Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. The Shangri-Las - Leader of the Pack (1964)

თინეიჯერული ტრაგედიის ამსახველი ეს პოპ სიმღერა სასიგნალო გამოდგა ამერიკელი გოგონებისთვის, რომლებსაც აღარ უნდოდათ მშობლების მორჩილება და სურდათ დამოუკიდებლად ემართათ თავიანთი პირადი ცხოვრება. სწორედ ამიტომ გახდა კომპოზიცია მეგაჰიტი და ლამის ეპოქის სიმბოლოც.

წესიერი ოჯახის შვილ გოგოს შეუყვარდება ბაიკერების ბანდის ლიდერი. ოჯახი აღშფოთდება და შვილს ვიგინდარა ქუჩის ბიჭთან ურთიერთობის გაწყვეტას აიძულებს. გოგოც დაემორჩილება. გამწარებული ყმაწვილი უკანასკნელად ეამბორება სატრფოს და ისე გააქროლებს თავის მოტოს, რომ ავარიაში იღუპება - ასეთია სიმღერის შინაარსი. 

ვოკალური ნაწილი საკმაოდ ორიგინალურადაა გადაწყვეტილი, კითხვა-პასუხის ფორმით მთავარ გმირსა და მის დაქალებს შორის. მოტოციკლის გრუხუნიც ავთენტურია. აი, ვიდეო კი ძალიან სასაცილოა და კონტრასტული. გასაგებია, რომ ამერიკულ შოუბიზნესს ამ ყველაფრის "გალაითება" უნდოდა, მაგრამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვაჩვენა, აქედან არაფერი გამოვიდა.

9. Alice Cooper - Dead Babies (1971)

თუ არსებობენ როკ გმირები, რატომ არ უნდა არსებობდეს როკ ანტიგმირი? - დეტროიტელი ვინსენტ ფურნიე პირველი იყო, ვინც ამაზე დაფიქრდა. ჰოდა, ასე გადაიქცა ბოროტ ელის კუპერად. 

"მკვდარი ჩვილები" მისი პირველი თავზარდამცემი სიმღერაა. არადა ისევე, როგორც უამრავ მის ნამუშევარში, აქაც მამხილებელ ქვეტექსტთან გვაქვს საქმე - უყურადღებოდ დარჩენილმა პატარა ბეტიმ ერთი ფუთი ასპირინი შეჭამა და მოკვდა. მამიკო ახლა ტექსასშია, დედიკო ყველა საღამოს ბარში ატარებს, პატარა ბეტის კი საფლავში სძინავს. მკვდარ ჩვილებს არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შენ არც გვიყვარდი და არც გვჭირდებოდი. ამ დროს ელის კუპერი სცენაზე ჩვილის ფიტულებს ხან თავს აჭრის, ხან კიდურებს აძრობს, ხანაც ხმალს ურჭობს და პუბლიკას თვალწინ უტრიალებს.

მუსიკა, ერთი შეხედვით, იმ პერიოდის ტიპიური მეინსთრიმ როკია, მაგრამ თემა იმდენად ობსკურულია, რომ ეს კომპოზიცია დღემდე ფორას აძლევს მთელი შემდეგი თაობის პირქუში არტისტების კონტროვერსიულ ნამუშევრებს. ამიტომაც თვლიან ისინი ელის კუპერს საკუთარ კერპად. 

8. The Clash - Death is a Star (1982)

სრულიად არატიპიური ტრეკი "ქლეშისთვის", როგორც მუსიკის, ასევე ტექსტის თვალსაზრისით. სიმღერა თითქოს საკვდილის თემატიკით გაჯერებული ფილმებითაა ინსპირირებული - ყველგან მისი ფანტომია.

სწორედ მას ეძებენ გაუვალ ჯუნგლებში, მის შესახვედრად მიქრის "ფორდი" წვიმიან ღამეს. ის სიცოცხლის ქურდია, რომელიც ყველაზე ტკბილი თაფლობის თვის დროსაც კი თავს გვახსენებს. სიყვარულის მკვლელი, რომელიც ზრდასრულს ბავშვივით ატირებს. მოკლედ, სიკვდილია ნამდვილი ვარსკვლავი და არა მის მარწუხებში მოქცეული ადამიანები. 

მუსიკა მელოდიური, სევდიანი პოპ-ჯაზია, ცოტა სვინგით და სინთეზატორის ფონით. ეს კომპოზიცია ბოლოა ალბომში და იქიდან გამომდინარე, რომ ბენდის შემდეგი სტუდიური ნამუშევარი, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით ჩაიწერა, "ქლეშის" დისკოგრაფიიდან, ფაქტობრივად, ამოღებულია, სიმბოლურადაც კი ჟღერს, როგორც კიდევ ერთი დიდი მომაკვდავი ბენდის გედის სიმღერა.

7. Bonnie “Prince” Billy - Death to Everyone (1999) 

საკვანძო ალბომი უილიამ ოლდჰემის შემოქმედებაში. ამ ჩანაწერში ამერიკანა, ქანთრი, ფოლკი, ინდი და პოსტ პანკიც კი საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ ერთ ტერიტორიაზე თავს.

სიმღერის ტექსტი, ფაქტობრივად, ფრანგი ეგზისტენციალისტების მესიჯის პოპვერსიაა. რომ სიკვდილი ყველა ჩვენგანთან მოვა და ეს ნაღვლიანად ახალისებს ცხოვრებას, მძიმე ცხოვრებისეული მომენტებიც შვების მომცემია და ცხოვრება არც ისე ხანმოკლეა, გარდაუვალი დასასრული კი არც ისე საშინელი და ა.შ. 

ის აკუსტიკური სევდა, რაც ამ ტრეკიდან მოდის, საერთოდ გამორიცხავს ისეთ ყბადაღებულ ოპტიმიზმს, რომელიც "ხვალინდელი" დღითა და სიცოცხლისადმი სიყვარულით იკვებება. ვიღაც მოხალისეს რომელიღაც თინეიჯერული კინოდრამის კადრებზე გადაუდია სიმღერა. ვიზუალი და მუსიკა, როგორც რიტმით, ასევე დინამიკით, ერთიმეორესთან სრულიად შეუსაბამოა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც უხდება ერთმანეთს. ასე უფრო იგრძნობა ჩვენი ყოფის „აბსურდულობა“ და ალბათ იმიტომ.

6. Nick Cave and the Bad Seeds - Death is Not the End (1996)

ამ სახელგანთქმული ალბომის ეს ერთადერთი "უსისხლო" ტრეკი სინამდვილეში ქავერია ბობ დილანის სიმღერაზე და უნდა ითქვას, რომ ორიგინალს აშკარად სჯობია, უფრო დალაგებულია და მომხიბლავიც.

დილანის ტექსტი, როგორც ყოველთვის, უზადოა და ორაზროვანიც. სიკვდილი რომ დასასრული არ არის, ორიგინალური ფრაზა-იდეა სულაც არაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რისი დასასრული არ არის?

"როდესაც მარტო ხარ და არავინ გყავს, უბრალოდ, გახსოვდეს, რომ სიკვდილი დასასრული არ არის. როდესაც რწმენა ხელიდან  გეცლება, როდესაც ყველა ოცნება დაგემსხვრა, როდესაც არავის შეუძლია დაგეხმაროს, როდესაც ქალაქები ინგრევა და სხეულები იწვის, უბრალოდ, გახსოვდეს, რომ სიკვდილი დასასრული არ არის..." - მოკლედ, ყველა უბედურებასა და ცხოვრებისეულ კატასტროფას ბოლოს სიკვდილიც კი ვერ მოუღებს. აი, ესაა დილანის მთავარი სათქმელი.

ალბომში ვოკალის პარტიები განაწილებულია. ქეივთან ერთად შეინ მაკგოუენი, კაილი მინოუგი და ანიტა ლეინი მღერიან. ამ ლაივ ვერსიაში ლეინი ბლიქსამ შეცვალა. ისე, სჯობდა, მინოუგი შეეცვალა, მაგრამ არა უშავს, თვით კაილისაც კი არ ძალუძს ასეთი სიმღერის გაფუჭება.

5. Public Image Ltd - Death Disco (Swan Lake) (1979)

ჯონ ლაიდონმა ეს სიმღერა კიბოთი დაავადებული დედამისს მიუძღვნა, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. მზა ტრეკიც პირველად  სწორედ მას მოასმენინა.

"შენი თვალების შემხედვარე სიტყვები ვერ ამბობენ სათქმელს. შენი თვალები მეუბნება, რომ უკანასკნელი იმედიც წავიდა. მის თვალებში ნელ სიკვდილს ვხედავ. ვხედავ, როგორ იგუდება ლოგინში, როგორ ლპებიან ყვავილები. აი, ამას ხედავს ჩემი თვალები. სიტყვებს არ შეუძლიათ გამოხატონ, სიტყვებს არ შეუძლიათ გამოხატონ, სიტყვებს არ შეუძლიათ გამოხატონ..." - დაობლებული ჯონი იხსენებდა, რომ დედამისმა, როგორც ჭეშმარიტმა ირლანდიელმა, ყოველგვარი დრამებისა და ცრემლების გარეშე მოისმინა მისდამი მიძღვნილი რექვიემი და ძალიან კმაყოფილიც დარჩა.

ლაიდონი ისე მღერის, თითქოს არც აინტერესებს რას უკრავს ბენდი. ეს ნიუანსი მთელი ალბომისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ამ კომპოზიციაში ასეთი "შეუსაბამობა" განსაკუთრებით იკვეთება და ეს გასაკვირი არცაა. პირადად მე არც ვიცი სხვა სიმღერა, რომელშიც ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის სიკვდილის პროცესი და ამით გამოწვეული დაბნეულობა იყოს აღწერილი. თან ისე, როგორც ეს ჯონიმ გააკეთა. 

4. Sun Kill Moon - Richard Ramirez Died Today of Natural Causes (2014)

რიჩარდ რამირესი, იგივე "ღამის სტალკერი", სერიული მკვლელი, მანიაკი და სადისტი 2013 წელს მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით კალიფორნიის ერთ-ერთ ციხეში, თუმცა, მარკ კოზელეკის, იგივე Sun Kill Moon-ის სიმღერა მარტო მასზე არ არის.

რამირესის ბუნებრივმა სიკვდილმა მას ყველა ის სიკვდილი გაახსენა, რომელიც ალოგიკური და არაბუნებრივი იყო. მისი მეგობრების, ექსტრემისტთა მძევლების, საავიაციო კატასტროფებში დაღუპულების, ჯეიმს განდოლფინისაც კი. კოზელეკი ირიბად მასმედიაზეც აპელირებს, რომლისთვისაც სიკვდილი მთავარი ნიუსია. თუმცა, ასეთი ამბები უკვე აღარც მხიარულებას უშლის ხელს და აღარც "მწვადის" ჭამას.

ეს ტრეკი, ვფიქრობ, საუკეთესოა ამ ალბომში. მარტივი, განმეორებადი აკორდები მშვენიერ ფონს ქმნიან კოზელეკის გაორებული, ასინქრონული ვოკალური ნარატივისთვის. ამ სიმღერის მხოლოდ ლაივ-ვიდეო არსებობს, რომელშიც ვოკალის ეს ეფექტი დაკარგულია, მაგრამ, სამაგიეროდ, ინსტრუმენტული აკომპანემენტია უკეთესი. იმის მკაფიო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო კომპოზიციის არსი ცოცხალი შესრულებისას მაშინ, როდესაც მუსიკა ინტერპრეტაციის საშუალებას დიდად არ გაძლევს.

3. Lou Reed - See That My Grave is Kept Clean (2003)

სიკვდილის თემა არსად არის ისეთი აქტუალური და ამის გამო გადაღეჭილიც, როგორც ძველ ბლუზში. ალბათ, იმიტომ, რომ სიკვდილი ბლუზმენების რთული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო და ამიტომაც, თითქოს წინასწარაც ემზადებოდნენ მისთვის. ასეა ამ სიმღერაშიც, რომელიც ბლაინდ ლემონ ჯეფერსონმა ჯერ კიდევ 1927 წელს დაწერა.

"ერთ რამეს გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩემი საფლავი, მოვლილი იყოს. მოგისმენიათ ოდესმე, როგორ ჟღერს კუბო, როცა მიწას აყრიან. ეს ნიშნავს, რომ მორიგი საწყალი ბიჭი მიწაში წევს. მოგისმენიათ ოდესმე, როგორ ჟღერს ეკლესიის ზარები. ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი საწყალი ბიჭი გარდაიცვალა. ჩემი გულის ძგერა შეჩერდა და ხელები გამეყინა. აი, ახლა კი მჯერა ბიბლიის. ერთი თხოვნა მაქვს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩემი საფლავი მოვლილი იყოს..." - ლუ რიდმა ეს სიმღერა ვიმ ვენდერსის დოკუმენტური ფილმისთვის "ადამიანის სული" დააქავერა და ეს ბრწყინვალედ გამოუვიდა.

ნამდვილი ათწუთიანი ეპოსია, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან, აკუსტიკური თვალსაზრისით თუ შესრულების მანერით, უფრო კარგად ხვდება მიზანში, ვიდრე ორიგინალი. თუმცა, ბლუზი არსად მიდის, ის რჩება, მაგრამ ეს უკვე ლუ რიდის ბლუზია, მხოლოდ მას რომ შეუძლია ისეთი.

2. Diamanda Galas - Judgment Day (1992)

დიამანდა გალასის მთელი შემოქმედება სიკვდილსა და მკვდრებზეა. დაწყევლილ მკვდრებზე, მკვდრებზე, რომლებიც სამოთხეში ვერ მოხვდნენ, მკვდრებზე, რომლებიც სოცოცხლეში შერისხულები იყვნენ რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების, საკუთარი მრწამსისა თუ აქტივობის გამო. აკი ამბობს კიდეც, მე მათი ხმა ვარ, მათი გზავნილი ცოცხლების სამყაროშიო. ამ საქმისთვის საკუთარ ოთხოქტავიან ვოკალსაც ისე "შემზარავად" იყენებს, რომ უკვე თავად მისი ნამღერი ხდება სიკვდილი.

ყოველივე ზემოთქმული ეხება "განკითხვის დღესაც", რომელიც გალასმა შიდსის მსხვერპლებს მიუძღვნა. მათი სულები აღდგებიან, ისინი შენს გარშემო იქნებიან და მათ ხელში იქნება შენი ბედი განკითხვის დღეს - მოკლედ იდეა იმაშია, რომ დაისჯება ყველა ფარისეველი, რომელმაც ტანჯვისთვის გასწირა უმწეო ადამიანები.

სიტყვებით იმის აღწერა, თუ როგორ მღერის აქ გალასი, შეუძლებელია. ეს არის ნამდვილი კათარზისი ჯოჯოხეთის გავლით, თუმცა, შეიძლება ვცდები კიდეც. 

1. Klaus Nomi - The Cold Song (1981)

კლასიკურ მუსიკაში და განსაკუთრებით ოპერაში სიკვდილის თემაზე შექმნილი ნაწარმოებები იმდენია, რომ მინდოდა ამ სიაში ერთი მაინც მოხვედრილიყო, თან ისე, რომ ჟანრული კონტექსტიდანაც არ ამოვარდნილიყავი. ამ მხრივ, იდეალურად მეჩვენა არია ბაროკოს ეპოქის ინგლისელი კომპოზიტორის, ჰენრი პერსელის ოპერიდან "მეფე არტური", რომელიც ბრწყინვალედ გადაამღერა ნიუ იორკში მცხოვრებმა გერმანელმა პოპ შემსრულებელმა კლაუს ნომიმ.

"მეფე არტურის" ლიბრეტო მისტიციზმითა და მითოლოგიური პერსონაჟებითაა გაჯერებული. ამ არიასაც ხორცშესხმული "სიცივის სული" მღერის, რომელიც ყინულოვანი განსასვენებლიდან წამოაყენეს, გააცოცხლეს, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე ძალიან დაბერებული და დაჩაჩანაკებულია, ხელები უკანკალებს, ძლივს სუნთქავს და თვალებშიც ვეღარ იყურება, ითხოვს, მისცენ უფლება კვლავ სამუდამო ძილს მიეცეს.

კლაუს ნომის შესრულებით ეს არია ტრაგიკულ სიმღერად გადაიქცა, რომელიც ტექსტის მისტიკურ ატმოსფეროსაც ინარჩუნებს და თან რეალური დრამასავითაც ჟღერს. წინასწარმეტყველურადაც, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ ნომი უკვე შიდსით იყო დაავადებული და მალევე გარდაიცვალა.

0. Bobby "Boris" Pickett - Monster Mash (1962)

ვინ არიან ყველა დროისა და ხალხის ყველაზე სახალისო, მომხიბლავი, გამრთობი და პოპულარული მკვდრები? რა თქმა უნდა, მონსტრები, ზომბები, ვამპირები და ა.შ. ამ პერსონაჟებმა ძლევამოსილად შეაბიჯეს პოპ თუ როკ თრეშ-კულტურაშიც, სადაც დღესაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს.

მუსიკალურ ინდუსტრიაში უწმინდური ძალების შეჭრა ჯერ კიდევ 50-იანებში მოხდა, თუმცა, ამას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. გამონაკლისს მხოლოდ ეს ტრეკი წარმოადგენს, რომელიც თავის დროზე ბილბორდის ჩარტში პირველ პოზიციაზე მოხვდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პაროდიულ-იუმორისტული შინაარსის გარდა, ეს სიმღერა იმ პერიოდის უაღრესად მოდურ ცეკვაზე Mashed Potato აპელირებს.

ამ ცეკვის ილეთები ყველას უნახავს და ყველამ იცის, (გამონაკლისებმა იხ. იუთუბი). ბობიმ კი თავის სიმღერაში ფრანკენშტეინი, დრაკულა და მათი ზომბი ამფსონები ააცეკვა. შედეგად, Mashed Potato გადაიქცა Monster Mash-ად. თვითონ ავტორი "შეშლილ პროფესორად" გვევლინება, ბორის კარლოფივით (ფრანკენშტეინის როლის შემსრულებელი პირველი მსახიობი) მეტყველებს, თუმცა, გრაფ დრაკულას და სხვა უწმინდურებსაც სათანადო პატივს მიაგებს. 

სწორედ ამ მიზეზთა ერთობლიობის გამოა, რომ ამ სიმღერის გარეშე აგერ უკვე 56 წელია ამერიკაში არცერთი ჰელოუინის დღესასწაული არ იმართება. ამიტომაც მოხვდა უკონკურენტოდ ჩემთვის უსაყვარლეს 0 ადგილზე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული