Thumbnail

წვიმიანი ამინდის მიმართ ადამიანები ძირითადად ორი სახის დამოკიდებულებით გამოირჩევიან - ერთნი ქოლგას ეძებენ და შიგადაშიგ გულში ილანძღებიან, სხვები კი ვერაფრით უმკლავდებიან დაორთქლილ მინაზე ცხვირის მიჭყლეტისა და ემოციების ზღვაში გადაშვების ცდუნებას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

მუსიკოსების უმეტესობა აშკარად მეორე ნაწილს მიეკუთვნება, რადგანაც ამ ბუნებრივი მოვლენის შთაგონებით ასობით შესანიშნავი სიმღერაა დაწერილი. ჩვენს სტატიაში სწორედ ასეთ ათ კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

10. Phil Collins - I Wish It Would Rain Down

ეს უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია ფილ კოლინზის სოლო დისკოგრაფიაში. კომპოზიციას მუსიკოსის შემოქმედებისათვის არადამახასიათებელი ბლუზის ჟღერადობა გამოარჩევს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ კოლინზს პარტნიორობას ლეგენდარული გიტარისტი, ერიკ კლეპტონი უწევს. არტისტის თქმით, სიმღერა დანგრევის პირას მყოფ ურთიერთობებზეა, რომელთა შენარჩუნებასაც ადამიანები ფუჭად ცდილობენ.

9. Eurythmics - Here Comes the Rain Again

პოპ დუეტ Eurythmics-ის სიმღერამ Here Comes the Rain Again გამოსვლიდან მცირე ხანშივე დაიპყრო ბრიტანული ჩარტები. ამ მელანქოლიური კომპოზიციის ჩაწერისას, სიმებიან ორკესტრს დირიჟორობას ლეგენდარული კომპოზიტორი, მაიკლ კეიმენი უწევდა. ტრეკი სხვადასხვა დროს რამდენიმე არტისტმა გადაამღერა. საკულტო ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Wu-Tang Clan-ის წევრმა RZA-მ კი საკუთარი ჩანაწერისთვის Tragedy გადასემპლა.

8. Current 93 - When the May Rain Comes

ექსპერიმენტული ფოლკ ჯგუფი Current 93 რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ხალხითაა დაკომპლექტებული. დევიდ ტიბეტსა და მის კოლექტივს შეუძლიათ, თანაბარი წარმატებით ითანამშრომლონ ლეგენდარულ შემსრულებელ ბიორკთან და არანაკლებ ლეგენდარულ პორნოვარსკვლავ საშა გრეისთან. 1992 წელს კი ოკულტიზმით, აპოკალიპტური ხილვებითა და სადომაზოხიზმით შთაგონებულმა ბენდმა ეს ულამაზესი კომპოზიცია მაისის წვიმას მიუძღვნა. 

7. Madonna - Rain

პოპის დედოფლის მიერ 1992 წელს გამოცემული სიმღერა ტრიპ ჰოპის, პოპისა და ნიუ ეიჯის ბრწყინვალე სინთეზია. ტრეკი მუსიკოსის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში Erotica შევიდა და ამ ნამუშევრის საერთო ესთეტიკიდან გამომდინარე, კრიტიკოსთა და მსმენელთა ნაწილი ფიქრობდა, რომ მასში სექსუალური ქვეტექსტი იდო. თუმცა, ეს კომპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ წვიმითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული.

6. Massive Attack - Pray for Rain

ტრიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის გათვალისწინებით, უცნაური იქნებოდა, ჩვენს სიაში ამ ჟანრის წარმომადგენელი რომ არ მოხვედრილიყო. Massive Attack-ის კომპოზიცია Pray for Rain მათ 2010 წლის ალბომში Heligoland შევიდა, რომელმაც კრიტიკოსთა და მსმენელთა ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა. ამ ტრეკში ბრისტოლურ კოლექტივს პარტნიორობას ჯგუფ TV on the Radio-ს ფრონტმენი, თუნდე ადებიმპე უწევს.

5. Can - She Brings the Rain

1970 წელს გერმანული კრაუტროკ კოლექტივის, Can-ის ამერიკელი ფრონტმენი, მალკოლმ მუნი ფსიქიკური აშლილობის გამო იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამიტომაც, ალბომში Soundtracks მისი შესრულებით მხოლოდ ორი სიმღერაა შესული, რომელთაგანაც ერთ-ერთი სწორედ ეს მშვენიერი კომპოზიციაა. ბენდის წევრებმა იაპონელი მუსიკოსის, დამო სუძუკის სახით სწრაფადვე იპოვეს ახალი ვოკალისტი და მასთან ერთად რამდენიმე საკულტო ჩანაწერიც შექმნეს. მუნი კი 16 წლის შემდეგ კვლავ შეუერთდა "ქენს" ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომის Rite Time ჩასაწერად.

4. The Beatles - Rain

1964 წელს ავსტრალიაში ჩასულ "ბითლზს" საშინელი ქარი და თავსხმა წვიმა დახვდა. სწორედ ამ დღეს დაწერა ჯონ ლენონმა სიმღერა ადამიანებზე, რომლებიც ამინდის თაობაზე განუწყვეტლივ წუწუნებენ. ასე რომ, მითი, თითქოს ამ კომპოზიციის მთავარი თემა LSD და სხვა ჰალუცინოგენებია, სიმართლეს არ შეესაბამება. სხვათა შორის, Rain მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ტრეკია, რომელშიც უკუღმა დატრიალებული ფონოგრამის ფრაგმენტებია გამოყენებული.

3. Led Zeppelin - Fool in the Rain

1978 წელს "ლედ ზეპელინის" ბასისტი ჯონ პოლ ჯონსი და ვოკალისტი რობერტ პლანტი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს უყურებდნენ, როდესაც ამ სიმღერის დაწერის იდეა გაუჩნდათ. არგენტინაში გამართული მუნდიალის ტრანსლაციისას ტელევიზორიდან გაგონილი სამბას რიტმი შესანიშნავად ჩაჯდა ლეგენდარული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ჟღერადობაში. კომპოზიციის ტექსტი გულგატეხილი მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავსხმა წვიმაში საყვარელ ქალს ამაოდ ელოდება.

2. The Doors - Riders on the Storm

ლეგენდარულმა როკ ჯგუფმა Riders on the Storm ნაწილობრივ მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიური ნაშრომების, ნაწილობრივ კი ბილი ქუქის მიერ ჩადენილი დანაშაულების შთაგონებით დაწერა. ეს უკანასკნელი 1950-51 წლებში ამერიკის გზატკეცილებზე მძღოლებს აჩერებდა და ხოცავდა. სწორედ ამიტომ ახსენებს სიმღერაში ჯიმ მორისონი "გზაზე მოხეტიალე მკვლელს, რომლის ტვინიც გომბეშოსავით ფეთქავს". წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმის დამატებამ კი ამ ისედაც საოცარი ატმოსფეროს მქონე კომპოზიციას განუმეორებელი ეფექტი შესძინა.

1. Prince - Purple Rain

ამ კომპოზიციაში პრინსისთვის პარტნიორობა ჯგუფ Fleetwood Mac-ის წევრს, სტივი ნიქსს უნდა გაეწია. თუმცა, ლეგენდარული ბენდის ვოკალისტს ინსტრუმენტალის მოსმენის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარა და კოლაბორაცია გადაიფიქრა. თავად ავტორის თქმით, "იასამნისფერი წვიმა" აპოკალიპტური ხილვებისა და რწმენის დაკარგვის სიმბოლოა. ტრეკი თავდაპირველად ქანთრის სტილის ნამუშევრად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, სტუდიაში ექვსსაათიანი მუშაობის პროცესში მისი სტრუქტურა ძირფესვიანად შეიცვალა და შედეგად ეს ბრწყინვალე სიმღერა დაიბადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული