Thumbnail

ბელგიური დუეტის, R.O x Konoba-ს 5 საყვარელი სიმღერა.

იმის მიუხედავად, რომ მუსიკას ერთად ვაკეთებთ, გემოვნება განსხვავებული გვაქვს. ამიტომაც, საერთო კომპოზიციებზე ვერ შევთანხმდით და ერთის ნაცვლად ორ ხუთეულს შემოგთავაზებთ. 

R.O

5. Joe Hisaishi - Discography

ჯო ჰისაიშის მთელი დისკოგრაფია. არ შემიძლია ერთი კომპოზიციის გამორჩევა იმიტომ, რომ ყველა მათგანი საოცრებაა. ის ჰაიაო მიაძაკისა და Studio Ghibli-ს სურათების საუნდტრეკების ავტორია. ძალიან ცნობილი იაპონური ანიმაციური ფილმების, რომელთა შესახებ, დარწმუნებული ვარ, გსმენიათ. მათი ყურებისას განსაკუთრებული ემოციები მეუფლება. ჰისაიშის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მუსიკაზე. 

4. XXXTentacion - Sad!

ბოლოს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე სწორედ ამ კომპოზიციამ მოახდინა. ის ძალიან ჩამთრევი და ამავე დროს ძალზედ ემოციურია. დღეების განმავლობაში ვუსმენდი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრეკია, რომელიც დიდხანს დარჩება ასეთად. X-მა მოკლე დროში მოახერხა ძლიერი გავლენა მოეხდინა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებზე. ის, სავარაუდოდ, თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი არტისტი იქნებოდა. მისი გარდაცვალება საშინელი ამბავი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახლო ნათესავი დავკარგე.

3. Skrillex - Scary Monsters and Nice Sprites

ელექტრონული მუსიკის კეთება რომ დავიწყე, ამ ტრეკის დამსახურებაა. მისი ჟღერადობა იმდენად ახალი იყო, რომ მომდევნო რამდენიმე თვე ჩემი გონება მთლიანად დაიპყრო. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი საუნდის შექმნა. მინდოდა, რაიმე მსგავსი მეც გამეკეთებინა. სწორედ ასე ჩამოვტვირთე FL Studio და დავიწყე საკუთარ მუსიკაზე მუშაობა. მე მომეცა სკრილექსის გაცნობის შესაძლებლობა, როდესაც ის ბრიუსელის ერთ-ერთ კლუბში უკრავდა და ეს დაუვიწყარი იყო. მადლობა მას ინსპირაციისთვის. სწორედ სკრილექსის დამსახურებაა, რომ მე დღეს აქ ვარ. 

2. System of a Down - Chop Suey!

თინეიჯერობისას მეტალს ვუსმენდი და მთელი დღეები გიტარაზე ვუკრავდი. ამ ჟანრში System of a Down ჩემი საყვარელი ჯგუფი იყო, Chop Suey! კი ის სიმღერა, რომლითაც მათი შემოქმედება გავიცანი. აღფრთოვანებული ვიყავი, როგორ გადადიოდა უკიდურესად მძიმე კუპლეტები ულამაზეს, მელანქოლიურ მისამღერში. დღემდე ვგიჟდები ამ კომპოზიციაზე, System of a Down კი ახლაც ჩემი ფავორიტი ბენდია. 

1. Eminem - 8 Mile

ეს არის ტრეკი, რომლითაც ჰიპ ჰოპის მიმართ ჩემი სიყვარული დაიწყო. ამ კომპოზიციის დამსახურებაა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ამ ჟანრს ვუსმენ. ეს ასევე იყო პირველი ალბომი, რომელიც შევიძინე. ჩემს ტყუპისცალ ძმასთან ერთად მანქანაში ვრთავდი და ვცდილობდი ლირიკას ავყოლოდი. როცა მას ვუსმენ, იმ დროში ვბრუნდები, როდესაც ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო. მუსიკაში ყველაზე მეტად სწორედ ეს მიყვარს. მას შეუძლია დროში გამოგზაუროს. 


Konoba

5. The Beatles - Here Comes The Sun

პატარა, დაახლოებით 10 წლის რომ ვიყავი, მამაჩემის კოლექციიდან კომპაქტ დისკებს ვიღებდი და ყველას ვუსმენდი. ერთ დღესაც Abbey Road ჩავრთე და ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ ღამე ლოგინში მხოლოდ მას ვუსმენდი. ეს ჩემი პირველი სერიოზული მუსიკალური გატაცება იყო.

4. Radiohead - Exit Music For A Film

თინეიჯერობისას ბევრ პროგ როკს ვუსმენდი და Radiohead ჩემი ფავორიტი იყო. განსაკუთრებით მათ ალბომს, OK Computer-ს გამოვარჩევდი.

3. Jeff Buckley - Lover, You Should’ve Come Over

ჩემი მთავარი ინსტრუმენტი ჩემი ხმაა. ჩემს სიმღერის მანერაზე გავლენა რამდენიმე არტისტმა მოახდინა. ერთ-ერთი მათგანი ჯეფ ბაქლია. მისი ხმა უამრავ ადგილს სწვდება და ძალიან ემოციურია. ამ კომპოზიციას დიდი ხანი ვსწავლობდი, თუ არ ვცდები 18 წლიდან, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევძელი კარგად შემესრულებინა. მაგრამ ჩემი ნამღერი ვერასოდეს იქნება ისეთივე ეფექტური, როგორიც ჯეფის.

2. James Blake - The Wilhelm Scream

20 წლის ასაკში მუსიკის პროდუსინგის შესასწავლად ინგლისში, ბრაიტონში წავედი. იქამდე ყოველთვის "ცოცხალი" ინსტრუმენტებით შესრულებულ მუსიკას ვანიჭებდი უპირატესობას, თუმცა, როდესაც ჯეიმს ბლეიკს მოვუსმინე, ყველაფერი შეიცვალა. შეპყრობილი ვიყავი მისი პირველი ალბომით, უწყვეტ რეჟიმში ვუსმენდი. სწორედ მისი წყალობით გავაცნობიერე, რომ ელექტრონულ ჟღერადობას მუსიკის სრულიად სხვა განზომილებაში გადაყვანა შეუძლია და დავიწყე ექსპერიმენტები საუნდით. ასე შეიქმნა ჩემი პროექტი Konoba.

1. alt-J - Bloodflood

ჯგუფის სადებიუტო ალბომს წლების განმავლობაში ვუსმენდი. ძალიან მომწონდა აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის ელემენტების შერწყმა, რის გაკეთებასაც მეც დიდი ხანია ვცდილობ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული