Thumbnail

ქართული მუსიკის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ფოლკლორითა და ოპერით დაწყებული, ესტრადითა და როკით დამთავრებული, თითოეულ ჟანრში ყველაზე კარგად სწორედ სიყვარულზე ვმღერით.

ნახეთ სრული ფლეილისტი

თუ თქვენი გული ბედნიერებას ვერ იტევს ან პირიქით, წყლის პირას მტირალი ზიხართ, ანაც უბრალოდ, რომანტიკული კომპოზიციები გიზიდავთ, ჩვენი სია სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი. მისი შედგენისას შევეცადეთ, ერთმანეთის გვერდიგვერდ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი, სტილისტურად განსხვავებული ნამუშევრები მოგვეხვედრებინა. ნუმერაციაც პირობითია, ჩვენს მიზანს მათგან საუკეთესოს შერჩევა არ წარმოადგენდა. 

ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, წარმოგიდგენთ 30 ქართულ სიმღერას სიყვარულზე

30. სახე - როგორ მინდა მოგეფერო

დათო ფორჩხიძის, დათო ხუჯაძისა და გოგა ხაჩიძის მიერ ჩამოყალიბებული ბოიბენდი არნახული პოპულარობით სარგებლობდა 1990-იანი წლების საქართველოში. "როგორ მინდა მოგეფერო" კი ამ ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტია, რომელიც არაერთმა შემსრულებელმა გადაამღერა.  

29. დიელო - მუხამბაზი

1975 წელს, როდესაც "დიელომ" თავისი "მუხამბაზი" გამოუშვა, მსმენელთა უმეტესობა მის ექსპერიმენტულ ჟღერადობას სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა, კომპოზიცია, რომელშიც ერთმანეთს ჯაზის, ფსიქოდელიური როკისა და ქალაქური სიმღერის ელემენტები ერწყმის, დროთა განმავლობაში ყველამ შეიყვარა.

28. ლადო ბურდული - ჩემო მშვენიერო ლედი

"ჩემო მშვენიერი ლედი" ლადო ბურდულის, ალბათ, ყველაზე სენტიმენტალური კომპოზიციაა. სიმღერა, რომლითაც ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთმა პიონერმა სატრფოს საკუთარი სამეფოს კარი გაუხსნა, მსმენელმა პირველად 1997 წელს მოისმინა. 

27. ჯანსუღ კახიძე - მუხამბაზი

ჯანსუღ კახიძის ეს სიმღერა კინოსურათის "რაჭა, ჩემო სიყვარულო" საუნდტრეკია. ის კომპოზიტორმა 1977 წელს სლოვაკ კოლეგასთან, სვეტოზარ სტრაჩინასთან ერთად დაწერა. სერენადა, რომელიც ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს, დარინას ეძღვნება, ოთხმოციან წლებში სიყვარულის ნამდვილ ჰიმნად იქცა.

26. წერილი - შენ რომ არ მყავდე

ჯგუფი "წერილი" გია თოიძემ 1995 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის შემოქმედებაში ძირითადად მელანქოლიური, დეპრესიული განწყობის მქონე კომპოზიციები გვხვდება. მაჟორულ ტონალობაში გადაწყვეტილი "შენ რომ არ მყავდე" კი ამ მხრივ ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია.  

25. ცინუკი დადიანი - როცა გიყვარდი

ცინუკი დადიანის სიმღერები ქართული ქალაქური მუსიკის საუკეთესო ნიმუშია. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან დღეს მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერია შემორჩენილი. მათ შორის ეს საოცრად მელანქოლიური კომპოზიციაც, რომელიც გვარწმუნებს, რომ ადამიანები განშორებას გასულ საუკუნეშიც სწორედ ისე განიცდიდნენ, როგორც ახლა.

24. გიგა მიქაბერიძე - შენთვის ვმღერი მე ამდენს

პირველი ქართული გრანჟ კოლექტივის, Over Balance-ის ლიდერმა გიგა მიქაბერიძემ ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად სტილი რადიკალურად შეიცვალა და პოპ მუსიკაში მოსინჯა ძალები. სხვათა შორის, საკმაო წარმატებითაც. ეს სიმღერა სწორედ ამას ადასტურებს. 

23. ლილი გეგელია - ლურჯი იები

ლილი გეგელიას სახელი ძირითადად ორკესტრ "რეროსთან" ასოცირდება, რომლის წევრიც ეს შემსრულებელი 1956 წელს გახდა. მისი რეპერტუარიდან ჩვენს სიაში შესატანად კომპოზიტორ პეტრე ნალბანდიშვილის მიერ დაწერილი ულამაზესი სიმღერა შევარჩიეთ.

22. ზუმბა ლენდი - მე მინდა გიყურო

ამ კომპოზიციის ავტორი ჯგუფის "ბიჭები როკ-ენ-როლიდან" წევრი, ნაადრევად გარდაცვლილი მუსიკოსი ირაკლი გიგაურია. მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერას კი "ზუმბა ლენდის" შესრულებით შემოგთავაზებთ.

21. არა - მიყვარხარ

ზურა ჯავახიას მიერ შექმნილ უამრავ პროექტს შორის ჯგუფი "არა" გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ ბენდის სიმღერა "მიყვარხარ" ძალიან ჰგავს განცდას, რომელიც გარდაუვალი განშორების წინ გეუფლება. უკიდურესად სევდიანი კომპოზიციაა, თუმცა, სიყვარული ბრაზსა და წყენას ადგილს არ უტოვებს. 

20. ნიაზ დიასამიძე - მენატრება

ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიცია "მენატრება" ნიაზ დიასამიძემ 2007 წელს ჩაწერა. სიმღერა გარდაცვლილი მუსიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილ ალბომში "ქაღალდის გემი" არის შესული და ალბათ, საუკეთესოცაა იქ წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის. 

19. ვია 75 - თუკი გესიზმრები

ნუგზარ ერგემლიძის ეს კომპოზიცია "ვია 75"-ის შესრულებით გახდა პოპულარული. სიმღერა იმ გარდაუვალი შერიგების შესახებაა, რომელსაც განაწყენებული მხარე ჯიუტად აჭიანურებს. თუ ტექსტში საკუთარი თავი ამოიცანით, გირჩევთ, საყვარელ ადამიანს ახლავე დაუბრუნდეთ და ავტორს მადლობა მოგვიანებით გადაუხადოთ.

18. Kung Fu Junkie - Flowerz in My Brain

ელექტროპოპ კოლექტივი Kung Fu Junkie თბილისში 2007 წელს ჩამოყალიბდა. როგორც ჯგუფის ვოკალისტი ზურა ჯიშკარიანი ვიდეოს დასაწყისშივე აღნიშნავს, ეს სიმღერა ეძღვნება ყველას, ვისაც უყვარს.

17. სტეფანე & მაო - ხელები

ოცწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში სტეფანე მღებრიშვილმა არაერთი შესანიშნავი კომპოზიციით დაგვამახსოვრა თავი. თუმცა, მაია დარსმელიძესთან ერთად ჩაწერილი "ხელები" განსაკუთრებულია მის შემოქმედებაში და მსმენელთა გამორჩეული სიყვარულითაც სარგებლობს. 

16. Mellow - ეგ შენი პეპლები

"ეგ შენი პეპლები ცოცხლად ჭამენ ჩემს გულს, ეგ შენი ტუჩები ისევ მთხოვენ სიყვარულს" - ნიკა ჩოხელი და მისი ჯგუფი Mellow ბრაიან ინოს საუკეთესო ტრადიციებში შექმნილი ატმოსფერული კომპოზიციით ჩვენს სიაში.  

15. ერეკლე დეისაძე - შენი ფანჯრიდან

მწერლის, მუსიკოსისა და აქტივისტის, ერეკლე დეისაძის შემოქმედებაში ძირითადად სოციალური თემებით დატვირთული ნამუშევრები სჭარბობს, თუმცა, მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა სწორედ სიყვარულს ეძღვნება. სხვათა შორის, თბილისში სტუმრობისას კომპოზიცია ჯონ მაუსმაც მოისმინა და როგორც თავად ავტორი ამბობს, ძალიან მოეწონა. 

14. ივერია - იმღერე რამე

გიორგი ცაბაძის მიერ შექმნილი კომპოზიცია სხვადასხვა დროს ათობით ქართველმა არტისტმა შეასრულა. თუმცა, "ივერიას" სადებიუტო ალბომში შესული ეს ჩანაწერი გამორჩეულად შთამბეჭდავია. 

13. Outsider - ფეხსაცმელი

რა არის საჭირო სიყვარულისთვის? უამრავი შესაძლო პასუხიდან ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს გაგახსენდებათ. არადა, თქვენს შეყვარებაში რობი კუხიანიძეს სწორედ მისი არქონა უშლის ხელს. 

12. გიული ჩოხელი - პაემანს

გიული ჩოხელის კარიერის საუკეთესო წლებმა საბჭოთა კავშირში ჩაიარა, სადაც ჯაზს, როგორც კაპიტალიზმის პირმშოს, დიდად არ სწყალობდნენ. ამის მიუხედავად, უნიჭიერესმა შემსრულებელმა საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობა სწორედ ამ ჟანრს მიუძღვნა და არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია დაგვიტოვა. 

11. Children's Medicine - I Need Your Love

დადა დადიანის, ირაკლი ჩარკვიანისა და კახა გუგუშვილის პროექტმა Children's Medicine მხოლოდ ერთი წელი იარსება, თუმცა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისურენოვანი სასიყვარულო კომპოზიცია შექმნილიყო.

10. ორერა - დაგეძებ და ვერ გპოულობ

კვარტეტი "ორერა" 1958 წელს თბილისში ჩამოყალიბდა და მცირე ხანში საბჭოთა კავშირში პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლად გადაიქცა. კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სიმღერის ეს ჩანაწერი კი 1962 წლით თარიღდება. შუა ნაწილი შეგიძლიათ, თამამად გადაახვიოთ და მუსიკოსებს არ გაუბრაზდეთ, მაშინდელი კონიუნქტურა მსხვერპლს მოითხოვდა. 

9. Genetic Code - Artificial Love

სერგი გვარჯალაძისა და ბაკუნა ნოზაძის მიერ 1992 წელს შექმნილი Artificial Love დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ სიმღერად ითვლება. სწორედ ამ კომპოზიციაზეა გადაღებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ვიდეოკლიპი. 

8. რევაზ ლაღიძე - გულს რად მიკლავ

რევაზ ლაღიძის ნამუშევრების ძალზე შთამბეჭდავ სიაში 1957 წელს გადაღებული ფილმის, "საბუდარელი ჭაბუკის" საუნდტრეკიც შედის. სწორედ ამ სურათში ჟღერს სიმღერა "გულს რად მიკლავ", რომლის ტექსტი პიერ კობახიძემ დაწერა, ვოკალისტებად კი ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეები მოგვევლინნენ.

7. ირაკლი ჩარკვიანი - მოგიტან წყალს

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე ვიყავით, რომელი სიმღერა აგვერჩია ირაკლის შემოქმედებიდან. "სულს" თუ "ქაღალდის გემი", "მე მინდა შენთან" თუ "ვიცი რომ". საბოლოოდ, ჩვენს სიაში მუსიკოსის სადებიუტო ალბომში შესული ეს შესანიშნავი კომპოზიცია მოხვდა. ყველაფერი გენიალური მარტივია. 

6. გია ყანჩელი - საით მიდიხარ

კლასიკური მუსიკის, ტრადიციული ქალაქური სიმღერისა და ექსპერიმენტალის საოცარი სინთეზი. ლეგენდარული კომპოზიტორის მიერ დაწერილ სიმღერას ნატო მეტონიძე ასრულებს.

5. ქიშო და ინტელიგენცია - ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს

"მთავარია, მუსიკამ არ მიმატოვოს, ჩემმა ერთადერთმა ნამდვილმა სიყვარულმა" - ეს სიტყვები ქიშო გლუნჩაძეს ეკუთვნის. 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის ეს კომპოზიცია, სავარაუდოდ, იმ არაერთი იმედგაცრუების შედეგია, რომელმაც სიმღერის პერსონაჟს თვითმკვლელობა, მის ავტორს კი ქვეყნიდან სამუდამოდ გადახვეწა გადააწყვეტინა. 

4. ჰამლეტ გონაშვილი - თუ ასე ტურფა იყავი

ჰამლეტ გონაშვილი ფენომენალური საშემსრულებლო ტექნიკითა და ხმის რბილი, არაამქვეყნიურად ლამაზი ტემბრით გამოირჩეოდა. ლეგენდარული მუსიკოსის მიერ ნამღერი ეს კომპოზიცია კი ერთ-ერთი საუკეთესოა მის შემოქმედებაში. მოისმინეთ და დატკბით.

3. ინოლა გურგულია - ძეგლად გადმომეფარე

ყველა დროის ერთ-ერთ უნიჭიერეს ქართველ კომპოზიტორსა და შემსრულებელს, ინოლა გურგულიას სიცოცხლეში სრულმეტრაჟიანი ალბომი არ გამოუცია. მუსიკოსი სახლში, მაგნიტოფონზე იწერდა არაჩვეულებრივ სიმღერებს, რომლებიც დღესაც კი თანამედროვედ ჟღერს. ეს კომპოზიცია ამის საუკეთესო მაგალითია. 

2. დები იშხნელები - სულიკო

ნინო, თამარ, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელების მიერ ჩამოყალიბებული კვარტეტი,  სავარაუდოდ, ქალთა პირველი ინდი ფოლკ ანსამბლია მუსიკის ისტორიაში. სწორედ მათი შესრულებით გთავაზობთ სიმღერას, რომელიც ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო. 

1. ვანო სარაჯიშვილი - შენ ერთს

"საქართველოს ბულბულად" მონათლული ვანო სარაჯიშვილის მიერ შესრულებული კომპოზიცია "შენ ერთს" ნამდვილ კლასიკად და ჩვენი ქვეყნის მუსიკალური მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩვენს სიას სწორედ ამ 1914 წლის ჩანაწერით დავასრულებთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული