Thumbnail

მიუზიკლის ჩანასახი ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის თეატრში გაჩნდა. საუკუნეების განმავლობაში სპექტაკლებში ქორეოგრაფიული თუ ვოკალური ელემენტები უფრო და უფრო მყარად მკვიდრდებოდა. კომედია დელ არტე, ოპერეტა, კომიკური ოპერა, ვოდევილი და ბურლესკი ის ჟანრები იყო, რომლებიც მიუზიკლის წინამორბედად მოგვევლინა. 1866 წელს კი შეერთებულ შტატებში The Black Crook დაიდგა - წარმოდგენა, რომელმაც დასაბამი დაუდო მუსიკალური კომედიის ხელოვნების დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბებას.

კინემატოგრაფის შექმნასთან ერთად მიუზიკლმა სცენიდან ეკრანზე გადაინაცვლა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უპოპულარულეს ჟანრადაც იქცა. ამ დროიდან მოყოლებული ის კომერციულ წარმატებასთან, მასშტაბურ პოპულარობასთან და საკულტო ნამუშევრებთან ასოცირდება. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ყველა დროის ოც გამორჩეულ მუსიკალურ ფილმს.

20. საბრალონი - Les Miserables (2012)

"საბრალონი" ჰუმანისტური იდეალებით გამსჭვალული რომანია, რომელსაც კლასიკური ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ვიქტორ ჰიუგო თავის ნაწარმოებში ყოფილი კატორღელის, ჟან ვალჟანის რთული და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე, მის მიერ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსწორებისკენ და სიკეთისკენ სწრაფვაზე მოგვითხრობს. 

წიგნის ათობით ეკრანიზაციას შორის ყველაზე წარმატებული ტომ ჰუპერის მიერ 2012 წელს გადაღებული მიუზიკლი აღმოჩნდა. ვარსკვლავებით დაკომპლექტებული სამსახიობო ანსამბლის, დასამახოვრებელი მუსიკალური ნომრებისა და ჩინებული რეჟისურის ხარჯზე ფილმმა როგორც მაყურებელთა, ასევე კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

19. ოპერის მოჩვენება - The Phantom of the Opera (2004)

ენდრიუ ლოიდ ვებერის მიერ 1986 წელს დადგმულ მიუზიკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. გასტონ ლერუს რომანის საფუძველზე შექმნილი ნამუშევარი ბროდვეის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი პროექტი გახდა. 2012 წელს მისი წარმოდგენების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბა. სპექტაკლი 30 ქვეყნის 150-ზე მეტ ქალაქში დაიდგა და ის 150-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. შემოსავლით, რომელმაც 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, "ოპერის მოჩვენებამ" ყველა დროის ფინანსურად ყველაზე მომგებიანი გასართობი ღონისძიების სტატუსი მოიპოვა.  

წიგნის ოცდაათამდე კინოადაპტაციას შორის კი ყველაზე პოპულარული ჯოელ შუმახერის რეჟისურით 2004 წელს გადაღებული ფილმი გამოდგა. კრიტიკოსთა უმეტესობამ სურათი დაიწუნა, თუმცა, მაყურებელთა შორის ის დღემდე გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს.

18. როკი ჰორორის საშინელებათა შოუ - The Rocky Horror Picture Show (1975)

მცირებიუჯეტიან სამეცნიერო-ფანტასტიკურ და საშინელებათა ფილმებზე პაროდიის სახით ჩაფიქრებული მიუზიკლი ეკრანებზე 1975 წელს გამოვიდა. კრიტიკოსებმა და პუბლიკამ ის თავდაპირველად საკმაოდ ცივად მიიღეს, თუმცა, დროთა განმავლობაში კინოსურათის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და დღეს რეჟისორ ჯონ შარმენის ქმნილება საკულტო სტატუსით სარგებლობს. პრემიერიდან 30 წლის შემდეგ, როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მქონე ნამუშევარი, "როკი ჰორორის საშინელებათა შოუ" აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ფილმების ეროვნულ რეესტრშიც კი შეიტანეს. 

შტორმში მოყოლილი ახალშეუღლებული წყვილი თავს ძველ ციხე-სიმაგრეს აფარებს, რომელშიც ტრანსილვანიის გალაქტიკაში მდებარე პლანეტა ტრანსსექსუალიიდან ჩამოსული შეშლილი ტრანსვესტიტი მეცნიერი და მის მიერ შექმნილი ფრანკენშტეინის მსგავსი ქმნილება ხვდებათ. სწორედ ასეთია სურათის სიუჟეტი, რომელშიც მთავარ როლებს ტიმ ქარი, სუზან სარანდონი და ბარი ბოსტვიკი ასრულებენ. 

17. კოშმარი შობის წინ - The Nightmare Before Christmas (1993)

გოთიკური ვიზუალი, ექსცენტრიკული პერსონაჟები, მისტიკური ატმოსფერო და იდეალურად შერჩეული მუსიკა - ტიმ ბარტონის საფირმო ხელწერა ფილმის პირველი წუთებიდანვე იგრძნობა. The Nightmare Before Christmas ჰელოუინის ქალაქში შობის ღამეს დატრიალებული საოცარი ამბის შესახებ მოგვითხრობს. კომედიის, მელოდრამისა და ჰორორის ელემენტებითაა სავსე მიუზიკლი ბარტონის ლექსის შთაგონებითაა გადაღებული, რომელიც მან ჯერ კიდევ 1982 წელს დისნეის სტუდიაში ანიმატორად მუშაობისას დაწერა.

კრიტიკოსებისა და ჟანრის მოყვარულთა ერთსულოვან აღფრთოვანებასთან ერთად, ფილმმა ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში. თუმცა, ნამუშევრის მთავარი ღირსება, პირველ რიგში, დენი ელფმანის მიერ დაწერილი ბრწყინვალე მუსიკაა.

16. კლუბი "კოტონი" - The Cotton Club (1984)

ფრენსის ფორდ კოპოლას სურათი "კლუბი კოტონი" გასული საუკუნის ოციან-ორმოციან წლებში ნიუ იორკში რეალურად არსებული დაწესებულების ამბავს მოგვითხრობს. ჰარლემში მდებარე კლუბის სცენაზე სხვადასხვა დროს ჯაზის ისეთი ლეგენდები გამოდიოდნენ, როგორებიც იყვნენ ლუი არმსტრონგი, ქებ ქელოუეი, ბილი ჰოლიდეი, დიუკ ელინგტონი და სხვები.

ფილმის მთავარი პერსონაჟი, მესაყვირე დიქსი დუაირი კლუბის ბენდში უკრავს. მას ამერიკული მაფიის ერთ-ერთი ბოსი, ჰოლანდიელი შულცი დაუახლოვდება. დიქსის ბრწყინვალე კარიერა ელის, თუმცა, მუსიკოსს შულცის მეგობარი ქალი უყვარდება. ფილმი 1985 წლის ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიებზე რამდენიმე პრესტიჟულ ნომინაციაზე წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ "კლუბ კოტონისთვის" შექმნილმა საუნდტრეკების ალბომმა იმავე წელს საუკეთესო ჯაზ ინსტრუმენტალის კატეგორიაში გრემის პრემიაც დაიმსახურა.

15. ვერის უბნის მელოდიები (1973)

გიორგი შენგელაიას შემოქმედებაში მუსიკა ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რისი ნათელი მაგალითებიც მის მიერ გადაღებული კინოსურათები "ორფეოსის სიკვდილი", "ფიროსმანი" და "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაა". 1973 წელს კი რეჟისორმა მაყურებლებს შესანიშნავი მიუზიკლი - "ვერის უბნის მელოდიები" შესთავაზა. 

ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველებთან ამ სურათს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ისტორია ღარიბ ობოლ გოგონებზე, რომლებსაც ცეკვის შესწავლა სურთ, მაგრამ ამისთვის ფული არ აქვთ და კეთილ მრეცხავ ქალზე, რომელიც მათ ამ ოცნების ასრულებაში ეხმარება, ქართველ კინომოყვარულთა არაერთი თაობის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ფილმმა თავის დროზე უცხოური აუდიტორიის მოწონებაც დაიმსახურა და სან სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელიც გახდა.

14. ლა ლა ლენდი - La La Land (2016)

რეჟისორ დემიენ შეზელის შემოქმედებას ჯაზის მიმართ უზომო სიყვარული წითელ ხაზად გასდევს. მის მიერ 2016 წელს გადაღებულმა "ლა ლა ლენდმა" ნამდვილი ფურორი მოახდინა. ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების მონაწილეობით შექმნილმა მიუზიკლმა უზარმაზარ კომერციულ წარმატებას მიაღწია და წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარიც დაიმსახურა.

უცნაური არაა, რომ შეზელი ასე ბრწყინვალედ აღიქვამს და ასახავს ჯაზის ესთეტიკას - ის ხომ პროფესიონალი დრამერია, რომელსაც გამორჩეულად მუსიკის სწორედ ეს მიმდინარეობა იტაცებს. ახალგაზრდა პიანისტისა და დამწყები მსახიობის სიყვარულის ისტორია კი იმ ფაქტის დადასტურებად იქცა, რომ მიუზიკლი, როგორც ჟანრი, აქტუალობას არასდროს კარგავს.

13. ფანტაზია - Fantasia (1940)

1930-იანი წლების მიწურულს ყველასათვის კარგად ნაცნობი პერსონაჟის, მიკი მაუსის პოპულარობა ნელ-ნელა იკლებდა. ამიტომაც, დისნეის სტუდიამ გადაწყვიტა ლეგენდარული თაგუნიასთვის ახალი შანსი მიეცა და მისი მონაწილეობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაეღო. მუშაობის პროცესში პროექტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და საბოლოო ჯამში კინოეკრანებზე სრულმეტრაჟიანი სურათი "ფანტაზია" გამოვიდა.

ფილმმა მასზე გაცემული ავანსები სრულად გაამართლა. ყველასათვის საყვარელი პერსონაჟების რვა სხვადასხვა თავგადასავალზე დაყრდნობით შექმნილმა მიუზიკლმა ყველა ასაკის მაყურებელთა გულები დაიპყრო. ულამაზესი ვიზუალისა და კლასიკური მუსიკის შერწყმის ხარჯზე "ფანტაზია" დღემდე უზომო მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს.

12. შერბურის ქოლგები - Les Parapluies de Cherbourg (1964)

ფრანგი კინორეჟისორის, ჟაკ დემის მიერ 1964 წელს გადაღებული სამმოქმედებიანი მიუზიკლი ახალგაზრდა ავტომექანიკოსისა და ქოლგების მაღაზიაში მომუშავე გოგონას ამბავს მოგვითხრობს, რომელთა სიყვარულსაც გზაზე დაბრკოლების სახით ომი ეღობება.

კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი განსაკუთრებული სიყვარულით უფროსი თაობის წარმომადგენელთა შორის სარგებლობს. სურათში მთავარ როლებს ნინო კასტელნუოვო და კატრინ დენევი ასრულებენ, კომპოზიტორად კი სამი ოსკარის მფლობელი მიშელ ლეგრანი გვევლინება, რომელმაც თავის დროზე ჰოლივუდში სწორედ ამ ნამუშევრის წყალობით დაიმკვიდრა თავი.

11. სიბნელეში მოცეკვავე - Dancer in the Dark (2000)

​ლარს ფონ ტრიერის სურათი ქარხანაში მომუშავე უსინათლო ემიგრანტი ქალის, სელმას ამბავს მოგვითხრობს, რომლისთვისაც მუსიკა მძიმე რეალობისგან გაქცევის ერთადერთი საშუალებაა. მთავარ პერსონაჟს პოპულარული ისლანდიელი არტისტი, ბიორკი განასახიერებს, მისი მეგობრის როლს კი ზემოთ ხსენებული "შერბურის ქოლგების" ვარსკვლავი, კატრინ დენევი ასრულებს.

ამ სულისშემძვრელად ტრაგიკულმა მიუზიკლმა მაყურებელთა ცრემლების ზღვა და პრესტიჟული ჯილდოების მთელი წყება დაიმსახურა. სურათში გაჟღერებული სიმღერების უმეტესობა თავად ბიორკმა დაწერა. ფილმის საუნდტრეკებს შორის კი გამორჩეულ შთაბეჭდილებას მისი და ლეგენდარული როკ ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენის, ტომ იორკის მიერ ერთობლივად შესრულებული I've Seen It All ახდენს.

10. ძმები ბლუზები - The Blues Brothers (1980)

"ძმები ბლუზების" დუეტი ცნობილმა მსახიობებმა დენ ეიკროიდმა და ჯონ ბელუშიმ 1978 წელს სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ერთ-ერთ სკეტჩად ჩაიფიქრეს. თუმცა, პროექტი ცოტა ხანში ტელეგადაცემის ფარგლებს გასცდა და გაცილებით მასშტაბური გახდა. ამ ყველაფრის შედეგად კი, რამდენიმე სტუდიურ ალბომთან ერთად, დაუვიწყარი მიუზიკლიც მივიღეთ ისეთი ლეგენდების მონაწილეობით, როგორებიც იყვნენ რეი ჩარლზი, არეტა ფრანკლინი, ჯეიმს ბრაუნი, ჯონ ლი ჰუკერი და სხვები. 

სურათში ელვუდ და ჯეიკ ბლუზები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის გადარჩენას ცდილობენ, სადაც თავად გაიზარდნენ, გზად კი უამრავ ფათერაკს აწყდებიან. დიდებული იუმორითა და უნაკლო მუსიკალური ნომრებით სავსე მიუზიკლი დღემდე საკულტო ნამუშევრის სტატუსით სარგებლობს.

9. წვიმაში მომღერალი - Singin’ in the Rain (1952)

მუნჯი კინოს ეპოქის დასასრული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც ჰოლივუდისთვის, ასევე, ზოგადად კინემატოგრაფისთვის. ამ გარდამტეხი ცვლილების შედეგები კი საუკეთესოდაა ასახული საკულტო მიუზიკლში "წვიმის ქვეშ მომღერალი", რომელიც ათწლეულებია ჟანრის ეტალონად რჩება.

ეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმმა კრიტიკოსთა და მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია და ათობით პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა. ჯინ კელის საოცარმა პერფორმანსმა და ლეგენდარულმა საცეკვაო ნომერმა კი კინოხელოვნების ისტორიაში ახალი თავი დაწერა. გადაავლეთ თვალი ყველა დროის საუკეთესო პერსონაჟების, სიმღერებისა თუ სცენების სხვადასხვა სიას - გაგიჭირდებათ ისეთი ჩამონათვალის პოვნა, რომელშიც Singin’ in the Rain მინიმუმ ერთხელ მაინც არ იქნება მოხსენიებული.

8. ტომი - Tommy (1975)

ბრიტანული როკ ბენდის, The Who-ს შემოქმედებაში ორმაგი ალბომი Tommy გამორჩეულად ამბიციური და უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. ჯგუფის გიტარისტმა, პიტ თაუნსენდმა მისი კონცეფცია ცნობილი ინდოელი სპირიტუალისტისა და სულიერი ლიდერის, მეჰერ ბაბას ნაშრომების საფუძველზე შეიმუშავა. ის მუსიკის ისტორიაში პირველი ჩანაწერია, რომლის გარეკანზეც მითითებული იყო ჟანრის აღმნიშვნელი ტერმინი "როკ ოპერა". 

"ტომი" უსინათლო, სმენადაქვეითებულ და მუნჯ ბიჭუნაზე მოგვითხრობს, რომელიც პინბოლში უნიკალურ შესაძლებლობებს ავლენს. როკ ოპერის მიხედვით   ლეგენდარული კინორეჟისორის, კენ რასელის მიერ გადაღებულ სურათს გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად. ფილმში მთავარი როლის შემსრულებლის, The Who-ს ვოკალისტის, როჯერ დოლტრის გარდა, ცნობილი მუსიკოსები ერიკ კლეპტონი, თინა ტერნერი და ელტონ ჯონი მონაწილეობენ.

7. ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან - The Wizard of Oz (1939)

​ეს ნამუშევარი არა მხოლოდ ჟანრის, არამედ ზოგადად კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სურათად ითვლება. ჯადოსნურ სამყაროში დაკარგული გოგონასა და მისი მეგობრების ამბავი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკას თუ ვენდობით, "ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან" ყველაზე ყველა დროის ყველაზე მეტჯერ ნანახი ფილმია. 

მთავარი როლის შემსრულებელი, 16 წლის ჯუდი გარლენდი ამ მიუზიკლმა კინოვარსკვლავად აქცია. მსახიობმა ოსკარის ჯილდო მოიპოვა და კინოსტუდია MGM-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტიც გახდა. ოსკარი მიიღო აგრეთვე სპეციალურად ამ სურათისთვის დაწერილმა კომპოზიციამ Somewhere Over the Rainbow, რომელიც ამერიკული ხმის ჩამწერი ასოციაციის მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო სიმღერად იქნა აღიარებული. 

6. კაბარე - Cabaret (1972) 

ბობ ფოსის მიერ გადაღებულ მიუზიკლში ინტრიგებით, უნიკალური შარმითა და ინტიმურობით სავსე კაბარეს ესთეტიკაა ასახული. სურათში მოქმედება მე-20 საუკუნის 30-იანი წლების გერმანიაში ვითარდება, სადაც ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტური პარტია პოზიციებს თანდათან იძლიერებს. 

ფილმის სიუჟეტი ბერლინის კაბარე "კიტ-კეტში" მომღერალი ქალის, სალის გარშემო ვითარდება, რომელიც სახიფათო სასიყვარულო სამკუთხედში ეხვევა. მის როლს ზემოთ უკვე ნახსენები ჯუდი გარლენდის ქალიშვილი, ლაიზა მინელი ასრულებს, რომლისთვისაც ეს სურათი სამსახიობო კარიერის მწვერვალად იქცა. მუსიკა კინოფილმისთვის ჯონ კენდერმა და ფრედ იბმა დაწერეს. ნამუშევარმა 8 ოსკარი მოიპოვა და სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მიუზიკლად.

5. ვესთსაიდური ისტორია - West Side Story (1961)

რობერტ უაისმა და ჯერემი რობინსმა 1961 წელს გადაღებული კინოსურათით უილიამ შექსპირის ტრაგედია "რომეო და ჯულიეტა" მეოცე საუკუნის ამერიკის შეერთებული შტატების რეალობაში გააცოცხლეს. მიუზიკლში, რომელიც თავდაპირველად ბროდვეიზე დაიდგა, მოვლენები 50-იანი წლების ნიუ იორკში, ქუჩის ბანდების ურთიერთდაპირისპირების ფონზე ვითარდება.

"ვესთსაიდური ისტორია" შეერთებული შტატების კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად იქცა. უნაკლო ქორეოგრაფიისა და ლეგენდარული ლეონარდ ბერნსტაინის შესანიშნავი მუსიკალური გაფორმების წყალობით, ფილმმა 10 ოსკარი მოიპოვა, რაც ჟანრის ისტორიაში ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია. 2019 წელს კი მიუზიკლის მოყვარულებს საკულტო რეჟისორის, სტივენ სპილბერგის მიერ შექმნილი რიმეიქის ხილვის შესაძლებლობაც მიეცემათ, რომელშიც მთავარ როლს ენსელ ელგორთი შეასრულებს.

4. მუსიკის ჰანგები - The Sound of Music (1965)

კინოეკრანებზე 1965 წელს გამოსული "მუსიკის ჰანგები" ჟანრის ნამდვილ კლასიკად იქცა. რობერტ უაისის კიდევ ერთმა არაჩვეულებრივმა სურათმა, რომელიც მუსიკალურად რიჩარდ როჯერსმა გააფორმა, დღემდე 300 მილიონამდე დოლარი გამოიმუშავა და 2 ოქროს გლობუსთან ერთად 5 ოსკარიც დაიმსახურა. 2001 წლიდან კი ფილმი შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული, როგორც გამორჩეული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ნამუშევარი.

სურათში ჯული ენდრიუსი ახალგაზრდა ავსტრიელ ქალს, მარიას განასახიერებს, რომელიც დაქვრივებული სამხედრო ოფიცრის, ბარონ ფონ ტრაპის ოჯახში მისი შვიდი შვილის აღმზრდელად იწყებს მუშაობას. დანარჩენი კი სიკეთის, მეგობრობისა და სიყვარულის ულამაზესი ისტორიაა, რომლის ნახვასაც აუცილებლად გირჩევთ.

3. თმები - Hair (1979)

მილოშ ფორმანის პაციფისტური მიუზიკლი ახალგაზრდა პროვინციელი მამაკაცის, კლოდ ბუკოვსკის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ვიეტნამის ომში გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე ნიუ იორკში, ჰიპების კომუნაში ხვდება და კონტრკულტურის იდეალების გავლენის ქვეშ ექცევა. მას შეძლებული მშობლების შვილი, შეილა შეუყვარდება და ახლად შეძენილი მეგობრების დახმარებით მისი გულის მონადირებას ცდილობს. 

სურათის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და პირველივე ჩვენებაზე კრიტიკოსთა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მილოშ ფორმანის ნამუშევარი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალურ ფილმადაა აღიარებული, რომელიც თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის ეპოქის გამოძახილად იქცა.

2. კედელი - The Wall (1982)

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის ალბომი The Wall კონცეპტუალური ნამუშევარია, რომელიც პიროვნების საზოგადოებისგან გარიყვისა და თვითიზოლაციის თემებს იკვლევს. კედელი სწორედ ამ გაუცხოების სიმბოლოა. როჯერ უოტერსს ჩანაწერის შექმნა ნაწილობრივ საკუთარმა გამოცდილებამ, ნაწილობრივ კი კოლექტივის ყოფილი წევრის, სიდ ბარეტის ბიოგრაფიამ შთააგონა.

ალბომის მიხედვით ამავე სახელწოდების სურათი 1982 წელს კინორეჟისორმა ალან პარკერმა გადაიღო. მასში მთავარ როლს როკ ჯგუფ The Boomtown Rats-ის ფრონტმენი ბობ გელდოფი ასრულებს. მეტაფორებით სავსე, არაჩვეულებრივი მუსიკითა და დასამახსოვრებელი ვიზუალით გამორჩეული ნამუშევარი ცალკე მდგომი მოვლენაა კინემატოგრაფის ისტორიაში. ის არა მხოლოდ კულტურულ ფენომენად, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ტირანიასთან შეურიგებლობის სიმბოლოდაც იქცა.

1. იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი - Jesus Christ Superstar (1973)

კაცობრიობამ თითქმის ყველა ეპოქაში განსხვავებულად გადაიაზრა ნაზარეველი მესიის ფენომენი. ბუნებრივია, რომ პოპულარულ კულტურაში იესო ქრისტემ სწორედ 1973 წელს მიიღო სუპერვარსკვლავის სახე - საყოველთაო დიდების, ყურადღებისა და თაყვანისცემის ობიექტის, რომლის ღვთაებრივი ბრწყინვალების მიღმა ადამიანური დრამა და განცდები იმალება.

ენდრიუ ლოიდ ვებერის ლეგენდარულ როკ ოპერაზე დაფუძნებულ ამ კონტროვერსიულ ნამუშევარს რელიგიურ ფანატიკოსთა კრიტიკასთან ერთად, კოლოსალური წარმატებაც ხვდა წილად. ნორმან ჯუისონმა ის ისრაელში, სწორედ იმ ადგილებში გადაიღო, სადაც ქრისტიანული ერის გარიჟრაჟზე ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები განვითარდა. კინოსურათმა რომის პაპის, პავლე მეექვსეს მოწონებაც კი დაიმსახურა, რომლისთვისაც რეჟისორმა დახურული ჩვენება მოაწყო. უპირობო პირველი ადგილი ჩვენს სიაში.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული