Thumbnail

Nirvana-ს კონცერტები შესაძლოა, კვლავ გაიმართოს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული Nirvana-ს ყოფილმა წევრებმა, დეივ გროლმა და კრის ნოვოსელიჩმა გამოცემა Kerrang!-თან ინტერვიუში ჯგუფის სახელით კონცერტების ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

► ნახეთ: Nirvana-ს ყოფილი წევრები ფესტივალისთვის Cal Jam გაერთიანდნენ

► შესაძლოა, Nirvana-ს ცოცხალი წევრების მონაწილეობით გამართული კონცერტის ჩანაწერი გავრცელდეს

"2014 წელს, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლის შემდეგ, მუდმივად ვფიქრობდით, რომ "ნირვანას" სახელით კონცერტების ჩატარება მომავალშიც შეიძლებოდა. თუმცა, ეს ჩვენთვის ძალიან დელიკატური საკითხია. მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მიდგომას საჭიროებს. Smells Like Teen Spirit-ის შესრულება ჩემთვის ძალიან ემოციურია", - თქვა გროლმა.

"ძალიან მინდა, რომ ამ ბიჭებთან ერთად [გროლი, პეტ სმეარი] კვლავ დავუკრა. თუმცა, ეს ყველაფერი ცირკს არ უნდა დაემსგავსოს და არ უნდა გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა", - აღნიშნა ნოვოსელიჩმა.

"ნირვანას" ყოფილი წევრები 6 ოქტომბერს კალიფორნიული ფესტივალისთვის Cal Jam გაერთიანდნენ. მსმენელთა წინაშე ჯგუფის ბასისტი კრის ნოვოსელიჩი, დრამერი დეივ გროლი და ტურნეს გიტარისტი, პეტ სმეარი წარდგნენ. ვოკალისტები კი ჯონ მაკკოული და ჯოან ჯეტი იყვნენ.

კურტ კობეინმა ჯგუფი Nirvana 1987 წელს შექმნა. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული