Thumbnail

ნახეთ: "ბირჟა მაფიის" წევრი ახალ კლიპში წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს

"ბირჟა მაფიის" წევრი მიშკა მგალობლიშვილი, სასცენო სახელით Young Mic, ახალ კომპოზიციას "ვიკავებდი თავს" და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს.

არტისტი, რომელიც შარშან პოლიციას მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა, წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და "ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპატიას გამოხატავს.

"ვინ დაწერდა "თსლ შავ ზედას" იმ დროს...", - ვკითხულობთ პროექტის ფეისბუქ გვერდზე. 

"ბირჟა მაფიის" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ. თავად რეპერები ამტკიცებდნენ, რომ სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და დაკავების მიზეზი კლიპი "თსლ შავი ზედა" იყო, რომელშიც მუსიკოსებმა პოლიცია გააშარჟეს.

არტისტების დაპატიმრებას საზოგადოების მხრიდან მასობრივი პროტესტი და მრავალათასიანი აქცია მოჰყვა, რომლის შედეგადაც მგალობლიშვილი და ქებურია 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ, საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებების არქონის მიზეზით მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული