Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. SPK - Wars Of Islam (1982)

ავსტრალიელი რადიკალი მარქსისტები (ჯგუფის სათაური იშიფრება, როგორც "პაციენტების სოციალისტური კოლექტივი"), ჯონ კეიჯისა და კრაუტროკის დიდი მოყვარულები, ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მუშაობდნენ სანიტრებად და მალე თვითონაც გარეკეს, რაც თავიდანვე ეტყობოდა მათ მუსიკას, რომელთან შედარებითაც Throbbing Gristle-ის ინდასტრიალი პირველკურსელი სტუდენტების ინტელექტუალურ თამაშებს წააგავს. 

მუსიკოსები იქამდეც კი მივიდნენ, რომ მორგებში იპარებოდნენ, დამახინჯებულ გვამებსა და სხვადასხვა სახის პათოლოგიებს სურათებს უღებდნენ და შემდეგ საკუთარ კონცერტებზე დიდ მონიტორზე ამ "ფოტოშედევრების" დემონსტრირებას ახდენდნენ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ ლოგიკური იყო, რომ SPK-ს ორმა წევრმა მალე თავი მოიკლა. ჯგუფის ლიდერი გრემ რეველი შეშინდა და საკუთარი შემოქმედება რადიკალურად "გააპაპსავა", მოგვიანებით კი სრულიად "გამოჯანმრთელდა" და 90-იანებში უკვე ჰოლივუდური ფილმებისთვის დაიწყო მუსიკის წერა ("ლარა კროფტი", "ცოდვების ქალაქი", "დაისიდან აისამდე" და სხვა).

ვისაც სუსტი ფსიქიკა გაქვთ, მოერიდეთ ამ კლიპის ნახვას.

9. Daniel Johnston - Mask (2010)

დიდების ზენიტში მყოფი კურტ კობეინი, ერთ-ერთ როკ ფესტივალზე, სცენაზე უცნაურად დასურათებული მაისურით გამოჩნდა. ნახატის წარმომავლობის შესახებ კითხვებზე კურტმა უპასუხა, რომ ეს მისი საყვარელი მუსიკოსის, დენიელ ჯონსტონის ალბომის გარეკანი იყო.
 
შიზოფრენიითა და ბიპოლარული აფექტური აშლილობით დაავადებული ჯონსტონი ტექსასის ქალაქ ოსტინში, მამის ავტოფარეხში წერდა მუსიკას Sanyo-ს ფირმის ორკასეტიან მაგნიტოფონზე. იმის მიუხედავად, რომ იმ დროს დენიელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, ხმის ჩამწერმა კომპანიებმა ნამდვილი ომი გააჩაღეს მისი შემოქმედების გამოსაცემად. მუსიკოსმა უარი უთხრა Elektra Records-ს, რადგან თვლიდა, რომ ჯგუფ Metallica-ს წევრები, რომელთა ნამუშევრებიც ამ ლეიბლზე გამოდიოდა, ეშმაკით იყვნენ შეპყრობილი. საბოლოო ჯამში კონტრაქტი Atlantic Records-თან გაფორმდა. 

დენიელი ნამდვილ სტუდიაში გადაიყვანეს და კარიერა აუწყვეს. ის ცნობილი გახდა, მისი სიმღერების დაქავერება დიდად პატივცემულმა არტისტებმა დაიწყეს. მაგრამ მოხდა ისე, რომ მისი მუსიკა ნელ-ნელა გაუფერულდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ დილეტანტიზმი, დისბალანსი, ხარვეზები და აკუსტიკური ქაოტურობა გამოხატავდა ყველაზე ზუსტად მის შეშლილ შინაგან სამყაროს და იმ საგიჟეთს, რაც თავში უტრიალებდა (ერთდროულად რომ ელანდებოდა ღმერთი და სატანა).

სწორედ ეს ნაივურობა, ინტიმი და არაადეკვატურობა დაკარგა სტუდიაში მისმა სიმღერებმა. დღეს დანიელ ჯონსტონი საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ "პოულობს“, როცა ცოცხლად ასრულებს თავის სიმღერებს. სწორედ ამის დადასტურებაა ჰენრი როლინსის შოუში მისი ერთ-ერთი გამოსვლა.

8. James Chance - Melt Yourself Down (2016)

ნიუ იორკის ნოუ ვეივ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ჯეიმს ჩენსი (იგივე ჯეიმს უაითი) სამედიცინო თვალსაზრისით გიჟი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ რას სჩადიოდა ნიუ იორკის ანდერგრაუნდ სცენაზე 70-იანების მიწურულს, სრული უფლება გვაქვს, მის ნორმალურობაში ეჭვი შევიტანოთ.

ზოგადად, რთულია გავიხსენოთ ნოუ ვეივის თუნდაც ერთი დალაგებული წარმომადგენელი. ჯეიმს ჩენსის შემთხვევაში, ეს მის შემოქმედებასაც აშკარად ეტყობოდა. ფრი ჯაზისა და ფანკის უკანონო შვილის ქორწინება პანკთან - ასე შეიძლება დავახასიათოთ მუსიკა, რომელსაც ის ქმნიდა. შესრულების მანერა ძალიან წააგავდა სამედიცინო ექსპერიმენტებით გატანჯული კაცის აგრესიულ ჩივილს. დროდადრო კი, ექსტაზში შესული არტისტი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და აუდიტორიასთან მუშტი-კრივს აჩაღებდა.

Melt Yourself Down ჩენსმა სამ ათეულზე მეტი წლის წინ დაწერა, თუმცა, დღემდე მხოლოდ მისი ლაივ ვერსია არსებობდა. 2016-ში კი როგორც იქნა მოახერხა ამ სიმღერის სტუდიაში ჩაწერა და თავის ძველ თანამებრძოლებთან, The Contorsions-თან ერთად, კლიპიც კი გადაიღო, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ხმები მისი გამოჯანსაღების შესახებ აშკარად გაზვიადებულია.

7. Phil Spector - River Deep, Mountain High (1966)

ფილ სპექტორი ყველა დროის უდიდეს პროდიუსერად და უამრავი ჰიტის ავტორად ითვლება. სწორედ ავტორად, რადგანაც მისი პროდუქტში შემსრულებლები ყოველთვის მეორეხარისხოვან როლს თამაშობდნენ. სწორედ მისი გამოგონილია მეთოდი, რომელიც დღეს Wall of Sound-ის სახელითაა ცნობილი. 21 წლის სპექტორი უკვე მილიონერი იყო. ის მარტო უპირისპირდებოდა ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ბოსებს, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო სპექტორის ნოვატორული იდეები და ამ ბრძოლაში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მას არანორმალურად თვლიდნენ და არც ცდებოდნენ, რადგანაც სრულიად უკონტროლო და არადეკვატური იყო. 

1966 წლიდან მისი პარანოია იმდენად გაძლიერდა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიას საერთოდ ჩამოსცილდა. 70-იანებში კი შეეცადა საქმეს დაბრუნებოდა, ჯონ ლენონის, ლეონარდ კოენის და The Ramones-ის ალბომების პროდუსერადაც მოგვევლინა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მისი სულიერი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ამის შემდეგ, საერთოდ ყველას გაერიდა, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა - 2003 წელს საკუთარ სახლში, მსახიობ ლანა კლარკსონს თავში ესროლა და მოკლა. შედეგად, სპექტორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

ეს ჩანაწერი ფილ სპექტორის ბოლო შედევრად ითვლება, თუმცა, თინასაც ნუ დავუკარგავთ ამაგს, რადგან უდავოდ მისი საუკეთესო ნამუშევარიცაა.

6. Joe Meek - Telstar (1962)

ისევე როგორც სპექტორი, ჯო მიკიც პროდუსერი და სონგრაითერი იყო, მისი თანამედროვე, მაგრამ ბრიტანელი და კიდევ უფრო ტრაგიკული ბედის მქონე. მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მიკი მანიაკალური დეპრესიით იტანჯებოდა. ჩამოყალიბებული გიჟი იყო, სულ მოჩვენებები ელანდებოდა. ბევრი სწორედ ამით ხსნის მის უცნაურ სტუდიურ ექსპერიმენტებს. სემპლინგის და რევერბერაციის ეფექტის ერთ-ერთ პიონერადაც ითვლება პოპ მუსიკაში და საერთოდ, პირველს ეკუთვნოდა იდეა იმის შესახებ, რომ სტუდია მთავარი ინსტრუმენტია მუსიკოსისთვის. 

ნატურით ნამდვილი აუტსაიდერი იყო, თანაც პერვერტი და ამიტომაც ხანგრძლივი კარიერა ვერ ააწყო. ბოლოს ისე გაუბერა, სასაფლაოზე მაგნიტოფონით დადიოდა, რადგან გულწრფელად სჯეროდა, რომ მკვდრების ხმა ესმოდა. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 1967 წელს, ჯერ თავისი ბინის მეპატრონე მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა. 

ჯო მიკს უამრავი გამოუქვეყნებელი ჩანაწერი დარჩა, მაგრამ მის მთავარ ნამუშევრად მაინც ინსტრუმენტული კომპოზიცია Telstar ითვლება. The Tornados კი უბრალოდ დაიქირავა, რათა იდეა განეხორციელებინა. ეს ტრეკი ბრიტანულ და ამერიკულ ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა, მე მისი სხვა ჩანაწერები უფრო მომწონს.

5. Screamin' Jay Hawkins - I Put A Spell On You (1956)

ეს ტრეკი ყველამ იცის, ბევრი მღერის და მომავალშიც არაერთი იმღერებს. მოკლედ, უკვდავი ჰიტია. მაგრამ მისი ავტორი რომ ფრიკი, ჭკუანაღრძობი და ლამის სექსუალური მანიაკი იყო (როგორც ამბობენ, 60 უკანონო შვილი ჰყავდა), შეიძლება ბევრმა არც იცოდეს. 

სქრიმინ ჯეი ჰოუკინსს, მუსიკალური ნიჭისა და უმძლავრესი ვოკალის ხარჯზე ნამდვილად შეეძლო, უაღრესად წარმატებული კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ ლამის კანიბალიზმში, ნეკროფილიასა და ლუციფერთან გარიგებაში სდებდნენ ბრალს და აბა, ვინ დაიჭერდა მასთან სერიოზულად საქმეს? უფრო სწორედ, ბრალს კი არ სდებდნენ, არანორმალურ, არაადეკვატურ ჯამბაზად თვლიდნენ, როგორიც, პრინციპში, იყო კიდეც. მაგრამ ასეთი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ამ შედევრს ვერც შექმნიდა.

მოკლედ, ნახეთ ვიდეო და ყველაფერს თავად მიხვდებით.

4. Ghedalia Tazartes - La Bar Mitzvah Du Chien (2015)

ეს კაცი ნამდვილი გენიოსია. რამდენად გიჟია წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ნორმალური ადამიანები რომ ასეთ მუსიკას ვერ ქმნიან, ეს ზუსტად ვიცი. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, პარიზშიც კი, სადაც უკვე 70 წელია ცხოვრობს. 

ერთი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც უმთავრესად იმაზე დარდობს, რომ მტრედების ყოლის უფლებას არ აძლევენ (18-ე საუკუნიდან ყოფილა აკრძალული). თუმცა, იმასაც ჰყვება, მუსიკას როგორ აკეთებს აგერ უკვე 38 წელია. რაც თავში მოუვა, ყველაფერს იწერს. მერე მღერის (თანაც ძალიან მაგრად), ამასაც იწერს. შემდეგ ამ ჩაწერილი ფრაგმენტებისგან იმ ხერხით, რომელსაც თვითონ ტოტალური იმპროვიზაციის მეთოდს ეძახის, კომპოზიციებს აწყობს და საოცრად კონსტრუირებული მუსიკა გამოსდის. 

მისი მოსმენის დროს, ეჭვი მეპარება, რომ არანორმალური სწორედ მე ვარ და არა ტაზარტესი. სხვაგვარად ამ კაცის მოსმენა შეუძლებელია. ალბათ, სწორედ ასეთ ადამიანებზე წერდა მიშელ ფუკო თავის "შეშლილობის ისტორიაში".

3. Sun Ra Arkestra - Cosmic Chords (1988)

სან რას შემოქმედება მხოლოდ ჯაზით ნამდვილად არ შემოიფარგლება. უფრო მეტიც, მისი ჯაზ-ნამუშევრების უმეტესობა მთლად ჯაზი არაა. ყველაფერს, რაც მას გაუკეთებია, აერთიანებს არტისტის კონცეფცია იმის შესახებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სატურნზე იმოგზაურა და იმ დღიდან კოსმოსურ მუსიკას ქმნის.

საკუთარ "არკესტრსაც" მხოლოდ ისეთი მუსიკოსებით აკომპლექტებდა, რომლებიც მზად იყვნენ პლანეტათაშორის მოგზაურობაში გაჰყოლოდნენ. ამის შესახებ ის სრული სერიოზულობით საუბრობდა: "ჩემი სხეული სხვა რაღაცად გარდაიქმნა. საკუთარ თავში გახედვა შემეძლო. ადამიანის ფორმა აღარ მქონდა. შემდეგ სატურნზე გავეგზავრე. იქ ჩემთან საუბარი სურდათ. ყურებზე პატარა ანტენები ჰქონდათ, თვალებზეც. გამესაუბრნენ და მითხრეს, რომ სამყარო სრულ ქაოსში იძირება და მე ჩემი მუსიკით უნდა ვესაუბრო მსოფლიოს". გასაგებია, რომ აქ კომენტარი ზედმეტია. 

"კოსმოსურ აკორდებს" სან რა იმ აკუსტიკურ რეალობას ეძახდა, როდესაც მისი ორკესტრის ყველა წევრს ერთდროულად უნდა დაეკრა ის, რაც თავში მოუვიდოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა კონცერტის დაწყება. ამ ვიდეოშიც სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი.

2. Brian Wilson - Surf's Up (2004)

ბრაიან ვილსონი თავდაპირველად Beach Boys-თან ერთად წერდა და ასრულებდა ულამაზეს სიმღერებს კალიფორნიაზე, მზეზე, სერფინგზე, კადილაკებსა და ლამაზ ნაშებზე.  უზარმაზარ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ შემდეგ ნამდვილი შედევრების ჩაწერა გადაწყვიტა და საკუთარი თავის წინააღმდეგ მთელი სამყარო აამხედრა. 

გადამწყვეტი როლი ამაში შეასრულა მისმა იდეამ, ჩაეწერა სიმფონია მოზარდებისთვის სახელწოდებით Smile. მას ყველა რადიკალურად დაუპირისპირდა - ბენდი, მშობლები, ოჯახი და ლეიბლიც. საბოლოო ჯამში, ალბომზე მუშაობა შეაწყვეტინეს, რამაც გამანადგურებლად იმოქმედა ბრაიანის ფსიქიკაზე. ის ჭკუიდან შეიშალა, თავის უზარმაზარ ლოგინზე წამოკოტრიალდა და ასე გაატარა რამდენიმე წელი. მართალია, მერე ცოტა აზრზე მოვიდა, სცენასაც კი დაუბრუნდა, მაგრამ განუხორციელებელ პროექტზე (რომელზეც უკვე მითები და ლეგენდები იყო შეთხზული) ფიქრს მაინც არ ეშვებოდა.

ბოლო-ბოლო მაინც მოახერხა და ოცნება აისრულა. ოღონდ ჯერ სცენაზე, ლაივში და საკმაოდ წარმატებითაც. ამით ბრაიანი კი გაბედნიერდა, მაგრამ დღემდე მაინც პირადი ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომელიც ათასგვარი პრეპარატით ჭყიპავს და როგორც ჩანს, არცთუ უშედეგოდ. 

1. Captain Beefheart - Big Eyed Beans from Venus (1972)

დონ ვან ვლიეტი, იგივე Captain Beefheart, ჭეშმარიტად უნიკალური არტისტი და ნამდვილი გენიოსია. რეალურ ცხოვრებაში ის ალბათ არ იყო შეშლილი, მაგრამ შემოქმედებაში აშკარად გიჟი და გადარეულია. ნორმალური ადამიანები ასე ვერ აზროვნებენ და არც გონება აქვთ მისნაირად მოწყობილი. მისი ტექსტები და მუსიკა ჩვეულებრივ  ლოგიკას არ ემორჩილება და ხშირად ბოდვას ემსგავსება. სტუდიაში, მისი ბენდის მუსიკოსებმა არასდროს იცოდნენ, რას უკრავდნენ და რატომ და რა უნდა გამოსულიყო საბოლოოდ ამ ყველაფრისგან. ეს მხოლოდ დონ ვან ვლიეტმა იცოდა, მხოლოდ მის თავში იღებდა დასრულებულ ფორმებს, თანაც ისეთ უცნაურს, რომ ნებისმიერი "საღი" აზრისგან ძალიან შორს იდგა. 

ბიფჰართი გულწრფელად ცდილობდა, "ადამიანური" მუსიკა დაეწერა და ტირაჟირებული გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა. სწორედ ასეთი "წარუმატებელი" მცდელობის ნიმუშია ტრეკი, რომელიც სიაში პირველ პოზიციაზე მოვახვედრე. 

1982 წელს მუსიკას შეეშვა და ხატვა დაიწყო. გაგიკვირდებათ და ნახატებს უფრო სარფიანად ყიდდა, ვიდრე მუსიკას. აი, ასეთი უცნაური ბედის მქონე კაცი იყო დონ ვან ვლიეტი, რომელსაც ცხოვრებაში ფრენკ ზაპას მეტი ვერავინ უგებდა. ისიც იმიტომ, რომ ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს.


0. Steve Lieberman - The Battalion Closer / Fanfare (2018)

ბრუკლინელი ებრაელი სტივი ლიბერმანი ბავშვობიდან ბიპოლარული აშლილობითაა დავადებული. ცხოვრების განმავლობაში ასკეტი ნაზირიტიც იყო და რელიგიურ-მისტიკური სექტაც აქვს დაარსებული. უამრავი ფსევდონიმიც ჰქონდა, მათგან ყველაზე ცნობილი Gangsta Rabbi. 

რა მუსიკას აკეთებს ეს კაცი, ძნელი დასადგენია. პანკი, მეტალი, ფსიქოდელია, კლასიკა ერთმანეთშია გადახლართული. როგორ იღებს ასეთ დეფორმირებულ ჟღერადობას, ასევე გაუგებარია. ლიბერმანი მულტიინსტრუმენტალისტია და ყველა თავის ნამუშევარს სრულიად დამოუკიდებლად, მარტო იწერს საკუთარ სახლში. მოკლედ, სახეზეა რაღაც კუსტარული ტრეშ-ავანგარდი, რომლის საღად შეფასება შეუძლებელია.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს მუდმივი პაციენტი მოგვიანებით ლეიკემიის მძიმე ფორმითაც დაავადდა, მაგრამ მუსიკისთვის თავი მაინც არ დაუნებებია. უფრო მეტიც, სიმღერებში დაწვრილებით მოგვითხრობს თავისი სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვის შესახებ. მათ შორის, ქიმიოთერაპიის დროს. 

პარადოქსია, მაგრამ საუკეთესო ნამუშევრები ლიბერმანმა წელს, უკვე მძიმე ავადმყოფმა ჩაწერა. კლასიკურ-აკადემიური ნაწარმოებების სრულიად არაადეკვატური, გიჟური და სასოწარკვეთილი ნოიზ-ინტერპრეტაციები, რომლებიც მსმენელს საგონებელში აგდებს - რა არის ეს, ტრეში თუ შედევრი?

ძნელია პასუხის გაცემა. მე თუ მკითხავთ, ორივე ერთად. ასე რომ, სტივ ლიბერმანის 0 ადგილი ჩვენს სიაში პირობითია. ზუსტად ისევე, როგორც შეშლილობასა და გენიალურობას შორის არსებული ზღვარია პირობითი, მყიფე და შეუმჩნეველი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული