Thumbnail

10 საუკეთესო ალბომი კრაუტროკის ისტორიაში

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

1960-იან წლებში შეერთებულ შტატებსა თუ დიდ ბრიტანეთში როკ-ენ-როლის, ჯაზისა და ბლუზის ანაბანა უკვე წარმატებით ჰქონდათ ათვისებული. გერმანიას კი ჯერ ნაცისტური დიქტატურის, მოგვიანებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაბატონებული სტაგნაციის პირობებში, ამ ყველაფრის გამოტოვება მოუწია. შესაბამისად, სიახლის მაძიებელ არტისტებს ისღა დარჩენოდათ, უცხოელი კოლეგებისათვის ბრმად აეწყოთ ფეხი.

ნახეთ სრული ფლეილისტი

თავისუფლებისა და ჰიპური იდეალების ეპოქაში გერმანელი მუსიკოსების საოცრად ნიჭიერ თაობას ორიგინალური კულტურული იდენტობა სჭირდებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა შეშლილი მესია, სახელად კარლჰაინც შტოკჰაუზენი. ლეგენდარული კომპოზიტორი, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს გზის გაკვალვაში დაეხმარა.

ამერიკელი და ბრიტანელი კოლეგებისგან ნასესხებმა იდეებმა გაბედული ექსპერიმენტების ხარჯზე სრულიად ახალი ფორმა მიიღო. შედეგად კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჟანრი, კრაუტროკი დაიბადა. ფსიქოდელიური როკის, ელექტრონული მუსიკის ავანგარდული მიმდინარეობების, ფანკის, ჯაზისა და ეთნიკური მუსიკის საოცრად მრავალფეროვანი ნაზავი ახალგაზრდა არტისტებისთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებად იქცა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ათ საუკეთესო ალბომს კრაუტროკის ისტორიაში.

10. Guru Guru - Känguru (1972)

კრაუტროკი უაღრესად მრავალფეროვანი ჟანრია. აქ ათობით განსხვავებულ ელემენტს წააწყდებით დაწყებული ინდური რაგებიდან ნასესხები რიტმებით, დამთავრებული სინთეზატორების საშუალებით განხორციელებული ექსპერიმენტებით. ამ მუსიკალური სიჭრელის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი სწორედ ეს ჯგუფია.

1968 წელს ჰაიდელბერგში ჩამოყალიბებულმა Guru Guru-მ დღემდე 23 სტუდიური ალბომი გამოსცა. მათ შორის ყველაზე წარმატებული 1972 წელს გამოშვებული Känguru აღმოჩნდა. ეს ჩანაწერი ფსიქოდელიის, ბლუზის, ჯაზისა და პროგრესივ როკის თავბრუდამხვევი ნაზავია. მასში შესული კომპოზიციებიდან გამორჩეულად შთამბეჭდავი კი სწორედ ეს სიმღერაა. შესრულების მანერა, ჟღერადობა, ვიზუალური გაფორმება - ყველაფერში ჰალუცინოგენებით შთაგონებული არაამქვეყნიური ატმოსფერო იგრძნობა.

9. Between - And the Waters Opened (1973)

1970 წელს მიუნხენელს არტისტს, პეტერ მიხაელ ჰამელს ერთი უცნაური, მაგრამ ძალზე ამბიციური იდეა გაუჩნდა - სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ელემენტთა სინთეზის ხარჯზე ახალი ჟანრის შექმნა. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა ბენდი Between, რომლის უნიკალურ სტილს ანალოგი თვით კრაუტროკის ექსპერიმენტებით სავსე სამყაროშიც კი რთულად მოეძებნება.

კოლექტივის რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი And the Waters Opened მუსიკოსების კარიერის მწვერვალად ითვლება. ნამუშევარში ელექტრონულ გიტარას ბამბუკის ფლეიტა ენაცვლება, სინთეზატორის ფუტურისტულ ხმებს კი წარმართული საგალობელი. ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა დეტალი აქ ერთმანეთს საოცარი ბუნებრივობით ერწყმის. ამ ალბომმა და ზოგადად, Between-ის შემოქმედებამ დიდი როლი შეასრულა ემბიენთისა და ნიუ ეიჯის განვითარებაში.

8. Ash Ra Tempel - Join Inn (1973)

როდესაც კრაუტროკის მუსიკალურ მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში სწორედ ეს ბენდი გვახსენდება. Ash Ra Tempel გიტარისტმა მანუელ გოჩინგმა, ბასისტმა ჰარტმუტ ენკემ და კლავიშისტმა (შეთავსებით დრამერმა) კლაუს შულცემ 1970 წელს ბერლინში ჩამოაყალიბეს. ამ საკულტო ჯგუფის შემოქმედების რომელიმე ერთი კონკრეტული ჟანრისთვის მიკუთვნება ფაქტობრივად შეუძლებელია. ისინი ხან ფოლკს უკრავდნენ, ხან ფსიქოდელიურ როკს, ხანაც პროგრესივს და ა.შ.

საინტერესოა, რომ ბენდის უნიკალური ხელწერა გამორჩეული სიმძაფრით მათ მიერ ყველაზე ნაკლებად ათვისებულ მიმართულებაში, ემბიენთში იგრძნობა. პრინციპში, გასაოცარიც არაფერია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კლაუს შულცე მოგვიანებით ამ მიმდინარეობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო არტისტად მოგვევლინა. თითქმის ოცდახუთწუთიანი კომპოზიციის Jenseits მოსმენისას კი სავსებით ნათელი ხდება, თუ რატომ მოიხსენიებენ კრაუტროკს "კოსმიურ მუსიკად".

7. Kraftwerk - Kraftwerk (1970)

რთული წარმოსადგენია, როგორ განვითარდებოდა მუსიკის ისტორია ფლორიან შნაიდერსა და რალფ ჰიუტერს "კრაფტვერკი" რომ არ ჩამოეყალიბებინათ. დიუსელდორფული ბენდის შემოქმედება მომავალი თაობების არტისტებისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა. მათმა იდეებმა ტექნოს, ჰიპ ჰოპის, სინთპოპის, ჰაუსის, პოსტ პანკის, პოპისა და ათობით სხვა მუსიკალური მიმდინარეობის სახე განსაზღვრეს.  

ჯგუფის სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი 1970 წელს გამოიცა და ერთ-ერთია "კრაფტვერკის" იმ იშვიათ ნამუშევართა შორის, რომლებიც კრაუტროკის ჟანრს მიეკუთვნება. კოლექტივი ამ მიმდინარეობას ნელ-ნელა სცილდებოდა, 1974 წლიდან კი საბოლოოდ გადაერთო ელექტრონული მუსიკის შექმნაზე. იმ ფაქტის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად გაუსწრეს დროს გერმანელმა ტიტანებმა, შეგიძლიათ, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გამართული კონცერტის ამსახველი ვიდეორგოლი ნახოთ და დარბაზში დამსწრე აუდიტორიას დააკვირდეთ.

6. Neu! - Neu! (1972)

კრაუტროკის ერთ-ერთ გამოკვეთილ მახასიათებლად ე.წ. Motorik Beat იქცა, რომელიც დიდწილად საკულტო როკ ჯგუფის, The Velvet Underground-ის დრამერის, მორინ თაკერის დაკვრის მანერით იყო შთაგონებული. ამ რიტმის დამკვიდრება კლაუს დინგერის სახელს უკავშირდება. გერმანელმა მუსიკოსმა მოღვაწეობა "კრაფტვერკში" დაიწყო, თუმცა, ლეგენდარული ბენდი მის კიდევ ერთ წევრთან, მიხაელ როტერთან ერთად მალევე დატოვა და დუეტი Neu! ჩამოაყალიბა.

ჯგუფის სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მუსიკის ისტორიაში. ჩანაწერის გამხსნელი კომპოზიცია Hallogallo კი ასობით არტისტისათვის იქცა შთაგონების წყაროდ. ლეგენდარული დუეტის გავლენა განსაკუთრებით პოსტ პანკის წარმომადგენლებს დაეტყოთ. მონოტონური, მაგრამ ამავე დროს საოცრად ენერგიული რიტმი ამ ჟანრში მოღვაწე არაერთი ბენდის შემოქმედებაში გვხვდება.

5. Faust - So Far (1972)

ჯგუფი Faust 1971 წელს გერმანიაში, ქალაქ ვიუმეში ჩამოყალიბდა. ბენდის სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომმა კრიტიკოსთა უპირობო აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა, კომერციული თვალსაზრისით ჩავარდა. ამიტომაც, კოლექტივმა გაცილებით მარტივი კომპოზიციების ჩაწერა გადაწყვიტა და 1972 წელს კრაუტროკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი So Far გამოსცა, რომელმაც ბენდს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ამ ალბომის მოსმენისას ცოტა არ იყოს რთულად დასაჯერებელია, რომ მასში შესული ტრეკები ფართო აუდიტორიის გულის მოგების მიზნით ჩაიწერა. ნამუშევრის ცხრავე კომპოზიციას თავისი უნიკალური სტრუქტურა და თემა გააჩნია. ჩანაწერის გამხსნელი სიმღერა It’s a Rainy Day, Sunshine Girl კი იმის ნათელი მაგალითია, რომ სხვადასხვა ეპოქაში ტერმინები "კომერციული" და "მარტივი" აშკარად განსხვავებულად ესმით.

4. Cluster - Zuckerzeit (1974)

კონრად შნიცლერმა, ჰანს-იოახიმ რედელიუსმა და დიტერ მებიუსმა ჯგუფი Cluster ბერლინში 1971 წელს ჩამოაყალიბეს. ამ საოცარი ბენდის შემოქმედება თავიდანვე სპონტანურობითა და ჩარჩოების რღვევისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდა. პოტენციალის სრულად გამოვლენაში კი კოლექტივს სწორედ ზემოთ ნახსენები მიხაელ როტერი დაეხმარა, რომელიც მათი მესამე სტუდიური ალბომის Zuckerzeit პროდიუსერად მოგვევლინა.

"კლასტერის" ნამუშევარმა კრიტიკოსების, მსმენელებისა თუ კოლეგების (მათ შორის, ლეგენდარული ბრაიან ინოს) ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა. ალბომის ინოვაციური ხასიათის საუკეთესო მაგალითად კი კომპოზიცია Caramel გამოდგება, რომელიც ჟღერადობით თანამედროვე ტექნოს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ჩაწერილ ტრეკს.

3. Popol Vuh - Nosferatu: The Vampyre (1979)

ზემოხსენებული კულტურული იდენტობის კრიზისის პირობებში გერმანელმა არტისტებმა აზიური, აფრიკული თუ სამხრეთამერიკული ფოლკლორული მუსიკის ელემენტების ათვისება დაიწყეს. ეს ტენდენცია მიუნხენურმა ჯგუფმა Popol Vuh ისეთი მონდომებით აიტაცა, რომ წარმართული ჰიმნებისა და საგალობლების ესთეტიკა  მათი შემოქმედების განუყოფელ ნაწილად იქცა. 1969 წელს დაარსებული ბენდი ნიუ ეიჯის ერთ-ერთ პიონერად ითვლება და ჟანრის ისტორიაში გამორჩეულ ადგილსაც იკავებს.

1972-87 წლებში ჯგუფმა საკულტო რეჟისორის, ვერნერ ჰერცოგის ექვსი ფილმისათვის შექმნა საუნდტრეკი. ამ ნამუშევრებს შორის კი განსაკუთრებულად გამორჩეული Nosferatu: The Vampyre-ის მიხედვით შექმნილი ამავე სახელწოდების ალბომია. 

2. Amon Düül II - Yeti (1970)

1967 წელს რადიკალმა მემარცხენე სტუდენტებმა მიუნხენში კომუნა დაარსეს. იქვე ორი როკ ჯგუფიც ჩამოყალიბდა, რომლებსაც ახალი საცხოვრებლის სახელწოდების მიხედვით Amon Düül და Amon Düül II დაარქვეს. ამ უკანასკნელის შემადგენლობა ძალზედ ხშირად იცვლებოდა - კომუნის თითოეულ წევრს სურვილისამებრ შეეძლო კოლექტივის წევრი ნებისმიერ დროს გამხდარიყო.

Amon Düül II-ის მეორე სტუდიური ალბომი Yeti სრული სიმძაფრით ასახავს ანარქისტული იდეალებისა და ევროპული მისტიციზმის იმ ნაზავს, რომელიც ჯგუფის წევრების ცხოვრების წესისა და შემოქმედების განუყოფელი ნაწილი იყო. ჩანაწერის გარეკანზე სიკვდილის ანგელოზის როლში ბენდის ხმის ინჟინერი ვოლფგანგ კრიჩკეა გამოსახული, რომელიც ნამუშევრის გამოსვლამდე მცირე ხნით ადრე LSD-ს ზედმეტად დიდი დოზით გამოწვეული ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. თვით ფსიქოდელიური როკის სამყაროშიც კი იშვიათად მოიძებნება ასეთი გიჟური და ყოველგვარ ჩარჩოებს გაცდენილი მუსიკა.

1. Can - Tago Mago (1971)

ოდნავადაც არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ "ქენი" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბენდიაკარლჰაინც შტოკჰაუზენის მოწაფეების, ირმინ შმიდტისა და ჰოლგერ შუკაის მიერ 1968 წელს დაარსებული კოლექტივი კრაუტროკის ნამდვილი ფლაგმანი გახდა. სხვადასხვა ეპოქის საუკეთესო არტისტების (Talk Talk-ით დაწყებული და Radiohead-ით დამთავრებული) შთაგონების წყაროდ ქცეულ ჯგუფს იმდენი ინოვაცია და ექსპერიმენტი უკავშირდბა, რომ მათ ჩამოთვლას ამ სიაში უბრალოდ ვერ მოვახერხებთ.

1970 წელს "ქენი" მესამე სტუდიური ალბომის ჩაწერას შეუდგა. კიოლნში, XV საუკუნეში აშენებული სასახლის კომფორტულ გარემოში ბენდის წევრებმა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა შეძლეს. ნაწილობრივ ფსიქოდელიური როკის, ნაწილობრივ კი ჯაზისა და ავანგარდული ელექტრონიკის ელემენტებით სავსე ნამუშევარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. Tago Mago ისეთი მოვლენაა, რომლის სიტყვებით აღწერასაც აზრი არ აქვს. თავად ნახეთ და მოისმინეთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული