Thumbnail

ნახეთ: თბილისში Oscar and the Wolf-ის კონცერტი გაიმართა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

Oscar and the Wolf-ის შემოქმედება საქართველოში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები, ალბათ, ერთხელ მაინც ნახავდით ფანების აღფრთოვანებულ პოსტებს მისი შოუების შესახებ. უკვე წლებია მაქს კოლომბის კონცერტზე დასწრება აქაური მელომანების ოცნებაა.

ქართველ მუსიკის მოყვარულებს სურვილის ასრულებაში Monument Events დაეხმარა, რომელმაც ბელგიურ პროექტს 12 ოქტომბერს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში უმანსპინძლა. Oscar and the Wolf-ის შოუს დაწყებამდე სცენა ერეკლე დეისაძემ "გაახურა", შუაღამისას კი ათასობით თაყვანისცემელის წინაშე თავად მაქსი წარდგა.

პოპვარსკვლავს თბილისში გამართული კონცერტი, ალბათ, არასდროს დაავიწყდება და ქართველი მსმენელიც გამორჩეულად ეყვარება. როგორც აღმოჩნდა, მისი სიმღერების ტექსტები აქ ბევრმა ზეპირად იცის. პირველივე კომპოზიციის You're Mine დაწყებიდან შოუს ბოლომდე არტისტი და ქარხანაში შეკრებილი მაყურებლები მათ ერთად ასრულებდნენ. 

მომღერლის უშუალობამ კონცერტზე მისულ ადამიანებს მისი მუსიკით ბოლომდე ტკბობის საშუალება მისცა. შემსრულებლის ენერგია იმედანად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ სცენასა და მაყურებელს შორის ბარიერი სრულიად წაიშალა და ყველაფერი ერთ დიდ დღესასწაულად გადაიქცა.

კოლომბი მხოლოდ სიმღერების შესრულებით არ შემოიფარგლა და მაყურებელს "ვოგის" ცეკვაც შესთავაზა. მისი ელეგანტური მოძრაობები სიმღერების ელექტროპოპ ჟღერადობას იდეალურად ერგებოდა და საღამოზე მისულ ადამიანებსაც სპონტანურად წამოწყებული რეივის მონაწილედ აქცევდა.

ერთსაათიანი შოუს განმავლობაში არტისტი ყოველი სიმღერის შესრულებისას ემოციურ ტრანსფორმაციასაც განიცდიდა, რისი წყალობითაც ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში მოწყობილ სცენაზე ხან მელანქოლიური ატმოსფერო ისადგურებდა, ხანაც მაქსის შემხედვარე სურვილი გიჩნდებოდა, შენც მის ვნებიან ხმის ტემბრს მიჰყოლოდი და კომპოზიციების თითოეული დეტალი მთელი არსებით შეგეგრძნო.

მუსიკოსმა საღამოზე არაერთი ცნობილი  ნამუშევარი იმღერა. განსაკუთრებით ეფექტური ტრეკები Strange Entity, So Real, The Game და Breathing აღმოჩნდა, რომელთა შესრულებამ მსმენელთა ოვაციები დაიმსახურა. ამ საყოველთაო აღფრთოვანებით წახალისებული მაქსიც სცენაზე ბოლომდე დაიხარჯა, რამაც ღონისძიება ძალზე ინტიმური გახადა.

არტისტის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ერთადერთი ცუდი, რაც შოუზე მოხდა, ეს თავად კონცერტის დასრულება იყო. მუსიკოსის ელეგანტურ შესრულების მანერასთან, მის გულწრფელ ემოციებთან გამომშვიდობება არავის სურდა. თუმცა, ქართველ მსმენელს, ალბათ, მაქსის მოსმენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცემა, რადგან აუდიტორიით მოხიბლულმა ბელგიელმა ვარსკვლავმა ლაივის ბოლოს საქართველოში დაბრუნების პირობა დადო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული