Thumbnail

1960-იან წლებში ინდოეთში, გოას შტატში ათასობით ევროპელი თუ ამერიკელი ჰიპი დასახლდა. თბილი პლაჟები, ლეგალური კანაფი, აღმოსავლური მისტიციზმი, მეგობრული გარემო და სიიაფე - აქაურობა "ყვავილების თაობის" წარმომადგენლებისათვის ნამდვილი სამოთხე იყო. მცირე ხანში კი დასავლელი ახალგაზრდების მიერ ჩამოტანილი ფსიქოდელიური როკის ტრადიციები ადგილობრივი კლუბებისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ნახეთ სრული ფლეილისტი 

1980-იანი წლებიდან გოაში ელექტრონულმა მუსიკამ დაიწყო ფეხის მოკიდება. ოთხმოცდაათიანებში კი ეს ინდური შტატი საცეკვაო მუსიკის მექად იქცა. ათწლეულის შუა პერიოდში გოა-ტრანსის სახელით ცნობილ, რიტმსა და ცეკვაზე ორიენტირებულ მიმდინარეობას ფსაი-ტრანსი გამოეყო, რომელიც მუსიკის თვალსაზრისით აქცენტს ფსიქოდელიაზე აკეთებს. 

დღეს სწორედ ამ სპეციფიკური ჟღერადობით, სპირიტუალისტური ფილოსოფიითა და ფესტივალების უნიკალური ტრადიციით გამორჩეული ჟანრის ათ საუკეთესო კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

10. Hilight Tribe - Free Tibet (Vini Vici Remix)

დუეტი Hilight Tribe პარიზში 1999 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე ფსაი-ტრანსის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად ითვლება. მუსიკოსების შემოქმედებაში ყველაზე პოპულარული ტრეკი Free Tibet ბუდისტური მანტრისა და უმძლავრესი ბასით გაჯერებული ინსტრუმენტალის თავბრუდამხვევი სინთეზია, რომელსაც Vini Vici-ს მიერ შესრულებული რემიქსი დამატებით ხიბლსა და ენერგიულობას სძენს.

9. Infected Mushroom - Heavyweight

ფსაი-ტრანსზე ფსიქოდელიური და პროგრესივ როკის გავლენა ყველაზე ნათლად Infected Mushroom-ის შემოქმედებაში იგრძნობა - 1996 წელს ისრაელში დაარსებული ელექტრონული დუეტის შემოქმედება ნამდვილი მუსიკალური კალეიდოსკოპია, სადაც განსაკუთრებით ტრეკი Heavyweight ბრწყინავს. იშვიათად თუ მოიძებნება არტისტი, რომელიც ცალკეულ კომპოზიციაში ამდენად განსხვავებული რიტმებისა და თემების ასე ოსტატურად  გაერთიანებას ახერხებს.

8. Shpongle - Divine Moments of Truth

როდესაც ინგლისური ჯგუფის, Shpongle-ის წევრს, საიმონ პოსფორდს მათი სტილის დახასიათება სთხოვეს, მან მოკლე და ამომწურავი პასუხი გასცა - ჩვენი მუსიკა არაფერს ჰგავს, რაც კი აქამდე მოგისმენიათო. მართლაც, ბენდის სადებიუტო ალბომი Are You Shpongled? თვით ფსაი-ტრანსის ექსპერიმენტებით სავსე სამყაროშიც კი ახალი სიტყვა აღმოჩნდა. ჰალუცინოგენ DMT-ისადმი მიძღვნილი კომპოზიციის Divine Moments of Truth მოსმენისას საიმონის სიტყვების ჭეშმარიტებაში თავადაც დარწმუნდებით.

7. GMS – Rounders

რიქტამ მატკინმა 15 წლის ასაკში სკოლა დატოვა და საუკეთესო მეგობართან, ბანსი ქინტეროსთან ერთად ინდოეთში სახეტიალოდ გაემგზავრა. გოას ფესტივალზე დასწრების შემდეგ ბიჭებმა დაასკვნეს, რომ მათი ადგილი ფსაი-ტრანსის სამყაროში იყო და მშობლიურ ამსტერდამში დაბრუნებისთანავე ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი GMS ჩამოაყალიბეს. ასე დაიწყო ლეგენდარული ბენდის ისტორია, რომელსაც წერტილი 2018 წელს ტრაგიკულად დაესვა - ბანსი ავთვისებიან სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

6. Astral Projection - People Can Fly

1989 წელს ისრაელში დაარსებული ჯგუფი Astral Projection ჟანრის ვეტერანად და ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება. People Can Fly ბენდის გამორჩეულად შთამბეჭდავი ნამუშევარია. ამ კომპოზიციის მოსმენისას შესაძლოა მართლაც იფიქროთ, რომ ადამიანებს ფრენის უნარი შესწევთ.

5. Hallucinogen - L.S.D.

Hallucinogen ჩვენს მიერ უკვე ნახსენები Shpongle-ის წევრის, საიმონ პოსფორდის ერთ-ერთი სასცენო სახელია. ამ ფსევდონიმით სადებიუტო ალბომი Twisted არტისტმა 1995 წელს გამოსცა. ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანაწერის გამხსნელი კომპოზიცია ამჯერად სხვა ჰალუცინოგენს, LSD-ეს ეძღვნება. საინტერესოა, რომ ნარკოტიკული საშუალებებით ასეთი მძაფრი გატაცების მიუხედავად, პოსფორდი მსმენელთა წინაშე არაფხიზელ მდგომარეობაში არასდროს გამოდის.

4. Cosma - People On Hold

ფსაი-ტრანსის ვეტერან მსმენელებს კარგად მოეხსენებათ 24 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მუსიკოსის ამ ბრწყინვალე კომპოზიციის მნიშვნელობა. ავიენ ლივნის, იგივე Cosma-ს შემოქმედებაში უკანასკნელი ალბომი 2003 წელს გამოცემული Nonstop გამოდგა, რომელშიც ეს ტრეკი შევიდა. არტისტი ნამუშევრის გამოსვლამდე მცირე ხნით ადრე გოაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა. 

3. Ace Ventura & Lish - The Light

იონი ოშრატის, იგივე Ace Ventura-ს ენერგიული მიქსები მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების განუყოფელი ნაწილია. ლეგენდარული ებრაელი კომპოზიტორის, კობი ოშრატის შვილი ძალზე მრავალფეროვანი მუსიკალური ინტერესებით გამოირჩევა, მისი სეტები კი ფსაი-ტრანსის კოსმიური ფერებით სავსე სამყაროს განსაკუთრებული ნაწილია. არტისტის შთამბეჭდავი დისკოგრაფიიდან ჩვენს სიაში შესატანად ჯგუფ Lish-თან ერთად ჩაწერილი ტრეკი The Light შევარჩიეთ.

2. Juno Reactor – Pistolero

ამ ჯგუფმა დაარსებიდან დღემდე ელექტრონული მუსიკის უამრავ მიმართულებაში მოსინჯა ძალები, 1999 წელს კი ფსაი-ტრანსის სამყაროშიც შეაბიჯა. თუ ამ ჟანრში მოღვაწე არტისტების უდიდესი ნაწილი შთაგონების წყაროს აღმოსავლულ კულტურაში ეძებს, ლონდონური კოლექტივის კომპოზიციაში ცნობილი გიტარისტის, სტივ სტივენსის მიერ შესრულებული ესპანური ფლამენკოს რიტმები ჟღერს. ორიგინალურმა მიდგომამ გაამართლა და Pistolero ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა.

1. Astrix - Deep Jungle Walk

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რომელი კომპოზიცია იმსახურებდა ჩვენს სიაში პირველ ადგილს. საბოლოოდ არჩევანი ავი შმაილოვის, იგივე Astrix-ის ტრეკზე Deep Jungle Walk შევაჩერეთ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ პოზიციისათვის უნიჭიერესი ებრაელი მუსიკოსი ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული