Thumbnail

გია ხადური: ცნობილი მუსიკოსების 10+1 უვარგისი ჰიტი

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

მინდა ვთქვა, რომ ასეთი სიმღერა ძალიან ბევრია. უბრალოდ, ვეცადე ისეთი სახელოვანი ხალხი შემეკრიბა, რომელთა ავტორიტეტი და გენიალურობა რევიზიას აღარ ექვემდებარება.

ნახე სრული ფლეილისტი

და კიდევ, ამ ათეულში ვინც უკანაა, ის უფრო მომგებიან პოზიციაშია, ვინც წინ, უფრო სავალალოში. ასე რომ, თუფაქს გაუმართლა.

10. 2Pac feat Dr. Dre - California Love (1996)

ამ ტრეკმა ხაზი გადაუსვა ყველაფერ იმას, რასაც ჰიპ ჰოპი ქადაგებს და რაც მის კოზირს წარმოადგენს. არანაირი უკომპრომისობა, დაპირისპირება, კონტრკულტურული დისკურსი აქ არ არის. ყველაფერი გაბანალურებულია და ყურის საამებლადაა გაკეთებული, თეთრკანიანი აუდიტორიისა და ქერა ნაშების დასაგოიმებლად.

ეს არცაა გასაკვირი. ამით შავი რეპერები მთელ სამყაროს უმტკიცებდნენ, რომ მათაც შესწევთ უნარი, ისეთივე წარმატებული, პოპულარული და მდიდარი სექსსიმბოლოები ყოფილიყვნენ, როგორიც თეთრი პოპ თუ როკ ვარსკვლავები იყვნენ. 90-იანების ჰიპ ჰოპმა სწორედ ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა საკუთარი თავი, თუფაქი კი ამ მოძრაობის ავანგარდში აღმოჩნდა.

ვიდეო ნამდვილი კოშმარია - პოპმპეზური, ბლოკბასტერის პონტში და სრულიად ოპორტუნისტული. მე თუ მკითხავთ, არანაირი ჰიპ ჰოპი ეს აღარაა. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი 90-იანებში დარჩა. 

9. Paul McCartney & Wings - Mrs. Vanderbilt (1973)

"ბითლზის" პროდიუსერმა, ჯორჯ მარტინმა ერთხელ მაკკარტნიზე თქვა, ის იმდენად ნიჭიერია, რომ 100 პროცენტიანი ხალტურა, პოპ სტანდარტად შეუძლია აქციოსო.

ამ სიტყვების იდეალური დამადასტურებელი მაგალითი სწორედ ეს ტრეკია. ყველაფერი ზუსტადაა გაკეთებული - კუპლეტები, მისამღერები, არანჟირება. პოლის ვოკალზე აღარც ვამბობ არაფერს. მოკლედ, ვერაფერში შეედავები და ყველაფერიც ლოგიკურად მიდის, მაგრამ არანაირი ემოცია და აზრი აქ არ იგრძნობა. უფრო მეტიც, ასეთი თვითკმაყოფილება, კონფორმიზმი და კეკლუცობა, როგორიც ამ სიმღერაში გვხვდება, თვით მის უზარმაზარ დისკოგრაფიაშიც კი ძნელი მოსაძებნია.  

ეს ტრეკი ყველაზე ზუსტ პასუხს იძლევა კითხვაზე, რატომ ვერ იტანდა ჯონ ლენონი პოლ მაკკარტნის და რატომ თვლიდა მას ტრუხა ტიპად. სხვათა შორის, ეს კომპოზიცია საბჭოთა ახალგაზრდების უსაყვარლესი სიმღერაც იყო 70-იანებში, მოფერებით "ჰოპ ჰე ჰოპს" ეძახდნენ, რაც ყოველთვის მაცოფებდა.

8. The Rolling Stones - Angie (1973)

როდესაც ამ სიმღერას სადმე შემთხვევით ყურს მოვკრავ, მყისვე უხერხულობის უსიამოვნო გრძნობა მეუფლება. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ კომპოზიცია როკ-ენ-როლის ლამის მთავარ მონსტრს, კით რიჩარდს ეკუთვნის.

მაშინ კითი ჰეროინზე "იწვა", აღვირახსნილ ცხოვრებასაც ეწეოდა და ალბათ "ლომკის" მორიგი მოხსნის შემდეგ დადგა ასეთ მელოდრამატულ, სენტიმენტალურ ხასიათზე. არანაკლებ აუტანელია მიკ ჯაგერის ვოკალი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას სამზარეულოში მოფუსფუსე, მოწყენილი, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი დიასახლისების მოხიბლვა სურს.

ის, რომ ვიდეოში რიჩარდსისა და ტეილორის გიტარებში ვარდებია გარჭობილი, კიდევ უფრო ასაბუთებს ეჭვს, რომ მაშინ "სთოუნზი", ფაქტობრივად, თვითკასტრირების ზღვარზე იდგა. ამბობენ, რომ ეს კომპოზიცია დევიდ ბოუის იმჟამინდელ ცოლს, ენჯის ეძღვნებოდა, რომლის გაჟიმვაზეც მიკი სულ ჩალიჩობდა. სულაც არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ აუცრუვდა საბოლოოდ ახტაჯანა ენჯის გული მიკზე. ძალიან კარგად მესმის მისი.

7. Prince - Most Beautiful Girl in the World (1994)

უკვე სიმღერის სათაური მეტყველებს იმაზე, რომ საქმე ტიპიურ, ბანალურ პროდუქტთან გვაქვს. გასაგებია, რომ მუსიკოსმა კომპოზიცია მის იმჟამინდელ საცოლეს მიუძღვნა, რომელიც ისე უყვარდა, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად მიაჩნდა, მაგრამ ასეთი "გაპაპსავება" ისეთი კალიბრის არტისტს, როგორიც პრინსია, მაინც არ შეშვენის.

საერთოდ, ამ კაცის გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის იდეალურ ბალანსს ინარჩუნებდა - მეინსთრიმშიც იყო და მის მიღმა არსებულ კრეატიულ ტერიტორიაზეც. აქ კი სწორედ ეს ბალანსია დარღვეული.

სიმღერა ნამდვილად არ არის ცუდი, მაგრამ იმდენად პროგნოზირებადია და წარმატებისთვის განწირული, რომ პირველივე კუპლეტის შემდეგ გბეზრდება და ნერვებს გიშლის. ასეთი ტრეკის დაწერა ნებისმიერ გამოცდილ სონგრაითერს შეუძლია, პრინსი კი ყოველთვის ისეთ რაღაცებს აკეთებდა, უბრალო მოკვდავს თავში რომ არასდროს მოუვიდოდა. რას იზამ, როგორც ჩანს, ეს კაცი დიდი მიწიერი სიყვარულისთვის არ იყო გაჩენილი.

6. Oasis - The Importance of Being Idle (2005)

"ოაზისი" ყველაზე უტიფარი, პატივმოყვარე და გაბღენძილი ბენდია, ყველა იმ კოლექტივს შორის, რომელიც ოდესმე ბრიტანულ სცენაზე გამოჩენილა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ნოელ გალაჰერს საკმაოდ ადვილად გამოსდიოდა ჰიტების შექმნა. იდეები, განწყობა, დინამიკა, ნარატივი - ყველაფერი ნასესხები აქვთ. პრინციპში, ისინი ამას დიდად არც მალავდნენ, მაგრამ ბოლოს თვითონაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ ძალიან ორიგინალურები არიან და სწორედ ეს არის გამაღიზიანებელი.

ნოელის თქმით, ის ამ სიმღერით ამაყობს. ამბობს, რომ შედევრი დაწერა და კლიპიც დიდებული გამოუვიდათ. სინამდვილეში კი, სწორედ ეს ტრეკი და ვიდეოა მათ კარიერაში ყველაზე ეპიგონური და ქურდბაცაცური. ვისაც არ გჯერათ, ნახეთ Тhe Kinks-ის მიერ 1965 წელს გამოშვებული Dead End Street და ყველაფერი ნათელი გახდება.

გამოცემა NME კიდევ უფრო უტიფრად მოიქცა, როდესაც იმ წელს სიმღერაც და ვიდეოც საუკეთესოდ გამოაცხადა, მაგრამ ეგ არაფერი. წარსულის დიდ ინგლისელებთან შედარებით, ძმები გალაჰერები, მათი ფენომენალური წარმატების მიუხედავად, მაინც წვრილფეხა ლუმპენებად დარჩებიან და ეს ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან. აი, ესაა მთავარი.

5. Pink Floyd - Another Brick in the Wall (1979)

გასაგებია, რომ "პინკ ფლოიდი" ჩვენში ბევრს მშობლებზე მეტად უყვარს, მაგრამ ბევრი ალბათ დამეთანხმება, რომ ეს საჰაერო ბურთივით გაბერილი და უკიდეგანოდ პათეტიკური ნამუშევარი ყველა იმ ალბომს ჩამოუვარდება, რომელიც მუსიკოსებმა მანამდე ჩაწერეს.

მცირე მონაკვეთის გარდა, ჩემთვის მისი მოსმენა ტანჯვა-წამების ტოლფასია, ეს ტრეკი კი უგემოვნობის კულმინაციაა. საერთოდ, ამ კომპოზიციის (ისევე, როგორც მთელი ალბომის) იდეა იმდენად გაცვეთილი და გადაღეჭილია, რომ მისი კვლავ ამოწევა და ეფექტურად დამუშავება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვდა, რაც "პინკ ფლოიდმა" ვერ მოახერხა. ამაში კი მთავარი დამნაშავე როჯერ უოტერსია, რომელიც ამ ალბომზე მუშაობისას ისეთივე დაკომპლექსებულ დიქტატორად გადაიქცა, როგორც მისივე მოგონილი პერსონაჟი. 

"პინკ ფლოიდი", როგორც ერთიანი ორგანიზმი, დაშლილია, დაუძლურებული და განწირული. ალბომის ყველა მანკიერება კი სწორედ მის მთავარ ტრეკშია თავმოყრილი, რომელშიც უოტერსმა ბენდს კედელი ისეთი ყრუ აკუსტიკური აგურებით ააშენებინა, რომ დღემდე შიგნით იქნებოდა გამოკეტილი, 1989 წლის ბერლინის მოვლენები რომ არა.

4. Michael Jackson - Remember the Time (1991)

მაიკლ ჯექსონს იმდენი ცუდი სიმღერა და კიდევ უფრო უარესი კლიპი აქვს, რომ ბევრი მათგანი უპრობლემოდ მოხვდებოდა ჩვენს საპატიო სიაში, მაგრამ ეს ნამუშევარი იმდენად უაზროა და აბსურდული, რომ მისი იგნორირება დანაშაული იქნებოდა.

ვიზუალის და მუსიკის ასეთი თრეშული ჰარმონია ძალიან იშვიათია. თრეში მაშინ არის ეფექტური, როცა ის არაპრეტენზიულია, უბიუჯეტო და "ფრიკული", მაგრამ მსხვილბიუჯეტიანი, კოსტიუმირებული თრეშ-ბლოკბასტერი ირონიის ხალისსაც გიკარგავს. ეს "შედევრი" კი სწორედ ასეთია.

ედი მერფი, იმანი და მეჯიქ ჯონსონი აქ ისეთ კრეტინებად გამოიყურებიან, მიკვირს, სირცხვილით როგორ არ დაიწვნენ. სამაგიეროდ, მაიკლია გალაღებული. პერმანენტულად "ასლოკინებს", ხან მღერის, ხან ცეკვავს, ერთგან იმანსაც დაუზასავს, ედი მერფისაც აგოიმებს და თან მოუხელთებელიცაა. მოკლედ, ნამდვილი უნიღბო ზოროა, ოღონდ ძველ ეგვიპტეში. მუსიკაზე ვერ იტყვი კარგია თუ ცუდი, ის უბრალოდ არ არის, არანაირი კრიტერიუმი არ ესადაგება. ჯექსონის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, ამ კლიპით დაიწყო. რატომ არავინ უთხრა თავის დროზე, რომ მოლიპულ გზას დაადგა, ერთი ეს მიკვირს.

3. Stevie Wonder - I Just Call To Say I Love You (1984)

ჩვენს სიაში მოხსენიებულ არტისტებს შორის, სტივი უანდერის შემოქმედებითი ბიოგრაფია ყველაზე სევდიანია. რა დაემართა ამ გენიალურ კაცს 80-იანებში, ფანტასტიკური 70-იანების შემდეგ, ჩემთვის დღემდე გაუგებარია. სტივის მუსიკა თანდათან დევალვაციას განიცდიდა და ამ პროცესმა კულმინაციას სწორედ I Just Call To Say I Love You-ში მიაღწია, რომელიც მისთვის ნამდვილ კრეატიულ ფიასკოდ იქცა. 

ამ სიმღერაში დაიკარგა ყველაფერი ის, რითაც ფასეული იყო სტივის მუსიკა - შინაგანი კონფრონტაციულობა, სოციალური პათოსი, ჰედონისტური მუხტი, სევდანარევი იუმორი, დრაივი და ის უნიკალური ენერგეტიკა, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო დამახასიათებელი. მას ალბათ იმდენი უჩიჩინეს გენიოსობასა და შეუდარებლობაზე, რომ ბოლო-ბოლო მოდუნდა, ხიბლში ჩავარდა, გასტერილურდა და ლამის რიგით აფროამერიკელ სელებრითად გადაიქცა.

რაც ყველაზე უფრო სევდისმომგვრელია, თვითონ სტივის თურმე ძალიან მოსწონს საკუთარი "შედევრი", ამიტომაც ყველგან და ყოველთვის მღერის. არადა სინანულის ცრემლების გარეშე, მისი მოსმენა მართლაც შეუძლებელია.

2. Queen - We Are the Champions (1977)

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ცნობილი სიმღერა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. პროვინციულად პომპეზური, ფუყე და ყალბი, რომელიც განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანის კომპლექსებსა და ყბადაღებულ ამბიციებზე აპელირებს. მოკლედ, როკ მუსიკის დისკრედიტაცია თუ გინდა, თამამად შეგიძლია არგუმენტად ეს ტრეკი გამოიყენო.

არადა, ერთი შეხედვით, ისე იწყება, როგორც "ქუინის" ტიპიური ბლოკბასტერი, მაგრამ მისამღერი ისეთი დამთრგუნველი, პათეტიკური და სამარცხვინოა, რომ ფრედი მერკურისადმი ნეიტრალურად განწყობილ, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანსაც კი წყობიდან გამოიყვანს.

ამ სიმღერის მავნე ზემოქმედება განსაკუთრებით კარგად მაშინ ჩანს, როდესაც სპორტულ შეჯიბრებზე აჟღერებენ. მყისვე ხვდები, რას ნიშნავს ბრბოს ფსიქოლოგია. მახსოვს, პირველად რომ მოვისმინე, აკუსტიკურმა ნაკადმა ჩემს წარმოსახვაში მატერიალიზაცია განიცადა და თვალწინ ცხვრის დუმა წარმომიდგა, რომელიც ამ სიმღერაზე მეტად მძაგს. თუმცა, არც იმ ხალხის მაქვს რამე საწინააღმდეგო, ვისაც უყვარს.

1. USA for Africa - We Are the World (1985)

ამბობენ, 100 გენიოსი ერთად რომ შეიკრიბოს, მათი კოლექტიური გონება ერთი სულელი ბავშვის ჭკუას არ აღემატებაო. არაფერი ადასტურებს ამ გამოთქმის სისწორეს ისე კარგად, როგორც ეს პროექტი.

მე კარგად მესმის ამ ღვაწლმოსილი პიროვნებების აღტკინება მშიერი აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად, მაგრამ ამ არასაიდუმლო სერობის მოწყობას, ჯობდა, ისე შეეგროვებინათ ფული და გადაერიცხათ სადაც საჭიროა,. ბოლო-ბოლო მილიონები არცერთს აკლდა. მაგრამ არა, მასმედიის აჟიოტაჟისა და კამერების ფონზე ყველასთვის სახალხოდ უნდოდათ დაემტკიცებინათ, რა ჰუმანურები, კეთილები და ჯიგრები არიან. მესმის კიდევ, რომ სიმღერა ყოფილიყო ხარისხიანი, ემოციური, თანაგრძნობითა და თანაგანცდით გაჯერებული, მაგრამ არა, ტიპიური აკუსტიკური საფუარით გაფუებული ტრეკი გამოვიდა, უზომოდ გაწელილი და ყოველგვარ კრეატივს მოკლებული. აბა, ლაიონელ რიჩის სხვა რა უნდა დაეწერა? 

მოკლედ, ფაქტია, რომ ამ პროექტის შემდეგ ქველმოქმედება კონიუნქტურა გახდა და ბიზნეს გეგმის აუცილებელი ატრიბუტი. თუმცა, ვეჭვობ, ასეთ საქველმოქმედო საღამოებზე ვინმეს ყელზე ადგებოდეს ხიზილა და ხამანწკა მუცელგაბერილი, მოშიმშილე ბავშვების გახსენებაზე. ამიტომაცაა მათი ძალისხმევა ისეთივე უნაყოფო, როგორც ეს ფსევდოჰიმნი.


0. Madonna - Ray of Light (1998)

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ამ პოზიციაზე ისეთი არტისტი გამემწესებინა, რომელიც, როგორც მუსიკოსი ზემოხსენებულებს აშკარად ჩამოუვარდება, უამრავი ჰიტი კი აქვს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი-ორი თუ არის ჭეშმარიტად ფასეული.

საერთოდ მადონა, როგორც ავტორი და მომღერალი, სუსტია, სამაგიეროდ ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი ვიზიონერია, ამიტომაცაა, რომ პროდიუსერების არჩევაში არასდროს ცდებოდა. სწორედ ამაშია მისი ხანგრძლივი და წარმატებული მუსიკალური კარიერის საიდუმლო. უფრო მეტიც, მან საკუთარი თავისგანაც პროდუქტი შექმნა, მუდმივად ცვალებადი, მაგრამ ყოველთვის ეფექტური.

ვფიქრობ, Ray of Light მადონას საუკეთესო სიმღერაა. ამ ტრეკის (ისევე, როგორც მთელი ალბომის) ჩაწერისას, მადონა მიხვდა, რომ საკუთარი კომპოზიტორული ამბიციები უნდა დაეოკებინა და საერთოდ უკუეგდო. ასეც მოიქცა, ყველაფერი პროდიუსერებს და გამოცდილ სონგრაითერებს მიანდო და შედეგიც სახეზეა. ასე მოხვდა ჩვენი სიის საუკეთესო კომპოზიცია საეჭვო რეპუტაციის მქონე 0 პოზიციაზე. რას იზამ, სია იყო ასეთი - უჩვეულო, საკამათოც და საეჭვოც.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული