Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

თუ კვირის სასიამოვნოდ გატარება გსურთ, მაგრამ ივენთების სიუხვისა და მათ გასაცნობად საჭირო დროის სიმცირის გამო არჩევანის გაკეთება გიჭირთ, ჩვენი ახალი რუბრიკა სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი.

ყოველი კვირის დასაწყისში ხუთ გამორჩეულ ღონისძიებას გაგაცნობთ. კლასიკითა და ელექტრონული მუსიკით დაწყებული, როკითა და ჰიპ ჰოპით დამთავრებული, popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას შეეცდება. 

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ ხუთეულს.

5. GusGus-ის კონცერტი "რესპუბლიკაში"

26 ოქტომბერი (პარასკევი) 

26 ოქტომბერს ისლანდიური პროექტი GusGus თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევა. ელექტრონული მუსიკის ინოვატორები ქართველ მსმენელთა წინაშე ახალი ალბომითა და საინტერესო აუდიოვიზუალური შოუთი წარდგებიან.

1995 წელს შექმნილი კოლექტივის მუსიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. ის ძირითადად ტექნოს, ჰაუსის და ტრიპ ჰოპის ელემენტებს აერთიანებს, თუმცა, ჯგუფის მუსიკალური ექსპერიმენტები სხვა ჟანრებსაც მოიცავს.

GusGus-ის მოსმენას პარასკევს, 22:00 საათზე "რესპუბლიკაში" შეძლებთ.


4. KHIDI: Regal | Shlømo | Mozzy | Vako T

26 ოქტომბერი (პარასკევი)

პარასკევს, 26 ოქტომბერს ვახუშტის ხიდის ქვეშ მდებარე კლუბში უცხოელი რეზიდენტების საღამო შედგება. KHIDI-ის სცენაზე მსმენელთა წინაშე ესპანელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ Involve Records-ის დამაარსებელი Regal, ასევე ფრანგი დიჯეი, ლეიბლ Taapion Records-ის სულისჩამდგმელი Shlømo წარდგებიან.

G2-ში კი ბაქოელი დიჯეი Mozzy და ქართული ელექტრონული სცენის პიონერი Vako T დაუკრავენ.


3. "ქეთო და კოტეს" პრემიერა თბილისის ოპერაში

27 ოქტომბერი (შაბათი) 

თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ "ქეთო და კოტე" თბილისის ოპერის სცენაზე ბრუნდება. ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ტაკიძეა, რეჟისორი იოანე ხუციშვილი, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი.

ქართველი კომპოზიტორის მიერ 27 წლის ასაკში შექმნილი ნაწარმოების პრემიერა 1919 წელს შედგა. ამ თარიღიდან თითქმის ასი წლის შემდეგ მუსიკის მოყვარულებს საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გადაინაცვლონ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების თბილისში და თვალი მიადევნონ ახალგაზრდა შეყვარებულების მხიარულ ისტორიას. 

თუ შაბათს პრემიერაზე ვერ მოხვდებით, თბილისის ოპერაში "ქეთო და კოტეზე" დასწრება 28 და 31 ოქტომბერსაც იქნება შესაძლებელი.  


2. R.O x Konoba-ს კონცერტი კინოსტუდიის პავილიონში

27 ოქტომბერი (შაბათი)

ბელგიური ალტერნატიული დუეტი R.O x Konoba თბილისში კიდევ ერთ კონცერტს გამართავს. ახალი პროექტის ფარგლებში მუსიკოსები სულ 10 ქვეყანას ესტუმრებიან, იქ თითო თვეს დაყოფენ და მიღებული შთაბეჭდილებების კვალდაკვალ ახალ სიმღერებსაც ჩაწერენ. 

დუეტის მესამე ვიზიტს საქართველოში Movement და Funday Entertainment წარმოგიდგენთ. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, პირველი 200 ბილეთის მფლობელები დახურულ პრესკონფერენციაზე დასწრებას შეძლებენ, სადაც მათ საშუალება ექნებათ არტისტები პირადად გაიცნონ.

R.O x Konoba-ს კონცერტი შაბათს, 27 ოქტომბერს კინოსტუდია "ქართული ფილმის" მეხუთე პავილიონში გაიმართება. ბელგიელ მუსიკოსებთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართული ბენდები Loudspeakers და Killages წარდგებიან.


1. Mzesumzira-ს შოუქეისი კაფე "გალერეაში"

27 ოქტომბერი (შაბათი) 

თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ Mzesumzira კაფე "გალერეაში" ბრუნდება. ლეიბლის რეზიდენტი არტისტები ორ, "გალერისა" და "ბლოუ ბარის" სცენაზე დაუკრავენ. ამ უკანასკნელში მოხვედრა "გალერის" შესასვლელიდან იქნება შესაძლებელი.

კაფე "გალერეაში" მსმენელთა წინაშე Ako Von UntenVasil, Gabunia და Audio Space წარდგებიან, "ბლოუ ბარში" კი Dj Tomwildculture-სა და Hasiro & Surosva-ს მოუსმენთ.

შაბათს, 27 ოქტომბერს ივენთზე ასევე Mzesumzira Records-ის მეხუთე რელიზის პრეზენტაცია გაიმართება. 


 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული