Thumbnail

"უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!" - ვკითხულობთ ძველი აღთქმის 95-ე ფსალმუნში. მუსიკა ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილად ასწლეულების წინ იქცა. ამ რელიგიასთან დაკავშირებული დღესასწაულები და რიტუალები ხან ორღანის ღვთაებრივი ჟღერადობის, ხან ჰარმონიული გალობის, ხანაც მომაჯადოებელი პოლიფონიის თანხლებით მიმდინარეობს.

ნახეთ სრული ფლეილისტი

საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული მუსიკა ძალზე მრავალფეროვან და საინტერესო მოვლენად იქცა. სიმშვიდით სავსე კათოლიკური მესა, ემოციური გოსპელი თუ ქართული მრავალხმიანობა სხვადასხვა აღმსარებლობის მსმენელს თანაბრად აღაფრთოვანებს. ჩვენს სიაში კი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული რელიგიით შთაგონებულ ათ საგალობელს გაგაცნობთ.

10. ანჩისხატის მგალობელთა გუნდი - შენ ხარ ვენახი

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ეს საგალობელი ქართული მრავალხმიანობის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. "შენ ხარ ვენახის" ტექსტი მეფე დემეტრე I-ს მიეწერება. ის მან, სავარაუდოდ, დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას, მე-12 საუკუნეში დაწერა, კომპოზიტორის ვინაობა კი დღემდე უცნობია.

9. Mindaye Birhanu - Yeyared Wub Zema

ქრისტიანული ლიტურგიისა და აფრიკული ფოლკლორის შერწყმის შედეგად მე-6 საუკუნის ეთიოპიაში უნიკალური მოვლენა - ზემა დაიბადა. ამ სტილის საგალობლები რიტმულობით გამოირჩევა და უმეტეს შემთხვევაში დასარტყამი ინსტრუმენტებისა თუ რიტუალური ცეკვების თანხლებით სრულდება.

8. Dimitris Basis - Axion Estin

მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ასობით ჰიმნს შორის მუსიკალური თვალსაზრისით Axion Estin ერთ-ერთი საუკეთესოა. იმის მიუხედავად, რომ მერვე საუკუნეში დაწერილი საგალობელი არაერთ ენაზე ითარგმნა, ყველაზე შთამბეჭდავად მაინც თავდაპირველი, ბერძნული ვერსია ჟღერს.

7. Choir of the Institute of Coptic Studies - Golgotha

ეგვიპტელი ქრისტიანები, არაბების შემოსევის შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ისინი დღემდე განიცდიან რელიგიური დისკრიმინაციას, თუმცა, კოპტების სახელით ცნობილი ჯგუფი საკუთარ რწმენას 15 საუკუნის შემდეგაც არ ღალატობს. დღესდღეობით მათი ენა მხოლოდ ამ უნიკალურ საგალობლებშია შემორჩენილი.

6. Mahalia Jackson - Amazing Grace

ჯონ ნიუტონის მიერ 1779 წელს დაწერილი Amazing Grace ქრისტიანობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგალობელია. საუკუნეთა განმავლობაში ამ კომპოზიციის ასობით განსხვავებული ვერსია ჩაიწერა, თუმცა, ყველაზე ემოციური შესრულება უდავოდ გოსპელის დედოფალს, მაჰალია ჯექსონს ეკუთვნის.

5. მამა სერაფიმე - 53-ე ფსალმუნი

სტატიის შესავალში დავწერეთ, რომ ქრისტიანული მუსიკა ყველა კონფესიის მსმენელს თანაბრად აღაფრთოვანებს. მამა სერაფიმეს მიერ რომის პაპის წინაშე არამეულ ენაზე შესრულებული 53-ე ფსალმუნი ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

4. Luciano Pavarotti - Ave Maria

მორწმუნე კათოლიკეს სიტყვა "საგალობელს" თუ უხსენებთ, დიდი ალბათობით, მის გონებაში პირველად სწორედ Ave Maria-ს მელოდია გაიელვებს. ფრანც შუბერტის მიერ დაწერილი მუსიკა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტენორის შესრულება - მოისმინეთ და დატკბით.

3. Arvo Pärt - Te Deum I Te Deum laudamus

ლეგენდარულმა ესტონელმა კომპოზიტორმა არვო პერტმა ქრისტიანული ღვთისმსახურების ტრადიციების გავლენით საკუთარი საკომპოზიციო ტექნიკა - "ტინტინაბული" შექმნა. მინიმალიზმით შთაგონებული მეთოდი მუსიკოსმა 1970-იან წლებში, მართლმადიდებლად მონათვლის შემდეგ შეიმუშავა - ღვთაებრივად მარტივი და გენიალურია.

2. Hildegard von Bingen - Spiritus Sanctus

მე-12 საუკუნეში მოღვაწე გერმანელი აბატესას, ჰილდეგარდ ბინგენელის ნამუშევრების სიაში თეოლოგიის, ბიოლოგიის, ბოტანიკისა და ხელოვნების შესახებ დაწერილ სამეცნიერო ნაშრომებთან ერთად, ათობით საგალობელიც შედის. თუმცა, წმინდანად შერაცხული ბენედიქტელი მონაზონის მუსიკალურმა შემოქმედებამ ფართო საზოგადოების ყურადღება მხოლოდ 1979 წლიდან მიიპყრო. 

1. იოჰან სებასტიან ბახი - წმინდა მათეს ვნებანი

"არაფერი შეიძლება იყოს მუსიკის უმთავრესი და საბოლოო მიზანი, უფლის განდიდების გარდა", - წერდა იოჰან სებასტიან ბახი. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის შემოქმედებაში უმთავრეს ადგილს სწორედ ქრისტიანობა იკავებდა. შედევრი სახელად "წმინდა მათეს ვნებანი" კი ურყევი რწმენისა და ღვთაებრივი ნიჭის თანხვედრის შედეგია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული