Thumbnail

სად მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები, სანამ პოპულარულები გახდებოდნენ

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ბევრი პოპ თუ როკ ვარსკვლავი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მუსიკისგან საკმაოდ შორს მყოფი საქმიანობით იყო დაკავებული. ალბათ, რთულია, წარმოიდგინოთ დამლაგებელი კურტ კობეინი ან ფუნთუშების გამყიდველი მადონა, თუმცა, ფაქტია, რომ შემოქმედებით კარიერაში წარმატების მიღწევამდე, ისინი სწორედ ასე ირჩენდნენ თავს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ შვიდ ცნობილ მუსიკოსს და სამსახურებს, სადაც ისინი მუშაობდნენ მანამ, სანამ საკუთარი მუსიკით მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდნენ.

7. კურტ კობეინი 

1990-იანების საკულტო მუსიკოსი დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. "კურტი ის ადამიანი იყო, რომელიც არასდროს იწუხებდა თავს საკუთარი სამზარეულოს დალაგებითა თუ ნაგვის გადაყრით. თუმცა, Nirvana-ს პირველი დემოს ჩაწერისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად მან დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და საპირფარეშოებს წმენდდა", - იხსენებს ჯგუფის ბასისტი კრის ნოვოსელიჩი.

6. მადონა

როდესაც თინეიჯერი მადონა კოლეჯიდან გამოაგდეს, ის ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა, მაგრამ ახალი ცხოვრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მომღერალი ფულის შესაგროვებლად თაიმს სქვერზე მდებარე "დანქინ დონათსში" დასაქმდა. პირველივე სამუშაო დღეს მან ჯემი ფუნთუშაში ჩასხმის ნაცვლად მომხმარებელს შეასხა, რის გამოც მენეჯერმა პოპის მომავალი დედოფალი სამსახურიდან გაათავისუფლა.

5. დევიდ ბოუი 

1960-იან წლებში, როდესაც დევიდ ბოუი 13 წლის იყო, ის ცნობილ საქსოფონისტ რონი როსთან ამ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობდა, გაკვეთილების ფულის გადასახდელად კი მომავალი მუსიკოსი ყასაბის დამხმარედ მუშაობდა. 11 წლის შემდეგ დევიდი და რონი ლუ რიდის კომპოზიციამ  Walk on the Wild Side კიდევ ერთხელ გააერთიანა. როსი სოლო პარტიას უკრავდა, დევიდ ბოუი კი სიმღერის პროდიუსერი იყო.

4. ოზი ოსბორნი

სანამ ოზი ოსბორნი "წყვდიადის პრინცი" გახდებოდა, მას ეს წყვდიადი არც პირდაპირი მნიშვნელობით აკლდა. Black Sabbath-ის მომავალი ფრონტმენი სასაკლაოზე მუშაობდა. "დაკლული ძროხა უნდა გამეჭრა და მუცლიდან შიგნეულობა ამომეღო, ყოველდღე გული მერეოდა", - იხსენებს მუსიკოსი.

3. ფრედი მერკური

ლეგენდარულმა ფრედი მერკურიმ 1969 წლის ზაფხულში ინგლისში, კენსინგტონის ბაზარში დახლი იქირავა, სადაც მეორედ ტანსაცმელსა და საკუთარ ნახატებს  ყიდდა. მას Queen-ის მომავალი დრამერი როჯერ ტეილორი ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ ფრედი საკუთარ ბიზნესს ჯგუფის სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდეგაც ინარჩუნებდა. 

2. მიკ ჯაგერი

18 წლის მიკ ჯაგერი ბექსლის ფსიქიატრიულ კლინიკაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. როგორც მწერალი ფილიპ ნორმანი მუსიკოსის შესახებ გამოცემულ წიგნში წერს, სწორედ ამ კლინიკის სამზარეულოში ჰქონდა ჯაგერს პირველი სექსი ერთ-ერთ მედდასთან.

1. ტომ უეითსი

1960-იან წლებში ტომ უეითსი პიცერია "ნაპოლეონში" ჭურჭელს რეცხავდა. თუმცა, ის მალევე დააწინაურეს და ამავე დაწესებულებაში პიცის მომზადებას შეუდგა. თავის იმდროინდელ გამოცდილებაზე ტომმა სიმღერაც დაწერა სახელწოდებით The Ghosts of Saturday Night (After Hours at Napoleone’s Pizza House).

კომენტარები

ბოლოს დამატებული