Thumbnail

გია ხადური: არამუსიკოსი ცნობილი ადამიანების 10+1 საუკეთესო სიმღერა

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Charles Manson - Look At Your Game, Girl (1970)

გასაგებია, რომ მენსონს მთლად არამუსიკოსსაც ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მისი ცნობადობა ძირითადად მის მიერვე ორგანიზებულ სერიულ მკვლელობებს უკავშირდება და არა შემოქმედებით მოღვაწეობას. ამიტომაც, თამამად შეგვიძლია ჩვენს სიაში შევიყვანოთ. 

სიმღერა 1970 წელს, ჩარლზის დაპატიმრების შემდეგ გამოიცა. თავის დროზე, ის სხვა კომპოზიციებთან ერთად ბრაიან ვილსონის სტუდიაში ჩაიწერა და ალბომის სახითაც უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდუსერმა ტერი მელჩერმა მასალა დაიწუნა. იმას, რაც მენსონმა შემდგომში ჩაიდინა, სწორედ ამ ფაქტმა მისცა ბიძგი. მას "სამყაროს ღორებისგან გაწმენდა" სურდა და ამიტომაც თავის ხალხი მელჩერის სახლში გაგზავნა, ყველა იქ მყოფის ამოსაწყვეტად, თუმცა, იმ მისამართზე უკვე რომან პოლანსკის ოჯახი ცხოვრობდა.

ეს ტრეკი, ალბათ, საუკეთესოა მენსონის ნამუშევრებიდან. ის არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა გადაამღერა, მაგრამ Guns N' Roses-ის, The Beach Boys-ისა და Marilyn Manson-ის ქავერების მიუხედავად, შეხედულება ჩარლზ მენსონის სონგრაითერული შესაძლებლობების შესახებ აშკარად გაზვიადებულია. მას უფრო სხვა ტალანტები ჰქონდა და სხვა ქარიზმა. ტყუილად კი არ დაახასიათა ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როგორც "ადამიანი ქრისტეს სახითა და რასპუტინის თვალებით".

9. Charles Chaplin - Nonsense Song (1936)

ამ სიმღერის ავტორი ფრანგი კომპოზიტორი ლეო დანდიეა. მან ის ჯერ კიდევ 1917 წელს დაწერა, თუმცა, სამყარო მას სწორედ ჩარლი ჩაპლინის შესრულებით იცნობს, კინოფილმიდან "ახალი დროება".

საინტერესოა, რომ ორიგინალისგან განსხვავებით, ჩარლის ვერსიის ლირიკას არანაირი აზრობრივი დატვირთვა არ აქვს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მას ტექსტი ავიწყდება და კომიკური ეფექტის გასაძლიერებლად, მის მიერვე მოგონილ, ვითომ ფრანგულ-იტალიურ სიტყვებს არახუნებს. ეს ფილმი ბოლოა, რომელშიც ჩაპლინი მაწანწალის როლში გვევლინება და პირველი და უკანასკნელი, რომელშიც ამ პერსონაჟის ხმა ისმის. ისიც მხოლოდ ამ სიმღერის შესრულების დროს, თორემ ისე ფილმი "მუნჯურია". 

სხვათა შორის, ჩაპლინი საკუთარი ფილმებისთვის მუსიკას თავადაც წერდა. მის თავში მელოდიები თავისით იბადებოდა იმის მიუხედავად, რომ არც მუსიკის თეორიას იცნობდა და არც ორკესტრირება შეეძლო. თან ზუსტად ისეთი, იდეალურად რომ ესადაგებოდა მის ფილმებს. სხვა რა შემიძლია ამ გენიალურ კაცზე ვთქვა, არც არაფერი.

8. Carla Bruni - Raphael (2003)

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი უაღრესად განათლებული ქალი და თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო. ეს სიმღერა კი მისი სადებიუტო ალბომიდანაა, მისივე დაწერილია და მისი ცხოვრებისეული გამოცდილებითაა ინსპირირებული.

ვინმე რაფაელი კარლას საყვარელი იყო. არადა, სწორედ რაფაელის მამასთან ცხოვრობდა და იყოფდა ის მაშინ სარეცელს. რაფაელს ცოლიც ყავდა, კარლას მამის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის, ბერნარ ლევის ქალიშვილი. მოკლედ, ჩახლართული ამბავია. 

მალე ყველაფერი გაბაზრდა და რომანიც დასრულდა. სამაგიეროდ, დარჩა სიმღერა, რომელიც ბრუნის ნამუშევრებში ერთ-ერთი საუკეთესოა - ყოველგვარი სენტიმენტების, მელოდრამატიზმისა და სევდიანი ნოსტალგიურობის გარეშე, მსუბუქი, მელოდიური და რაც მთავარია, ოპტიმისტური. ეს გასაგებიცაა, ცნობილი, გავლენიანი და ჭკვიანი მამაკაცები კარლას ყოველთვის ეტანებოდნენ  და საკმაო წარმატებითაც.

7. Alain Delon - Laetitia (1966)

"თავგადასავლების მაძიებლები" თავის დროზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენში. ისტორია სამ მეგობარზე - როლანდზე, მანიუსა და ლეტიციაზე, რომლებიც იგებენ, რომ კონგოს სანაპიროსთან ოკეანის ფსკერზე ჩაძირულ თვითმფრინავში განძი ინახება და მის მოსაძებნად მიემგზავრებიან, ყველა თაობის მაყურებელს აჯაჭვებდა კინო თუ ტელეეკრანებთან. 

ფილმის საუნდტრეკის ავტორი ადრეულ ასაკში გარდაცვლილი უნიჭიერესი ფრანგი კინოკომპოზიტორი ფრანსუა დე რუბოა. მისი მუსიკა სურათის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია და ვისაც ის ერთხელ მაინც აქვს ნანახი, შეუძლებელია, დაავიწყდეს ლამაზი და სევდიანი მელოდია, რომელიც თითქოს გვაგრძნობინებს კიდეც, რომ სიუჟეტი სულაც არ მიდის ჰეფი ენდისკენ.

ალენ დელონი კარგი მომღერალი ნამდვილად ვერაა, მაგრამ ეს კომპოზიცია განსაკუთრებულ ვოკალურ მონაცემებს არც მოითხოვს. თანაც დელონი გამოცდილი მსახიობია და კარგად ხვდება, როგორ უნდა დაანაღვლიანოს სიმღერა და ის ამბავიც, რომელიც ფილმშია მოთხრობილი.

6. Almadovar & McNamara - Moquito a Moco (1983)

ფრანკოს შემდგომი პერიოდის ესპანეთში ახალი თაობის ცხოვრება ერთ დაუსრულებელ გლამურულ-ეპატაჟურ-ჰედონისტურ დროსტარებად გადაიქცა. ამ ყველაფრის ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგად ცნობილი პედრო ალმადოვარიც იყო. მისი კინო და მუსიკალური კარიერა, ფაქტობრივად, ერთდროულად დაიწყო, თუმცა, ჭკვიანი და ენერგიული პედრო დროზე მიხვდა, რომ, როგორც რეჟისორი გაცილებით მეტის მიღწევას შეძლებდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მისი დუეტი ფაბიო მაკნამარასთან საკმაოდ ხშირად იყო ესპანური ტელევიზიების სტუმარი, ალმადოვარი თანამემამულეებმა თავდაპირველად სწორედ მუსიკოს-შემსრულებლის ამპლუაში გაიცნეს.

დუეტის სიმღერა-შოუები ძალიან წააგავს ალმადოვარის ადრეულ სურათებს, მათსავით არაკორექტული, გამომწვევი და კონტროვერსიულია. ეს კომპოზიცია კი მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ აქ პედრო ყველაზე კარგად მღერის, თანაც მარტო და სრულიად ამართლებს თავის იმდროინდელ მოფერებით მეტსახელს "ესპანელი ხულიგანი".

5. Kevin Spacey - Beyond the Sea (2004)

ეს ტრეკი მხოლოდ იმიტომ კი არ შევიტანე სიაში, რომ ყველასგან მოძულებული და შერცხვენილი კევინ სპეისისთვის გამომეცხადებინა სოლიდარობა, არამედ იმიტომაც, რომ კევინი ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია მსახიობებს შორის. თანაც საკმაოდ რთულ ნაწარმოებებს ასრულებს, მარტო ლენონის Мind Games რად ღირს.

თავიდან სწორედ ეს კომპოზიცია მინდოდა დამედო, მაგრამ მერე ბობი დარინის სიმღერის ქავერი ვარჩიე. რატომ? იმიტომ, რომ დარინი ტიპიური "ქრუნერი" იყო, პოპ სტანდარტების შემსრულებელი ესტრადის ვარსკვლავი, მათი კოპირება კი ისე, რომ არ გაბანძდე, ძალიან რთულია. თუმცა, სპეისიმ ეს მოახერხა, თანაც კარგად, რაც მისი, როგორც მომღერლის შესაძლებლობებზე მეტყველებს. ალბათ, სწორედ ამის გამო მიიწვიეს ის ბობი დარინის როლზე ფილმში "ზღვის იქით".

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ, თუ ფარისევლობით სავსე ჰოლივუდში კევინის სამსახიობო კარიერა საბოლოოდ დასამარდება, მას თამამად შეუძლია სიმღერას მიჰყოს ხელი. თანაც აქ, ჩვენთან, მუსიკის სამყაროში, ბიბლიური სიბრძნეებიც უკეთ მუშაობს. არცერთი თავად ცოდვილი არ ისვრის ქვებს სხვა ცოდვილების მიმართულებით.

4. Elaine Brown - One Time (1969)

ელენ ბრაუნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. 1968 წელს ის აფროამერიკელთა მემარცხენე-რადიკალური ორგანიზაციის, "შავი პანტერების" წევრი გახდა და საკმაოდ სწრაფადაც დაწინაურდა. 1973-77 წლებში ელენი პარტიის თავმჯდომარეც კი იყო, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან "შავი ძალაუფლების" იდეით შეპყრობილ პანტერებში მამაკაცური სექსიზმი დომინირებდა.  

სწორედ სექსიზმთან და პატრიარქატთან შეურიგებლობა აღმოჩნდა ის მიზეზი, რომლის გამოც გაფემინისტებულმა ბრაუნმა "შავი პანტერების" რიგები დატოვა, მაგრამ პარტიიდან წამოსვლის მიუხედავად, მას აქტივიზმისთვის თავი არ დაუნებებია. აფროამერიკელების უმთავრეს პრობლემას ელენი განათლების დეფიციტში ხედავდა და აგერ უკვე 40 წელია მის აღმოსაფხვრელად მუხლჩაუხრელად შრომობს. თუმცა, არც პატიმრების უფლებებს, ეკოლოგიასა და ჩაგრულ მუსლიმ თანამოქალაქეებს ივიწყებს.

ელენმა საკმაოდ კარგი მუსიკალური განათლება მიიღო და ორი ალბომიც ჩაწერა. სწორედ მას ეკუთვნის "შავი პანტერების" ჰიმნი The Мeeting, მაგრამ მე გაცილებით უფრო მომწონს მისი საფორტეპიანო ბალადა One Time, რომელიც ერთდროულად რევოლუციურიცაა, საპროტესტოც და საოცრად რომანტიულიც. სწორედ ეს სიმღერა გასდევს ლეიტმოტივად ბაადერ-მაინჰოფის ლეგენდარული ტერორისტული დაჯგუფების, RAF-ის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "გერმანიის ახალგაზრდობა", რაც შემთხვევითი სულაც არ არის,

3. Britt Ekland - Willow’s Song (1998)

შვედი მსახიობი ბრიტ ეკლანდი უპოპულარულესი ქალი და 1960-70-იანი წლების ერთ-ერთი უპირველესი სექს-სიმბოლო იყო. 1973 წელს ის გადაიღეს ფილმში  "დაწნული ადამიანი", რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ყველა დროის საუკეთესო ბრიტანულ კინოსურათად მიიჩნევს. ეს სიურრეალისტური საშინელებათა ფილმი ნამდვილი ინსპირაცია გახდა დარქ ფოლკ არტისტებისთვის, მით უმეტეს, რომ ის თითქმის მიუზიკლია და ამერიკელი კომპოზიტორის, პოლ ჯოვანის საუნდტრეკიც იდეალურად ერგება სიუჟეტს.

რეჟისორის ჩანაფიქრით, ყველა კომპოზიცია თავად მსახიობებს უნდა ემღერათ. სწორედ ასე მოგვევლინა ბრიტ ეკლანდი ფილმის ერთ-ერთი საკვანძო კომპოზიციის შემსრულებლად. "დაწნული ადამიანის" საუნდტრეკების ალბომი მხოლოდ 1998 წელს გამოვიდა და მყისვე საკულტო სტატუსი შეიძინა. ეკლანდის ვოკალი აშკარად სუსტია, მაგრამ იმდენად უმანკო და ამავე დროს, ავხორცული, რომ უკეთესად ამ სიმღერას, ალბათ, ვერც ვერავინ შეასრულებდა. ფილმის ეს  ნაწყვეტიც იდეალურია, როგორც ვიზუალურად, ასევე აკუსტიკურად და ზუსტად ასახავს მოვლენათა არსს.

P.S. ვიდეო 16+ 

2. Squadra Azzurra - Azzurro (2004)

შესანიშნავმა იტალიელმა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა პაოლო კონტემ ეს სიმღერა ჯერ კიდევ 1968 წელს დაწერა, სპეციალურად ადრიანო ჩელენტანოსთვის და ფეხბურთთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.

მაგრამ სიმღერის სათაური "აძურო" ქართულად "ცისფერს" ნიშნავს, იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კი მეორენაირად "სკუადრა აძურა" ანუ "ცისფერი გუნდი" ჰქვია. აშკარა ასოციაცია სახეზეა, თანაც სიმღერა მარშს წააგავს. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია ის ფაქტი, რომ 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წინ გუნდმა საკუთარი თავისა და გულშემატკივრების გასამხნევებლად სწორედ ეს სიმღერა ჩაწერა და ვიდეოც გადაიღო.

დღეს ეს ფეხბურთელები, თავისი ქარიზმით, ღირსებითა და პროფესიონალიზმით, მათ თანამედროვე კოლეგებთან შედარებით, კოსმიურ, მიუწვდომელ არსებებად სჩანან. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი "იტალიელები" ამ მარტივ სიმღერასაც ვერ იმღერებდნენ ხეირიანად. ალბათ, ამიტომაც გავარდნენ ასე სამარცხვინოდ მსოფლიოს შესარჩევი ტურნირიდან. ასეა თუ ისე, ჩვენი სიისთვის იდეალური მასალაა. იტალიაში ფეხბურთელები ხომ მთავარი სელებრითები არიან. უფრო სწორად, იყვნენ.

1. Richard Harris - MacArthur Park (1968)

რიჩარდ ჰარისი, ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი მსახიობი, პერიოდულად მღეროდა და ალბომებსაც წერდა. "მაკარტურის პარკი" მისი საშემსრულებლო კარიერის მწვერვალია და ამაში დამნაშავე კომპოზიციის მუსიკისა და ტექსტის ავტორი, ჯიმი უებია. ეს შვიდწუთიანი ორკესტრირებული პოპშედევრი უებმა უმძიმესი დეპრესიის დროს დაწერა, მაშინ, როდესაც შეყვარებულმა მიატოვა და ალბათ, ამიტომაც გამოვიდა ასეთი დრამატული და პათეტიკური.

ნაწარმოები ოთხნაწილიანია და ისეა აგებული, როგორც კლასიკურ მუსიკაშია მიღებული. სწორედ ასეთი "გრანდიოზულობის" გამო იყო, რომ თავის დროზე "ექსპერტებმა" ის ყველაზე ცუდ ცნობილ სიმღერად დაასახელეს, რაც, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა.

ჰარისი ზუსტად მიხვდა, რომ ეს მისი სიმღერა იყო. მისი, როგორც დრამატული თეატრის მსახიობის და არც შემცდარა. შესრულებისას ის თამაშობს, როლში იჭრება და მისი არცთუ ძლიერი ვოკალური დიაპაზონი უკვე სულაც აღარ აღიქმება ნაკლად. კომპოზიცია არ არის ადვილად მოსასმენ-აღსაქმელი, მაგრამ იმდენად ძლიერია, რომ საერთოდ სცდება ჩვენი თემატური სიის საზღვარს და ზოგადად ეპოქალური ფუნქციის მატარებელია. სწორედ ამიტომაც მოხვდა პირველ ადგილზე.


0. Kurt Schwitters - Ursonate (1932)

დადაისტი მხატვარი და პოეტი  კურტ შვიტერსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საუნდ პოეზიის იდეა წამოაყენა. ყოველ შემთხვევაში, მისი "ურსონატა" ყველაზე მუსიკალური ნაწარმოებია, რაც დადაისტ არტისტებს შეუქმნიათ. ამიტომაც გახდა შვიტერსის ეს ნამუშევარი საკულტო უკვე ავანგარდულ ალტერნატიულ მუსიკაში.

ბრაიან ინო, ბლიქსა ბარგელდი, მაიკლ ნაიმანი, ბილი ჩაილდიში, Faust თუ Chumbawamba - ყველა ის, ვინც დადაიზმის გავლენას განიცდის, საკუთარ შემოქმედებაში "ურსონატაზე" ხშირად აპელირებს. შვიტერსის ე.წ. "ფსიქოლოგიური კოლაჟის" კონცეფცია კი, რომელსაც მან Мerz დაარქვა, საბაზისოა ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ნოიზ არტისტმა მასამი აკიტამ Merzbow სწორედ შვიტერსის გავლენით დაირქვა.

"ურსონატას" დღესაც ბევრი ასრულებს. ეს კი ორიგინალური ჩანაწერია, ბერლინის რადიოში თვითონ ავტორის მიერ წაკითხული, რომლის ფრაგმენტიც 1977 წელს ბრაიან ინომ გამოიყენა თავის კომპოზიციაში Kurt’s Rejoinder. მოკლედ, შვიტერსი გაცილებით დიდი ფიგურაა, ვიდრე ნებისმიერი ცნობილი არტისტი. კურიოზულ 0 ადგილზე კი მოხვდა იმიტომ, რომ ეს ნაწარმოები არც სიმღერაა და არც მუსიკა. თანაც, სნობიზმში დადანაშაულებისგანაც დავიზღვიე თავი. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული