Thumbnail

"ჯაზი თეთრი ხალხის მოგონილი ტერმინია შავების მუსიკის განსამარტად. ჩემი მუსიკა შავი ხალხის კლასიკური მუსიკაა".  

ნინა სიმონე

► ლაშა გაბუნია: მოგზაურობა ბლუზში 

► ლაშა გაბუნია: მოგზაურობა როკ-ენ-როლში

ჯაზი ის მუსიკალური ჟანრია, რომელიც თინეიჯერობისას ძალიან არ მიყვარდა. მეტიც, თუ სადმე იყო ჩართული, ვცდილობდი იქაურობას შეძლებისდაგვარად სწრაფად გავცლოდი. საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკაზე ინფორმაციის დეფიციტის გამო, მასზე მცდარი წარმოდგენა მქონდა - რატომღაც მიმაჩნდა, რომ ის მხოლოდ მდიდრების მუსიკა იყო.  

ბავშვობისას, ბიძაჩემის წყალობით, ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ფირფიტებს მოვუსმინე, მაგრამ დიდად არ მომეწონა. საშინლად მიმაჩნდა ის საბჭოთა ინსტრუმენტული ჯაზიც, რაც სატელევიზიო თუ რადიოარხებიდან მესმოდა. ეს გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ გვიან ღამით ტელევიზორში შემთხვევით ოსკარ პიტერსონისა და ქაუნთ ბეისის საფორტეპიანო ჯაზ-დუეტს არ ვუყურე. უფრო სწორედ, შემომეყურა და დიდი სიამოვნებაც მივიღე. 

Oscar Peterson & Count Basie - Jumpin' at the Woodside

როგორც მუსიკალური ხელოვნების ნაწილი, ჯაზი მე-20 საუკუნის დასაწყისის შეერთებულ შტატებში აფრიკული და ევროპული კულტურების შერწყმით ჩამოყალიბდა. ის ახალ კონტინენტზე ჩამოსახლებული, დამონებული აფრიკელი ხალხის მრავალფეროვანი რიტუალური რიტმებიდან აღმოცენდა, რასაც ბაპტისტური და პროტესტანტული ეკლესიების აფროამერიკელი მრევლის საგალობლები დაემატა, რომლებიც სპირიჩუალსის სახელითაა ცნობილი. 

ამერიკის კონტინენტზე ჩასული აფრიკელები სხვადასხვა ეროვნების იყვნენ. დროთა განმავლობაში მათი გაერთიანების, საერთო კულტურის შექმნის აუცილებლობაც მომწიფდა. ერთ-ერთი ასეთი გამაერთიანებელი ფაქტორი მუსიკა, კერძოდ კი ჯაზი გახდა. ამ უკანასკნელის ისტორია ძალზედ დინამიკურია და  სავსეა ისეთი მოვლენებით, რომლებმაც მსოფლიო მუსიკალურ და არა მხოლოდ მუსიკალურ პროცესებზე უდიდესი გავლენა იქონიეს.

ჯაზისთვის დამახასიათებელია სინკოპირებაზე დაფუძნებული პოლირიტმიკა, რეგულარული პულსაცია - ბიტი, ბიტიდან გადახრა - სვინგი, იმპროვიზაცია, ჰარმონიული და ტემბრული ხაზი. ის სოლისტის ხელოვნებაა, მაგრამ ამავდროულად ორკესტრის ყველა წევრთან უანგარო თანამშრომლობას მოითხოვს. მას მდიდარი ტრადიციები და საკუთარი დაუწერელი კანონები აქვს, რომლებსაც შემსრულებლები მკაცრად იცავენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჯაზ-კონცერტზე იგი ხელახლა იბადება. ეს მუსიკა ღარიბებისა და მდიდრების, უბედურებისა და ბედნიერების, სოფლელებისა და ქალაქელების, შავებისა და თეთრების, კაცებისა და ქალების მილიონობით შეხვედრის, კონტაქტის, მათ შორის ინტენსიური დიალოგის შედეგია. 

მსგავსი რამ მხოლოდ ახალ კონტინენტზე შეიძლება მომხდარიყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ყველაზე მულტიკულტურულ ქალაქ ნიუ ორლეანში. იქ, სადაც ძველი ევროპა შეხვდა ძველ აფრიკას; სადაც გაჩაღებული იყო მონებით ვაჭრობა; სადაც კრეოლები (მდიდარი ევროპელებისა და მათი აფროამერიკელი ცოლების თუ საყვარლების შთამომავლები) კლასიკური მუსიკის შესრულებით იწონებდნენ თავს; სადაც კვირაში ერთხელ მონებს უფლებას აძლევდნენ ქალაქის მთავარ მოედანზე ერთად ემღერათ, ეგალობათ და ეცეკვათ; სადაც აფროამერიკელმა ჯაზ-მესაყვირემ ბადი ბოლდენმა  პირველი ჯაზ-ორკესტრი ჩამოაყალიბა; სადაც მოღვაწეობდა პირველი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი ჯელი როლ მორტონი, რომელიც მუსიკოსობასთან ერთად სუტენიორის პროფესიასაც ითავსებდა.

Jelly Roll Morton - The Crave

ჯაზური კულტურის ფორმაცია მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში სწორედ ამ ქალაქში მიმდინარეობდა. 1920-იანი წლებიდან ჯაზ-მუსიკოსები და მათ ორკესტრებთან არსებული საცეკვაო დასები ჯერ მისისიპის დელტას აუყვნენ, შემდეგ კი კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ განაგრძეს სვლა და ჩიკაგომდე ჩააღწიეს, სადაც ნიუ ორლეანში ჩასახული მუსიკა საკმაოდ კარგად მიიღეს.
 
ისევე, როგორც ჩრდილოეთში მდებარე ბევრი სხვა ქალაქი, ჩიკაგოც ნიუ ორლეანთან შედარებით ეკონომიკურად ბევრად უფრო წელში გამართული იყო. ქალაქში უკვე პოპულარული იყო რადიო, სადაც ხშირად ჟღერდა ჯაზიც. აქედან გამომდინარე, მუსიკოსები სიამოვნებით გადადიოდნენ საცხოვრებლად ჩიკაგოში და მალე ქვეყანაში ჯაზის მეორე ცენტრიც გაჩნდა. ერთ დროს პრიმიტიული მუსიკა სწორედ ამ ქალაქში დაიხვეწა და ერთი ათწლეულის შემდეგ ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ კი უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. 

არსებობის გარიჟრაჟზე და შემდეგაც ჯაზი სოციალური მოვლენაც იყო. თავდაპირველად სხვადასხვა რასის მუსიკოსები ერთად არ უკრავდნენ. არსებობდა შავკანიანთა და თეთრკანიანთა ორკესტრები. 1929 წელს თეთრკანიანმა ჯაზ-გიტარისტმა ედი კონდონმა იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი რამ გაბედა და თეთრებისა და შავებისგან შემდგარ შერეულ ორკესტრთან ერთად რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერა. 

Eddie Condon - That's a Serious Thing

პირველი აფროამერიკელი მომღერალი, რომელმაც თეთრების, კერძოდ, არტი შოს ორკესტრის აკომპანემენტის ქვეშ იმღერა, ბილი ჰოლიდეი იყო. ეს 1938 წელს მოხდა. პირველი შერეული ბიგ-ბენდები კი 1940-იანებში გამოჩნდა. ამ რევოლუციური ცვლილების ინიციატორი ჯაზის ლეგენდა ბენი გუდმენი გახდა. სხვათა შორის, 1962 წელს ის საქართველოს ეწვია და თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტი გამართა. 

Benny Goodman თბილისში, 1962 წ. 

უდიდესი მუსიკოსი ლუი არმსტრონგი პირველი იყო, ვინც ჯაზ-ორკესტრში სოლისტი შემოიყვანა. მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ზოგადად ამ ჟანრისა და კონკრეტულად საყვირის, როგორც ჯაზის ინსტრუმენტის შემდგომ განვითარებაში. ნიუ ორლეანში დაბადებული არმსტრონგი საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა და იქ ბენდები - თავდაპირველად Hot Five, შემდეგ კი Hot Seven ჩამოაყალიბა.

Louis Armstrong & His Hot Five - Once in a While

ჯაზის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია 1917 წლის 26 თებერვალი. დღე, როდესაც ნიუ იორკში კვინტეტმა Original Dixieland Jazz Band პირველი ჯაზ-ფირფიტა ჩაწერა. ის მაშინვე ჰიტი გახდა. ცნობილია, რომ ნამუშევარი 250,000-იანი ტირაჟით გაიყიდა, რაც იმ დროისთვის ძალიან კარგი შედეგი იყო.

იქამდე ჯაზის ჩაწერა არავის უცდია, რადგან ეს ჟანრი მარგინალურად მიიჩნეოდა. აკადემიურ წრეებში მას მეძავების მუსიკასაც კი უწოდებდნენ. თუმცა, ფირფიტის გამოსვლის შემდეგ ამერიკულმა ჯაზმა მსოფლიოს დაპყრობა დაიწყო. 

Dixieland Jazz Band - Dixie Jass Band One Step

"დიდი გეთსბის" ავტორმა, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს 1920-იანი წლების ბოლომდე "ჯაზის ეპოქა" უწოდა. მაგრამ "დიდი დეპრესიის" დროს უამრავი უნიჭიერესი მუსიკოსი უმუშევარი დარჩა. მხოლოდ კომერციული, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, "პაპსა" ორკესტრები უკრავდნენ, რომელთა რეპერტუარში იმპროვიზაცია ფაქტობრივად გამორიცხული იყო. 

როდესაც ევროპაში ფაშისტური ბოროტების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო, სვინგი, ჯაზის მსუბუქი, საცეკვაო მიმართულება, რომელიც 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა, თავისუფლების სიმბოლო გახდა. თუმცა ამერიკაში, იატაკქვეშა ღამის კლუბებში, ისეთში, როგორიც ჰარლემში მდებარე "მინტოსი" იყო, ახალგაზრდა შემსრულებლები სხვაგვარ თავისუფლებას ეძებდნენ - ახალ რიტმსა და ჰარმონიას და მეტ სივრცეს იმპროვიზაციისთვის.

Charlie Parker - My Old Flame

მათი წინამძღოლები ჩარლი პარკერი და დიზი გილესპი გახდნენ. მათ არ სურდათ მსმებელთა ფართო მასებზე მუშაობა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ისინი ნამდვილი შემოქმედები იყვნენ, რომლებმაც გამოიგონეს კიდეც ახალი სტილი – ბიბოპი, რომელსაც ძველი ჯაზ-მუსიკოსები (მაგალითად, ლუი არსმტრონგი) საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ. 

Dizzy Gillespie - Salt Peanuts  

მაგრამ ომი გრძელდებოდა, ფირფიტები არ გამოდიოდა და მსმენელთა უმეტესობამ არაფერი იცოდა მათი ძიებების შესახებ. ცოტა ხანში დედამიწის ერთ მეექვსედზე ჯაზი აკრძალა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირს მისმა დროებითმა მოკავშირე შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღის შექმნა დაასწრო, რაც კომუნისტებმა შეურაცხყოფად მიიღეს და მუსიკას, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს. ეს აკრძალვა სტალინის გარდაცვალებამდე მოქმედებდა.

George Gershwin - Rhapsody in Blue

ჯაზი აკადემიურ მუსიკაშიც შეიჭრა და მე-20 საუკუნის დასაწყისის კომპოზიტორთა შემოქმედებას საკუთარი კვალი დაატყო. გერშვინის Rhaphsody in Blues და რაველის Five O’Clock Foxtrote ამ გავლენის კარგი მაგალითებია. 

Maurice Ravel - Five O'Clock Foxtrot

მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მსუბუქი, საცეკვაო ჯაზი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააკადემიურდა, გასერიოზულდა და ბევრად უფრო კომპლექსური გახდა. ამას ხელი ისეთმა მუსიკოსებმა შეუწყვეს, როგორებიც იყვნენ ბილ ევანსი, თელონიუს მონკი, მაილს დევისი, ჯონ კოლტრეინი, სარა ვონი და სხვები. საცეკვაო მუსიკის ნიშა კი ისეთმა რევოლუციურმა ჟანრმა დაიკავა, როგორიც იყო როკ-ენ-როლი. 

Miles Davis - Burn

ჯაზი უამრავი მწერლის შემოქმედების შთამაგონებელი გახდა. ზემოთნახსენები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის გარდა, შეგვიძლია გავიხსენოთ ფრანგი მწერალი ბორის ვიანი, რომელიც თავადაც საყვირზე უკრავდა. ჯაზის მსმენელი იყო არგენტინელი კლასიკოსი ხულიო კორტასარი, რომლის მოთხრობა "მდევარი" ზემოთ უკვე ნახსენებ ლეგენდარულ საქსოფონისტს, ჩარლი პარკერს ეძღვნება. 

ჯაზის თაყვანისმცემელია იაპონელი ჰარუკი მურაკამიც, რომელსაც ტოკიოს შემოგარენში საკუთარი ჯაზ-ბარიც კი ჰქონდა გახსნილი. სწორედ იქ დაიწყო წერა. 1997 წელს კი "ჯაზური პორტრეტები" გამოსცა, 55 უდიდესი ჯაზ შემსრულებლის შესახებ ესეების კრებული. ამ მუსიკის ერთგულ მსმენელებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ ასევე ამერიკელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი იოსიფ ბროდსკი. საყვარელ მუსიკალურ ჟანრს მიუძღვნა საკუთარი მოთხრობა "საქორწინო ჯაზი" სტივენ კინგმაც. 

ჯაზის ცნობილი თაყვანისმცემელი იყო ფრანგი მხატვარი ანრი მატისი. მას ეკუთვნის ილუსტრაციების სერია წიგნისთვის "ჯაზი". არც კინორეჟისორები დარჩენილან გულგრილი ამ მუსიკის მიმართ. მათ შორის შეგვიძლია ვახსენოთ თუნდაც დევიდ ლინჩი, რომელმაც თავის საკულტო სერიალისთვის Twin Peaks მუსიკა კომპოზიტორ ანჯელო ბადალამენტის შეუკვეთა. ფილმის საუნდტრეკების დიდი ნაწილი სწორედ ჯაზია. 

Angelo Badalamenti - Dance of the Dream Man

საყოველთაოდ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავს, რომ მუსიკოსი სწორედ ჯაზის, კერძოდ კი გლენ მილერის და მისი ორკესტრის დამსახურებით გახდა. 12 წლის ასაკში მომავალ კომპოზიტორზე წარუშლელი შთაბეჭდილება "მზიანი ველის სერენადამ" მოახდინა. 

Glenn Miller & His Orchestra - Moonlight Serenade 

ჯაზი დღეს კლასიკაა, მასში განსაკუთრებული აღარაფერი ხდება. აღარც კულტურაზე აქვს ისეთი ძლიერი გავლენა, როგორც ადრე. უნიჭიერესი არტისტები დღესაც უკრავენ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მუსიკა საკუთარ წვენში იხარშება და ერთგვარ ელიტარულ ჟანრადაც კი გარდაიქმნა. მართალია, ბოლო ათწლეულებში შედარებით მსუბუქი ელექტროჯაზი გაჩნდა, რომელსაც ღამის კლუბებშიც კი ასრულებდნენ, მაგრამ ჩვენი საუკუნის ათიანი წლებიდან აქტუალობა მანაც დაკარგა. 

გეპეის კვარტეტი - ექსპრესი წყალტუბო - ქუთაისი

დღეს მე მიყვარს ჯაზის კლასიკა, ფიუჟენი, მშვიდი და მელოდიური სკანდინავიური ჯაზი, ასევე ეთნო-ჯაზის ვარიაციები. ქართველებიდან 1950-იანების "გეპეის კვარტეტი" მომწონს, გიული ჩოხელის მუსიკა და საქართველოს ჯაზ-სექსტეტი, რომელთა ჩანაწერებიც მაქვს.

გიული ჩოხელი - პაემანზე

სხვა ბევრი არაფერი მომისმენია, არც შემოუნახავთ ჩვენს ბედოვლათ არქივარიუსებს - კომუნისტური პარტია ხო ასე ზერელედ და აგდებულად უყურებდა პროგრესულ ხელოვნებას. სტატიას კი ამერიკული გამონათქვამით დავასრულებ - "ჯაზის მუსიკოსი ისაა, ვინც 5,000 დოლარიან საყვირს 500 დოლარიან მანქანაში ჩადებს და 50 მილს გაივლის 5 დოლარიანი კონცერტისთვის".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული