Thumbnail

ჯგუფი "ტაქსი" 1987 წელს შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში დადა დადიანი (ვოკალი, ბას გიტარა), ირინა ხორავა (კლავიში, ვოკალი), ზაზა სახამბერიძე (გიტარა) და ბიჭიკო ოსიპოვი (დრამი) შედიოდნენ. მოგვიანებით ზაზა სახამბერიძე კახა კიკაბიძემ (გიტარა), ირინა ხორავა კი ირაკლი ჩარკვიანმა (კლავიში, ვოკალი) შეცვალა. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ნიუ ვეივისა და ინდი როკის ნაზავი იყო, სიმღერები კი ქართულ ენაზე სრულდებოდა. 

1988 წლის 8 აპრილს "ტაქსის" მიერ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში გამართულ კონცერტზე შესრულებული ხუთი კომპოზიცია ჩაიწერა. 

ტაქსი - კონცერტი უცხო ენათა ინსტიტუტში (1988)

1988 წელსვე გამოვიდა ჯგუფის პირველი და უკანასკნელი სტუდიური ალბომი სახელწოდებით "ტაქსი". "მე ვეღარ ვუყურებ ავადმყოფების ქალაქს, ჭუჭყიან ქალაქს. მე ვიცი, მე ვიყავი გარეთ, მე ვიცნობ ქუჩას, თითოეულ ქუჩაში გამვლელს თვალებში ზიზღი უჩანს", - ასეთი იყო განწყობა, რომელიც ამ ნამუშევარს წითელ ხაზად გასდევდა.

ტაქსი - ტაქსი (1988) [სრული ალბომი]

1989 წელს დადა დადიანის სახლის სტუდიაში "ტაქსის" სამი სიმღერა - "მფრინავი", "მომხვიე ხელები" და "გამოდი გარეთ" ჩაიწერა. დრამ მანქანისა და სინთეზატორის გამოყენებით, დადამ იმდროინდელ ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში ახალი, ელექტრონული ჟღერადობა შემოიტანა. 

ტაქსი - გამოდი გარეთ (1989) 

1992 წლის 12 ივლისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ჯგუფის უკანასკნელი გამოსვლა შედგა. "მოგესალმებათ ჯგუფი "ტაქსი", რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ თქვენი გულისთვის დღეს ისევ შეიკრიბა", - ასე მიესალმა დადა დადიანი უჩვეულო სახელწოდების მქონე აქციაზე "როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ" შეკრებილ აუდიტორიას. ქუთაისის ტელევიზიის გადაცემა "კედელმა" ამ კონცერტის ვიდეოჩანაწერი შემოგვინახა. 

ტაქსი - ზამთარი (1992) 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული