Thumbnail

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კლუბს გულშემატკივრობთ, თუ ფეხბურთი გიყვართ, დიდი ალბათობით, ანდრეა პირლოს მიმართ სიმპატიით იქნებით განწყობილი. იტალიელი ნახევარმცველი კარიერის განმავლობაში ისეთი გრანდების შემადგენლობაში ასპარეზობდა, როგორებიცაა "ინტერი", "მილანი" და "იუვენტუსი". 2017 წელს კი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მოღვაწეობა "ნიუ იორკ სიტიში" დაასრულა.

საჯარიმო დარტყმებისა და შორეული პასების უბადლო ოსტატმა გულშემატკივრებს თავი მოედნის უნიკალური ხედვითა და გამორჩეული საფეხბურთო ინტელექტით დაამახსოვრა. მწვანე მინდვრის გარეთ კი პირლო ყოველთვის ელეგანტურობითა და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა.

სახელოვანმა სპორტსმენმა popmusic-ს მისი სამი საყვარელი შემსრულებლის ვინაობა გაუმხილა.

3. Tiziano Ferro

ტიციანო ფერო თანამედროვე იტალიური პოპ მუსიკის სახედ ითვლება. მომღერალმა პოპულარობა სინგლით Perdono მოიპოვა და დღემდე 15 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. აღსანიშნავია, რომ არტისტი საკუთარ კომპოზიციებს არა მხოლოდ მშობლიურ, არამედ ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზეც ასრულებს.

ფერომ პოპვარსკვლავობამდე რთული გზა გაიარა. მას მოზარდობისას ჭარბი წონა აწუხებდა, რის გამოც ხშირად ხდებოდა თანატოლების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი. მოგვიანებით, პირად ცხოვრებაში პრობლემების გამო, არტისტს დეპრესია დაეწყო და როგორც თავად იხსენებს, სუიციდის ზღვარზე იყო მისული. თუმცა, მუსიკოსმა ყველა დაბრკოლების გადალახვა შეძლო და დღემდე წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას. 

2. Drake

დრეიქი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტია. კანადელ სუპერვარსკვლავს 100 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული, ონლაინ მუსიკალურ პლატფორმებზე კი მისი ჩანაწერები წარმატებით აგრძელებენ რეკორდების დამხობას. აღსანიშნავია, რომ 31 წლის რეპერი სხვადასხვა დროს გრემის 35 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სამჯერ კი ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

მუსიკალური კარიერის გარდა, დრეიქმა სახელი ბიზნეს პროექტებით, სკანდალური პირადი ცხოვრებითა და კოლეგებთან დაპირისპირებებითაც გაითქვა. ჰიპ ჰოპ არტისტი 2013 წლიდან საკალათბურთო კლუბ "ტორონტო რეპტორსის" მსოფლიო ელჩად მოგვევლინა, 2015 წლიდან კი Beats 1 Radio-ზე გადაცემის წამყვანად. საინტერესოა, რომ მისი შემოქმედება ფეხბურთის სხვა ვარსკვლავების, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუს, დიდიე დროგბასა და ნეიმარის მოწონებასაც იმსახურებს.

1. Ligabue

ლუჩანო ლიგაბუე იტალიელი მუსიკოსი, რეჟისორი და მწერალია. ათობით პოპულარული როკ ბალადის ავტორმა სახელი სამოქალაქო აქტივიზმითა და საქველმოქმედო პროექტების ორგანიზებითაც გაითქვა. კარიერის განმავლობაში მან 11 ალბომი გამოსცა და მშობლიური ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. 2005 წელს ლიგაბუეს მშობლიურ ქალაქ რეჯიო ემელიაში მის პერფორმანსს 165 ათასი ადამიანი დაესწრო, რაც 2017 წლამდე სოლო არტისტის მიერ ევროპაში ჩატარებული ფასიანი კონცერტებისთვის სარეკორდო მაჩვენებლად რჩებოდა. 

ლიგაბუეს მიერ გამოშვებულმა უკლებლივ ყველა სტუდიურმა ჩანაწერმა პლატინის სტატუსი დაიმსახურა, მათგან ყველაზე წარმატებული კი 2010 წელს გამოცემული ალბომი Arrivederci, mostro! აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ არტისტი ბავშვობიდან მილანის "ინტერს" გულშემატკივრობს, სადაც პირლო 1998-99 წლებში ასპარეზობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული