Thumbnail

პოპულარული მუსიკოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებაზე დიდი ხათაბალა კინემატოგრაფის სამყაროში ძნელად თუ მოიძებნება. როგორც წესი, ასეთ სურათებს პრემიერისთანავე უკმაყოფილო მაყურებელთა არაერთი შენიშვნა მოსდევს. ამა თუ იმ არტისტის შემოქმედების თაყვანისმცემლები ყველაზე უმნიშვნელო დეტალებზეც კი წუწუნებენ. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მსგავსი შინაარსის ნამუშევრები საკმაოდ იშვიათია.

ჩვენს სტატიაში სწორედ ცნობილი მუსიკოსებისადმი მიძღვნილ ათ კინოსურათზე ვისაუბრებთ. 

10. დორსი (1991)

ოლივერ სტოუნი საკმაოდ კარგ რეჟისორად და პატივსაცემ პიროვნებად ითვლებოდა, სანამ სექსუალური ძალადობით, ჰოლოკოსტში ეჭვის შეტანითა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდაჭერით შეირცხვენდა თავს.

სურათი The Doors ამავე სახელწოდების ლეგენდარული როკ ჯგუფისა და მისი ფრონტმენის, ჯიმ მორისონის შესახებ მოგვითხრობს. ნამუშევარმა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რადგანაც "ხვლიკების მეფე" მასში არცთუ დადებითადაა წარმოჩენილი. თუმცა, ფილმის ბრწყინვალე საუნდტრეკისა და ველ კილმერის სამსახიობო ნიჭის ხათრით, მის ნახვას მაინც გირჩევთ.

9. უკანასკნელი დღეები (2005)

ჯიმ მორისონის მსგავსად, კურტ კობეინმაც ოცდაშვიდი წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე. ლეგენდარული გრანჟ კოლექტივის, Nirvana-ს ლიდერი არაერთი თაობისთვის საკულტო ფიგურად იქცა.

გას ვან სენტის ფილმი Last Days სწორედ კურტის ცხოვრების ისტორიითაა ინსპირირებული. სურათი, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი და მუსიკოსი მაიკლ პიტი ასრულებს, 2005 წლის კანის კინოფესტივალის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

8. რეი (2004)

ჯაზის, ბლუზისა და სოულის ლეგენდა რეი ჩარლზი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

სურათში რეის როლს მუსიკოსი და მსახიობი, ჯეიმი ფოქსი ასრულებს. ამ უკანასკნელმა უსინათლო მაესტროს ბრწყინვალედ განსახიერებისათვის ოსკარიც დაიმსახურა.

7. სიდი და ნენსი (1986)

Sex Pistols-ის ბასისტი სიდ ვიშეზი მუსიკალური ნიჭით დიდად არ გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, სკანდალური გამოხტომები ეხერხებოდა, რომელთა წყალობითაც მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. 

მისი და ნენსი სპანჯენის რომანი, რომელიც ბურუსით მოცული ტრაგედიით დასრულდა, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შოკისმომგვრელ ამბად ითვლება როკ მუსიკის ისტორიაში. სწორედ ამ წყვილის შესახებ მოგვითხრობს 1986 წელს გადაღებული სურათი, რომელშიც მთავარ როლს გარი ოლდმენმა ასრულებს. 

6. პირდაპირ კომპტონიდან (2015)

კომპტონში შექმნილი ჰიპ ჰოპ კოლექტივი N.W.A. განგსთა რეპის სულისჩამდგმელად და დასავლეთ სანაპიროს სცენის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება.

ჯგუფის ისტორია შესანიშნავადაა ასახული ფილმში Straight Outta Compton, რომელიც 2015 წელს საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში ოსკარზე იყო ნომინირებული.

5. ზღვრის გადაკვეთა (2005)

უფასო კონცერტების სერია პატიმრებისათვის, პროტესტი ინდიელთა ჩაგვრისა და ვიეტნამში ომის წინააღმდეგ, რადიკალური მოწოდებებით სავსე სიმღერის ტექსტები - ჯონი კეში ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში "ამერიკელი გმირის" პროტოტიპად იქცა.

მისი ცხოვრების ამსახველმა ფილმმა Walk the Line, რომელშიც ბრწყინვალე სამსახიობო დასი მონაწილეობს, ოსკარის 5 ნომინაცია მოიპოვა.

4. ჩიტი (1988)

"ნუ დაუკრავთ საქსოფონზე. მიეცით მას უფლება, თავად გაქციოთ ინსტრუმენტად" - სწორედ ასეთი ხედვის წყალობით იქცა ჩარლი პარკერი ერთ-ერთ უდიდეს არტისტად ჯაზის ისტორიაში. 

"ჩიტის" მეტსახელით ცნობილი ვირტუოზი მუსიკოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა გადაიღო.

3. სიყვარული და მოწყალება (2014)

ბრაიან ვილსონის ბიოგრაფია ჰოლივუდური დრამის მზა სცენარია. მისი შემოქმედებითი კარიერა ლეგენდარულ The Beach Boys-ში დაიწყო, მსუბუქი და მხიარული სიმღერებით. თუმცა, დეპრესიამ და ემოციურმა აშლილობამ მუსიკოსის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 

ფილმი Love and Mercy სწორედ მისი ისტორიის საფუძველზეა გადაღებული. ლეგენდარულ არტისტს სურათში პოლ დანო (ახალგაზრდობაში) და ჯონ კიუსაკი განასახიერებენ.

2. გამოფხიზლდი (2014)

ფანკის სიმბოლო, სოულის ნათლია, ჰიპ ჰოპის ინსპირატორი - ჯეიმს ბრაუნის შემოქმედებამ თანამედროვე მუსიკის არაერთი ჟანრის ჩამოყალიბება და განვითარება განაპირობა. 

ლეგენდარული არტისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულ ფილმში Get on Up მთავარ როლს "შავი პანტერით", "ეგვიპტის ღმერთებითა" და სხვა ბლოკბასტერებით ცნობილი მსახიობი, ჩედვიკ ბოუზმანი თამაშობს.

1. კონტროლი (2007)

Joy Division-ის ფრონტმენის, იენ კერტისის შემოქმედება დეპრესიითა და პარანოიითაა სავსე. მუსიკოსი კონცერტებს ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზებში ატარებდა. პროჟექტორების მკვეთრი შუქი ეპილეფსიის შეტევებს იწვევდა.

ფილმი Control, რომელიც მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რეჟისორმა ანტონ კორბეინმა გადაიღო. ის იენს კარგად იცნობდა. ალბათ, ამიტომაც შეძლო მუსიკოსის შინაგანი სამყაროს ასეთი სიზუსტით გადმოცემა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული