური ღონისძიება იყო. ფილარმონიის შენობა ხალხს ვეღარ იტევდა. ჩვენი დედაქალაქი ერთი კვირის განმავლობაში საბჭოეთის როკ ცენტრად იქცა.

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: დასაწყისი და 50-იანი წლები

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 60-იანი წლები

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 1970-იანი წლები

ფესტივალზე ძალიან ბევრმა ბენდმა დაუკრა, სტუმრები თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ. იყო მოულოდნელობები და სკანდალებიც. მაგალითად, ბორის გრებენშიკოვის "აკვარიუმი" გამოსვლისას არასათანადო მოქცევის აბსურდული ბრალდებით ღონისძიებიდან მოხსნეს. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას გრებენშიკოვი სცენაზე დაწვა და გიტარა ფეხებს შორის ამოიდო, ჯგუფის მეორე წევრმა მასზე ვიოლონჩელო დადგა, კიდევ ერთმა კი ფაგოტით დარბაზის მიმართულებით "ავტომატის ჯერი" გაუშვა. ეს ყველაფერი ჟიურიმ საბჭოთა მუსიკოსებისთვის შეუფერებელ ქცევად და ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნია და კოლექტივი ფესტივალიდან მოკვეთა.

მეორე დღეს გრებენშიკოვმა და მისმა მეგობრებმა კონცერტის ორგანიზება ქალაქ გორში მოახერხეს. "გაზაფხულის რიტმების" გადასაღებად ფინეთიდან ჩამოსული კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი "აკვარიუმს" გაჰყვა და ფესტივალის შესახებ მომზადებულ 40-წუთიან ფილმში იმ გამოსვლის ნაწყვეტებიც შევიდა.

თბილისის როკ-ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები" (1980)

ღონისძიებაში სულ 8 ქართული ბენდი მონაწილეობდა. მათგან ორი, "75“ და ბათუმური "ლაბირინთი", ფესტივალის ლაურეატები გახდნენ, ვალერი კოჩაროვის "ბლიცმა" კი მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა.

1981 წელს გამოვიდა 2-ვინილიანი კრებული, რომელშიც ფესტივალის ლაურეატთა მუსიკა შევიდა, მათ შორის "75"-ის 13-წუთიანი, იშხნელების სიმღერებზე დაფუძნებული პროგ-როკ სიუიტა და ორი საინტერესო ნაწყვეტი "ლაბირინთის" ნახევარსაათიანი ჯაზ-როკ კომპოზიციიდან.

ლაბირინთი - ჩემო საქართველო (1980)

სამწუხაროდ, სულ ეს იყო. ამ მოჩვენებითი აღიარების პარალელურად საბჭოთა რეპრესიული მანქანაც ამოქმედდა. ღონისძიების მონაწილე დანარჩენი 5 ქართული როკ-ჯგუფის სახელს ინტერნეტის ვერცერთ საძიებო სისტემაში ვერ ნახავთ. ზემოთ ნახსენები კრებულის შემდეგ კი, "ვია 75"-ის გარდა, ფესტივალის სხვა ქართველი ლაურეატების ოფიციალურ დისკოგრაფიას ერთი ახალი სიმღერაც კი არ შემატებია.

ვალერი კოჩაროვი თავის "ბლიცთან" ერთად შიგადაშიგ კიდევ უბრუნდებოდა მუსიკას და ხანდახან ტელევიზიითაც ჩნდებოდა, ძირითადად "ბითლზის" რეპერტუარით. "ლაბირინთი" კი, საბჭოთა დროის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული ქართული ბენდი, უგზო-უკვლოდ გაქრა.

ბლიცი - საქართველოს ტელევიზიის საახალწლო ეთერი (1986)

ოთხმოციანების დასაწყისის ქართულ "ფილარმონიულ" როკ მუსიკას სამოცდაათიანების ინერცია დაჰყვა. 1981-ში "75"-მა რიგით მეორე ალბომი "სიხარულის რიტმი" გამოუშვა, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს ჩაიწერა. მასზე მუშაობის დაწყებამდე ანსამბლის შემადგენლობა გადახალისდა. ჯგუფში ახალი შემსრულებლები, მათ შორის მიშა ფოფხაძე და ბესო კალანდაძე მოვიდნენ.

ამ სტუდიურ ჩანაწერში ორი კომპოზიცია პირველი ალბომიდანაა გადამღერებული, ორიც ჯიმი ჰენდრიქსისა და რორი გალაჰერის სიმღერების ქავერია, თუმცა, დანარჩენი ორი "75"-ის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრებია.

"ენძელა" ყველასათვის ცნობილი ულამაზესი ბალადაა, "ქარი" კი ტოპ კლასის, დრაივიანი ჯაზ-როკ კომპოზიცია იმ პერიოდისთვის უჩვეულო, სიურრეალისტური ტექსტით. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბოლო ჩანაწერი, რომელშიც ლეგენდარული ჯაზ პიანისტი, ნაადრევად გარდაცვლილი ვაგიფ მუსტაფაზადე მონაწილეობს. 

75 - ქარი (1981)

1983 წელს "75"-ის მესამე სტუდიური ალბომი გამოდის. "ვარსკვლავთცვენაში" ჯგუფმა ჯაზ-როკიდან უპრეტენზიო, მსუბუქი პოპ-როკ ჟღერადობისკენ გადაუხვია, მაგრამ სიმღერების უმეტესობა იმდენად კარგია, რომ ჩანაწერი ანსამბლის დისკოგრაფიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნუგზარ ერგემლიძისა და ზურა მანაგაძის კომპოზიციები "თეთრი ღამე", "ციხისძირი", "ლიანები", "არა, აღარ გამებუტო" და "ექსპრომტი".

75 - ვარსკვლავთცვენა (1982) [სრული ალბომი]

ოთხმოციანების დასაწყისში ორი საკმაოდ არათანაბარი, მაგრამ საერთო ჯამში სასიამოვნოდ მოსასმენი ალბომი გამოუშვა "ივერიამ". ჯგუფის სადებიუტო, ჟღერადობის თვალსაზრისით ძალზე სარისკო ნამუშევართან შედარებით, ამ ჩანაწერებში აშკარად იგრძნობა კომპრომისი საბჭოთა ცენზურასთან, თუმცა ალექსანდრე ბასილაიასა და ანსამბლთან ასოცირებული სხვა კომპოზიტორების (განსაკუთრებით ბორის შხიანის) ნიჭის წყალობით, ორივე ფირფიტაზე რამდენიმე კარგ სიმღერას ვხვდებით. 

ივერია - დაწყნარდი გულო (1980)

1981 წელს "დიელოდან" წამოსულმა გივი გაბუნიამ ანსამბლი "ენგური" ჩამოაყალიბა. ჯგუფმა ცოტა ხანს იარსება, 1983 წლისთვის ის უკვე დაშლილი იყო, მაგრამ ამ მოკლე დროში ერთი ძალიან საინტერესო ალბომის ჩაწერა მაინც მოასწრო.

აქ მსმენელს ფანკთან და ფსიქოდელიასთან შეზავებული, დახვეწილი ვოკალური ჰარმონიებით გაჯერებული ფოლკლორი, ენერგიული არანჟირებები და რამდენიმე ულამაზესი პოპ-როკ სიმღერა (განსაკუთრებით "დოლაბაი") შეხვდება. ალბომის ბოლოს კი, სიურპრიზად სამწუთიანი ინსტრუმენტული პროგ-შედევრი "პრელუდია" გელით, რომელიც ჰოლანდიური ბენდის, Focus-ის სტილშია გადაწყვეტილი. 

ისევე, როგორც სხვა იმდროინდელი ქართული ბენდების ნამუშევრები, ეს ჩანაწერიც, მასში წარმოდგენილი მასალის მრავალფეროვნების გამო, საკმაოდ არათანაბარია, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე ხალასად მოსასმენი პოპ ალბომია ჩვენი "ფილარმონიული" მუსიკის ისტორიაში. ამას ხელს უწყობს უჩვეულოდ კარგი ხმის რეჟისურა, რაც გასაკვირია, ვინაიდან მისი ხარისხი გაცილებით აღემატება იმ ფირფიტებისას, რომლებიც მინიმუმ 20-ჯერ დიდი ტირაჟით გამოვიდა.  

ენგური - ენგური (1981) [სრული ალბომი]

ამავე წელს გამოვიდა "დიელოს" ნომინალურად ბოლო ალბომი, რომელშიც სულ სხვა მუსიკოსები უკრავენ. მასში არ მონაწილეობს ამირან ებრალიძე, ანსამბლის ხელმძღვანელად კი ფირფიტის ყდაზე მისი ძმა, სოსო არის მითითებული.

სტილის მხრივ, ჩანაწერს თითქმის არაფერი აქვს საერთო ძველ "დიელოსთან", მაგრამ ეს ალბომიც, ოდნავი ჯაზით, მოქნილი ფანკით, ბუგი-ვუგით, რამდენიმე საფორტეპიანო ბალადითა და ბევრი ლამაზი, მელოდიური სიმღერით, საკმაოდ სასიამოვნოდ ისმინება. 

ფირფიტა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში შესულია ნუგზარ ერგემლიძის "თუკი გესიზმრების" და რომა რცხილაძის "ნატვრის ხის" თავდაპირველი ვერსიები, რომლებიც შეიძლება, ამჯობინოთ კიდეც უფრო გვიანდელ ჩანაწერებს. აღნიშვნის ღირსია ასევე ჯუტი ხელაშვილის მიერ შესრულებული ლამაზი ბალადა "მზეო".

დიელო - დიელო 81 (1981) [სრული ალბომი]

1983 წელს ჩაიწერა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს როკ ბენდის ალბომი "გაუფრთხილდით სიყვარულს". ჯგუფმა, რომელსაც შემდგომში "თეატრონი“ ეწოდა, მსმენელს რბილი, სასიამოვნო ჟღერადობის ნამუშევარი შესთავაზა, რომელმაც ფილ კოლინზის ან Simply Red-ის მუსიკა შეიძლება მოგვაგონოს.

ეს არის პირველი სტუდიური ჩანაწერი, რომელშიც მერაბ სეფაშვილი მღერის. მის გარდა აქ რამდენიმე სიმღერას გია მაჭარაშვილი ასრულებს, ბასზე კი ნუგზარ ერგემლიძე უკრავს.

თეატრონი - გაუფრთხილდით სიყვარულს (1983) [სრული ალბომი]

ოთხმოციანების შუა პერიოდისკენ ვინილებზე ქართული პოპულარული მუსიკის გამოცემამ მნიშვნელოვნად იკლო. ის ფოლკლორულმა ჩანაწერებმა და რაღაც გაუგებარმა კრებულებმა ჩაანაცვლა, ახალი ნამუშევრები კი ძველებურად შთამბეჭდავი აღარ იყო.

1985 წელს "75"-მა გამოუშვა თავისი უკანასკნელი სტუდიური ალბომი "ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო". სიმღერების უმეტესობას ბევრი არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ ჩანაწერი იმდენად რბილი და წარსულზე ორიენტირებული იყო, რომ მთლიანობაში ზედმეტად ანაქრონისტულად მოჩანდა. 

ამავე წელს გამოიცა "ივერიას" მაგნუმ ოპუსი, როკ-ოპერა "ჩხიკვთა ქორწილი". მისი ორი, ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული, ქართული და რუსულენოვანი ვერსიებია ხელმისაწვდომი. ალბომის უმეტესი ნაწილი ძალიან კარგად ისმინება და იმ პერიოდის საუკეთესო ქართულ ჩანაწერებს მიეკუთვნება, მაგრამ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც ანსამბლმა სასიმღერო მუსიკის საეჭვო დრამატურგიის მქონე მიუზიკლებით ჩანაცვლება დაიწყო. 1986 წელს ჩაიწერა "არგონავტები", რატომღაც მხოლოდ რუსულენოვანი ვერსია, 1988 წელს კი, უცნაურად, მხოლოდ კასეტებზე, "თოვლის ბებოს ზღაპარიც" გავრცელდა. 

ივერია - ჩხიკვთა ქორწილი (როკ-ოპერა) (1984) [სრული ალბომი]

1984-85 წლებში "მელოდიამ" მუსიკალურ ფორმატთან უცნაური ექსპერიმენტები დაიწყო, რასაც რამდენიმე გაუგებარი დანიშნულების ფირფიტის გამოცემა მოჰყვა. ასე მაგალითად, "ივერიას" და რომა რცხილაძის ახალ ანსამბლ "ნატვრის ხეს" საერთო ალბომი გამოაცემინეს, რომლის ერთ მხარეზე პირველი ჯგუფის სიმღერები იყო წარმოდგენილი, მეორეზე კი მეორის. გასაკვირია, მაგრამ ჩანაწერში შესული "ჭადრაკის დაფის" გამო, რომელიც მორის ფოცხიშვილის უწყინარ ლექსზე შეიქმნა, თავის დროზე საბჭოთა ცენზურამ "ნატვრის ხეს" საკონცერტო მოღვაწეობა აუკრძალა და რადიოშიც დაბლოკა. 

ნატვრის ხე - ჭადრაკის დაფა (1981) 

"მელოდიის" ექსპერიმენტები ამით არ დასრულებულა. ანსამბლი "ჯადოსნური გზები" რატომღაც "ორერადან" წამოსული ვალერი ლომსაძის აკომპანიატორ ბენდად აქციეს, მათ მიერ ჩაწერილი ფირფიტა კი ორ, ქალაქური სიმღერების სინთეზატორული ადაპტაციებისა და რუსულენოვანი ბალადების გვერდებად დაჰყვეს. რამდენიმე უცნაური სინთპოპ კომპოზიციის გამოკლებით, აქ მუსიკაზე შთამბეჭდავი ალბომის გაფორმებაა, რომლის მსგავსსაც სხვაგან იშვიათად შეხვდებით.

ვალერი ლომსაძე & ჯადოსნური გზები - ჯადოსნური გზები (1984)

უფრო სერიოზული მუსიკისთვის კი ოთხმოციანი წლების საბჭოთა ხმის ჩამწერმა ინდუსტრიამ ჩვეული ცინიზმით უკვე კარგა ხნის მივიწყებული მოკლემეტრაჟიანი, მინიონის ფორმატი აღადგინა. ასე რომ, ოთარ მაღრაძის კვინტენტმა ფირფიტაზე მხოლოდ 2 ჯაზ-კომპოზიცია გამოსცა.

ოთარ მაღრაძის ჯაზ-კვინტეტი - ვოკალიზი (1985)

ასეთივე პატარა ფირფიტას და ამდენივე სიმღერას დასჯერდა ჯგუფი "იმპულსიც", რომლის მუსიკაც მეტწილად Mahavishnu Orchestra-თი იყო შთაგონებული და ჯონ მაკლაფლინის პროექტის სხვა აღმოსავლეთევროპელი მიმდევრების ნამუშევრებისგან შთამბეჭდავი  საკომპოზიციო ტექნიკით გამოირჩეოდა. ამ პროგ-როკ და ფიუჟენ ბენდში გიტარისტი ზაზა მიმინოშვილი და პიანისტი გია მალაზონია უკრავდნენ, რომლებმაც ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გერმანიაში ეთნო-ჯაზ კოლექტივი "ადიო" ჩამოაყალიბეს. 

იმპულსი - არსი ერთია (1984)

ოთხმოციანების მეორე ნახევარში კარგი ქართულენოვანი ფირფიტები სანთლითაა საძებარი. ამ პერიოდის ქართულ მუსიკაში დასავლური სინთპოპის მიბაძვით ავთვისებიანად დამკვიდრდა იაფფასიანი სინთეზატორული საუნდი, რომელიც ყველანაირ კონტექსტს იყო მოწყვეტილი და საბჭოთა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო, გაცილებით პრიმიტიულად ჟღერდა, ვიდრე, მაგალითად, ადრეული Depeche Mode ან Duran Duran. ცალყბად დაპროგრამებულმა დრამ მანქანამ კი ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები ამოაგდო ხმარებიდან და ესტრადიდან ჰარდ როკამდე ყველა ჟანრს მოედო. 

ამის მიუხედავად, მოიძებნება გამონაკლისებიც. იმ დროის ძალზე საინტერესო ჩანაწერი ალექსანდრე კილაძის "ჯაზ ქორალის" 1987 წლის ფირფიტაა, რომელიც სტილის მხრივ მისი ათი წლის წინანდელი 4-სიმღერიანი მინიონის გაგრძელებაა. აქ ვოკალური ჯაზი, ფოლკლორის ელემენტები და საინტერესო არანჟირებები უზადო შესრულებითაა გადმოცემული. განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი რიტმ სექცია და ფორტეპიანო ჟღერს.

კოლექტივმა მალე მოიპოვა პოპულარულობა და საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ გაღწევაც მოახერხა. 1988 წელს მათ ძალზე წარმატებული ტურნე ჩაატარეს პოლონეთში, სადაც ლეგენდარულ ჯაზ საქსოფონისტ ტომაშ შუკალსკისთან ერთად, თავიანთი მეორე ფირფიტაც ჩაწერეს.

ალექსანდრე კილაძის ჯაზ ქორალი - ჯაზ ქორალი (1987) [სრული ალბომი]

ასევე კარგია ბენდ "ჯორჯიას" 1989 წლის ფირფიტა. ეს ანსამბლი "75"-ის დაშლის შემდეგ, უბერებელმა რობერტ ბარძიმაშვილმა ჩამოაყალიბა. ალბომი მელოდიური, ელექტრონული პოპ-როკია ჯაზის ოდნავი გავლენით. ის თანაბრად მაღალი ხარისხისაა და კარგადაა შესრულებული. ამ ბენდის ერთ-ერთმა სოლისტმა, ზურაბ კობეშავიძემ მალევე სოლო კარიერა წამოიწყო და ოთხმოცდაათიანების შუა პერიოდში უკვე სოლო შემსრულებლად დაიმკვიდრა თავი.

ჯორჯია - ჯორჯია (1989) [სრული ალბომი]

ჯაზ-როკზე იყო ორიენტირებული ჯგუფი "მზე და დედამიწა". კოლექტივს დამოუკიდებლად ვინილი არ გამოუცია, თუმცა, ხელმისაწვდომია მათი სატელევიზიო კონცერტების ჩანაწერები. 

მზე და დედამიწა - მზე და დედამიწა (1987)

იმდროინდელი ფირფიტებიდან სტილის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გია ბეშიტაიშვილის და ხუტა გაგუას ორი ერთობლივი ნამუშევარია. იტალიური ესტრადისთვის დამახასიათებელი ელექტრონული პოპ აკომპანემენტი აქ არაორდინარულად კონტრასტირებს ბეშიტაიშვილის საოპერო ვოკალთან.

გია ბეშიტაიშვილი & ხუტა გაგუა - მთვარიანი ხეივანი (1988)

ოთხმოციანების მეორე ნახევარში სცენაზე უფრო მეტად გამოჩნდნენ ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებული ბენდები. საქართველოში მცხოვრები ბერძნების ჯგუფმა Ellada ორი მსუბუქი, ეთნო მუსიკის ელემენტებზე დაფუძნებული ბერძნულენოვანი პოპ-როკ ალბომი ჩაწერა.

Ellada – Xilia Kai Mia Notes (1985) [სრული ალბომი]

Koma Wetan კი ისტორიაში პირველ ქურთულენოვან როკ ბენდად ითვლება. ის თბილისელმა ქურთებმა 1973 წელს ქერემ გერდენზერის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომი, რომელიც ჯერ კიდევ სამოცდაათიანების ბოლოს დაიწერა, მუსიკოსებმა მხოლოდ 1989 წელს ჩაწერეს, ფირფიტა კი ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. 

Koma Wetan - Koma Wetan (1990) [სრული ალბომი]

აკუსტიკურ სასიმღერო ჟანრში აღსანიშნავია ტრიოს ფორმატში მოღვაწე კოლექტივები "შაშვები", "სიმები", "სიმი", "თბილისი", "ღიმილი" და "ჰარმონია". 1981 წელს პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომი გამოსცა ყველასთვის კარგად ცნობილმა "ცისფერმა ტრიომაც"

ცისფერი ტრიო - ფოთოლი ტირის (1981)

1988 წელს გამოვიდა ოთარ რამიშვილის ალბომი. ჩანაწერში მუსიკოსი გიტარის თანხლებით ასრულებს სიმღერებს, რომლებმაც მას სახელი გაუთქვა. მათ შორისაა კომპოზიციები "ბულბულის სტვენა", "ფუტკარი" და "რამ დაგაღონა".

ოთარ რამიშვილი - სიმღერები (1988) [სრული ალბომი]

სულ უფრო და უფრო ნაკლებად იწერებოდა საესტრადო პოპ მუსიკა. ძირითადად გამოიცემოდა უკვე ცნობილი მომღერლების - ეთერ კაკულიას, ნუნუ გაბუნიას, ნანული აბესაძის ფირფიტები.

ნანული აბესაძე - თუ არის რაიმე (1981)

"მზიურის" დატოვების შემდეგ თავისი პირველი სტუდიური ნამუშევარი გამოსცა თამარ გვერდწითელმაც. პოპ-სასიმღერო კონტექსტში ამ ალბომებს ბევრი არაფერი დაეწუნება. მათი უმეტესობა იმ ლამაზ და თბილ ორკესტრულ პოპ-ჟღერადობას ეფუძნება, რომელიც სწორედ ოთხმოციანების დასაწყისში შემოვიდა მოდაში, თუმცა იმ პერიოდის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩანაწერი ეთერ კაკულიას სრულიად განსხვავებული ესთეტიკის, 4 მეგრული სიმღერისგან შემდგარი მინიონია, რომელიც მინიმალისტურად, მხოლოდ ერთი გიტარის თანხლებითაა არანჟირებული.

ეთერ კაკულია - ვა გიორქო მა (1987)

გაოცებას იწვევს იმდროინდელი საბჭოთა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის მხრიდან ეთერ იოსებიძის მასშტაბის ტალანტის სრული იგნორირება. მომღერალი, რომელსაც ჩვენთან ძირითადად მხატვრულ ფილმებში "მხიარული რომანი", "მოიტაცეს თამარ-ქალი", "ჩარი-რამა" და "სიყვარული ყველას უნდა" შესრულებული კომპოზიციებით იცნობდნენ, ოთხმოციანების ბოლოს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1991 წელს გამოშვებულ მემორიალურ ფირფიტაზე საოცარი ნიჭის მქონე ავტორ-შემსრულებელს ვუსმენთ, რომელიც ისევე, როგორც 10-20 წლით ადრე ინოლა გურგულია, მონატრებული გრილი ნიავივით იყო იმ პერიოდის მუსიკალურ სტაგნაციაში.

2011 წელს ეთერ იოსებიძის მიერ ოთხმოციანებში ჩაწერილი სიმღერების კიდევ ერთი კრებული გამოვიდა, რომელშიც ათი წლით ადრე ვინილზე გამოცემული კომპოზიციებიც შევიდა.

ეთერ იოსებიძე - საუკეთესო სიმღერების კრებული (2011) [სრული ალბომი]

ტექნიკურ-ინდუსტრიული ჩამორჩენის, ფორმატთან წარუმატებელი ექსპერიმენტების, აბსურდამდე მკაცრი ცენზურისა თუ პოლიტიკური წრეების მიზანმიმართული საბოტაჟის გამო, ოთხმოციანების ქართულმა ოფიციალურმა პოპულარულმა მუსიკამ საკუთარი თავი ნელ-ნელა გამოფიტა. ახალი პოპ მუსიკის სიმწირით შექმნილი ვაკუუმი კი ძველი შემსრულებლების ნოსტალგიურმა რე-რელიზებმა და ფოლკლორული თუ ბავშვთა ანსამბლების ფირფიტებმა შეავსო.  

იმ პერიოდის ბავშვთა ანსამბლებმა თანამედროვე მუსიკალური ჟღერადობის მორგება დაიწყეს. ასე მაგალითად, "ალიონის" 1987 წლის ფირფიტა მსუბუქ, ფანკნარევ ჯაზ-როკს შეიცავს. 

ალიონი - ალიონი (1987) [სრული ალბომი]

რამდენიმე კარგი ნამუშევრის მიუხედავად, ნათელი იყო, რომ ქართული მუსიკის მომავალი ამ ცენტრალიზებულ, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ხმის ჩამწერ ინდუსტრიას აღარ ეკუთვნოდა. საქართველოში, ისევე, როგორც ზოგადად იმდროინდელ საბჭოთა კავშირში, დამოუკიდებელმა, სახლის ფონოგრაფიამ დაიწყო დამკვიდრება. 

წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ დღეისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაზე ადრეულ დამოუკიდებლად ჩაწერილ ალბომად ინოლა გურგულიას "...პირველად იყო სიმღერა" მიიჩნევა. ამ კრებულზე მუშაობა მუსიკოსმა 1977 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაასრულა. ოთხმოციანების დასაწყისში კი სახლის პირობებში მუსიკის ჩაწერა როკ ბენდებმაც დაიწყეს. ამ მხრივ განსაკუთრებით თბილისში მოღვაწე რუსულენოვანი კოლექტივები აქტიურობდნენ. 

არტ პანკ ჯგუფმა Или, რომელმაც 1983-1990 წლებში იარსება, საკმაოდ დიდი დისკოგრაფია დატოვა (Сектор Дзен, 1988; Городские Ворота, 1988; Неправильный Поезд, 1989; Выхожу На Улицу, 1990). ნედლი ჟღერადობითა და სიურრეალისტური, სიმბოლოებით სავსე ტექსტებით გამორჩეული ბენდის შემოქმედება იმდროინდელი პეტერბურგის როკ სცენას ენათესავებოდა.

Или - Сектор Дзен (1988) [სრული ალბომი]

კიდევ ერთმა რუსულენოვანმა ჰარდ როკ ჯგუფმა Капкан, რომელიც 1978-1990 წლებში მოღვაწეობდა, ოცდაათამდე სიმღერა ჩაწერა. 1988 წელს კი ალბომი Подведём Итоги გაავრცელა.

Капкан - Подведём итоги (1988) [სრული ალბომი]

1987 წელს Капкан-ის რამდენიმე წევრმა შექმნა ჯგუფი Цеитнот, რომელიც სტილის მხრივ მსგავს მუსიკას უკრავდა. ბენდმა, სავარაუდოდ, 1989 წლამდე იარსება. შემორჩენილია მათი რამდენიმე სიმღერის ჩანაწერი.

Цейтнот - Детская Песенка (1989)

ქართულენოვანი ბენდების ჩვენამდე მოსული ჩანაწერებიდან ყველაზე ადრეული, დიდი ალბათობით, თბილისურ ჰარდ როკ ბენდს, "გრემს" ეკუთვნის. ჯგუფი 1977-93 წლებში მოღვაწეობდა და გადმოცემით, 4 ალბომი ჩაწერა, თუმცა დღეს მუსიკოსების შემოქმედებიდან ხელმისაწვდომი მხოლოდ 15 სიმღერაა. მათი ალბომების მიხედვით დალაგება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

გრემი - მადონა ნორჩი (1987)

1987 წელს ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენას ჩაეყარა საფუძველი. დადა დადიანმა შექმნა ჯგუფი "ტაქსი", რომელშიც მასთან ერთად ირინა ხორავა, კახა კიკაბიძე და ბიჭიკო ოსიპოვი გაწევრიანდნენ. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ირინა ხორავა ირაკლი ჩარკვიანმა შეცვალა.

1988 წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი ჩაწერა, რომელშიც ნიუ ვეივისა და ინდი როკის სტილში გადაწყვეტილი 8 ქართულენოვანი სიმღერა გაერთიანდა. "მე ვეღარ ვუყურებ ავადმყოფების ქალაქს, ჭუჭყიან ქალაქს. მე ვიცი, მე ვიყავი გარეთ, მე ვიცნობ ქუჩას, თითოეულ ქუჩაში გამვლელს თვალებში ზიზღი უჩანს", - ასეთი იყო ამ ჟღერადობისა და კონცეფციის თვალსაზრისით ქართული მუსიკისთვის სრულიად ახალი ნამუშევრის განწყობა.

ტაქსი - ტაქსი (1988) [სრული ალბომი]

1989 წელს დადა დადიანმა საკუთარ სახლში დრამ მანქანისა და სინთეზატორის გამოყენებით "ტაქსის" რამდენიმე ახალი სიმღერა ჩაიწერა. კომპოზიციებში "მფრინავი", "მომხვიე ხელები" და "გამოდი გარეთ" გიტარის ჩვეული საუნდი ელექტრონულმა ჟღერადობამ ჩაანაცვლა. ამ მიმართულებაზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად გაკეთდა დადას მიერ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში შექმნილ პროექტებში "საბავშვო მედიცინა" და Georgian Dance Empire

ტაქსი - გამოდი გარეთ (1989)

1987 წელსვე ლადო ბურდულმა შექმნა ჯგუფი "რეცეპტი", რომელშიც ასევე ზაზა სახამბერიძევოვა ვარდანიანი და კახა გუგუშვილი შედიოდნენ. მათ მოგვიანებით შალვა ხახანაშვილი და სანდრო კაპანაძე დაემატნენ. კოლექტივის მუსიკალურ მიმართულებას პანკ როკის, გოთიკისა და პოსტ პანკის ნაზავი წარმოადგენდა.

1987-92 წლებში "რეცეპტმა" ათამდე კომპოზიცია ჩაწერა. ეს ემოციურად შიშველი, სუნთქვისშემკვრელი სიმღერები 2006 წელს კანადურმა ლეიბლმა Supreme Echo კომპაქტ-დისკზე გამოსცა. ოთხმოციანების პერიოდიდან შემორჩენილია აგრეთვე ჯგუფის მიერ 1989 წელს თბილისში, უცხო ენების ინსტიტუტში ჩატარებული კონცერტის ვიდეო. 

რეცეპტი - Anthology Of Georgian Underground, Tbilisi 1987-1992 (2006) [სრული ალბომი]

1989 წელს კი ლადო ბურდულმა დადა დადიანის სახლის სტუდიაში "რეცეპტის" სამი სიმღერის - "მე მოვრბოდი შენკენ", "ამ ქალაქში მეფობენ მგლები" და "ისევ მუქდება მორიგი ღამე" ალტერნატიული ვერსიები ჩაწერა. 

რეცეპტი - ისევ მუქდება მორიგი ღამე (1989)

ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენის კიდევ ერთი ფუძემდებელი ქიშო გლუნჩაძე იყო. 1985 წელს ის ეკრანებზე გამოჩნდა, როგორც მსახიობი ალეკო ცაბაძის ფილმში "ლაქა", შემდეგ წლებში კი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ავტორ-შემსრულებელი გახდა. მის მიერ ოთხმოციანებში შექმნილი ნამუშევრიდან ჩვენამდე მხოლოდ ოთხმა სიმღერამ მოაღწია. ისინიც 1989 წელს დადა დადიანის სახლში ჩაიწერა. 

ქიშო გლუნჩაძე - ჭეშმარიტება (1989)

ოთხმოციანების ბოლოსკენ ფორმირება დაიწყო. თბილისურმა ჰარდ როკ და ჰევი მეტალ სცენამაც. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ბენდები Week End, "მწირი", "მორიტური", "მძიმე ჯვარი""მემენტო მორი" და "ოკეანე". "ჯგუფი "პრიზიც", სანამ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში სინთპოპ ჟღერადობით გაჯერებულ ალბომს ჩაწერდა, ჰევი მეტალს უკრავდა. 

Week End - დღეს ჩვენ ერთად ვართ (1989)

სხვა ქართული ბენდებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდნენ, უნდა აღინიშნოს რობი კუხიანიძის მიერ 1989 წელს ქუთაისში შექმნილი პანკ კოლექტივი "აუტსაიდერი""არაგველები" დუშეთიდან, "ბეთლემი" ქედადან, ასევე თბილისური ჯგუფები "ვნება""ჯუკ-ბოქსი" და "ბიჭები როკ-ენ-როლიდან". ამ უკანასკნელის ფრონტმენი ირაკლი გიგაური იყო, რომელმაც 1988 წელს, 22 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა, გარდაცვალებამდე რამდენიმე ულამაზესი კომპოზიციის შექმნა მოასწრო. მათ შორისაა სიმღერა "მე მინდა გიყურო", რომელიც მოგვიანებით "ზუმბალენდის" შესრულებით გახდა პოპულარული.

ბიჭები როკ-ენ-როლიდან - მაისი (1988)

ოთხმოციანი წლების ბოლოდან სტაგნაციაში მყოფი ცენტრალიზებული მუსიკალური ინდუსტრია და ოფიციალური, ფილარმონიული კოლექტივები ნელ-ნელა დამოუკიდებელმა არტისტებმა ჩაანაცვლეს. მომდევნო დეკადის განმავლობაში სწორედ მათ იკისრეს პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში მუსიკის პროგრესზე. შედეგად, ოთხმოცდაათიანები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ათწლეული აღმოჩნდა ქართული პოპულარული მუსიკისთვის. ამ ეპოქაზე უფრო დაწვრილებით ჩვენი სტატიების ციკლის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: დასაწყისი და 50-იანი წლები

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 60-იანი წლები

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 1970-იანი წლები

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული