Thumbnail

შეიძლება, არც იცოდეთ, რომ თქვენი საყვარელი მუსიკოსი შემოქმედებითი კარიერის დაწყებამდე ჯარში მსახურობდა, ზოგიერთს კი ფრონტის წინა ხაზზეც კი უწევდა ბრძოლა. არიან ისეთებიც, რომლებსაც თავად არასდროს მოურგიათ ფორმა, მაგრამ ოფიცერთა ოჯახში გაიზარდნენ და მთელი ბავშვობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ სამხედრო ბაზებზე გაატარეს.

დღეს იმ ათი არტისტის შესახებ მოგითხრობთ, რომელთაც სამხედრო წარსული აერთიანებთ. 

10. ჯიმი ჰენდრიქსი

მსოფლიო აღიარებამდე ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსი ცნობილი იყო, როგორც აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ერთ-ერთი ყველაზე უდისციპლინო ჯარისკაცი. 19 წლის ასაკში ორი ავტომობილის ქურდობის გამო დაკავებული ჰენდრიქსი, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით, იძულებული გახდა, სამხედრო სამსახურში წასულიყო. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, საპატიმრო სასჯელის მოხდის ნაცვლად არმიაში ემსახურათ.

ჯარში ყოფნისას ჰენდრიქსი ხშირად ეხვეოდა უსიამოვნებებში, უფროსების შენიშვნებს კი გიტარაზე დაკვრით პასუხობდა. როგორც მისი ოცეულის მეთაურები იხსენებდნენ, ინსტრუმენტის ხმით შეწუხებული ჯარისკაცები ჯიმის ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასთან ხშირად უჩიოდნენ, თუმცა, მათი ტანჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვარჯიშის დროს ფეხის დაზიანების გამო ჰენდრიქსი შეიარაღებული ძალებიდან მალევე დაითხოვეს.

9. ელვის პრესლი

მაშინ, როდესაც როკ-ენ-როლის მეფეს მილიონობით ადამიანი ეთაყვანებოდა და მის ახალ ჩანაწერებსაც სულმოუთქმელად ელოდა, 1958 წლის 24 მარტს ელვის პრესლი აშშ-ის არმიაში გაიწვიეს. სამხედრო ფიცის დადებისას 23 წლის მუსიკოსმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ პოპულარობის მიუხედავად, არ სურდა, ჯარში განსხვავებულად ან რბილად მოპყრობოდნენ. 

სამხედრო სამსახურის ძირითადი ნაწილი მომღერალმა დასავლეთ გერმანიაში, აშშ-ის არმიის ბაზაზე გაატარა. 1960 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და ორი სტუდიური ალბომი Elvis Is Back! და G.I. Blues გამოუშვა.

8. ტონი ბენეტი

ემიგრანტი იტალიელების ოჯახში დაბადებული 19 გრემის მფლობელი ტონი ბენეტი აშშ-ის არმიაში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1944 წელს გაიწვიეს. სამხედრო სამსახურში ყოფნისას ბენეტმა დეზერტირობა სცადა. როგორც მუსიკოსმა მოგვიანებით აღნიშნა, სერჟანტი მას არაჰუმანურად ეპყრობოდა, რადგან ნიუ იორკში გაზრდილი იტალიელები ეზიზღებოდა. თუმცა, საბოლოოდ არტისტი 63-ე ქვეითი ბატალიონის რიგებში ჩარიცხეს. 

1945 წელს ბენეტს საფრანგეთსა და გერმანიაში ფრონტის წინა ხაზზე მოუწია ბრძოლა. წლების შემდეგ მომღერალმა მისი ცხოვრების ეს პერიოდი ჯოჯოხეთს შეადარა და განაცხადა, ვინც თვლის, რომ ომი რომანტიკულია, მას ეს ყველაფერი არასდროს გამოუცდიაო.

7. უილი ნელსონი

ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი უილი ნელსონი სკოლის დასრულების შემდეგ, 17 წლის ასაკში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში გაიწვიეს. მომღერალმა 9 თვე იმსახურა, შემდეგ კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯარი დატოვა. 

6. კრისტინა აგილერა

ამერიკელი სუპერვარსკვლავის კრისტინა აგილერას მამა ხავიერი სამხედრო პირი იყო და აშშ-ის არმიაში მსახურობდა, რის გამოც მუსიკოსი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. შემსრულებელს ერთი პერიოდი იაპონიაშიც კი მოუწია ცხოვრება. 

2007 წელს მუსიკოსმა რიგით მე-5 სტუდიური ალბომი Back to Basics გამოუშვა. აღსანიშნავია ის, რომ ჩანაწერის ერთ-ერთ ტრეკზე Candyman გადაღებული ვიდეოკლიპი მეორე მსოფლიო ომის თემითაა შთაგონებული. 

5. კრის კრისტოფერსონი

ქანთრი მუსიკოსი და მსახიობი კრის კრისტოფერსონი აშშ-ის არმიის რიგებში ოჯახის ზეწოლით ჩაირიცხა და კაპიტნის ჩინიც მიიღო. 60-იან წლებში მან დასავლეთ გერმანიაში რეინჯერთა სკოლა დაამთავრა და მე-8 ქვეით დივიზიაში გაწევრიანდა. 

როგორც ამბობენ, ბატალიონში კრისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სამაგალითო ჯარისკაცი იყო. 2003-ში მას წლის ვეტერანის სტატუსიც მიანიჭეს. მუსიკოსი ჯარში გატარებული პერიოდით დღემდე ამაყობს.

4. ლაიონელ რიჩი

ამერიკელ მომღერალ ლაიონელ რიჩის მამა არმიის კაპიტანი ჰყავდა, ამიტომაც ოჯახმა მუსიკოსი ადრეული ასაკიდანვე დისციპლინას შეაჩვია. შემსრულებელი, მშობლის პროფესიიდან გამომდინარე, მსოფლიოს გარშემო ხშირად მოგზაურობდა. 

3. სიარა

არენბი ვარსკვლავ სიარას მშობლებიც სამხედრო პირები იყვნენ. მამა აშშ-ის არმიაში, დედა კი საჰაერო ძალებში მსახურობდა. 

სიარა გერმანიის, იუტას, ნიუ იორკის, არიზონასა და ნევადის სამხედრო ბაზებზე იზრდებოდა. საცხოვრებელი ადგილის მუდმივი ცვლილების გამო კი მუსიკოსს ბავშვობაში თანატოლებთან დამეგობრება უჭირდა. 

2. მაიკლ სტაიპი

ჯარში არასდროს უმსახურია ლეგენდარული ამერიკული როკ ბენდის, R.E.M.-ის ყოფილ ვოკალისტ მაიკლ სტაიპსაც. თუმცა, მამამისი აშშ-ის არმიის ჯარისკაცი იყო და მუსიკოსიც ერთი პერიოდი გერმანიაში სამხედრო ბაზაზე ცხოვრობდა. 

1. ჯეიმს ბლანტი

მუსიკალური კარიერის დაწყებამდე ჯეიმს ბლანტი ბრიტანეთის არმიაში ირიცხებოდა. მამამისი სამხედრო მფრინავი იყო, ამიტომაც ჯეიმსმა სწავლა ავიაციის ფაკულტეტზე გადაწყვიტა. 4-წლიანი სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუსიკოსმა გადამზადება კანადაში, ბრიტანული არმიის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა და ელიტარული სამხედრო ქვედანაყოფის Life Guards უმცროსი ლეიტენანტი გახდა. შემდეგ კი კაპიტნის წოდებაც მიიღო.

1999 წელს, კოსოვოს ომის დროს, ბლანტი მაკედონია-სერბეთის საზღვართან "ნატოს" ფარგლებში შექმნილ სატანკო დივიზიაში მსახურობდა. როგორც მისი თანამებრძოლები იხსენებენ, ჯეიმსი ადგილობრივ მოსახლეობას და ჯარისკაცებს ხშირად ანებივრებდა საკუთარი სიმღერების შესრულებით. სწორედ იქ ყოფნისას დაწერა მუსიკოსმა კომპოზიცია No Bravery. შეიარაღებული ძალები მუსიკოსმა 2002 წელს დატოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული