Thumbnail

ნახეთ: GusGus-ის კონცერტი თბილისში

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

თბილისის მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" ისლანდიური ელექტრონული დუეტის, GusGus-ის შოუ გაიმართა. 1995 წელს რეიკიავიკში ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა საქართველოს დედაქალაქში კონცერტი პირველად გამართა.

ტექნოს, ჰაუსისა და ტრიპ ჰოპის ჟანრებში მოღვაწე პროექტმა კარიერის განმავლობაში 10 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან Bjork, Moloko და Depeche Mode.

მუსიკოსებმა მსმენელებს თავისი ბოლო ალბომი Lies Are More Flexible წარუდგინეს, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის თებერვალში ჩაეშვა. კონცერტზე, რომელიც შთამბეჭდავი ვიზუალური გაფორმების თანხლებით მიმდინარეობდა, დამსწრეებს არაერთი ჰიტის მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ. დუეტმა პერფორმანსი პოპულარული სიმღერით Featherlight გახსნა, აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება კი კომპოზიციებმა Arabian Horse და Crossfade დაიმსახურა.

🎵🇮🇸️ თბილისში, მულტიფუნქციურ კომპლექსში Republic • რესპუბლიკა ისლანდიური ჯგუფის, GusGus-ის კონცერტი გაიმართა. 👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Tuesday, October 30, 2018

 

"რესპუბლიკაში" გამართულ შოუმდე GusGus-ის წევრები ჩვენს ქვეყანაში უკვე ორჯერ იყვნენ ნამყოფი. შესაბამისად, ქართველი მსმენელების გარემოცვაში თავს ძალზედ კომფორტულად და თავისუფლად გრძნობდნენ. ეს განწყობა ნათლად აისახა დანიელ ჰარალდსონის შესრულების მანერაში, რომელმაც საფირმო ქარიზმისა და ეპატაჟურობის ხარჯზე აუდიტორიას მოწყენის საშუალება ერთი წამითაც კი არ მისცა.

ბირგირ თორარინსონის ენერგიულ და ამავე დროს, მელანქოლიურ მელოდიებს დანიელის საოცარი ვოკალი ერწყმოდა და მსმენელებით სავსე დარბაზში განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნიდა.

ბირგირმა ერთხელ მშობლიური ისლანდია უზარმაზარ ტილოს შეადარა, რომლის ლურჯი სიცარიელის შევსებას საკუთარი მუსიკით ცდილობდა. "რესპუბლიკაში" გამართულ კონცერტზე კი GusGus-მა თბილისურ ცივ საღამოსაც შემატა ჯადოსნური ფერები.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული