Thumbnail

სიმღერის დებიუტი 1967 წლის 25 ივნისს პირველი პირდაპირი საერთაშორისო ტელეჩართვის, Our World-ის ეთერში შედგა. ორსაათნახევრიანი ტელეშოუ, რომელშიც ოპერის მომღერალი მარია კალასი, მხატვარი პაბლო პიკასო, ჯგუფი The Beatles და სხვა სახელგანთქმული არტისტები მონაწილეობდნენ, მსოფლიოს 25 ქვეყანაში 400 მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა.

All You Need Is Love სპეციალურად ამ გადაცემისთვის შეიქმნა. ტელეჩართვის ორგანიზატორებმა მუსიკოსებს ისეთი სიმღერის დაწერა სთხოვეს, რომლის შინაარსიც ყველა ეროვნების ადამიანისთვის მარტივად გასაგები იქნებოდა. ჯონ ლენონმა და პოლ მაკკარტნიმ დავალება იდეალურად შეასრულეს. "კომპოზიციას მკაფიო გზავნილი აქვს, რომ სიყვარული ყველაფერია. მისი სხვაგვარად ინტერპრეტაცია უბრალოდ შეუძლებელია", - ამბობდა ბენდის მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი.

 

კომპოზიცია საფრანგეთის ეროვნული ჰიმნით, "მარსელიეზათი" იწყება, თუმცა ეს მსოფლიო მუსიკალური მემკვიდრეობისთვის მიმართვის ერთადერთი მაგალითი არ არის. სიმღერაში აგრეთვე გამოყენებულია ვაინ შანკლინის Chanson D'Amour და გლენ მილერის In the Mood, 30-იანი წლების კინოჰიტიდან "მზიანი ველის სერენადა".

სიმღერა 60-იანი წლების ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ჰიმნად იქცა. ის "ბითლზის" ყველაზე პოლიტიზებულ კომპოზიციად და ლენონის სამოქალაქო აქტივიზმის ერთგვარ დასაწყისად ითვლება. "მე ხომ რევოლუციონერი არტისტი ვარ. ჩემი მუსიკა მიმართულია ცვლილებებისკენ", - აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. 

All You Need Is Love ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა ლივერპულური ოთხეულის რეპერტუარიდან. მისი არაერთი ქავერ ვერსია არსებობს. 1985 წელს კომპოზიცია ელვის კოსტელომ შეასრულა. 

1993 წელს კი ტომ ჯონსმა.

სიმღერის საკუთარი ვერსია ჩაწერა ბრიტანულმა პოსტ პანკ ბენდმა Echo and the Bunnymen.

კომპოზიცია შესრულებული აქვს Oasis-ის გიტარისტს, ნოელ გალაჰერს. 

2000 წელს All You Need Is Love ლუჩანო პავაროტიმ და მისმა მეგობრებმა იმღერეს.

2002 წელს კი პოლ მაკკარტნიმ, ჯო კოკერმა, ერიკ კლეპტონმა, როდ სტიუარტმა და მუსიკის სხვა ვარსკვლავებმა. ამ ვერსიის დასაწყისში "მარსელიეზას" ნაცვლად, დიდი ბრიტანეთის ჰიმნი ჟღერს. 

2010 წელს All You Need Is Love მუსიკალურ ტელეპროექტში "იქს ფაქტორი" ბრიტანულმა ბოიბენდმა One Direction წარმოადგინა.

სიმღერა შესრულებული აქვს ასევე Florence + The Machine-ს. 

და ბოლოს, ენი კლარკის პროექტი St. Vincent. მის მიერ ნამღერი "ბითლზის" კომპოზიცია Tiffany & Co-ს სარეკლამო ვიდეორგოლში გაჟღერდა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული