Thumbnail

"ქანიე ვესთი პიკასო არ არის" - ლეონარდ კოენის აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსი

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

2 ოქტომბერს ლეგენდარული კანადელი მუსიკოსისა და პოეტის, ლეონარდ კოენის ლექსების კრებული The Flame გამოიცა. მასში კოენის მიერ გარდაცვალებამდე შექმნილი ნამუშევრები შევიდა. მათ შორის, აღსანიშნავია ლექსი სახელწოდებით "ქანიე ვესთი პიკასო არ არის", რომელიც 2015 წლის 15 მარტით თარიღდება. 

ქანიე ვესთი პიკასო არ არის
მე ვარ პიკასო 
ქანიე ვესთი ედისონი არ არის
მე ვარ ედისონი 
მე ვარ ტესლა 
ჯეი ზი არაფრის დილანი არ არის
მე ვარ ყველაფრის დილანი 
მე ვარ ქანიე ვესთის ქანიე ვესთი
ქანიე ვესთი - ყალბი მამოძრავებელი ძალა
რომელიც სირულ კულტურას ერთი ბუტიკიდან მეორეში დაათრევს
მე ვარ ტესლა
მე ვარ მისი კოჭა
კოჭა, რომელმაც შვა ელექტრობა, რბილი, როგორც ლოგინი
მე ვარ ის ქანიე ვესთი, რომელიც მას ჰგონია, რომ არის
მაშინ, როდესაც სცენიდან გაპანღურებს
მე ჭეშმარიტი ქანიე ვესთი ვარ
ამ ბოლო დროს ბევრსაც არაფერს ვაკეთებ
ეს ყოველთვის ასე იყო
მე მხოლოდ ომის შემდეგ ვცოცხლდები
და ჩვენ ჯერ არ გვიომია.

2015 წელს ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ქანიე ვესთმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა: 

"როდესაც ხელოვნების ნიმუშებს ვქმნი, ჩემი ამოცანაა, გავხდე პიკასო ან ვაჯობო მას. ხალხს ყოველთვის ეცინება, როდესაც ვინმე თავს დიდ ხელოვანს ადარებს. სწორედ ეს არის ის მენტალობა, რომელიც კაცობრიობის განვითარებას აფერხებს".

სავარაუდოდ, სახელგანთქმული რეპერის სწორედ ამ სიტყვებს გამოეხმაურა კოენი თავის ლექსში. 

► ლეონარდ კოენის ახალი ალბომი 2019 წელს გამოვა

ლეონარდ კოენმა მუსიკალური კარიერა 1967 წელს, 33 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე კი საზოგადოებამ ის, როგორც პოეტი და პროზაიკოსი გაიცნო. კოენმა ჯერ ლექსების ორი კრებული გამოაქვეყნა, შემდეგ კი სადებიუტო რომანი "საყვარელი თამაში", რასაც 1966 წელს ექსპერიმენტული ნაწარმოები "მშვენიერი ხელმოცარულები" მოჰყვა. 

7 ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც ბედი ლიტერატურაში მოსინჯა

ლეონარდ კოენმა სიცოცხლის განმავლობაში 14 სტუდიური ალბომი ჩაწერა. კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლი Hallelujah მან 1984 წელს გამოუშვა. 2010 წელს კოენს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გრემის ჯილდო გადასცეს. 2016 წლის 7 ნოემბერს არტისტი 82 წლის ასაკში ლეიკემით გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული